საქმე №ას-1003-2022 28 ივლისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – შპს „ი–სი“, თ.ჭ–ას სამკვიდროს მმართველი მ.ჭ–ა, თ.ჭ–ა, ლ.ჭ–ა
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის განჩინება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის საოქმო განჩინება მესამე პირებად ჩართვაზე უარის თქმის შესახებ
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების წილის მესაკუთრედ ცნობა, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სს „თ.ბ–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კრედიტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ი–სის“ (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“), თ.ჭ–ას (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“), პ.ნ–ძის (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“), თ.ჭ–ას (შემდგომში - „მეოთხე მოპასუხე“), ი.ხ–ის (შემდგომში - „მეხუთე მოპასუხე“), ლ.ჭ–ას (შემდგომში - „მეექვსე მოპასუხე“), ლ.ხ–ის (შემდგომში - „მეშვიდე მოპასუხე“), მ.ხ–ის (შემდგომში - „მერვე მოპასუხე“), მ.ხ–ისა (შემდგომში - „მეცხრე მოპასუხე“) და ნ.ნ–ძის (შემდგომში - „მეათე მოპასუხე“) მიმართ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრების, მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხეებად მიუთითა პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეექვსე და მეათე მოპასუხეები (შემდგომში - „მოპასუხეები“).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 დეკემბრის განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება მერვე მოპასუხის (შემდგომში - „მამკვიდრებელი“) გარდაცვალების გამო.
წლის 16 მაისს მოსარჩელემ მოითხოვა საქმის წარმოების განახლება და მამკვიდრებლის უფლებამონაცვლეებად ლ.ხ–ის, მ.ხ–ისა და ი.ხ–ის (შემდგომში - „მემკვიდრეები“) ჩართვა. ამასთან, წარადგინა დაზუსტებული სარჩელი პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მეცხრე მოპასუხეების მიმართ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 მაისის განჩინებით განახლდა საქმის წარმოება.
ამავე სასამართლოს 2018 წლის 16 ივლისის განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მამკვიდრებლის უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ მემკვიდრეები.
მემკვიდრეებმა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაზეც სააპელაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით პირველი, მეორე, მეოთხე და მეექვსე მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
ამავე სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა მემკვიდრეთა უფლებამონაცვლედ ნ.ნ–ძის (შემდგომში - „მემკვიდრეთა უფლებამონაცვლე“) ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის განჩინებით ნ.ნ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე პირველმა, მეორე მოპასუხის სამკვიდროს მმართველმა, მეოთხე და მეექვსე მოპასუხემ წარადგინეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვე გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ასევე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის საოქმო განჩინების გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა მესამე პირებად საქმეში ჩართვის შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - „სსსკ“) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
სსსკ-ის 264-ე მუხლის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში: ა) გამოცხადებისთანავე, თუ დაუშვებელია სააპელაციო წესით გასაჩივრება; ბ) სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული; გ) სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა; დ) თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარეები წერილობითი ფორმით განაცხადებენ უარს მის სააპელაციო წესით გასაჩივრებაზე.
შესაბამისად, თუ მოპასუხე არ ეთანხმება პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, იგი უნდა გაასაჩივროს სააპელაციო წესით, ხოლო სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მხარე უფლებამოსილია წარადგინოს საკასაციო საჩივარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას არა აქვს საკასაციო საჩივრის წარდგენის უფლება.
მოცემულ შემთხვევაში, პირველი, მეორე, მეოთხე და მეექვსე მოპასუხეთა მიმართ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, რამდენადაც მათ მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით დარჩა განუხილველად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ბაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მხარეებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ოქტომბრის განჩინებაზე არ წარუდგენიათ კერძო საჩივარი. აღნიშნულ გარემოებაზე საკასაციო საჩივარში თავად უთითებენ მხარეები. შესაბამისად, ისინი მოკლებული არიან საკასაციო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი, მეორე, მეოთხე და მეექვსე მოპასუხეები არ არიან უფლებამოსილი სააპელაციო სასამართლოს განჩინება გაასაჩივრონ საკასაციო წესით.
მოცემულ შემთხვევაში, ასევე გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის საოქმო განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა მესამე პირებად - პირველი, მეორე, მეოთხე და მეექვსე მოპასუხეების ჩართვასთან დაკავშირებით.
სსსკ-ის 90-ე მუხლი მე-4 ნაწილის თანახმად, მესამე პირის საქმეში ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინება გასაჩივრდება გადაწყვეტილებასთან ერთად.
საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ, რამდენადაც არსებობს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, ასევე, განუხილველად უნდა დარჩეს მოთხოვნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის საოქმო განჩინებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა მესამე პირებად პირველი, მეორე, მეოთხე და მეექვსე მოპასუხეების ჩაბმის თაობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 396-ე, 3519-ე, 264-ე, 265-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ი–სის“, თ.ჭ–ას სამკვიდროს მმართველის მ.ჭ–ას, ლ.ჭ–ასა და თ.ჭ–ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. შპს „ი–სის“, თ.ჭ–ას სამკვიდროს მმართველის მ.ჭ–ას, ლ.ჭ–ასა და თ.ჭ–ას მოთხოვნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის საოქმო განჩინების გაუქმების შესახებ, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა მესამე პირებად მათი ჩაბმის თაობაზე, დარჩეს განუხილველად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე