№ას-924-2022 22 ივლისი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – ნ.ლ–ნი, გ.მ–ნი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)
მოპასუხე - ზ.მ–ნი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.02.2022წ. განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სს „ს.ბ–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მოსარჩელე") წარადგინა სარჩელი ზ.მ–ნის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "პირველი მოპასუხე"), ნ.ლ–ნის და გ.მ–ნის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მეორე მოპასუხე" და „მესამე მოპასუხე“, ერთობლივად - „კასატორები“, პირველ მოპასუხესთან ერთობლივად - „მოპასუხეები“, "აპელანტები" ) მიმართ და მოითხოვა:
- მოპასუხეებს სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ 30.08.2017წ. ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების 61 634,27 აშშ დოლარის გადახდა;
- მოპასუხეებს სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ 30.08.2017წ. საკრედიტო ხელშეკრულების ნაწილში არსებული დავალიანების ძირ თანხაზე 47 420,50 აშშ დოლარზე (სარჩელის მომზადების დღიდან 24.10.2018წ.) საპროცენტო სარგებლის წლიური 9,5%-ის (12,34 აშშ დღეზე) და ყოველდღიურად პირგასამტეხლოს 0,5%-ის ოდენობით დარიცხვა გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე;
- გადაწყვეტილების აღსრულება 30.08.2017წ. ხელშეკრულების ფარგლებში დაკისრებული თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული შემდეგი ქონების რეალიზაციის გზით: უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ......., კორპუსი მე-2, სადარბაზო 1, სართული 3, ბინა 8, ს.კ .....; უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ...... კვარტალი მე-4, კორპუსი 1ა, სარდაფი ს.კ .......
- იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციით ამონაგები თანხა სრულად არ დაფარავს ვალდებულებას, დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს სოლიდარულ მოვალეთა კუთვნილი სხვა ქონება;
- პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 21.09.2017წ. ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების 2627,50 ლარის გადახდა;
- პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 20.02.2015წ. ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების 5178,38 ლარის გადახდა;
2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 24.04.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
- მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 30.08.2017წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე 56 544.83 აშშ დოლარის (ძირი თანხა - 47 420,50 აშშ დოლარი, პროცენტი - 4034.89 აშშ დოლარი, ჯარიმა - 5089.44 აშშ დოლარი) გადახდა;
- მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 31.10.2018 წლიდან (სასამართლოში სარჩელის შეტანის თარიღიდან) 30.08.2017წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 47 420,50 აშშ დოლარზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე წლიური საპროცენტო სარგებლის 9.5% -ის (12.34 აშშ დოლარი დღეზე) გადახდა;
- მოთხოვნა ყოველდღიურად გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოპასუხეებზე სოლიდარულად პირგასამტეხლოს სახით 0.5%-ის ოდენობით თანხის დარიცხვასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა;
- გადაწყვეტილების აღსრულება დაკისრებული თანხების გადახდის უზრუნველსაყოფად განხორციელდა იპოთეკით დატვირთული ქონებების რეალიზაციის გზით: უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი ........., კორპუსი მე-2, სდარბაზო 1, სართული 3, ბინა 8, საკადასტრო კოდით .......; უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, ........, სარდაფი ს/კ .......
- დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების დასაფარად, ვალდებულების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხეთა - სოლიდარულ მოვალეთა კუთვნილი სხვა ქონება;
- პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 21.09.2017წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2063,75 ლარის (ძირი თანხა - 1000 ლარი, საკომისიო - 500 ლარი, ჯარიმა - 563.75 ლარი) გადახდა;
- პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 20.02.2015წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე 4433.41 ლარის (ძირი თანხა -3067.52 ლარი, პროცენტი - 620.93 ლარი, ჯარიმა - 744.96 ლარი) გადახდა (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ.209-227).
3. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს ახალი გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოს სახით დაკისრებული თანხის - 5089.44 აშშ დოლარის 2544.72 აშშ დოლარამდე შემცირება.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.02.2022წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 24.04.2019წ. გადაწყვეტილება (იხ.: განჩინება, ტ.2, ს.ფ. 349-366).
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს მეორე და მესამე მოპასუხემ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. ამდენად, საკასაციო საჩივრის სსსკ-ის 396-ე მუხლთან შესაბამისობა წყდება ერთპიროვნულად მომხსენებელი მოსამართლის მიერ.
7. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს, ხოლო სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
8. სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილით, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
9. სსსკ-ის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
10. ამავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
11. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.02.2022წ. განჩინება აპელანტებს ჩაჰბარდათ ფოსტის მეშვეობით 13.06.2022წ. (ტ.2, ს.ფ.378, 380). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა 2022 წლის 14 ივნისს დაიწყო და ამავე წლის 4 ივლისს ამოიწურა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სასამართლოს კანცელარიაში მათი საკასაციო საჩივარი დარეგისტრირდა 11.07.2022წ., ანუ სსსკ-ის 397-ე მუხლით საკასაციო საჩივრის წარდგენისთვის დადგენილი 21 დღიანი ვადის დარღვევით. იმავე დღითაა დათარიღებული თავად საკასაციო საჩივარიც.
12. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-119-2022, 03.02.2022წ.; №ას-1133-2021, 29.11.2021). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით უზრუნველყოფილი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება გარკვეულ ლეგიტიმურ შეზღუდვებს ექვემდებარებოდეს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. მითითებული ნორმა თანაბრად ვრცელდება როგორც პირველი ინსტანციის, ისე ამ ინსტანციის გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრების უფლებაზე. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ მაგალითს საპროცესო ვადა წარმოადგენს, კერძოდ, სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის. სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას უშვებს საერთაშორისო პრაქტიკაც. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე, 372-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ლ–ნისა და გ.მ–ნის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე