Facebook Twitter

3გ-ად-38-გ-02 18 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განიხილა ა. ხ.-ის სარჩელის განსჯადობის შესახებ თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას შორის დავა.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სამთავრობო კავშირების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ა. ხ.-მა სარჩელი აღძრა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრის მიმართ, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ და მიუთითა, რომ 1971-98 წლებში მსახურობდა საქართველის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში, არის სამხედრო მოსამსახურე, აქვს პოლკოვნიკის სამხედრო წოდება, მისი ხელფასი შეადგენდა 240,27 ლარს. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის 1998წ. 11 ნოემბრის ¹290 ბრძანების საფუძველზე, რეორგანიზაციის მოტივით, უკანონოდ აყვანილი იქნა კადრების სამმართველოს განკარგულებაში. საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. 25 აპრილის ¹167 ბრძანებულების საფუძველზე სამინისტროში განხორციელდა რეორგანიზაცია და საშტატო ერთეულების შემცირება, რის გამოც ვერ მოხერხდა მოსარჩელისათვის თანამდებობის შეთავაზება. მოსარჩელის აზრით, მის მიმართ დარღვეულია “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ”, ასევე “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონები, საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. ¹609 ბრძანებით დამტკიცებული დებულება “სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ”, რის გამოც მოსარჩელემ მოითხოვა:

1. საქართველის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მისი (ა. ხ.-ის) სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სამხედრო სამსახურიდან დათხოვის შესახებ და ადრე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა;

2. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსათვის იძულებითი განაცდურის სახით 11295, 23 ლარის დაკისრება.

თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2002წ. 1 ოქტომბრის განჩინებით ა.ხ.-ის სარჩელი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის თანახმად, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას, ვინაიდან სარჩელი ეხებოდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის 1998წ. 29 ნოემბრის ¹920-პშ ბრძანების ბათილად ცნობას.

ა. ხ.-ის სარჩელის თბილისის საოლქო სასამართლოში განსახილველად განსჯადობით გადაცემის შესახებ განჩინება არ გაიზიარა ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ და საქმე სასამართლოთა შორის განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად, შემდეგი მოტივებით გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, თანახმად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა:

1. ა.ხ.-ის თანამდებობაზე დანიშვნა, სასამართლო კოლეგიის აზრით, მოხდა მოსარჩელესა და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული გარიგების დადების შედეგად. მოსარჩელე ითხოვს თანამდებობაზე აღდგენას, საიდანაც იგი გათავისუფლებულ იქნა მოპასუხე _ სახელმწიფო უშიშროების მინისტრის ბრძანებით, რომელიც ერთჯერადი სამართლებრივი აქტია, ადმინისტრაციულ გარიგებასთან დაკავშირებით მიღებული და ადმინისტრაციული გარიგების ცალმხრივად მოშლას ადასტურებს, ამიტომ განსახილველი დავა ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტასთან დაკავშირებული დავაა;

2. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის “დ” პუნქტის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის განსჯადია დავა, თუ სარჩელის ფასი აღემატება 500000 ლარს, განსახილველ შემთხვევაში კი მოსარჩელე ა.ხ.-ი ითხოვს ზიანის ანაზღაურებას 11295 ლარის ოდენობით, რაც რაიონული სასამართლოს განსჯადია.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, სასარჩელო განცხადების შესწავლისა და საქმის განსჯადობის შესახებ სასამართლოთა განჩინებების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა.ხ.-ის სარჩელის განსჯადობის საკითხი სწორად არის გადაწყვეტილი მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს მიერ და საქმე განსახილველად ექვემდებარება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

მოსარჩელე ა.ხ.-ი, მართალია, სასარჩელო განცხადებით ითხოვს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სამხედრო სამსახურიდან მისი (ა.ხ.-ის) დათხოვის შესახებ, ადრე დაკავებულ თანამდებობაზე მის დაუყონებლივ აღდგენას და იძულებითი განაცდურის სახით 11295,25 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას, მაგრამ ა.ხ.-ის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სამსახურიდან დათხოვის შესახებ ბრძანება საქმეში არ მოიპოვება და ვერც იქნება წარმოდგენილი, რადგან საქმის მასალებისა და სარჩელის მიხედვით, იგი სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სამხედრო სამსახურიდან დათხოვილი არც ყოფილა, არამედ სახელმწიფო უშიშროების მინისტრის 1998წ. 29 ნოემბრის ¹920-პშ ბრძანების საფუძველზე, სამინისტროს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, აყვანილ იქნა კადრების სამმართველოს განკარგულებაში, რომლის ბათილად ცნობასაც ფაქტობრივად ითხოვს მოსარჩელე. ამიტომ საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს მოსაზრებას ა.ხ.-ის სარჩელის განსჯადობის შესახებ და მიაჩნია, რომ აღნიშნული დავა სამართლებრივად თავისი შინაარსით არ წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” პუნქტით გათვალისწინებულ, ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტასთან, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსა და ა.ხ.-ს შორის საჯარო შრომითი სამართალურთიერთობის მოშლასთან დაკავშირებულ, რაიონულ სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს, არამედ თავისი სამართლებრივი ბუნებით აღნიშნული დავა ამავე კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და მე-6 მუხლის I ნაწილის “ბ” პუნქტებით გათვალისწინებული თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინიტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის განსჯადი ადმინისტრაციული საქმეა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე, რადგან ფაქტობრივად ა.ხ.-ი ითხოვს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით 1998წ. 29 ნოემბერს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მიერ გამოცემული ¹920-პშ ბრძანების ბათილობას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 25 ნოემბრის ¹660 ბრძანებულების საფუძველზეა გამოცემული, სამინისტროს ადმინისტრირებას ეხება, ამიტომ სამართლებრივად წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “გ” პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და განსახილველად უნდა გადაეცეს განსჯად სასამართლოს _ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, 26-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.ხ.-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას;

2. ა.ხ.-ის სარჩელი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეცეს განსჯად სასამართლოს;

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.