საქმე№ას-359-2022 4 ივლისი, 2022 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ.ჯ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ.ა–ვი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით:
- ვ.ა–ვის (შემდეგში მოსარჩელის) სარჩელი ლ.ჯ–ძის (შემდეგში მოპასუხის) მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ დაკმაყოფილდა. ამავე სასამართლოს 2021 წლის 22 ივლისის განჩინებით ლ.ჯ–ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
2. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების სრულად გაუქმება მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
4. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მაისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
6. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოს განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა, ვინაიდან მის წარმომადგენელს არ ჰქონდა უფლება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვაში მიეღო მონაწილეობა.
7. სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენელისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
8. საქმის მასალებით დადგენილია, 2021 წლის 22 ივლისის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას სასამართლო სხდომაზე ესწრებოდა მისი წარმომადგენელი. პირველი ინსტანციის სასამართლოს 2021 წლის 22 ივლისის განჩინება, კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს ჩაბარდა 2021 წლის 21 სექტემბერს. თუმცა, გასათვალისწინებელია საქმეში წარმოდგენილი ხელწერილი (ს.ფ 81), საიდანაც დასტურდება, რომ 2021 წლის 22 ივლისის განჩინება სასამართლოს შენობაში ჩაიბარა მოპასუხის წარმომადგენელმა 2021 წლის 16 სექტემბერს. ამდენად, დადგენილია, რომ გასაჩივრებული 2021 წლის 22 ივლისის განჩინების ასლი ჩაიბარა სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა უფლებამოსილმა პირმა – ადრესატის წარმომადგენელმა და შესაბამისად გზავნილი ჩაბარებულად მიიჩნევა მიუხედავად იმისა, გადაეცა თუ არა ის უშუალოდ მოპასუხე ლ.ჯ–ძეს (მარწმუნებელს).
სსსკ-ის 99-ე მუხლის თანახმად, მარწმუნებელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე გააუქმოს თავის მიერ გაცემული მინდობილობა და შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება, რის შესახებაც იგი წერილობით აცნობებს სასამართლოსა და წარმომადგენელს. მხარის წინადადებით წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტა არ წარმოადგენს საქმის წარმოების შეჩერებისა თუ საქმის განხილვის გადადების საფუძველს. უფლებამოსილებაშეწყვეტილი წარმომადგენლის მიერ კანონის შესაბამისად შესრულებული ყველა საპროცესო მოქმედება ინარჩუნებს მნიშვნელობას. ამავე კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად, საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში.
9. საქმეში წარმოდგენილია 19.07.2021 წლის სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა (ს.ფ. 69), რომლის თანახმად, ლ.ჯ–ძემ, ერთი წლის ვადით, მ.ფ–ს მიანიჭა საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში დაიცვას ლ.ჯ–ძის ინტერესები, რისთვისაც მას მიენიჭა მთელი რიგი უფლებამოსილებები, მათ შორის, სსსკ-ის 98-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილებები, როგორიცაა - სარჩელის ცნობა, მორიგება, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება და ა.შ. ასევე, საქმის მასალებში არ მოიპოვება და არც კერძო საჩივარს ერთვის, მტკიცებულებები - მ.ფ–ის წარმომადგენლობის უფლებამოსილების შეწყვეტის (მინდობილობის გაუქმების) თაობაზე ან სააპელაციო ინსტანიის სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილების განხორციელების დაუშვებლობის თაობაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, კერძო საჩივრის ავტორის შედავება, რომ წარმომადგენელს არ ჰქონდა უფლება სააპელაციო სასამართლოში, საქმის განხილვაში მიეღო მონაწილეობა, დაუსაბუთებელია.
10. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო 63-ე მუხლის თანახმად კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
11. მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2021 წლის 17 სექტემბერს და ამოიწურა ამავე წლის 30 სექტემბერს. სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 2021 წლის 4 ოქტომბერს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, სსსკ-ის 369-ე და 374-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი, როგორც კანონით დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენილი, მართებულად დატოვა განუხილველად (შდრ. სუსგ №ას-581-552-2015, 20.07.2015 წელი; №ას-119-119-2018, 30.03.2018 წელი; საქმე №ას-1959-2018, 19.04.2019 წელი).
12. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს, ვინაიდან კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ 2022 წლის 28 თებერვლის განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.ჯ–ძის კერძო საჩივარი, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი