Facebook Twitter

საქმე №ას-1280-2020 30 მარტი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი,

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ვ.ს.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ი–ლი, ქ.ს–ძე (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.07.2020წ. განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა

1. ნ.ი–ლმა და ქ.ს–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოსარჩელე, „მეორე მოსარჩელე“, ერთად - „მოსარჩელეები") სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „ვ.ს.ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე") მიმართ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების მოთხოვნით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები :

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 23.05.2019 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა თითოეულისათვის ჯარიმის - 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

2.1. 14.02.2014 წლის, 27.06.2014 წლის ხელშეკრულებებით პირველმა მოსარჩელემ და მეორე მოსარჩელემ მოპასუხეს მიჰყიდეს მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...... ½ ნაწილი (314 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობები). ხელშეკრულებების 1.1 მუხლის შესაბამისად თანხის სანაცვლოდ მოსარჩელეებს უნდა გადასცემოდათ თითოეულს 157-157 კვ.მ ბინა თეთრი კარკასის მდგომარეობაში და ერთი ავტოსადგომი. საფასურის გადახდა უნდა მომხდარიყო 36 თვის ვადაში, ანუ 02.02.2017 წლამდე. 27.06.2014 წლის ხელშეკრულების 1.2 და 2.1.4. პუნქტების შესაბამისად, მოპასუხე ვალდებული იყო პირველი კორპუსის მშენებლობისათვის საჭირო სამუშაოები დაესრულებინა საძირკვლის ჩასხმის სამუშაოების დასრულებიდან 26 თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას დაეკისრებოდა პირგასამტეხლო 100 000 აშშ დოლარის ოდენობით.

2.2. 01.12.2016 წელს მოპასუხესა და პირველ მოსარჩელეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება 133 კვ.მ. საერთო ფართის ორი ბინის გადაცემის შესახებ. ხელშეკრულების 5.6. პუნქტის თანახმად, მოპასუხე ვალდებული იყო კორპუსის მშენებლობისათვის და ექსპლუატაციაში გაშვებისათვის საჭირო სამუშაოები დაესრულებინა ქ. თბილისის არქტიტექტურული სამსახურის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებულ ვადაში და პირველი მოსარჩელისთვის გადაეცა ნასყიდობის საგანი თეთრი კარკასის მდგომარეობაში.

2.3. 27.06.2014 წლის დამატებითი ხელშეკრულების თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისგან თუკი ეს გამოწვეულია გადაულახავი ძალის წინააღმდეგობებით. გადაულახავი ძალა ნიშნავს ისეთ გარემოებებს რომლებიც არ არსებობენ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის, წარმოიშვნენ მხარეთა ნების გარეშე, რომლის დადგომის და მოქმედების კონტროლი აღემატება მხარეთა გონივრულ კონტროლს, კერძოდ, სტიქიური უბედურებები, მიწისძვრები, საომარი მოქმედებები, სამოქალაქო არეულობები, გაფიცვები, საერთაშორისო ემბარგოები იმ ქვეყნის მიმართ სადაც დადებულია ხელშეკრულება, სახელმწიფოს, ადგილობრივი თვითმართველობის და მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებები, რომლებიც ზემოთხსენებული ქმედებების მსგავსად შეუძლებელს ხდიან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. ხელშეკრულების 4.2 და 4.3. პუნქტების თანახმად, მხარე, რომელიც ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს დაუძლეველი ძალის გარემოებათა გამო ვალდებულია ამის შესახებ ხუთი დღის ვადაში აცნობოს მეორე მხარეს. მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების დრო შესაბამისად გადაწეული იქნება დაუძლეველი ვადის მოქმედების პერიოდით. თუ დაუძლეველი ძალის გარემოებათა არსებობა გრძელდება 6 თვეზე მეტ ხანს, მაშინ მხარეები ცალკე შეთანხმდებიან ამ ხელშეკრულების შესრულების პირობებზე და ვადებზე.

2.4. მშენებლობის ნებართვის მიხედვით მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 02.02.2017 წელს. მოპასუხეს ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ვალდებულება არ შეუსრულებია. ფარული სამუშაოების აქტის მიხედვით, 20.12.2017 წლისათვის დასტურდება პირველი კორპუსის მშენებლობის დასრულება 49.20 ნიშნულზე. მოპასუხე მხარე ადასტურებს ხელშეკრულების 2.1.4. პუნქტით გათვალისწინებული 26 თვიანი ვადის დარღვევას და მიუთითებს, რომ ვადაგადაცილება შეადგენს 08.04.2017 წლიდან 20.12.2017 წლამდე პერიოდს.

2.5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ნაკისრი ვალდებულება სრულად და ჯეროვნად არ შეუსრულებია. ამასთან, ადგილი არ ჰქონია ფორსმაჟორულ გარემოებებს. მოპასუხე აღნიშნავს, რომ ერთ წელზე მეტ ხანს გაგრძელდა მშენებლობის კოეფიციენტის გაზრდის თაობაზე ადმინისტრაციული წესით გაცემული დაპირების განხილვა, რამაც გამოიწვია ვადის გადაცილება. მოპასუხეს წარდგენილი აქვს ჩარჩო - გეგმა, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება, ასევე, არქიტექტურის სამსახურის 18.04.2013 წლის გადაწყვეტილება, თუმცა ამ გადაწყვეტილებაში კოეფიციენტის გაზრდაზე საუბარი არ არის და ცალსახად მითითებულია კოეფიციენტი ''კ2 - 3.5''. ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება მიიღო 18.04.2013 წელს, პროექტი შეთანხმდა 20.11.2014 წელს, ხოლო ნებართვა გაიცა - 01.12.2014 წელს. მოპასუხემ მშენებლობის პროექტი შესათანხმებლად წარადგინა - 2014 წელს, მას შემდეგ რაც მოსარჩელეებთან გააფორმა ხელშეკრულებები. წარდგენილი პროექტით მოპასუხე ითხოვდა კოეფიციენტს - ''კ2 - 3.5''-ს. საქმის მასალებით უდავოდ დგინდება, რომ პირველად მოპასუხემ კოეფიციენტი 7.3 მოითხოვა 25.05.2016 წელს და მაშინვე მიიღო უარი. მეორედ - 15 თვის თავზე და კვლავ უარი მიიღო. ამდენად, დგინდება, რომ 2013 წლიდან 2016 წლამდე „დაპირება'' არ განიხილებოდა, 2016 წლამდე საუბარი იყო მხოლოდ ''კ2 - 3.5'' კოეფიციენტზე. თანხმობა კოეფიციენტის გაზრდაზე მოპასუხემ მიიღო 2017 წლის სექტემბერში, ხოლო ნებართვა - ამავე წლის 31 ოქტომბერს. მხარეთა შორის 27.06.2014 წლის ხელშეკრულება დადებულია იმ პროექტის საფუძველზე, სადაც კოეფიციენტია - კ2-3.5 და ხელშეკრულებაში აღნიშნული არ არის, რომ მოპასუხე შეეცდება - 7.3 კოეფიციენტის მიღებას.

2.6. მოპასუხე ფორსმაჟორულ გარემოებად მიუთითებს იმ ფაქტს, რომ 11.08.2016 წელს მერიის ზედამხედველობის სამსახურმა შეაჩერა მშენებლობა. სასამართლომ განმარტა, რომ თვითმართველი ორგანოს გადაწყვეტილება მაშინ შეიძლება იქნეს მიჩნეული ფორსმაჟორულ გარემოებად, თუ იგი საერთოა ყველასთვის და ცვლის არსებულ წესებს. თუ პირი თავად ცვლის პროექტის პირობებს და ამის გამო ჩერდება მშენებლობა, ეს გარემოება ფორსმაჟორად ვერ იქნება მიჩნეული. მოპასუხე თავად განმარტავდა, რომ მას მშენებლობის ნებართვა ჰქონდა მიღებული რვასართულიანი კორპუსის მშენებლობაზე, თუმცა პროექტის პირობების დარღვევით აშენებდა 15 სართულს და იმ მომენტისთვის, როდესაც ზედამხედველობის სამსახურმა შეაჩერა მშენებლობა, აშენებული ჰქონდა 12 სართული. სასამართლოს განმარტებით, ფორსმაჟორული გარემოებები ვერ იქნება დაკავშირებული მხარეების წინასწარგანზრახულ, ანდა დაუდევარ მოქმედებებთან. გარდა ამისა, თუ მოპასუხე მხარე თვლიდა, რომ ადგილი ჰქონდა ფორსმაჟორულ გარემოებებს, მას ამის შესახებ 5 დღის ვადაში უნდა ეცნობებინა მოსარჩელეთათვის, რაც არ მომხდარა.

2.7. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 361-ე, მე-400 მუხლის ''ა'' ქვეპუნქტზე, ასევე ამავე კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად დათქმულ დროსა და ვადაში, რაც მისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია.

2.8. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი განაკვეთიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.. პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. სასამართლომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეამცირა და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ დააკისრა 10 000 - 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

2.9. რაც შეეხება მოსარჩელეების მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხისათვის თანხის დაკისრების შესახებ, სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 394-ე, 412-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მოსარჩელეებმა ვერ დაადასტურეს ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე ის გარემოება, რომ ეს ზიანი მოპასუხისათვის წინასწარ იყო სავარაუდო, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს როგორც მოსარჩელეებმა, ისე მოპასუხემ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.07.2020 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნია, რომ არსებობდა მოპასუხისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული და გონივრულ ოდენობამდე შემცირებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია სარჩელი მოპასუხისთვის მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების თაობაზე.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

8. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

9. საკასაციო საჩივრის ფარგლებში უზენაესი სასამართლოს მსჯელობის საგანია მოპასუხისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული და სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს დარიცხვის კანონიერება.

10. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სსკ აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებითსამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურება და რომელთა შერჩევაც მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლო.

11. სსკ-ის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ერთ-ერთ ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ: სუსგ Nას-1053-993-2015, 08.04.2016წ.; სუსგ Nას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.; №ას-1056-2021, 17.12.2021წ.). პალატა მიუთითებს, რომ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის დადგომის შემთხვევაში პირგასამტეხლოს სახით მისი მინიმალური ოდენობა გარანტირებულად, ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცების გარეშე, მარტივად და სწრაფად აუნაზღაურდება კრედიტორს.

12. სასამართლოს მიერ დადგენილია და კასატორს დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) წარმოდგენილი არ აქვს, რომ მოპასუხემ დაარღვია სახელშეკრულებო ვალდებულება (მოპასუხე ვალდებული იყო პირველი კორპუსის მშენებლობისათვის საჭირო სამუშაოები დაესრულებინა საძირკვლის ჩასხმის სამუშაოების დასრულებიდან 26 თვის ვადაში). მხარეთა შორის შეთანხმებული და სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს დაკისრებაზე კასატორის პრეტენზია ეფუძნება იმას, რომ მშენებლობის დასრულების ვადის გადაცილება განაპირობა ფორსმაჟორულმა გარემოებამ, კერძოდ, განაშენიანების კოეფიციენტის გაზრდის საკითხის გადაწყვეტის გაჭიანურებამ, რასაც მოჰყვა მშენებლობის გარკვეული ვადით შეჩერება. შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ მის მიერ ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობა ვერ შეფასდება ვადის ბრალეულ გადაცილებად და იგი უნდა გათავისუფლდეს პირგასამტეხლოს გადახდისაგან. პალატა მიუთითებს, რომ ფორსმაჟორული ვითარება გაუთვალისწინებელ მოვლენას გულისხმობს, რომელიც ვითარდება ხელშეკრულების მონაწილეთა ნებისაგან დამოუკიდებლად. ამდენად, ფორსმაჟორი შესრულების ვალდებულებისგან განთავისუფლების საფუძველია იმ დაბრკოლებისათვის, რომელიც მოვალის კონტროლისა და რისკის სფეროს მიღმა წარმოიშვა (იხ.: ნათია ჩიტაშვილი, შეცვლილი გარემოებების გავლენა ვალდებულების შესრულებაზე და მხარეთა შესაძლო მეორად მოთხოვნებზე (შედარებითი ანალიზი), თბილისი, 2015, გვ.52). როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების (გაცემის თარიღი: 18.04.2013წ.), ისე ხელშეკრულების გაფორმების, პროექტის შეთანხმების (გაცემის თარიღი: 20.11.2014წ.), თუ ნებართვის გაცემის (გაცემის თარიღი: 01.12.2014წ.) დროს განაშენიანების კოეფიციენტს წარმოადგენდა „კ2 - 3.5“ და კოეფიციენტის გაზრდის თაობაზე აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებული არ არის. პირველად მოპასუხემ კოეფიციენტი 7.3 მოითხოვა მხოლოდ 25.05.2016 წელს, რაზეც მაშინვე უარი მიიღო, მეორედ - 15 თვის თავზე და კვლავ უარი მიიღო. ამდენად, 2013 წლიდან 2016 წლამდე კოეფიციენტის გაზრდასთან მიმართებაში არანაირი განხილვა არ მიმდინარეობდა. თანხმობა კოეფიციენტის გაზრდაზე მოპასუხემ მიიღო 2017 წლის სექტემბერში, ხოლო ნებართვა - ამავე წლის 31 ოქტომბერს. რაც შეეხება 11.08.2016 წელს თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ მშენებლობის შეჩერებას, მართებულია სასამართლოს მსჯელობა მასზე, რომ როდესაც პირი თავად ცვლის პროექტის პირობებს და ამის გამო ჩერდება მშენებლობა, ეს ფაქტი ვერ შეფასდება ვალდებულების დამრღვევი მხარის პასუხისმგებლობის გამომრიცხველ გარემოებად. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით საკასაციო პალატა იზიარებს დასკვნას მასზე, რომ არ არსბობს მოპასუხის ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძველი.

13. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლომ სსკ-ის 417-418-ე მუხლების საფუძველზე მართებულად დააკისრა მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლოს შემცირების მიზნით, გამოიყენა სსკ-ის 420-ე მუხლი (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) და მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეამცირა 10-ჯერ. მოპასუხის საკასაციო საჩივრის ფარგლებში არ არსებობს პირგასამტეხლოს დამატებით შემცირების რაიმე საფუძველი.

14. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ გააბათილა სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

15. პირველ მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი ფოტოსურათი (ტ.3, ს.ფ.223), რომლის დაბრუნებას ნება თავადაც აქვს გამოხატული.

16. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი -3291 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 2303,7 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ვ.ს–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. შპს „ვ.ს–ს“ (ს/ნ: .....) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 3291 ლარის (საგადახდო დავალება №10207961820, გადახდის თარიღი 08.12.2020წ.) 70% – 2303,7 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. ნ.ი–ლს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათი (ტ.3, ს.ფ. 223).

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

რევაზ ნადარაია