Facebook Twitter

საქმე №ას-46-2022 17 მაისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.ხ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.ა–ია, გ.ჯ–ძე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება, ვალდებულების განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2014 წლის 23 ივლისს მ.ხ–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მოვალე“, „მსესხებელი“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) ა.კ–ძესთან, ს.მ–თან და ი.ა–იასთან (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“, „პირველი კრედიტორი“ ან „პირველი გამსესხებელი“) გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (შემდგომში - „ხელშეკრულება“), რომლის საფუძველზე ა.კ–ძემ მსესხებელს 4 500 აშშ დოლარი, ს.მ–მა 20 000 აშშ დოლარი, ხოლო ი.ა–იას რწმუნებულმა ვ.დ–მა 2 500 აშშ დოლარი ასესხა.

2. ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურებამდე, გამსესხებლებმა მსესხებელს სრულად გადასცეს სესხის თანხა, ხოლო მსესხებელმა თანხა სრულად მიიღო. სესხის სარგებელი ყოველთვიური 2.5%-ით განისაზღვრა.

3. ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად, მსესხებელმა გამსესხებლებს ერთი თვის სარგებელი ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურებამდე გადასცა.

4. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის მიხედვით, მსესხებელი ვალდებული იყო სესხი ექვსი თვის ვადაში, 2015 წლის 23 იანვრამდე, გამსესხებლების მიერ გაცემულ ფულად ერთეულში დაებრუნებინა.

5. ხელშეკრულების 2.4 პუნქტის თანახმად, სესხის ან სარგებლის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, მსესხებელი ვალდებული იყო გამსესხებლებისათვის გადაეხადა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ძირი თანხის 0.1%-ის ოდენობით. ხელშეკრულების 4.1 პუნქტის შესაბამისად, სესხი უზრუნველყოფილ იქნა ქ. თბილისში, ...... მდებარე მსესხებლის საკუთრებაში არსებული №25 ბინით (საკადასტრო კოდი: ......).

6. ხელშეკრულების 7.1 პუნქტის თანახმად, მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადის დადგომისას, თუ მსესხებელი ნებაყოფლობით არ შეასრულებდა იპოთეკარების მოთხოვნას, იპოთეკარი უფლებამოსილი იყო მოთხოვნის დაკმაყოფილება უზრუნველეყო ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით.

7. 2014 წლის 15 სექტემბერს ა.კ–ძესა და გ.ჯ–ძეს შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ა.კ–ძემ მსესხებელთან გაფორმებული 2014 წლის 23 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე, გ.ჯ–ძეს (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“, „მეორე კრედიტორი“ ან „მეორე გამსესხებელი“) დაუთმო 4 500 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლება. მეორე გამსესხებლის სახელზე გადავიდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იპოთეკარის ყველა მოთხოვნის უფლება.

8. ნოტარიუს ი.ფ–ვას მიერ 2018 წლის 4 იანვარს გაცემული №180005128 სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, მსესხებელის ვალდებულების მოცულობა პირველი გამსესხებლის მიმართ შემდეგი სახით განისაზღვრა: სესხის ძირითადი თანხა - 2 500 აშშ დოლარი; პირგასამტეხლო 0.1%, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის 2.50 აშშ დოლარი, 2015 წლის 24 იანვრიდან აღსრულებამდე; სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 126.72 ლარი. ამავე სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ნოტარიუსმა დაადგინა მსესხებლის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია.

9. 2018 წლის 4 იანვარს ნოტარიუს ი.ფ–ვას მიერ გაცემული №180005087 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, მსესხებელის ვალდებულების მოცულობა მეორე გამსესხებლის მიმართ შემდეგი სახით განისაზღვრა: სესხის ძირითადი თანხა - 4 500 აშშ დოლარი; პირგასამტეხლო 0.1%, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის 4.50 აშშ დოლარი, 2015 წლის 24 იანვრიდან აღსრულებამდე; სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 126.72 ლარი. ამავე სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ნოტარიუსმა დაადგინა მსესხებლის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია.

10. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადებების თანახმად, მსესხებელს ნოტარიუსის მიერ 2018 წლის 4 იანვარს გაცემული სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე, პირველი და მეორე გამსესხებლის სასარგებლოდ დაკისრებული ვალდებულების შესრულებისათვის 7 დღის ვადა მიეცა.

11. მსესხებელმა სარჩელი აღძრა პირველი და მეორე გამსესხებლების მიმართ ნოტარიუს ი.ფ–ვას მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცლებში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით. მოსარჩელის მითითებით, მსესხებლის მიერ მეორე გამსესხებლის მიმართ შესასრულებელი ვალდებულება ძირითადი თანხის ნაწილში 3 500 აშშ დოლარით, ხოლო პირველი გამსესხებლის მიმართ შესასრულებელი ვალდებულება ძირითადი თანხის ნაწილში 1 500 აშშ დოლარით უნდა განისაზღვროს. მსესხებელმა ასევე აღნიშნა, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო და მისი მთლიანად გაუქმება მოითხოვა.

12. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მოსარჩელემ არ შეასრულა ვალდებულება, რის გამოც კრედიტორებმა მიმართეს იძულებით აღსრულებას. მოსარჩელე თავს არიდებს ვალდებულების შესრულებას და ყველანაირად ცდილობს პროცესის გაჭიანურებას. ამრიგად, კრედიტორების მოქმედებები გამომდინარეობს სწორედ კანონიდან და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან.

13. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

13.1. ნაწილობრივ გაუქმდა 2018 წლის 4 იანვრის №180005128 სააღსრულებო ფურცელი (ნოტარიუსი ი.ფ–ვა) და სააღსრულებო ფურცლის მე-7 პუნქტით დადგენილი აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგი სახით: სესხის ძირითადი თანხა - 2 500 აშშ დოლარი და 2015 წლის 24 იანვრიდან წარმოშობილი პირგასამტეხლო 0,02% ყოველ ვადაგადაცილებულ დღისათვის - 0,5 აშშ დოლარი აღსრულებამდე, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 126,72 ლარი. 2018 წლის 4 იანვრის №180005128 სააღსრულებო ფურცელი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი;

13.2. ნაწილობრივ გაუქმდა 2018 წლის 4 იანვრის №180005087 სააღსრულებო ფურცელი (ნოტარიუსი ი.ფ–ვა) და სააღსრულებო ფურცლის მე-7 პუნქტით დადგენილი აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგი სახით: სესხის ძირითადი თანხა - 4 500 აშშ დოლარი და 2015 წლის 24 იანვრიდან წარმოშობილი პირგასამტეხლო 0,02% ყოველ ვადაგადაცილებულ დღისათვის - 0,9 აშშ დოლარი აღსრულებამდე, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 126,72 ლარი. 2018 წლის 4 იანვრის №180005087 სააღსრულებო ფურცელი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.

14. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება.

16. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-10 პუნქტებში მითითებული გარემოებები.

17. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია სესხის ძირითადი თანხის ნაწილში ორივე მოპასუხის მიმართ ფულადი ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების შესახებ.

18. სააპელაციო პალატის მითითებით, ნოტარიუს ი.ფ–ვას მიერ 2018 წლის 4 იანვარს მეორე გამსესხებლის სასარგებლოდ გაცემულ №180005087 სააღსრულებო ფურცელში და პირველი კრედიტორის სასარგებლოდ გაცემულ №180005128 სააღსრულებო ფურცელში ვალდებულების ძირი თანხის ოდენობა არ უნდა შემცირდეს.

19. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ რამდენადაც მოსარჩელის მოთხოვნა გადახდილი 2 000 აშშ დოლარის სესხის ძირ თანხაში ჩათვლაა, მასვე ევალება დასაშვები მტკიცებულების წარდგენის გზით, მოპასუხეთათვის ძირი თანხის გადაცემის ფაქტის დამტკიცება.

20. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ზემოაღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელეს საქმეში წარდგენილი აქვს შემოსავლის ორდერები, რომელთა თანახმად, მან შუამავალ ლ.ბ–ის მეშვეობით, ეტაპობრივად განახორციელა რამდენიმე გადახდა, კერძოდ, 2014 წლის 2 სექტემბერს - 2 000 აშშ დოლარი, 2014 წლის 17 დეკემბერს - 500 აშშ დოლარი, 2015 წლის 12 იანვარს - 500 აშშ დოლარი, 2015 წლის 18 თებერვალს - 400 აშშ დოლარი, 2015 წლის 27 თებერვალს - 500 აშშ დოლარი, 2015 წლის 6 მარტს - 400 აშშ დოლარი, 2015 წლის 07 აპრილს - 500 აშშ დოლარი. მოსარჩელის მოსაზრებით, დავალიანების ძირი თანხის ნაწილის დაფარვის ფაქტს საქმეში წარდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებაც ადასტურებს, სადაც სასამართლომ სადავო გარემოების სახით დაადგინა, რომ წინამდებარე საქმეში მოსარჩელეს ს.მ–ის მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხით სარგებლობისათვის გათვალისწინებული პროცენტი - 2 500 აშშ დოლარი გადახდილი აქვს.

21. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დასაბუთებისა და მტკიცების ტვირთის მქონე მოსარჩელემ სადავო ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება დამაჯერებლად ვერ შეძლო. მოსარჩელის მიერ წარდგენილი შემოსავლების ორდერებით არც სესხის ძირითადი თანხის ანგარიშში თანხის გადაცემის ფაქტი და არც ზოგადად მოპასუხეთა წინაშე ვალდებულების შესრულების ფაქტი დასტურდება.

22. სააპელაციო პალატამ პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნაზე მსჯელობისას იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე და 420-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირების ფაქტობრივსამართლებრივი წინაპირობები არ არსებობს. მხარეთა მიერ შეთანხმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს 5-ჯერ შემცირება, მოვალის ინტერესების დაცვას ემსახურებოდა. საქმის მასალებში არ არის წარდგენილი მტკიცებულება, რომელიც 5-ჯერ შემცირებული პირგასამტეხლოს კიდევ შემცირების ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველი გახდებოდა.

23. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარეს, რომელიც პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას ითხოვს, ევალება მისი შეუსაბამობის დადასტურება. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს აღნიშნულთან მიმართებით არგუმენტირებული ახსნა-განმარტება ან/და სხვა სახის მტკიცებულება არ წარუდგენია, მხოლოდ მის მატერიალურ მდგომარეობაზე მითითება კი შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირების მიზნებისთვის, არარელევანტურია.

24. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

25. კასატორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

25.1. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით არასწორად განსაზღვრა ნოტარიუს ი.ფ–ვას მიერ 2018 წლის 4 იანვარს მეორე მოპასუხის სასარგებლოდ გაცემულ №180005087 სააღსრულებო ფურცელში და პირველი კრედიტორის სასარგებლოდ გაცემულ №180005128 სააღსრულებო ფურცელში მითითებული ვალდებულების ძირი თანხის ოდენობა. მოსარჩელე კეთილსინდისიერად იხდიდა ძირი თანხის 2,5 %-ს. ავადმყოფობის გამო კასატორისათვის შეუძლებელი იყო სახლიდან გასვლა, პროცენტს ნათესავებისა და ახლობლების მეშვეობით რიცხავდა შუამავალი ლ.ბ–ის ანგარიშზე, რომელიც თანხას გამსესხებლებს გადასცემდა. ხელშეკრულების გაფორმებისთანავე მსესხებელმა 675 აშშ დოლარი გადაიხადა, ხოლო მოგვიანებით 2014 წლის 2 სექტემბერს მოსარჩელემ ლ.ბ–ს ბანკის საშუალებით გადაურიცხა ძირი თანხის ნაწილი - 2 000 აშშ დოლარი, შესაბამისად, სესხის ძირი თანხის ოდენობა 2 000 აშშ დოლარით შემცირდა. 2014 წლის 17 დეკემბერს მოსარჩელემ გადარიცხა - 500 აშშ დოლარი, 2015 წლის 12 იანვარს - 500 აშშ დოლარი, 2015 წლის 18 თებერვალს - 400 აშშ დოლარი, 2015 წლის 27 თებერვალს - 500 აშშ დოლარი, 2015 წლის 6 მარტს - 400 აშშ დოლარი, 2015 წლის 07 აპრილს - 500 აშშ დოლარი. შესაბამისად, სულ გადარიცხულია 7 575 აშშ დოლარი, საიდანაც 2 000 აშშ დოლარი ძირი თანხის დასაფარად გადაირიცხა. ამრიგად, მეორე გამსესხებლის მიმართ გადასახდელ თანხას 4 500 აშშ დოლარს 1 000 აშშ დოლარი, ხოლო პირველი გამსესხებლის მიმართ გადასახდელ ძირ თანხას - 2 500 აშშ დოლარს 1 000 აშშ დოლარი უნდა გამოაკლდეს;

25.2. კასატორს სესხის ძირითადი თანხის ნაწილში შესრულებული აქვს ვალდებულება. ძირი თანხების (3 500 აშშ დოლარისა და 1 500 აშშ დოლარის) პროცენტები სრულად დაფარულია 5 575 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული თანხების გადარიცხვის დასადასტურებლად კასატორს სარჩელზე დართული აქვს საბანკო შემოსავლის ორდერები. 2014 წლის 2 სექტემბრის შემოსავლის ორდერი სწორედ იმ გარემოებას ადასტურებს, რომ 2 000 აშშ დოლარის ერთიანად გადახდით დაიფარა სესხის ძირი თანხის ნაწილი;

25.3. საფუძველს მოკლებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირების დაუშვებლობის შესახებ, რამდენადაც საქმეზე წარდგენილია ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების სიიდან, რომლითაც დასტურდება საკასაციო საჩივრის ავტორის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა. ამასთან, საქმეს ერთვის ფორმა №100, რომლის თანახმად, მოსარჩელე ონკოლოგიური ავადმყოფია.

26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

27. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.

28. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

30. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

31. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს სააპელაციო სასამართლოს მიერ ვალდებულების ძირი თანხის ოდენობის განსაზღვრის მართლზომიერება და პირგასამტეხლოს გაუქმებაზე უარის თქმის სისწორე წარმოადგენს.

32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

33. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული მტკიცების ტვირთი [სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი] ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

34. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის). მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. იმავდროულად, ახსნა-განმარტება უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით [სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი].

35. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი წერილობითი ფორმით უნდა შედგეს, რათა დავის შემთხვევაში, მოვალემ გამოიყენოს, როგორც ვალდებულების შეწყვეტის ან ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება. თანხის გადახდის დადასტურებისათვის მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება საკმარის საფუძველს არ წარმოადგენს. ფულადი ვალდებულების შესრულებას გარკვეული თავისებურება ახასიათებს, რაც ვალდებულების შესრულების ფაქტის დადგენაში ვლინდება. მართალია, სესხის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმები არ უთითებს გადახდის სავალდებულო ფორმაზე, თუმცა, იგი უნდა განიმარტოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის კონტექსტში. აღნიშნული მუხლი, რომელიც სისტემურად მოთავსებულია სსკ-ის მეექვსე კარში (ვალდებულების შეწყვეტა შესრულებით) არეგულირებს ფულადი ვალდებულების შესრულების წესს. შესაბამისად, მოვალემ უნდა წარმოადგინოს უნაღდო ან ნაღდი ანაგარიშსწორების გზით თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (სამოქალაქო კოდექსის 429-ე, 386-ე მუხლები)(იხ. სუსგ საქმე №ას-1755-2018, 22 თებერვალი, 2019 წელი).

36. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე უთითებს, რომ გადახდილი აქვს სესხის ძირითადი თანხის ნაწილი და ითხოვს ვალდებულების ოდენობის შემცირებას. მოპასუხე სესხის ძირი თანხის ნაწილის გადახდის ფაქტს უარყოფს, შესაბამისად, სწორედ მოვალეს ეკისრება სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი სავალო საბუთის წარდგენის ვალდებულება.

37. კასატორი მის მიერ ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების ფაქტის დასადასტურებლად სარჩელზე თანდართულ შემოსავლის ორდერებზე მიუთითებს. აღნიშნული ორდერებით კი მოპასუხეთა მიმართ ვალდებულების შესრულების ფაქტი არ დასტურდება. წარდგენილი შემოსავლის ორდერების მიხედვით, თანხები ლ.ბ–ის სახელზე არსებულ შემნახველი ანაბრის ანგარიშზე და არა მოპასუხეთა სახელზე არსებულ ანგარიშებზე ირიცხებოდა. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ საქმეში წარდგენილი ორდერების საფუძველზე მოპასუხეთა წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფაქტს მოპასუხე მხარე უარყოფს. მათი მითითებით, ლ.ბ–ის სახელზე გადახდილი თანხები ს.მ–მა მიიღო და არა პირველმა და მეორე მოპასუხეებმა. ამდენად, მოსარჩელემ (მსესხებელმა) ვერ წარადგინა სადავო თანხის გადახდის დამადასტურებელი სათანადო, სსკ-ის 429-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულება. იმ პირობებში კი, როდესაც მოწინააღმდეგე მხარე უარყოფს ვალდებულების შესრულებას, მხოლოდ სარჩელზე თანდართული შემოსავლის ორდერებით მითითებული გარემოების დადგენილად მიჩნევა დაუშვებელია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა სესხის ძირი თანხის გადაუხდელობის ფაქტი.

38. საქართველოს უზენაესი სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს გაუქმებასთან დაკავშირებით.

39. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს გაუქმების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

40. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია. ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, მეორე მხრივ პირგასამტეხლოს ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ საქმე №ას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი; №ას-1265-1187-2015, 10 თებერვალი, 2016 წელი; №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი; №ას-1077-997-2017, 31 ივლისი, 2018 წელი; №ას-1634-2019, 04 მარტი, 2020 წელი).

41. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი ხელშეკრულების მხარეებს უფლებამოსილებას ანიჭებს თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

42. აღნიშნული ნორმა იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ მხარეები გონივრული ოდენობის პირგასამტეხლოზე უნდა შეთანხმდნენ. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ვინაიდან მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, შესაძლებელია ისინი იმ ოდენობის პირგასამტეხლოზე შეთანხმდნენ, რისი გადახდევინებაც შემდგომ მძიმე ტვირთად დააწვება მოვალეს. სასამართლო ასეთ შემთხვევაში ახდენს პირგასამტეხლოს „სამართლიან“ შემცირებას, ანუ სასამართლოს ამოცანაა მხარეები დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ხელშეკრულების დადებისას ისინი ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებს. შესაბამისად, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად, რადგან პირგასამტეხლოს უმთავრესი მიზანი კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენაა და არა მისი უსაფუძვლო გამდიდრება მოვალის ხარჯზე. ამასთან, იმისათვის, რომ სასამართლომ შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, კრედიტორის მოთხოვნა პირგასამტეხლოს გადახდაზე წარმოშობილი უნდა იყოს, ე.ი. ძირითადი ვალდებულება უნდა იყოს დარღვეული. პირგასამტეხლოს შემცირება მის წარმოშობამდე, ანუ ძირითადი ვალდებულების დარღვევამდე, დაუშვებელია.

43. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (სუსგ №ას-1511-2018, 26 მარტი, 2019 წელი; №ას-848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016 წელი).

44. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (სუსგ. №ას-186-2021, 25 მარტი, 2021 წელი; №ას-535-2021, 29 ოქტომბერი, 2021წელი). ამასთან, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, უფლება-მოვალეობების განსაზღვრისას თანაბრად უნდა იქნეს დაცული როგორც კრედიტორის, ისე მოვალის უფლებები. არ შეიძლება კრედიტორის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის ხარჯზე, მოვალის უფლებებისა და ინტერესების გადაჭარბებული დაცვა.

45. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორის პრეტენზია შემცირებული პირგასამტეხლოს სრულად გაუქმებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა. წინამდებარე დავის ფარგლებში, სასამართლომ პირგასამტეხლო შეამცირა, ხოლო მხარეთა მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს გაუქმების შესაძლებლობას, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს. ამასთან, პირგასამტეხლოს გაუქმება კრედიტორის ინტერესების უგულვებელყოფას გამოიწვევს.

46. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ საქმე №919-2020, 26 მარტი, 2021 წელი; №ას-488-2021, 29 სექტემბერი, 2021 წელი; №ას-1178-2019, 30 ოქტომბერი, 2020; №ას86-2021), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

47. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

48. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 399-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ.ხ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ა. ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი

თ. ძიმისტარაშვილი