Facebook Twitter

16 ივნისი, 2022 წელი,

საქმე №ას-37 -2022 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სს „ს-ს რ-ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „Y-R C-R“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სს „ს-ს რ-ა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, შემკვეთი, შემსყიდველი ან რკინიგზა) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 მაისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით შპს „Y-R C-R“ -ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, მიმწოდებელი ან მენარდე) მოთხოვნა დაკმაყოფილდა; მოპასუხეს - 8742,11 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ. მისი საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, სახელდობრ:

1.1. კასატორის მტკიცებით, მოსარჩელემ „…“ ტიპის ავტომობილების ძრავის შეკეთება შეთანხმების ვადის ამოწურვიდან სამი თვის შემდეგ, 2020 წლის 29 ივნისს დაასრულა, რითაც დაირღვა ხელშეკრულებით დადგენილი ვადა.

1.2. გარდა ამისა, კასატორის მითითებით, საქმეში წარდგენილი ანგარიშფაქტურა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურებას არ ეხება. მომსახურების საფასური მოპასუხემ სრულად აანაზღაურა.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 იანვრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. მხარეებს შორის 2018 წლის 13 დეკემბერს დაიდო #.... ხელშეკრულება (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება), რომლის საგანს წარმოადგენდა შემსყიდველის ბალანსზე რიცხული „…“ ტიპის ავტომობილების ტექნიკური მომსახურება (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 629-ე მუხლის პირველი ნაწილი).

4.4. 2019 წლის 12 დეკემბრის საგადასახადო ანგარიშფაქტურის შესაბამისად, ასანაზღაურებელი თანხა განსაზღვრულია - 8 991, 27 ლარით.

4.5. 2020 წლის 10 იანვარის წერილით, მოსარჩელემ მოპასუხეს თანხის ჩარიცხვა სთხოვა.

4.5.1. 2020 წლის 19 აგვისტოს მოსარჩელემ თანხის ჩარიცხვის მოთხოვნით კვლავ მიმართა მოპასუხეს, წერილში მიეთითა, რომ სამუშაო 2019 წლის 13 დეკემბერს დასრულდა.

4.6. 2019 წლის 12 დეკემბრის საგადასახადო ანგარიშფაქტურით გათვალისწინებული თანხა მხარეთა ურთიერთშეთანხმებით დაკორექტირდა და საბოლოოდ - 8742,11 ლარით განისაზღვრა, რაზეც 2020 წლის 29 ივნისს კორექტირებული მიღება-ჩაბარების აქტიც შედგა.

4.7. მხარეებს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში გათვალისწინებული სამუშაოები მოსარჩელემ შეასრულა, ხოლო მოპასუხემ თანხა არ აანაზღაურა.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, შესრულებული სამუშაოთა საზღაურის ანაზღაურების მოთხოვნა, სსკ-ის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) და 648-ე (შემკვეთი მოვალეა, მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას) მუხლებიდან გამომდინარეობს.

6. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 629-ე მუხლს და განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი გარიგებაა, რითაც თითოეულ მხარეს წარმოეშვება უფლება-მოვალეობები, ე.ი მენარდე ვალდებულია, შეასრულოს გარკვეული სამუშაო, შემკვეთი კი - გადაუხადოს შეთანხმებული საზღაური. ნარდობის ხელშეკრულება დადებულად მიიჩნევა შესასრულებელი სამუშაოს არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხმების მომენტიდან. სსკ-ის 629.1 მუხლის მიხედვით, საზღაური ნარდობის ხელშეკრულებისათვის ნაგულისხმები პირობაა, აღნიშნულ დასკვნას ამყარებს დათქმა „შეთანხმებული საზღაური“.

7. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ყველა სამართლებრივ სისტემაში ვალდებულების შესრულება ვალდებულებითი სამართლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია. როგორც კონტინენტური სამართლის სისტემის ქვეყნებში, საქართველოშიც ვალდებულების შესრულების მომწესრიგებელ ნორმებს ძირითადად დისპოზიციური ხასიათი აქვთ. ქართული სამოქალაქო კოდექსი შესრულებაზე ორიენტირებული აქტია. მისი როგორც ზოგადი, ისე - კერძო ნაწილი შესრულების მექანიზმებზეა აგებული. მთავარია, შესრულება და არა პასუხისმგებლობა. ვალდებულების შესრულება დამოკიდებულია კონკრეტული სახის ვალდებულების შინაარსზე. ვალდებულება სრულდება ვალდებულების მხარეების ნებელობითი მოქმედების შედეგად: მოვალე სთავაზობს, კრედიტორი იღებს შესრულებას. უარყოფითი შინაარსის მქონე ვალდებულებების არსებობა გამოიხატება გარკვეული მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავებით (მაგალითად, სამეზობლო თმენის ვალდებულებები და ა.შ.). ასეთი უმოქმედობაც მოვალის ძალისხმევითაა, ამიტომაც იურიდიულ ლიტერატურაში ვალდებულების შესრულების აღმნიშვნელად ძირითადად გამოიყენება ტერმინი – ქმედება.

ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მხარეთა უფლებები, თავისი სამართლებრივი ბუნებით მიეკუთვნება რელატიურ (შეფარდებით) უფლებათა რიცხვს. რელატიური უფლება არის განსაზღვრული პირის მიმართ შესრულების მოთხოვნის უფლებამოსილება. იგი მიმართულია არა ნებისმიერი, არამედ მხოლოდ განსაზღვრული პირის მიმართ კონკრეტული ვალდებულების შესასრულებლად. რელატიური უფლება წარმოიშობა ნამდვილი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე.

ნარდობის ხელშეკრულებით მენარდის ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით, ხოლო შემკვეთის ერთ-ერთ ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს, მიიღოს შესრულებული სამუშაო და გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მენარდის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 629.1 და 648-ე მუხლების საფუძველზე შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე წარმოშობილია, ნამდვილი და განხორციელებადია, კერძოდ, დადგენილია, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა, კერძოდ, 2020 წლის 20 ივნისის კორექტირებული მიღება-ჩაბარების აქტით, განისაზღვრა შესრულებული სამუშაოების საბოლოო ღირებულებაც, რამაც - 8742.11ლარი შეადგინა. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ, მოპასუხეს დასაბუთებულად დაეკისრა - მითითებული თანხის ანაზღაურებაც.

9. კასატორის პრეტენზია ისაა, რომ მომსახურების საფასური სრულად აანაზღაურა.

9.1. კასატორის ამ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო უარყოფს და მის ყურადღებას მიაქცევს, რომ ზემოაღნიშნული განმარტების დასტურად საქმეში წარდგენილია #... საგადახდო დავალება, რომლის მიხედვით, გადახდის დანიშნულებაში ნაცვლად - 2018 წლის 13 დეკემბრის #... ხელშეკრულებისა, მითითებულია - 2019 წლის 23 დეკემბრის #...-… ხელშეკრულება; ამასთან, თანხაც - 8742.11 ლარის ნაცვლად - 8 938,64 ლარია მითითებული (იხ. საგადახდო დავალება) და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ სწორადაა დადგენილი, რომ #... საგადახდო დავალებით 2018 წლის 13 დეკემბრის ხელშეკრულებიდან წარმოქმნილი ვალდებულების შესრულება არ განხორციელებულა.

დადგენილია, რომ 2019 წლის 12 დეკემბრის საგადასახაადო ანგარიშფაქტურით გათვალისწინებული თანხა მხარეთა ურთიერთშეთანხმებით დაკორექტირდა და საბოლოოდ - 8742,11 ლარით განისაზღვრა (იხ. 2020 წლის 29 ივნისს კორექტირებული მიღება-ჩაბარების აქტი), შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოხსენებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, დასტურდება მოსარჩელის მიერ სამუშაოთა შესრულების, ხოლო მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი, ამდენად, მოპასუხეს შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებაც მართებულად დაეკისრა.

10. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობასაც, რომ შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, კასატორის მითითება ხელშეკრულების ვადის დარღვევაზე, მენარდისთვის შეთანხმებული საზღაურის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდება.

11. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

12. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

14. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 437.11 ლარის (საგადახდო დავალება #..., გადახდის თარიღი 31.12.2021წ), 70% - 305.97 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი …, მიმღების ანგარიშის №..., სახაზინო კოდი . ...;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს-ს რ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს „ს-ს რ-ას“ (ს/ნ ---) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 437.11 ლარის (საგადახდო დავალება #..., გადახდის თარიღი 31.12.2021წ), 70% - 305.97 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი …, მიმღების ანგარიშის №..., სახაზინო კოდი ...;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე