Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-37-გ-02 21 თებერვალი, 2003 წ., ქ. ბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილის, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლისა და 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 3 მაისს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა «საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციამ» სარჩელით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს ა/კ «.. ..-ის» მიმართ და მისთვის «სამოქალაქო ავიაციის სფეროში სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის დადგენისა და გადახდის წესის შესახებ» დებულების შესაბამისად, მის მიერ გადაუხდელი 81868 ლარისა და, ამასთან, ვადაში გადაუხდელი თანხის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,2 პროცენტის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 მაისის განჩინებით სსიპ «სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის» სარჩელი, მტკიცებულებების წარმოუდგენლობის მოტივით, მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად.

რაიონულ სასამართლოში 2002წ. 9 ივლისის სხდომაზე ა/კ «.. ..-ის» წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მიუთითა, რომ მას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საკონსტიტუციო სარჩელი ჰქონდა წარდგენილი, რათა იმ ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი დადგენილიყო, რომლითაც მას ყოველწლიური ტარიფი ეკისრებოდა. მანამდე კი, მოპასუხემ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სარჩელის წარმოების შეჩერება მოითხოვა.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 9 ივლისის განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმის წარმოება შეჩერებულ იქნა.

მითითებული განჩინება მოსარჩელემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა და მიუთითა, რომ სასამართლოს არსწორად ჰქონდა გამოყენებული სსკ-ს მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და «საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ» კანონის მე-19 მუხლის მოთხოვნები. მან განმარტა, რომ საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლად მხარის მიერ საკონსტიტუციო სარჩელის აღძვრა არ გამომდინარეობდა კანონმდებლობის მოთხოვნებიდან, რადგან საქმის წარმოების შეჩერება მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს ინიციატივით ხდებოდა.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 23 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და იგი საქმის მასალებთან ერთად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას გადაეგზავნა.

2002წ. 1 აგვისტოს განჩინებით თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, დავა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან არ გამომდინარეობდა და კერძო საჩივარი განსჯადობით განსახილველად ამავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას უნდა დაქვემდებარებოდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2002წ. 16 სექტემბრის განჩინებით არ გაიზიარა ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის მოსაზრება დავის განსჯადობის თაობაზე და საქმე განსჯადობის საკითხის გასარკვევად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოუგზავნა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ განიხილა სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა და მიიჩნევს, რომ მოცემული კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:

«ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ» საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ტრანსპორტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელ ორგანოებს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციები წარმოადგენენ, რომლებიც საჯარო სამსახურის იურიდიული პირები არიან და მათზე კონტროლს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო ახორციელებს. ამავე კანონის 1-ლი მუხლის «უ» ქვეპუნქტის შესაბამისად, სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასური არის ამ კანონის საფუძველზე საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს ნორმატიული აქტით განსაზღვრული საფასური. ხოლო მე-9 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია, რომ სატრანსპორტო საწარმო ადმინისტრაციას უხდის სტრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიურ საფასურს, რომლის ოდენობა და გადახდის წესი დგინდება საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ნორმატიული აქტით.

ამავე კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად, ტრანსპორტის სფეროში სატრანსპორტო სისტემითა და საშუალებებით მომსახურების ტარიფების შემუშავება და დამტკიცება საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ადმინისტრაციული აქტით ხორციელდება.

აქვე ნიშანდობლივია, «სამოქალაქო ავიაციის სფეროში სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის დადგენისა და გადახდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე» ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2001წ. 28 დეკემბრის ¹109 ბრძანება. ხსენებული დებულების 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტი კვლავ იმეორებს, რომ სამოქალაქო ავიაციის სფეროში რეგულირების ყოველწლიური საფასური წარმოადგენს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრულ საფასურს. ამავე დებულების მე-4 მუხლი კი რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობას, გამოანგარიშებისა და გადახდის წესს განსაზღვრავს.

სასამართლო კოლეგია სასამართლოთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დავის საგანს ა/კ «.. ..-სათვის» ზემოხსენებული ნორმატიული აქტებით დადგენილი ყოველწლიური საფასურის _ 81868 ლარისა და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,2%-ის დარიცხვის მოთხოვნა წარმოადგენს.

საკასაციო პალატა აქვე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის I ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგნის კონკრეტულ ჩამონათვალს მოიცავს, რომელიც არ არის ამომწურავი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «სამოქალაქო ავიაციის სფეროში სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის დადგენისა და გადახდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე» ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2001წ. 28 დეკემბრის ¹109 ბრძანება და «ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ» საქართველოს კანონი საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებენ და მოცემული სფერო ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ კონკრეტული დავა, მართალია, ადმინისატრციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ სფეროში არ ჯდება, მაგრამ იგი ამავე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს, რაც გამორიცხავს მის კერძო სამართლებრივ დავად მიჩნევას და მას ადმინისტრაციულ დავათა კატეგორიას მიაკუთვნებს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სსიპ «საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის» კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსჯადობით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას უნდა გადაეგზავნოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი და მე-2 მუხლებით და 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ «სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის» კერძო საჩივარი განსჯადობის წესით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას დაექვემდებაროს.

2. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.