22 ივნისი, 2022 წელი,
საქმე #ას-1239-2020 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გიორგი მიქაუტაძე
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს „ი-ეტ Y-et“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ი. ყ-ვა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 აგვისტოს განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, დაყოვნებული თანხის პროცენტის გადახდა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
აღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ი-ეტ Y-et“-ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, დამსაქმებელი ან კასატორი) ასაჩივრებდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 აგვისტოს განჩინებას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც ი. ყ-ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 2075 (ხელზე ასაღები) ლარის გადახდა, საიდანაც - 575 ლარი, 2015 წლის მარტის ხელფასის დარჩენილი ნაწილია, 1000 ლარი - 2015 წლის აპრილის ხელფასი, ხოლო - 500 ლარი იმავე წლის მაისის ნახევრის სახელფასო დავალიანებაა;
მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2015 წლის მარტის ხელფასის დარჩენილი ნაწილის - 575 ლარის 0.07%-ის ანუ 40 თეთრის გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, თანხის (575 ლარის) სრულად ანაზღაურებამდე;
2015 წლის აპრილის ხელფასის - 1000 ლარის 0,07%-ის ანუ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 70 თეთრის გადახდა, თანხის (1000 ლარის) სრულად ანაზღაურებამდე;
2015 წლის მაისის ნახევარი თვის ხელფასის - 500 ლარის 0,07%-ის ანუ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 35 თეთრის გადახდა, თანხის (500 ლარის) სრულად ანაზღაურებამდე;
კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:
1.1. კასატორის მტკიცებით, მოსარჩელე 2015 წლის 15 მარტიდან იმავე წლის 15 მაისამდე ანაზღაურებად სამუშაოს კომპანიაში არც იფიციალურად და არც ფაქტობრივად არ ასრულებდა.
1.2. კასატორის მითითებით, მოსარჩელესთან ხელშეკრულება 6-თვიანი გამოსაცდელი ვადით დაიდო, რომელიც 2015 წლის 15 მარტს შეწყდა, რის შემდეგაც მასთან არც ზეპირად და არც წერილობით შრომითი ხელშეკრულება არ დადებულა. დასაქმებული მხოლოდ მის მიერ ექვსი თვის ვადაში არასწორად შედგენილ დოკუმენტებს აწესრიგებდა და აბარებდა.
1.3. კასატორის მტკიცებით, ვინაიდან მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზეც მოთხოვნაც უსაფუძვლოა.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. 2014 წლის 14 სექტემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის შრომითი ხელშეკრულება დაიდო, რომლის საფუძველზეც დასაქმებული კომპანიაში ბუღალტრის თანამდებობაზე 6 - თვიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნა. მოსარჩელის ყოველთვიური ანაზღაურება - 1500 ლარით განისაზღვრა, რაც 2015 წლის 1 თებერვლის შეთანხმებით - 1000 ლარამდე შემცირდა.
4.4. შრომითი ხელშეკრულების ვადა 2015 წლის 14 მარტს ამოიწურა.
4.5. მხარეები შრომითი ხელშეკრულების გაგრძელებაზე წერილობით არ შეთანხმებულან.
4.6. 2015 წლის 2 მაისს კომპანიის ახალმა ბუღალტერმა სალაროში არსებული - 18317,65 ლარი მოსარჩელისგან ჩაიბარა, რაც ორივე მხარემ ხელმოწერით დაადასტურა (იხ. მიღება-ჩაბარების აქტი).
4.7. მოსარჩელე 2015 წლის 14 მარტიდან იმავე წლის 15 მაისამდე კომპანიის ხელმძღვანელთან შეთანხმებით ყოველდღიურად, მოპასუხის სასარგებლოდ საბუღალტრო ოპერაციებს ასრულებდა, ასწავლიდა კომპანიის ახალ ბუღალტერს, აბარებდა საქმიან დოკუმენტაციას, წარადგენდა დეკლარაციებს, საწარმოს ფინანსურ მენეჯერს ყოველდღიურად სალაროს მოძრაობის შესახებ ანგარიშს/ინფორმაციას აწვდიდა, თუმცა კომპანიისგან ანაზღაურება არ მიუღია.
4.8. მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა ფაქტობრივად 2015 წლის 15 მაისს შეწყდა.
4.9. მოსარჩელეს 2015 წლის მარტის ხელფასის დარჩენილი ნაწილი, იმავე წლის აპრილისა და მაისის ნახევარი თვის ხელფასი არ მიუღია.
5. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო, სსსკ-ის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით, კასატორის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია, ამავდროულად ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა საქართველოს შრომის კოდექსის 2.1 მუხლის (შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ) და 41.1 (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 31-ე მუხლი) (შრომის ანაზღაურება არის ძირითადი ან მინიმალური ანაზღაურება ან ხელფასი ან ნებისმიერი სხვა ანაზღაურება, რომელიც გადახდილია ფულადი ფორმით ან ნატურით და რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ იღებს დასაქმებული დამსაქმებლისგან სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ) 41.2. (შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით) 41.3. (შრომის ანაზღაურება გაიცემა არანაკლებ თვეში ერთხელ) და 41.4 (დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურებისა თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დასაქმებულს გადაუხადოს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. ეს წესი არ ვრცელდება ამ კანონის 48-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე) მუხლებს უნდა დაეფუძნოს.
6. საკასაციო პალატის განმარტებით, როგორც ნარდობის, ისე - შრომითი ხელშეკრულების უმთავრესი მსგავსება სამუშაოს შესრულებაა (მომსახურების გაწევა), თუმცა ამ ორ სამართლებრივ ურთიერთობას შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაცაა: შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს შრომითი ურთიერთობის ის გენერალური პრინციპები, რაც ამ სამართლებრივ ურთიერთობას განარჩევს ნებისმიერი სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობისაგან.
უპირველესად, ეს არის ურთიერთობის სუბიექტები: დამსაქმებელი და დასაქმებული (სშკ-ის მე-3 მუხლი), გარდა ამისა, დასაქმებული ეწევა დაქვემდებარებულ საქმიანობას, ასრულებს დამსაქმებლის მითითებას სათანადო ანაზღაურების პირობით. ამ შემთხვევაში, გადამწყვეტია სამუშაო პროცესი, რომელიც ორგანიზებულად წარიმართება დამსაქმებლის მიერ დადგენილი წესებითა და პირობებით (შრომითი ხელშეკრულება, შინაგანაწესი, საკანონმდებლო რეგულაცია და სხვა).
რაც შეეხება ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობას, აღნიშნული საკითხი სრულად გვარდება სამოქალაქო კოდექსის 629-ე-656-ე მუხლებით, ასევე, სახელშეკრულებო სამართლის ყველა იმ ზოგადი დანაწესებით, რომლებიც ზემოხსენებული სპეციალური ნორმებით არ წესრიგდება. ამ ურთიერთობის ნამდვილობისათვის დამახასიათებელი უმთავრესი ნიშანი ისაა, რომ ორმხრივად მავალდებულებელი, სასყიდლიანი ურთიერთობა ხასიათდება კონსესუალური ბუნებით, ანუ წარმოშობილად მიიჩნევა მხარეთა მიერ ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების მომენტიდან (სკ-ის 327.1 მუხლი) და ნარდობის მთელი პერიოდის განმავლობაში შენარჩუნებულია მისი სუბიექტების თანასწორობა (დამოუკიდებლობა), რომელიც ორიენტირებულია ხელშეკრულების მიზნის მიღწევაზე და არ ახასიათებს ორგანიზაციული დაქვემდებარება;
შრომითი ურთიერთობა კი, შრომის კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, წარმოშობილად მიიჩნევა დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტობრივად დაწყების მომენტიდან, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
ვალდებულების დარღვევის თვალსაზრისით, განსხვავებულია კრედიტორისა და მოვალის როგორც პირველადი, ისე - მეორეული მოთხოვნებიც: თუკი შრომით ურთიერთობაში დამსაქმებელი უფლებამოსილია, გამოიყენოს შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული სანქციები ან ცალმხრივად შეწყვიტოს ურთიერთობა (შკ-ის 37-ე მუხლი), ნარდობიდან გამომდინარე ვალდებულებათა დარღვევისას, იმის მიხედვით, თუ რა წარმოადგენს ხელშეკრულების საგანს, გამოიყენება როგორც სსკ-ის 352-ე და 405-ე მუხლებით გათვალისწინებული, ისე _ უშუალოდ ნარდობის სპეციალური რეგულაციები (სკ-ის 636-ე-637-ე; 642-ე-644-ე მუხლები). (იხ. სუსგ. ას-1132-1088-2016, 17.02.2017წ; )
7. დადგენილია, რომ 2015 წლის 14 მარტიდან იმავე წლის 15 მაისამდე, კომპანიის ხელმძღვანელთან შეთანხმებით მოსარჩელე, ყოველდღიურად ასრულებდა საბუღალტრო ოპერაციებს მოპასუხის სასარგებლოდ, ასწავლიდა კომპანიის ახალ ბუღალტერს, აბარებდა საქმიან დოკუმენტაციას, წარადგენდა დეკლარაციებს, საწარმოს ფინანსურ მენეჯერს ყოველდღიურად სალაროს მოძრაობის შესახებ ანგარიშს/ინფორმაციას აწვდიდა (იხ. მოწმე არჩილ კირჩხელის ჩვენება), თუმცა მოსარჩელეს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო არ ანაზღაურებია.
8. საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით და საკასაციო პრეტენზიათა საწინააღმდეგოდ პალატა განმარტავს, რომ ვინაიდან დავა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებას შეეხება, ამ შემთხვევაში, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული შრომითი ურთიერთობის ფარგლებში წარმოშობილი სამართალურთიერთობისას გამოყენებადი მტკიცების ტვირთის განაწილების წესი.
ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „ზოგადი წესის თანახმად (სსსკ-ის 102.1 მუხლი), სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს უნდა დაეკისროს...“. პალატა მიიჩნევს, რომ დამსაქმებელს, როგორც შრომის ორგანიზაციულ მოწესრიგებაზე უფლებამოსილ პირს, სრული შესაძლებლობა ჰქონდა, წარედგინა სათანადო მტკიცებულებები დასაქმებულის მიერ დაკავებული პოზიციის შესახებ (შდრ. სუსგ №ას-1205-1132-2015, 26.02.2016 წ).
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხისათვის შესაძლებელი იყო იმ მტკიცებულებათა წარდგენა, რაც უტყუარად დაამტკიცებდა იმას, რომ სადავო პერიოდიდან მოსარჩელე დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებდა; რაც შეეხება მოწმის ჩვენებას, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იგი კანონით (სსსკ-ის 102.2 მუხლი) აღიარებული მტკიცებულებაა, თუმცა, თავად ამ მტკიცებულების ღირებულებითი ძალა ექვემდებარება ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ კვლევას (სსსკ-ის 105-ე მუხლი), მოწმის ჩვენების გაზიარების საკითხის შეფასებისას, სასამართლო მას ამოწმებს სადავო გარემოებასთან მიმართებით და ადგენს იურიდიული მნიშვნელობის მქონე სადავო ფაქტის ნამდვილობის საკითხს, რამდენადაც, საპროცესო კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ. კანონის ამგვარი დათქმა მიანიშნებს მოწმის ჩვენების, როგორც შინაარსობრივად სუბიექტური მტკიცებულების გაზიარების შესაძლებლობას სასამართლოს შინაგან რწმენაზე დამყარებით.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს მხრიდან მართებულად შეფასდა მოწმის/ფინანსური მენეჯერის ჩვენება, რომელიც მიუთითებდა მოსარჩელის მიერ მასთან შეთანხმებით სამსახურებრივი მოვალეობის ფაქტობრივად შესრულების შესახებ, რაც დაადასტურა მოპასუხის წარმომადგენელმაც (იხ. სააპელაციო სასამართლოს 27.07.2020 წ სხდომის ოქმი).
9. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს ევროპის სოციალური ქარტიის (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 1 ივლისის დადგენილებით) 1.2 მუხლზე, რომლის თანახმადაც, შრომის უფლების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ, დაიცვან მუშაკის მიერ ნებაყოფლობით არჩეული სამუშაოს შესრულების გზით ფულადი სახსრების გამომუშავების უფლება. მაშასადამე, ქარტია განამტკიცებს დასაქმებულის უფლებას, მიიღოს ანაზღაურება შრომითი მოვალეობის შესრულების სანაცვლოდ, რაც უზრუნველყოფილია ეროვნული კანონმდებლობითაც - საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს შრომის კოდექსით.
10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. კეთილსინდისიერების პრინციპი სათავეს იღებს რომის სამართლიდან. პრინციპი “bona fides“, რომელიც კეთილსინდისიერებას ნიშნავს, მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა „ius civile-სა“ და რომაულ სამართლებრივ აზროვნებაში.
კეთილსინდისიერების პრინციპი თანამედროვე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობასა და დოქტრინაში დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. ეს პრინციპი განმტკიცებულია ეროვნული კანომდებლობის დონეზეც: სსკ-ის 8.3 და 115-ე მუხლი მთელი სამოქალაქო ბრუნვის ქვაკუთხედია. აღნიშნული ნორმები საშუალებას იძლევა, რომ ნებისმიერი ურთიერთობა სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასდეს. კერძოსამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ უპირობოდ მაინც მას ეფუძნება (იხ. სუსგ-ები: N ას-25-2021, 27.04.2021წ; N ას-73-2020, 17.06.2020წ; N ას-1351-2019, 08.05.2020წ; N ას-1326-2019, 13.03.2020წ; ას-833-2019, 15.11.2019წ).
11. საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთ საქმეშია განმარტებული, რომ კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლების არსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა, იგი გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას.
კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე - ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი, არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შესაძლებელია პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს“.
„კეთილსინდისიერების ზემოთ აღნიშნული ფუნქციებიდან გამომდინარობს, რომ ნებისმიერ ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობაში კრედიტორს არ შეუძლია, უარი თქვას მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების მცირე ხელშეწყობაზე, როდესაც მოვალეს კრედიტორის მხრიდან ესაჭიროება ასეთი ხელშეწყობა მასზე ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისათვის“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება. საქმე №ას-1338-1376-2014).
12. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც უდავო გარემოებადაა მიჩნეული, მოსარჩელის მიერ 2015 წლის 14 მარტიდან იმავე წლის 15 მაისამდე სამუშაოების შესრულება, ივარაუდება, რომ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოც უნდა აუნაზღაურდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სახელფასო დავალიანების ანაზღაურებისა და მისი დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია, რაც გასაჩივრებული განჩინების კანონიერებაზე მიუთითებს (შდრ. სუსგ №ას-1132-2019, 30.09.2019 წელი; №ას-1274-2018, 25.12.2018 წელი; №ას-370-370-2018, 2.08.2018 წელი; №ას-45-45-2018, 18.05.2018 წელი; №ას-138-138-2018, 17.04.2018 წელი),
13. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სასარჩელო მოთხოვნა როგორც ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ისე დავალიანების ანაზღაურების დაყოვნებისთვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.07% გადახდის თაობაზეც საფუძვლიანია; გადაწყვეტილება მიღებულია საქმეში დაცული მტკიცებულებებისა და ზემომოხმობილი შრომითსამართლებრივი ნორმების ასევე ანალოგიურ დავებზე საკასაციო პალატის მიერ დადგენილი პრაქტიკის საფუძველზე, რაც გასაჩივრებული განჩინების კანონიერებაზე მეტყველებს.
14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
15. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
17. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადასახადო დავალება - № ., გადახდის თარიღი - 24/11/2020), 70% - 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი …, მიმღების ანგარიშის №..., სახაზინო კოდი ....;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ი-ეტ Y-et -ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „ი-ეტ Y-et -ს“ (ს/ნ …) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადასახადო დავალება - №., გადახდის თარიღი - 24/11/2020), 70% - 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი …, მიმღების ანგარიშის №..., სახაზინო კოდი ...;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
გიორგი მიქაუტაძე
ლევან მიქაბერიძე