საქმე № ას-67-2021 16 თებერვალი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ლ. კ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე. კ-ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთების გამოთხოვა, საკუთრების უფლების აღიარება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ლ. კ-ძე (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი) და ე. კ-ძე (შემდეგში: მოპასუხე ან აპელანტი) რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2009 წლის 18 ოქტომბრიდან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 20.. წლის 5 ივლისს დაბადებული მ. კ-ძე (შემდეგში: შვილი).
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა. შეწყდა მხარეთა შორის 2009 წლის 18 ოქტომბერს რეგისტრირებული ქორწინება. გაუქმდა ქორწინების სააქტო ჩანაწერი N.... მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით, რომლის გადახდევინება დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან 12.09.2015 წლიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. მოპასუხის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შეგებებული სარჩელის ავტორს განესაზღვრა არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობა.
3. მოპასუხის მფლობელობაში, დასახელებული სადავო ნივთებიდან, იმყოფება შემდეგი ნივთები: 1. საძინებელი (მუქი ყავისფერი, ემ დე ეფის მასალით მალაიზიის გამოშვება, ხუთ ნაჭრიანი - საწოლი, ორი ტუმბო, კომოდი 5 უჯრიანი, კარადა 4-6 ფრთიანი); 2. ბავშვის საწოლი (ყავისფერუჯრიანი); 3. სარეცხის მანქანა (სამსუნგის ფირმის - 6 კგ. A კლასის); 4. პიანინო (გერმანული,ხის, ყავისფერი, ვეინბახი); 5. ჟურნალების მაგიდა/მინის; 6. „დესაო“/მუქი ფერის სარკით - ორ კარიანი და სამი უჯრით; 7. „გორკა“/მუქი ყავისფერი, ერთი დიდი უჯრით; 8. 3 სამეული/ნაჭრის, ნაცრისფერი, რუმინული ხის კარკასით.
4. შემდეგი ნივთების ღირებულებას წარმოადგენს: 1. მტვერსასრუტი (სამსუნგის ფირმის ლურჯი ფერის) – 319/299.99 ლარი 2. უთო (ნაცრისფერი ვიტეკის ფირმის) – 159/140.00 ლარი 3. ელექტრო ჩაიდანი (თეთრი ფერის, ვიტეკის ფირმის) – 89 ლარი 4. ელექტრო ხორცის საკეპი (თეთრი ფერის, ვიტეკის ფირმის) – 159/119.99 ლარი 5. ელექტრო ყავის მადუღარა (თეთრი ფერის, ვიტეკის ფირმის) – 94/79.99 ლარი 6. ელექტრო საფქვავი (წითელი ფერის, ვიტეკის ფირმის) – 59/74.99 ლარი 7. წვენ საწური (თეთრი ფერის, ვიტეკის ფირმის) – 69/54.99 ლარი 8. ბლენდერი (შუშის წითელი ფერის, ვიტეკის ფირმის) – 149 ლარი.
5. მხარეებს, 2014 წლის 4 ივნისს მოუვიდათ კონფლიქტი, წავიდა სახლიდან და სურდა თავისი ნივთების და საბუთების წაღება ქმრის სახლიდან, რაშიც დაეხმარა პატრულ-ინსპექტორი, აღნიშნულთან დაკავშირებით მოპასუხეს პრეტენზია არ გამოუთქვამს.
6. ა. და ა. მ-მა, მოსარჩელეს, მოპასუხესთან ნიშნობამდე, საჩუქრად გადასცეს შემდეგი საყოფაცხოვრებო ნივთები: 1. „დესაო“/მუქი ფერის სარკით - ორ კარიანი და სამი უჯრით; 2. სამეული/ნაჭრის, ნაცრისფერი, რუმინული ხის კარკასით,ზამბარებზე გასასვლელი.
7. ა. ა-ა, 2009 წლის ზაფხულში, მხარეთა შორის ნიშნობამდე, საჩუქრად გადასცა სარეცხის მანქანა (სამსუნგის ფირმის - 6 კგ. A კლასის).
8. გ. ა-მა, ჯ. კ-ან ერთად, 2009 წლის ზაფხულში, მხარეთა შორის ნიშნობამდე, საჩუქრად გადასცა „გორკა“/მუქი ყავისფერი ჩუქურთმებით, ერთი დიდი უჯრით, 4-6 მინიანი ფრთით)
9. ს. ა-მა, ვ. ა-მა და მ. კ-მა მოსარჩელეს 2009 წლის ზაფხულში, მხარეთა შორის ნიშნობამდე, საჩუქრად გადასცეს შემდეგი საყოფაცხოვრებო ნივთები: 1.საძინებელი (მუქი ყავისფერი, ემ დე ეფის მასალით მალაიზიის გამოშვება, ხუთ ნაჭრიანი - საწოლი, ორი ტუმბო, კომოდი 5 უჯრიანი, კარადა 4-6 ფრთიანი); 2. პიანინო (გერმანული, ხის, ყავისფერი, ვეინბახი); 3. ჟურნალების მაგიდა/მინის; 4. ბავშვის საწოლი (ყავისფერუჯრიანი);
10. საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა - კ. კ-ემ, ე. ს-მა და თ. ი-მა მიუთითეს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ სახლიდან წასვლისას წაიღო მხოლოდ მისი კუთვნილი პირადი ნივთები.
11. მოსარჩელის მხარეს მოწმედ დაკითხულმა მ. კ-მა (მოსარჩელის დეიდამ) განმარტა, რომ საძინებელი, რომელიც შედგებოდა გარდერობის, 2 ტუმბოს, 1 კომოდისა და საწოლისგან, შეძენილ იქნა მის მიერ, მისი თანხით ავეჯის სახლ „საბაში“, იგი იყო ასაწყობი, შეიძინა ნიშნობამდე მოსარჩელესა და დასთან, მოსარჩელის დედა ს. ა-ან ერთად და მიიტანეს პირდაპირ მოპასუხის სახლში. ქორწილის დღე იყო მოსარჩელის დაბადების დღე და ჟურნალების შუშის მაგიდა აჩუქა დაბადების დღის აღსანიშნავად. მისთვის ცნობილია, რომ მოსარჩელეს გააჩნდა შემდეგი ოქროს ნივთები: ბრილიანტის საყურე, ორი ძეწკვი, ბრასლეტი და 2 ან 3 ბეჭედი. პიანინო იყიდა მოსარჩელის დედამ - ს. ა-მა მეზობლისგან, რომელიც რუსეთში მიდიოდა. ა. ა-მა, მოსაჩელის ძმამ, განმარტა, რომ, ტრადიციებისამებრ, პირადად დას უყიდა სამსუნგის ფირმის, A კლასის, 6 კილოიანი სარეცხის მანქანა. იმის გამო, რომ მის მიერ მოხდა 100 კაციანი ნიშნობის დაფინანსება და ჰქონდა სხვა, პირადი კრედიტები ბანკში, მოსარჩელის სახელზე გააკეთა 1 წლიანი განვადება, რომლის დასაფარადაც ყოველთვიურად იხდიდა 100 ლარს. მოწმე ს. ა-ის (მოსარჩელის დედა) განმარტებით, საძინებელი, პიანინო, ჭურჭელი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები მოსარჩელეს აჩუქეს ნიშნობამდე და გააგზავნეს მოპასუხის სახლში. ოქროულობა, რომელიც შვილს აჩუქა, ასევე, მეუღლის მხრიდან ნაჩუქარი ოქროს ნივთები არის მოპასუხის სახლში.
12. სარჩელის მოთხოვნა
12.1. მოსარჩელემ, 2019 წლის 23 იანვარს სარჩელით მიმართა საქალაქო სასამართლოს, მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარება და მოპასუხის მიერ საკუთრების უფლების ხელყოფის აღკვეთა, შემდეგ მოძრავ ნივთებზე:
12.1.1. ძეწკვი (5 გრ. რუსული ოქრო 583 სინჯი) 2. ბრილიანტის საყურე (ფოთლის ფორმის ხუთი თვლით - 750 სინჯით ) 3. ძეწკვი (იტალიური ოქრო 585 სინჯი 5გრ) 4. ბეჭედი ბრილიანტის (რკალის ფორმის 450 სინჯის) 5. ბეჭედი ცირკონით - ქრიზოლიტით (583 სინჯით) 6. სამაჯური გრეხილი - (593 სინჯით ) 7. საძინებელი (მუქი ყავისფერი, ემ დე ეფის მასალით მალაიზიის გამოშვება, ხუთ ნაჭრიანი - საწოლი, ორი ტუმბო, კომოდი 5 უჯრიანი, კარადა 4-6 ფრთიანი) - ღირებულებით 1750 ლარი; 8. საწოლი 2,ტუმბო, კომოდი 5 უჯრიანი,კარადა 4-6 ფრთიანი 9. მადონა ხილის ლარნაკი (მრგვალი და სალათისფერი) 10. თეფშების ნაკრები (ძველებური რუსული თეთრი ყვავილით - 20ც) 11. ჩაის სერვიზი, გობალტის - 12ც 12. ყავის სერვიზი - გობალტის 12ც 13. სადილის სერვიზი - გობალტის-24ც 14. როკოკოს ხილის ლარნაკი - ფეხზე გოფრირებული - 2ც - ლურჯი ფერის 15. როკოკოს საყვავილე - დიდი ლურჯი ფერის 16. საკანფეტე - როკოკოსი,ფეხზე ლურჯი ფერის 17. ყავის სერვისი - მწვანე ფერის - 6ც 18. ბროლის კალათა - ბოჰემის - 1ც 19. ხილის ლარნაკი - ბროლის - 2ც 20. ბროლის კანფეტი - ფეხზე პატარა - 3ც 21. ბროლის საყვავილე - გაშლილი ფეხზე - 1ც 22. ფერადი ფუჟერები - მაღალ ფეხზე ბოჰემის - 12ც 23. მინის ჭურჭელი - 12ც, თეთრი გამჭვირვალე თეფშები, 6ც - ჩაის ჭიქა, 1ც - საკანფეტე მრგვალი მოოქროვილი ხაზით - 36ც 24. სადილის კოვზები - ვერცხლისფერი ოქროფერსი, მოოქროვილი ხაზით - 12ც 25. თეთრეული ნაკრები - თაჩის ფერადი, ოჯახური 18ც 26. სუფრები - თეთრი ამოქარგული ყვავილებით - 3ც 3 27. პირსახოცები ფერადი - სახის და აბაზანის - 20ც 28. ჟურნალების მაგიდა/მინის/- ღირებულებით - 350 ლარი; 29. ბავშვის საწოლი (ყავისფერუჯრიანი) - ღირებულებით 100 ლარი; 30. სამეული/ნაჭრის, ნაცრისფერი, რუმინული ხის კარკასით/ - ღირებულებით - 1400 ლარი; 31. „დესაო“/მუქი ფერის სარკით - ორ კარიანი და სამი უჯრით; - ღირებულებით 1400 ლარი (ორივე ნივთის ღირებულება ერთად აღებული - 2800 ლარი); 32. „გორკა“/მუქი ყავისფერი, ერთი დიდი უჯრით/ - ღირებულებით - 2000 ლარი; 33. ბლენდერი (შუშის წითელი ფერის,ვიტეკის ფირმის) 34. მტვერსასრუტი (სამსუნგის ფირმის ლურჯი ფერის) 35. უთო (ნაცრისფერი ვიტეკის ფირმის) 36. ელექტრო ჩაიდანი (თეთრი ფერის,ვიტეკის ფირმის) 37. ელექტრო ხორცის საკეპი (თეთრი ფერის,ვიტეკის ფირმის) 38. ელექტრო ყავის მადუღარა (თეთრი ფერის,ვიტეკის ფირმის) 39. ელექტრო საფქვავი (წითელი ფერის, ვიტეკის ფირმის) 40. წვენ საწური (თეთრი ფერის,ვიტეკის ფირმის 41. სარეცხის მანქანა (სამსუნგის ფირმის - 6 კგ. A კლასის) - ღირებულებით 650 ლარი; 42. პიანინო (გერმანული,ხის, ყავისფერი, ვეინბახი) - ღირებულებით 2000 ლარი;
13. მოპასუხის პოზიცია
13.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეს და მოპასუხეს ქორწინების შემდეგ, მოსარჩელის მშობლებმა საჩუქრად გადასცეს ყავისფერი საძინებელი, რომელიც შედგება: საწოლის, ტუმბოს, კომოდისა და კარადისაგან, რომელიც დღესაც დგას მოპასუხის ოთახში. ბავშვის დაბადების შემდეგ მოსარჩელის მშობლებმა კიდევ იყიდეს ბავშვის ყავისფერი საწოლი. ქორწინების შემდეგ ასევე საჩუქრად მოიტანეს რამდენიმე ცალი თეთრეული და პირსახოცი, რომელთაგან ნაწილი, ცვეთის გამო, გაფუჭდა, ნაწილი მეორადი სახით, მოპასუხის სარგებლობაშია. დანარჩენ ნაწილში მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, ვინაიდან შემდეგი ძვირფასეულობის: ძეწკვის (5 გრ. რუსული ოქრო 583 სინჯი), ბრილიანტის საყურის (ფოთლის ფორმის ხუთი თვლით - 750 სინჯით ), ძეწკვის (იტალიური ოქრო 585 სინჯი 5გრ), ბრილიანტის ბეჭდის (რკალის ფორმის 450 სინჯის), ცირკონით ბეჭდის - ქრიზოლიტით (583 სინჯით) და გრეხილი სამაჯურის - (593 სინჯით) თაობაზე ინფორმაცია არ აქვს, ხოლო, დანარჩენი მოძრავი ნივთები მის მფლობელობაში არასდროს ყოფილა და არც არის.
14. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
14.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოსარჩელე ცნობილ იქნა მესაკუთრედ შემდეგი დასახელების მოძრავ ნივთებზე: ა) საძინებელი (მუქი ყავისფერი, ემ დე ეფის მასალით მალაიზიის გამოშვება, ხუთ ნაჭრიანი - საწოლი, ორი ტუმბო, კომოდი 5 უჯრიანი, კარადა 4-6 ფრთიანი) - ღირებულებით 1 750 ლარი; ბ) ბავშვის საწოლი (ყავისფერუჯრიანი) - ღირებულებით 100 ლარი; გ) სარეცხის მანქანა (სამსუნგის ფირმის - 6 კგ. A კლასის) - ღირებულებით 650 ლარი; დ) პიანინო (გერმანული, ხის, ყავისფერი, ვეინბახი) - ღირებულებით 2 000 ლარი; მოსარჩელე ცნობილ იქნა 1/2 ნაწილის მესაკუთრედ შემდეგი დასახელების მოძრავ ნივთებზე: ა) სამეული/ნაჭრის, ნაცრისფერი, რუმინული ხის კარკასით/ - ღირებულებით - 1 400 ლარი; ბ) „დესაო“/მუქი ფერის სარკით - ორ კარიანი და სამი უჯრით; - ღირებულებით 1 400 ლარი (ორივე ნივთის ღირებულება ერთად აღებული - 2 800 ლარი); გ) „გორკა“/მუქი ყავისფერი, ერთი დიდი უჯრით/ - ღირებულებით - 2 000 ლარი; დ) ჟურნალების მაგიდა/მინის/- ღირებულებით - 350 ლარი; ამავე გადაწყვეტილებით, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა და მოსარჩელეს გადაეცა შემდეგი დასახელების მოძრავი ნივთები (მდებარე: ქ. თბილისი, .... დასახლება, კორპ. N., .. N..): ა) საძინებელი (მუქი ყავისფერი, ემ დე ეფის მასალით მალაიზიის გამოშვება, ხუთ ნაჭრიანი - საწოლი, ორი ტუმბო, კომოდი 5 უჯრიანი, კარადა 4-6 ფრთიანი) - ღირებულებით 1750 ლარი; ბ) ბავშვის საწოლი (ყავისფერუჯრიანი) - ღირებულებით 100 ლარი; გ) სარეცხის მანქანა (სამსუნგის ფირმის - 6 კგ. A კლასის) - ღირებულებით 650 ლარი; დ) პიანინო (გერმანული,ხის, ყავისფერი, ვეინბახი) - ღირებულებით 2000 ლარი;
15. მოპასუხის სააპელაციო მოთხოვნა
15.1. მოპასუხემ წარდგენილი სააპელაციო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება მოითხოვა.
16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
16.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელე ცნობილ იქნა 1/2 ნაწილის მესაკუთრედ შემდეგი დასახელების მოძრავ ნივთებზე: ა) საძინებელი (მუქი ყავისფერი, ემ დე ეფის მასალით მალაიზიის გამოშვება, ხუთ ნაჭრიანი - საწოლი, ორი ტუმბო, კომოდი 5 უჯრიანი, კარადა 4-6 ფრთიანი) - ღირებულებით 1750 ლარი; ბ) ბავშვის საწოლი (ყავისფერუჯრიანი) - ღირებულებით 100 ლარი; გ) სარეცხის მანქანა (სამსუნგის ფირმის - 6 კგ.) - ღირებულებით 650 ლარი; დ) პიანინო (გერმანული,ხის, ყავისფერი, ვეინბახი) - ღირებულებით 2000 ლარი; ე) სამეული/ნაჭრის, ნაცრისფერი, რუმინული ხის კარკასით/ - ღირებულებით - 1400 ლარი; ვ) „დესაო“/მუქი ფერის სარკით - ორ კარიანი და სამი უჯრით; - ღირებულებით 1400 ლარი, ორივე ნივთის ღირებულება ერთად აღებული - 2800 ლარი; ზ) „გორკა“/მუქი ყავისფერი, ერთი დიდი უჯრით/ - ღირებულებით - 2000 ლარი; თ) ჟურნალების მაგიდა/მინის/- ღირებულებით - 350 ლარი;
16.2. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ მოძრავი ნივთების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის ნაწილში არ დაკმაყოფილდა;
16.3. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ საძინებლის კომპლექტი, ბავშვის საწოლი, სარეცხი მანქანა და პიანინო წარმოადგენდა ნიშნობამდე შეძენილ ქონებას და შესაბამისად მოსარჩელის ინდივიდუალურ საკუთრებას.
16.4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმეში წარდგენილი რამდენიმე პირის წერილობითი ახსნა-განმარტების ასლები, რომელზე განთავსებული ხელმოწერათა ნამდვილობაც დადასტურებულია ნოტარიულად (იხ. ტ. 1, ს.ფ. 44-54), ვერ აკმაყოფილებს მტკიცებულების სტანდარტს. უფრო კონკრეტულად კი, პალატამ აღნიშნა, რომ მტკიცებულებათა სახეები ამომწურავადაა განსაზღვრული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით). უფრო მეტიც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 127-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ახსნა-განმარტება მიიღება მხარეებისაგან, ხოლო ის პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ, საქმეზე დაიშვება მოწმედ. მოწმის გამოძახება და დაკითხვა ხდება სასამართლო პროცესზე (სსსკ 140-ე მუხლი) და იგი ჩვენებას აძლევს ზეპირად (სსსკ 150-ე მუხლი), ხოლო წერილობით მტკიცებულებას განეკუთვნება აქტები, საბუთები და საქმიანი და პირადი წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ (სსსკ 134.1 მუხლი). შესაბამისად, წერილობითი ფორმით წარდგენილი იმ პირთა ახსნა-განმარტებები, რომლებიც არც მხარეები არიან და არც მოწმეებად დაკითხულან სასამართლოში, მტკიცებულების კანონით განსაზღვრულ ვერცერთ სახეს ვერ აკმაყოფილებს. სასამართლოს განმარტებით, ვერც ზემოხსენებული ე.წ. აქტები ვერ მიიჩნევა სადავო ფაქტის დამადასტურებელ სარწმუნო მტკიცებულებებად, ვინაიდან ისინი შედგენილია თავად თავდაპირველი მოსარჩელის ოჯახის წევრების მიერ, რომლებიც სასამართლოში მოწმედ არ ყოფილან გამოძახებულნი და დაკითხულნი.
16.5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ის გარემოება, რომ სადავო ქონება შეძენილი იყო ნიშნობამდე, სცილდებოდა ყოველგვარ ლოგიკასა და საღ აზრს. მითუმეტეს, რომ ამ ქონებაში მითითებული იყო ბავშვის საწოლიც. ნიშნობა, არც ჩვეულებითი სამართლითა და არც მოქმედი სამართლის ნორმებით არ წარმოშობს დაქორწინების ვალდებულებას. მითუმეტეს რომ მხარის განმარტებით, ეს ნივთები შეძენილია არა ნიშნობის შემდეგ, არამედ ნიშნობამდე. სასამართლოს განმარტებით შეუძლებელია, ადამიანმა გაიღოს სოლიდური თანხები გასათხოვარი ქალისათვის საოჯახო ნივთების - ე.წ. მზითევის შესაძენად ნიშნობის წინ, როდესაც არსებობს ალბათობა იმისა, რომ მხარეები შეიძლება არ დაინიშნონ, ან არ დაქორწინდნენ. მითუმეტეს, როდესაც არაფერი არ უშლით ხელს, რომ ეს მოქმედება განახორციელონ დაქორწინების შემდეგ.
16.6. სსკ-ის 1109-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ნიშნობისას გადაცემული საჩუქრები დაუქორწინებლობის შემთხვევაში უკან უნდა დაბრუნდეს. მოცემულ შემთხვევაში იმის თქმა, რომ მხარეები არ დაქორწინებულან არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. ასეთ დროს კი ნიშნობის დროს გადაცემული საჩუქრებიც კი არ ექვემდებარება უპირობოდ უკან დაბრუნებას. სავარაუდოდ, აქედან მომდინარეობს მხარის პოზიცია სადავო ნივთების შეძენის დროსთან დაკავშირებით. ამდენად, პალატის შეფასებით, ნიშნობამდე ხსენებული მოძრავი ნივთების შეძენის და მოსარჩელისთვის ჩუქების ფაქტი არ დგინდებოდა და თავდაპირველმა მოსარჩელემ ვერ შეძლო ამ მხრივ მტკიცების ტვირთის რეალიზება, ისევე, როგორც მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების სათანადო მტკიცებულებებით დადასტურება.
16.7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უდავო იყო, რომ მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2009 წლის 18 ოქტომბრიდან. ასევე დგინდება ისიც, რომ ფაქტების კონსტატაციის ოქმში მითითებული მოძრავი ნივთები, კერძოდ საძინებელი (მუქი ყავისფერი, ,,ემ დე ეფის“ მასალით მალაიზიის გამოშვება, ხუთ ნაჭრიანი - საწოლი, ორი ტუმბო, კომოდი 5 უჯრიანი, კარადა 4-6 ფრთიანი), ბავშვის საწოლი (ყავისფერუჯრიანი), სარეცხის მანქანა (სამსუნგის ფირმის - 6 კგ. A კლასის), პიანინო (გერმანული, ხის, ყავისფერი, „ვეინბახი“), მინის ჟურნალების მაგიდა მინის, „დესაო“, მუქი ფერის სარკით - ორ კარიანი და სამი უჯრით, „გორკა“ მუქი ყავისფერი, ერთი დიდი უჯრით, სამეული - ნაჭრის, ნაცრისფერი, რუმინული ხის კარკასით, - ნამდვილად იმყოფება აპელანტის საცხოვრებელ ბინაში და მის მფლობელობაშია. საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებითა და თავად მხარეთა ახსნა-განმარტებით უდავოდ დასტურდება ისიც, რომ ხსენებული მოძრავი ნივთები საჩუქრის სახით გადაეცა ახლადშექმნილ ოჯახს და განკუთვნილი იყო მათი საერთო მოხმარებისა და სარგებლობისათვის.
16.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მხარეთა მითითების გათვალისწინებით, რომ ნიშნობა ჰქონდათ ზაფხულში, ხოლო ქორწილი ოქტომბერში, სადავო ქონება შეძენილია უშუალოდ ქორწინების საჩუქრის სახით, ოჯახის საერთო სარგებლობის მიზნით და წარმოადგენს მხარეთა საერთო საკუთრებას.
17. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი
17.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
17.2. კასატორის განმარტებით, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის პოზიცია, რომ საძინებლის კომპლექტი, ბავშვის საწოლი, სარეცხი მანქანა და პიანინო წარმოადგენდა მოსარჩელის ინდივიდუალურ ქონებას, რომელიც ნიშნობამდე იყო შეძენილი.
17.3. სასამართლომ შესაბამისი დასაბუთებისა და მტკიცებულებების გარეშე დაადგინა, რომ სადავო ნივთები არა ნიშნობამდე, არამედ, შემდეგ იყო მიღებული და შესაბამისად მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენდა.
17.4. ქვემდგომი ინსტანციების სასამართლოებმა, მოწმეთა ჩვენებები არასათანადოდ შეაფასეს, რასაც არასწორი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა შედეგად.
18. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
18.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 2 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
19. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავო როგორც სადავო ნივთებზე საკუთრების უფლება, ასევე, ის გარემოება, რომ სადავო ნივთები იმყოფება მოპასუხესთან და გამოთხოვილ უნდა იქნეს იმ საფუძვლით, რომ წარმოადგენს არა საერთო, არამედ ინდივიდუალურ საკუთრებას.
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
24. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იურიდიულ ლიტერატურაში მოქმედებს მტკიცებულებების თავისუფალი შეფასების პრინციპი. თუმცა, მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასება არ გულისხმობს სამოსამართლო თვითნებობას. ქართული კანონმდებლობის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. კანონი არ ახარისხებს მტკიცებულებათა სახეებს სანდოობის ხარისხის მიხედვით. მტკიცებულების ყველა სახე თანაბარი რანგისაა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით. თუმცა, შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებას საფუძვლად უნდა ედოს მტკიცებულებათა ობიექტური და სრული განხილვა. შესაბამისად, სასამართლო მტკიცებულებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად თავად წყვეტს, თუ რომელი მტკიცებულებაა სარწმუნო და რომელ მათგანს უნდა დაეყრდნოს იგი. მტკიცებულების შეფასების მთავარი კრიტერიუმი ობიექტურობაა. მტკიცებულება ობიექტურად უნდა ასახავდეს მოვლენას, ანდა ადასტურებდეს ფაქტის არსებობას. შესაბამისად, აღნიშნულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით, ობიექტურად, ყოველი გონიერი ადამიანი ერთსა და იმავე დასკვნამდე უნდა მიდიოდეს. მტკიცებულების შეფასების მიზნებისათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა მის სანდოობას (სარწმუნოობას) ენიჭება. მტკიცებულების სანდოობა განაპირობებს მოსამართლის დარწმუნების ალბათობის ხარისხს. რაც უფრო სანდოა მტკიცებულება, რომელსაც სასამართლო გადაწყვეტილება ეყრდნობა, მით უფრო მაღალია აღნიშნულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების ლეგიტიმაციაც. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს მტკიცებულებათა შეფასების შედეგად გამოტანილ გადაწყვეტილებას, აისახოს გადაწყვეტილებაში (იხ. „კერძო სამართლის აქტუალური საკითხები“, ტომი I, თბილისი 2020).
25. საკასაციო სასამართლომ არაერთგზის განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. სასამართლო ობიექტურ საწყისებზე მტკიცებულებათა ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის შედეგად ადგენს მათ იურიდიულ ძალას, კერძოდ, განსაზღვრავს თუ რა გარემოების დადგენა ან პირიქით, უარყოფაა შესაძლებელი. აქ, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება მტკიცებულებათა შეფასება მათი უტყუარობის თვალსაზრისით, რისთვისაც საჭიროა ამ მტკიცებულებათა ყოველმხრივი შემოწმება, მათი დაპირისპირება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. მტკიცებულებათა შეფასებას კი, პროცედურულად მოჰყვება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა (იხ. სუსგ. ას-400-2020, 15.02.2020; ას-91-2022, 4.05.2022).
26. საკასაციო სასამართლო სამოქალაქო კოდექსის 173.1-ე მუხლის „საერთო (თანაზიარი ან წილადი საკუთრება) წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე“, 1158-ე „მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი და ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი“ მუხლისა და 1159-ე „თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით“ მუხლზე მითითებით განმარტავს, რომ მეუღლეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობა მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინების ფაქტს უკავშირდება.
27. განსახილველ შემთხვევაში უდავოდაა დადგენილი რომ მხარეები 2009 წლის 18 ოქტომბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში არიან. ამასთან, დადგენილი იყო, რომ ფაქტების კონსტატაციის ოქმში მითითებული მოძრავი ნივთები, კერძოდ საძინებელი (მუქი ყავისფერი, ,,ემ დე ეფის“ მასალით მალაიზიის გამოშვება, ხუთ ნაჭრიანი - საწოლი, ორი ტუმბო, კომოდი 5 უჯრიანი, კარადა 4-6 ფრთიანი), ბავშვის საწოლი (ყავისფერუჯრიანი), სარეცხის მანქანა (სამსუნგის ფირმის - 6 კგ. A კლასის), პიანინო (გერმანული, ხის, ყავისფერი, ,,ვეინბახი“), მინის ჟურნალების მაგიდა მინის, „დესაო“, მუქი ფერის სარკით - ორ კარიანი და სამი უჯრით, „გორკა“ მუქი ყავისფერი, ერთი დიდი უჯრით, სამეული - ნაჭრის, ნაცრისფერი, რუმინული ხის კარკასით, - ნამდვილად იმყოფება აპელანტ ე. კ.ის საცხოვრებელ ბინაში და მის მფლობელობაშია. საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებითა და თავად მხარეთა ახსნა-განმარტებით უდავოდ დასტურდება ისიც, რომ ხსენებული მოძრავი ნივთები საჩუქრის სახით გადაეცა ახლადშექმნილ ოჯახს და განკუთვნილი იყო მათი საერთო მოხმარებისა და სარგებლობისათვის.
28. საკასაციო სასამართლო მოწმეთა ჩვენებებზე მიუთითებს და განმარტავს, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა აღიარა, რომ საძინებელი, გარდერობი, ორი ტუმბო, ერთი კომოდი და საწოლი მოსარჩელის დეიდამ იყიდა და აჩუქა მოსარჩელეს. რაც შეეხება პიანინოს და ჟურნალების მაგიდას, მხარეთა ჩვენებები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, ამასთან, მოპასუხემ განმარტა, რომ აღნიშნული ნივთები ქორწინებამდე მოპასუხის ოჯახს ჰქონდა, ხოლო მოსარჩელის დეიდის განმარტებით, პიანინო მოსარჩელის დედამ შეიძინა და ნიშნობამდე, სომხური ტრადიციის მიხედვით, მოპასუხის ოჯახში მიიტანა.
29. სომხურ ტრადიციასთან დაკავშირებით, დამატებით, მოპასუხეთა მოწმეებმა განმარტეს, რომ პატარძლის ოჯახი ყიდულობს მომავალი ოჯახისთვის საჭირო ნივთებს, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში არ გამოუყენებიათ აღნიშნული ტრადიცია, ასევე, იმ მიზეზითაც, რომ საჭირო ნივთები ჰქონდა მოპასუხეს ოჯახში, მხოლოდ, საძინებლის ქორწინებამდე შეძენას ადასტურებენ მოპასუხის მოწმეები, ამასთან, მოსარჩელის მოწმეები და თავად მოსარჩელე, სარწმუნოდ ვერ ადასტურებენ ნიშნობამდე სადავო ნივთების შეძენის ფაქტს, მეტიც, თავად მოსარჩელე სადავო ნივთებზე მიუთითებდა, რომ ნიშნობამდე იყო შეძენილი, თუმცა, ვერ უთითებდა ნიშნობის თარიღს.
30. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სადავო ნივთებზე მხარეთა მიერ მიცემული ახსნა-განმარტებებისა და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებების საფუძველზე, სასამართლო ვერ გაითვალისწინებდა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემეობების დასადგენად, შესაბამისად, კასატორის პრეტენზია დაუსაბუთებელია, ვინაიდან, საძინებლის კომპლექტი, ბავშვის საწოლი, სარეცხი მანქანა და პიანინო არ წარმოადგენს მოსარჩელის ინდივიდუალურ საკუთრებას იმ საფუძვლით, რომ ისინი ნიშნობამდეა შეძენილი.
31. საკასაციო სასამართლო 1109.3-ე მუხლზე მიუთითებს, რომლის მიხედვითაც, ნიშნობისას გადაცემული საჩუქრები დაუქორწინებლობის შემთხვევაში უკან უნდა დაბრუნდეს. განსახილველ შემთხვევაში მხარეები დაქორწინდნენ, შესაბამისად, ნიშნობის დროს გადაცემული საჩუქრები არ ექვემდებარება დაბრუნებას, ხოლო, ის რომ აღნიშნული ნივთები ნიშნობამდე იყო მიღებული მოსარჩელის მიერ რაც მის ინდივიდუალურ საკუთრებად უნდა მიჩნეულიყო მხარემ სათანადოდ ვერ დაასაბუთა.
32. საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ სადავო ნივთებზე მეუღლეთა წილები მათ შორის შეთანხმებებით არ იყო განსაზღვრული, რის გამოც თითოეული სადავო ქონების ½ ნაწილის მესაკუთრეა.
33. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
34. მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას, განსხვავებით კეთილსინდისიერი მფლობელისაგან, რომელსაც არ გააჩნია ნივთის ფლობის კანონისმიერი საფუძველი. კეთილსინდისიერება და არაკეთილსინდისიერება მიუთითებს სუბიექტურ კრიტერიუმებზე, რაც განისაზღვრება პირის დამოკიდებულებით ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძვლების მიმართ. მართლზომიერი და არა მართლზომიერი მფლობელობა მიგვითითებს ობიექტურად არსებულ ფაქტორებზე, რაც ვლინდება მფლობელობის სამართლებრივი საფუძვლის არსებობაში. ამრიგად, მართლზომიერი მფლობელია მესაკუთრე და ის პირები, რომელთა მფლობელობაც მესაკუთრის მფლობელობიდანაა ნაწარმოები (იხ. სუსგ №ას-524-493-2012; ას-1467-2020, 3.02.2022). ამასთან, მართლზომიერი მფლობელი ყოველთვის ითვლება კეთილსინდისიერ მფლობელად, ვინაიდან მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივი საფუძვლით ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას, ხოლო კეთილსინდისიერება სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობით შეიცავს სუბიექტურ ელემენტს — პირის დამოკიდებულებას ფაქტობრივი გარემოებების მიმართ. მართლზომიერი მფლობელობა ვრცელდება მანამ, სანამ არსებობს მართლზომიერების სამართლებრივი საფუძველი. გარდა აღნიშნულისა, მფლობელის კეთილსინდისიერება განისაზღვრება საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე, კერძოდ, თუ რა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები უდევს ნივთზე მფლობელობას საფუძვლად და მოეთხოვებოდა თუ არა მფლობელს ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის მოპოვებისას ამ გარემოებების გათვალისწინება.
35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
36. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. ლ. კ-ეს (....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ..., მიმღების ანგარიშის №..., სახაზინო კოდი ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ბ. ჯ-ის (...) მიერ გადახდილი (საგადახდო დავალება №., გადახდის თარიღი 2021 წლის 22 თებერვალი), 150 ლარის 70% - 105 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე