Facebook Twitter

საქმე № ას-539-2022 01 ივნისი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – ა. გ-ია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლევან სამხარაულის სახელობის სსიპ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება/გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 03 ნოემბრის განჩინება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 სექტემბრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა და მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხის გამოუცხადებლობს გამო, შესაბამისად, მოსარჩელის, ლევან სამხარაულის სახელობის სსიპ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სარჩელი ა. გ-ას მიმართ დაკმაყოფილდა და მასვე დაეკისრა ლევან სამხარაულის სახელობის სსიპ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასარგებლოდ 145 ლარის გადახდა. ამავდროულად, არ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი.

აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხე ა. გ-ამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, 2021 წლის 03 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში და დანიშნა სამართლოს სხდომა 2022 წლის 29 აპრილს, თუმცა 2022 წლის 22 თებერვალს ა. გ-ას მიერ წარმოდგენილ იქნა კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 03 ნოემბრის განჩინებაზე, რის გამოც სასამართლოს სხდომა მოიხსნა დღის წესრიგიდან და გადაინიშნა სხვა დროისთვის.

2022 წლის 22 თებერვლის კერძო საჩივრით მოთხოვნილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 03 ნოემბრის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების განჩინების გაუქმება, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 სექტემბრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საჩივრის ავტორის მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2021 წლის 03 ნოემბრის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების განჩინება დაუსაბუთებლად და კანონის მოთხოვნათა დარღვევით მიიღო წარმოებაში, რადგან, სააპელაციო სასამართლოს განსჯადობის წესების დაცვით უნდა მომხდარიყო საქმის პირველ ინსტანციაში დაბრუნება და დაუსწრებელი გადაყვეტილების გაუქმება, ასევე, 2021 წლის 03 ნოებრის განჩინებაში არასწორად მიეთითა გასაჩივრების წესი, რადგან, განმცხადებლის მოსაზრებით, წარმოებაში მიღებისა და დასაშვებად ცნობის განჩინებაზე შესაძლებელია კერძო საჩივრის წარდგენა, რა უფლებაც გასაჩივრებული განჩინებით შეიზღუდა. ასევე, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 სექტემბრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებაც, რადგან უსაფუძვლოა და მიღებულია კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, კერძოდ, იქნა დარღვეული სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება, რადგან ა. გ-ას მიერ დაყენებული იყო შუამდგომლობა სასამართლო პროცესის გადადების თაობაზე არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობის მიზნით, რომელიც არ დაკმაყოფილდა და გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შესაბამისად, დაირღვა მხარეთა თანასწორობის პრინციპი და არაპროპორციულად შეიზღუდა მოპასუხის საპროცესო უფლებები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის არც 391-ე და 414-ე მუხლების მოთხოვნებს, რის გამოც უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი საჩივრის განხილვა უნდა წარიმართოს ორი მიმართულებით. ერთის მხრივ, მოთხოვნილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 03 ნოემბრის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების განჩინების ბათილად ცნობა, ხოლო მეორე მხრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 სექტემბრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 414-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ავტორი მიუთითებს სწორედ აღნიშნული მუხლის დარღვევაზე და განმარტავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 03 ნოემბრის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისა და დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინებით მას უნდა ჰქონოდა განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანის უფლება, რაც მისი, მოსაზრებით, დარღვევას წარმოადგენს.

სსსკ-ის 374-ე მუხლის აღნიშნული დანაწესი ეხება ისეთ შემთხვევას, როდესაც სააპელაციო სასამართლო წარმოებაში იღებს და დასაშვებად ცნობს სააპელაციო საჩივარს, თუმცა პირველი ნაწილის მეორე წინადადებით განსაზღვრული საკანონმდებლო დათქმით, შესაძლებელია სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში მისი კერძო საჩივრით გასაჩივრება. აღნიშნული ნორმის სიტყვა-სიტყვითი განმარტებითა და უკუდასკვნით აშკარაა, რომ კერძო საჩივრით სასამართლოსთვის მიმართვის უფლება არ არსებობს იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო საჩივარი დაშვებულად და წარმოებაში მიღებულად იქნება ცნობილი. განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 03 ნოემბრის განჩინებით, აპელანტის, ა. გ-ას სააპელაციო საჩივარი დასაშვებად და წარმოებაში მიღებულად იქნა ცნობილი, შესაბამისად, ნათელია, რომ აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანის უფლებას სსსკ-ის 374-ე მუხლი არ იცნობს, რაც ნიშნავს იმას, რომ სადავოდ გამხდარი განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი - ,,განჩინებაზე კერძო საჩივარი არ დაიშვება“, 374-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს შეესაბამება და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

რაც შეეხება მეორე მოთხოვნას, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 სექტემბრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას, სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

სსსკ-ის 392-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ ისეთი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც გამოტანილია განმეორებით დაუსწრებლობის შემდეგ, რის გამოც იგი აღარ შეიძლება გასაჩივრდეს ამ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება კასაციის წესით გასაჩივრდეს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა სათანადო სამართლებრივი წანამძღვრები.

სსსკ-ის 242-ე მუხლის მიხედვით, მხარეს არა აქვს უფლება, საჩივარი შეიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, თუ მის მიმართ ერთხელ უკვე გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამასთან, სასამართლოს განმეორებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეიძლება მხოლოდ სააპელაციო საჩივრის შეტანა.

აღნიშნულ ნორმებში მოცემულია ის წინაპირობები თუ რა შემთხვევაშია დაუსწრებელი გადაწყვეტილების (ან მასზე მიღებული განჩინების) დასაშვებობა და არსებითად განხილვა, თუმცა, აღნიშნულ ნორმათა სისტემური განმარტება ზღუდავს საქმეთა ნახტომისებურ განხილვას. მოცემულ შემთხვევაში, მართალია თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 სექტემბრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუმცა წარდგენილი საჩივრის საფუძველზე, საქმის წარმოება შეჩერდა სააპელაციო სასამართლოში, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს არსებითად არ უმსჯელია სააპელაციო საჩივარზე, რომლის მოთხოვნასაც სწორედ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 სექტემბრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, რადგან საკასაციო საჩივარში წარმოდგენილია აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნა, სახეზეა ,,პირდაპირი კასაციის’’, იგივე ,,ნახტომისებური კასაციის“ განხილვის აკრძალვის შემთხვევა. სასამართლო სისტემის სამ საფეხუროვანი ინსტანციური იერარქია სამოქალაქო საპროცესო კოდექსით არ ითვალისწინებს რომელიმე ინსტანციის გვერდის ავლით საქმის განხილვის შემთხვევას (ხრუსტალი ვ. საკასაციო საჩივრის ობიექტი - ჟურნალში მართლმსაჯულება და კანონი N1’20, 27), შესაბამისად, საკასაციო ინსტანციაში გასაჩივრებული განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის საკითხი ვერ იქნება განხილული და შესაბამისად, განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე, 414-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. გ-ას საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: მირანდა ერემაძე