Facebook Twitter

საქმე № ას-84-2022 24 მაისი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე;

კასატორები - გ. კ-ლი, ლ. კ-ლი, ე. კ-ლი (მოსარჩელეები);

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. მ-ნი, ა. მ-ნი, ა. მ-ნი (მოპასუხეები);

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინება;

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ნასყიდობის ხელშეკრულების სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა.

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით, გ. კ-ის, ლ. კ-სა და ე. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. კ-მა, ლ. კ-მა და ე. კ-მა, რომლითაც მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინებით, გ. კ-ის, ლ. კ-სა და ე. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე გ. კ-მა, ლ. კ-მა და ე. კ-მა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივრის ავტორებს დაევალათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ ა) უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი დედნის სახით; ბ) 1131.8 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

6. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს ჩაბარდა 2022 წლის 10 თებერვალს ფოსტის მეშვეობით.

7. 2022 წლის 10 თებერვალის განცხადებით, კასატორის წარმომადგენელმა იშუამდგომლა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 21 თებერვლის განჩინებით, კასატორის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადა გაგრძელდა 5 (ხუთი) დღით.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 21 თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი სატელეფონო კომუნიკაცის მეშვეობით კასატორის წარმომადგენელს ეცნო 2022 წლის 22 მარტს.

10. 2022 წლის 21 თებერვლის განჩინებით საპროცესო ვადა გაგრძელდა 5 დღით და ამოიწურა 2022 წლის 28 მარტს.

11. აღნიშნული დროის პერიოდში საკასაციო საჩივრის ავტორების მხრიდან არ მომხდარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 თებერვლის განჩინებით დადგენილი ხარვეზების შევსება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

13. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კასატორის წარმომადგენელს ეცნობა ფოსტის მეშვეობით, ასევე დაკმაყოფილდა შუამდგომლობა ხარვეზის შევსების მიზნით საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ, თუმცა აღნიშნული დროის მანძილზე საკასაციო საჩივრის ავტორს არ გამოუსწორებია 2022 წლის 4 თებერვლით დადგენილი ხარვეზები.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2022 წლის 22 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 28 მარტს (ორშაბათი) ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი 2021 წლის 28 მარტის ჩათვლით შეევსო.

15. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

16. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

17. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სსსკ-ის მე-9 კარით განსაზღვრული საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. კ-ის, ლ. კ-ისა და ე. კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე : მირანდა ერემაძე