Facebook Twitter

25 ივლისი, 2022 წელი

საქმე №ას-606-2022 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ვ.ლ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ ს.ს. „კ.ბ–ი“

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი _ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ვ.ლ–ძემ სარჩელი აღძრა მოპასუხე ს.ს. „კ.ბ–ის“ მიმართ 2020 წლის 29 სექტემბერს გაცემულ #200769659 სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის თაობაზე და მოითხოვა ვ.ლ–ძის ვალდებულების 1500 ლარით განსაზღვრა. ამასთან, სააღსრულებო ფურცლით დარიცხული საპროცენტო სარგებლის 3455.48 ლარისა და პირგასამტეხლოს 2046.63 ლარის გაუქმება.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილებით, ვ.ლ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ცვლილება შევიდა ნოტარიუსის მიერ 2020 წლის 29 სექტემბერს გაცემული N 200769659 სააღსრულებო ფურცლის მე-8 პუნქტში და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგი სახით:

- სესხის ძირითადი თანხა - 7506.02 ლარი,

- საპროცენტო სარგებელი - 3455.48 ლარი,

- სიცოცხლის დაზღვევა: 635. 36 ლარი,

- პირგასამტეხლო 500 ლარი,

- სააღსრულებო ფურცლის მიღებისათვის გადახდილი სანოტარო მომსახურების საზღაური 124. 36 ლარი.

2020 წლის სექტემბერს გაცემული N 200769659 სააღსრულებო ფურცელი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 თებერვლის განჩინებით მოწინააღმდეგე მხარის ს.ს. „კ.ბ–ი“-ს წარმომადგენლის ქ.ს–ას შუამდგომლობა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე დაკმაყოფილდა. ვ.ლ–ძის სააპელაციო საჩივარი, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 თებერვლის განჩინებაზე, კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო კერძო საჩივარს და საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო/კერძო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო/კერძო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო/კერძო საჩივარი არ უპასუხებს აქ (396-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილი) ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო/კერძო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო/კერძო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო/კერძო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო/კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის განჩინებით კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, კერძო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

9. ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს შ.გ–ძეს (იხ. მინდობილობა ტ. 1, ს.ფ. 56-57) გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, და ჩაბარდა პირადად (იხ. ჩაბარების დასტური).

10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.

11. ვინაიდან, საქმეში არსებული მასალებით დასტურდება გზავნილის მხარისათვის 2022 წლის 13 ივნისს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული 7-დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2022 წლის 14 ივნისს და ამოიწურა 2022 წლის 20 ივნისს. ამ დროის განმავლობაში მხარეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო დადგენილი ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ.ლ–ძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 თებერვლის განჩინებაზე განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 420-ე, 416-ე, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით.

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ.ლ–ძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 თებერვლის №2ბ/2600-21 განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი