საქმე №ას-786-2022 12 ივლისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე;
საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს ,,- ქ-ა კ-ია“
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „№.. ქ-ა კ-ია“, ნ. ჭ-ია (ნ. ა-ის, ქ. ქ-ის, ნ. ბ-ის, ლ. ყ-ის, ი. ვ-ის, ნ. მ-ის, ხ. ქ-ის, თ. დ-ის, ლ. ბ-ისა, მ. მ-ძე, მ. ხ-კი, მ. ჩ-ძე-გ-სა და მ. ბ-ას უფლებამონაცვლე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მარტის განჩინება
საკასაციო საჩივრების ავტორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - პარტნიორთა კრების ოქმისა და მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების განუხილველად დატოვება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით, შპს „№.. ქ-ა კ-ის“, ნ. ჭ-ს (ნ. ა-ს, ქ. ქ-ის, ნ. ბ-ის, ლ. ყ-ის, ი. ვ-ის, ნ. მ-ის, ხ. ქ-ის, თ. დ-ის, ლ. ბ-სა, მ. მ-ძე, მ. ხ-კი, მ. ჩ-ძე-გ-ისა და მ. ბ-ას უფლებამონაცვლე) სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი შპს ,,N.. ქ-ა კ-ის“ 2017 წლის 14 მარტის პარტნიორთა საერთო კრების ოქმის და 2017 წლის 13 აპრილს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,… ქ-თა კ-იამ“, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს ,,.. ქ-ა კ-ამ“ შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მარტის განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივნისის განჩინებით, კასატორს დაევალა ხარვეზის შევსება, კერძოდ, დაზუსტებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა კასაციის საფუძვლების მითითებით წარმოდგენა. ხარვეზის შესავსებად კასატორს განესაზღვრა ხუთი დღე.
2022 წლის 01 ივლისს, შპს ,,… ქ-თა კ-ის“ დირექტორმა ლ. ბ-მა სასამართლოს მომართა სარჩელის გახმობისა და სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების მოთხოვნით, აღნიშნული მოთხოვნა დაზუსტდა 2022 წლის 08 ივლისის შუამდგომლობით, რომლითაც კასატორმა მოითხოვა საკასაციო საჩივრის გახმობა და მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლო გაეცნო აღნიშნულ შუამდგომლობას და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმის განხილვის ეტაპზე დაუბრკოლებლად იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოსთვის დადგენილი წესით, საქმის განხილვის მომწესრიგებელი იმ ნორმებით, რომლებიც საკასაციო სამართალწარმოებისას სპეციალურ რეგულაციას არ ექვემდებარებიან, თავის მხრივ, საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი არ შემოიფარგლება მხოლოდ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვაზე და მასში მითითებული თითოეული საპროცესო მოქმედების განხორციელება მხარეს შეუძლია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კასატორმა წარმოადგინა განცხადება საკასაციო საჩივრის გახმობის შესახებ, რაც საკასაციო სასამართლოს საქმის წარმოების ეტაპზე გაიგივებულია საჩივარზე უარის თქმასთან, პალატა მიიჩნევს, რომ შპს ,,… ქ-ა კ-ის“ საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, იმგვარად, რომ ძალაში დარჩეს ქვედა ინსტანციის განჩინება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილს თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვამდე საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, კასატორს სრულად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი 180 ლარი (მოცემულ შემთხვევაში, მართალია წარმოდგენილია ცალ-ცალკე 120 ლარისა და 180 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, თუმცა 120 ლარის ბაჟის ქვითარი დათარიღებულია 19/10/2020 წლით, რაც გაცილებით წინ უსწრებს არა თუ საკასაციო საჩივრის წარმოდგენის, არამედ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების თარიღებს, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ბაჟი არ არის აღნიშნული საკასაციო საჩივრისათვის განკუთვნილად გადახდილი, რის გამოც ამ ნაწილში მხარის მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე (2), 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაკმაყოფილდეს შპს ,,… ქ-ა კ-ის“ დირექტორის, ლ. ბ-ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ.
2.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მარტის განჩინებაზე შპს ,,... ქ-ა კ-ის“ მიერ წარდგენილ საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება.
3.ძალაში დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მარტის განჩინება.
4.კასატორის წარმომადგენელ ლ. ბ-ლს (პ/ნ ….) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი …, მიმღების ანგარიშის №…, სახაზინო კოდი …) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით, 2022 წლის 5 მაისს N.. საგადახდო დავალებით გადახდილი 180 ლარი;
5.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე : მირანდა ერემაძე