Facebook Twitter

საქმე № ას-355-2021 23 თებერვალი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სს „…….. ბანკი“

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ე-ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ე-ის“ სარჩელი სს „…. ბანკის“ (შემდეგში: მოპასუხე, ბანკი ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ, თანხის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

2. დასახელებულ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

3. ბანკმა, 2021 წლის 13 მაისს განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, მოითხოვა განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში დაშვებული უსწორობის გასწორება. განმცხადებლის განმარტებით, სასამართლოს განმარტება გასაჩივრების წესზე - განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების №6), თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით, მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, შეიცავს უსწორობას, ვინაიდან „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მეექვსე პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია საკასაციო სასამართლოში გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, განმცხადებელი მიუთითებდა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 აპრილის განჩინების გასაჩივრების ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 8 აპრილიდან და ამოიწურა 2021 წლის 12 აპრილს. ამრიგად, განჩინება კანონიერ ძალაში 2021 წლის 13 აპრილიდან შევიდა. განმცხადებელი ითხოვდა, რომ სასამართლოს მიერ უსწორობის გასწორების შემთხვევაში, გაცემულიყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 აპრილის კანონიერ ძალაში შესული განჩინება.

4. ბანკის განცხადება, სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 14 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა.

5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ (შემდეგში: სპეციალური კანონი) საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირებსა და მესამე პირებს უფლება აქვთ, მიმართონ სასამართლოს დავის საერთო სასარჩელო წესით განსახილველად.

6. სააპელაციო სასამართლომ სპეციალური კანონის მე-5 მუხლის პირველ პუნქტის მოხმობით, რომლის თანახმად, სპეციალური კანონით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის საქმის განხილვისას გამოიყენება ამავე კანონით დადგენილი სპეციალური საპროცესო ნორმები განმარტა, რომ ციტირებული ნორმის მეორე პუნქტის თანახმად გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას. კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს.

7. სპეციალური კანონის მე-11 მუხლის მეექვსე პუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია საკასაციო სასამართლოში გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში. აღნიშნული კანონი არ შეიცავს სპეციალურ ნორმას თუ რა ვადაში უნდა მომზადებულიყო მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ფარგლებში აღძრულ სარჩელზე სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან, ამრიგად, საკითხის გადასაწყვეტად სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 257-ე მუხლის მეორე ნაწილი მოიხმო, რომლის თანახმადაც, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში სასამართლო ამზადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მხარეთათვის გადასაცემად.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან უსწორობის შესწორების შესახებ განჩინების გამოტანის მომენტისათვის იურიდიული ფაქტი - აპელანტისათვის 2021 წლის 7 აპრილის დასაბუთებული განჩინების ჩაბარების სახით, დამდგარი არ იყო, არც მისი გასაჩივრების ვადის დინება დაწყებულა და არ არსებობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 აპრილის განჩინების კანონიერ ძალაში შესულად განხილვის წინაპირობა.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ბანკმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაცემა მოითხოვა, შემდეგი დასაბუთებით:

9.1. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი, აშკარა ხარვეზით, დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემიდან 5 დღის ვადაში ითვალისწინებდა გასაჩივრებას. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ვადის ათვლა არა განჩინების გადაცემიდან, არამედ მისი გამოტანიდან უნდა ათვლილიყო, ხოლო, მოსარჩელემ საკასაციო საჩივარი, 7 აპრილს გამოტანილ განჩინებაზე 12 აპრილის ჩათვლით არ წარადგინა, დარღვეული საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადა.

9.2. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლოს განმარტება, რომ კანონმდებელი სხვადასხვა მნიშვნელობით იყენებს ტერმინებს „გადაწყვეტილების გამოტანა“ და „გადაწყვეტილების მიღება“ დაუსაბუთებელია და არ გამოხატავს კანონმდებლის ნებას აღნიშნული ტერმინების სხვადასხვა მნიშვნელობით გამოყენების შესახებ, არამედ წარმოადგენს სინონიმებს რასაც საპროცესო კოდექსის არაერთი მუხლი ადასტურებს.

10. კერძო საჩივრის ავტორი აგრეთვე საქმის წარმოების შეწყვეტას ითხოვს, რის საფუძვლადაც სსსკ-ის 272-ე მუხლის ა1 ქვეპუნქტზე უთითებს, რომლის მიხედვითაც შუამდგომლობის ავტორის განმარტებით მოსამართლე ვალდებულია საქმის წარმოება შეწყვიტოს ყოველთვის, როდესაც აშკარაა, რომ სარჩელს პერსპექტივა არ გააჩნია, რადგან კანონმდებლობა უბრალოდ არ აღიარებს წაყენებულ პრეტენზიებს კანონით დაცულ/აღსრულებად მოთხოვნად.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაშია მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

13. განსახილველი კერძო საჩივრის ფარგლებში, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 მაისის განჩინებით განსაზღვრული, ბანკის განცხადებაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 აპრილის კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაცემასა და უსწორობის გასწორებაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება.

14. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ კასატორს საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადა არ დაურღვევია და განმარტავს, რომ სპეციალური კანონითა და სსსკ-ის 257-ე მუხლის მეორე ნაწილის ანალიზით, ასევე საქმეში არსებული ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტების გათვალისწინებით, დასაბუთებულად ეთქვა მხარეს უარი უსწორობის გასწორებაზე, ამასთან, მხარის იურიდიული ინტერესი განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის დაკმაყოფილების მიმართ აღარ არსებობს იმ პირობებში, როდესაც, მოწინააღმდეგის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

15. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობაზე საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ განმარტავს, რომ მითითებული შუამდგომლობა სსსკ-ის 272-ე მუხლის ა1 ქვეპუნქტს ეფუძნება, რომელიც დასახელებული ნორმის მიხედვით საქმისწარმოების შეწყვეტას დავის საგნის არარსებობის გამო ითვალისწინებს, ხოლო, მხარის განმარტებით, აღნიშნული ნორმა, სასამართლოს ავალდებულებს შეწყვიტოს საქმე ყოველთვის, როდესაც აშკარაა, რომ სარჩელს პერსპექტივა არ გააჩნია, ვინაიდან კანონმდებლობა არ აღიარებს წაყენებულ პრეტენზიებს დაცულ/აღსრულებად მოთხოვნებად. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული მსჯელობა კონკრეტული ნორმის შუამდგომლობის ავტორისეული ინტერპრეტაციაა, რაც ვერ გახდება საქმისწარმოების შეწყვეტის საფუძველი.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 მაისის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე, 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „…… ბანკის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 მაისის განჩინება;

3. სს „...... ბანკის“ შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე