Facebook Twitter

საქმე № ას-718-2021 16 თებერვალი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – მ. მ-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. გ-ია, ე. ჯ-ლი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა, ქმედების განხორციელების დავალება

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მ. მ-ის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) საკუთრებაშია უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, … ქუჩა . N--, (ნაკვეთი N--)/ (ნაკვეთი N---)/ (ნაკვეთი N--)/ (ნაკვეთი N--), ს/კ …. 56.80 კვ.მ. მშენებარე ფართი, მე-.. სართული, ბინა N...

2. მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ბინის ზემო სართულზე, მდებარე N… საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი (მე-.. სართული, ბინა N.. (83.80 კვ.მ)) 13.12.2012წ. ამონაწერის შესაბამისად ირიცხებოდა რ.ა-ის საკუთრებაში. რ. ა-ემ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი 2015 წლის ივლისში ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა ე. გ-ზე. ამ უკანასკნელმა კი 2018 წლის იანვარში სესხის, ნასყიდობისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადასცა ი. ხ-ლს, რომელმაც 21.02.2018წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადასცა მ. გ-ას (შემდეგში: პირველი მოპასუხე).

3. საჯარო რეესტრის 2018 წლის 27 თებერვლის ამონაწერის თანახმად, პირველი მოპასუხის საკუთრებაში ირიცხებოდა N… საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი, მე-.. სართული, ბინა N.., (83.80 კვ.მ ფართი). კონკრეტულ ქონებას შეეცვალა მისამართი და დღეის მდგომარეობით კორპუსის მისამართია - ქ. თბილისი, ……. ქ. N...

4. მ. გ-ამ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი (ს/კ ….) გაყო და შესაბამისად თითოეულისათვის ახალი საკადასტრო კოდის მინიჭებით წარმოიშვა ორი დამოუკიდებელი უფლების მქონე ობიექტი. დაყოფის შედეგად პირველი მოპასუხის საკუთრებაში აღმოჩნდა: - N … საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, … .. ქუჩა N.., მე-.. სართულზე განთავსებული 38.41 კვ.მ მშენებარე ფართი;

- N… საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, …. ქუჩა N.., მე-.. სართულზე განთავსებული 45.39 კვ.მ მშენებარე ფართი;

5. ფართების გამიჯვნის შედეგად, წარმოშობილ ბინებში დამოუკიდებლად მოეწყო სველი წერტილები, რის შედეგადაც N … საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ბინის აბაზანა-საპირფარეშო მოექცა, მოსარჩელის სამზარეულოს თავზე. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვს, სწორედ მისი სამზარეულოს თავზე განთავსებული სველი წერტილის მოშლას.

6. პირველმა მოპასუხემ, გამიჯვნის შედეგად წარმოქმნილი ორი უძრავი ნივთიდან ერთ-ერთი - N …. საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ბინა (მე-.. სართულზე განთავსებული 45.39 კვ.მ ფართი), სარჩელის აღძვრის შემდეგ, 2018 წლის 14 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გაასხვისა ა. ო-ზე (შემდეგში: მეორე მოპასუხე). მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი დაზუსტებულია - N…. (მდებარე: ქ. თბილისი, ……. … ქუჩა N.., მე-.. სართული, ბინა N.. „.“, 45.39 კვ.მ ფართი).

7. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 26 მარტის დასკვნის შესაბამისად, … ქ. ..-ში, მე-.. სართულზე განთავსებული ბინა N.. და მის ზემოთ მე-.. სართულზე განთავსებული ბინა N.., რომელიც დღეისათვის წარმოადგენს უკვე 2 დამოუკიდებელ საცხოვრებელ ფართს, განმცხადებლის თანდასწრებით იქნა ადგილზე შესწავლილი. ობიექტების ადგილზე შესწავლით მიღებული მონაცემებისა და წარმოდგენილ ნახაზებზე დატანილი მონაცემების გაანალიზებით, დადგინდა შემდეგი: მე-13 სართულზე განთავსებული ბინა N.. ექსპერტიზის ჩატარების პერიოდისათვის იყო 2 ნაწილად გამიჯნული, რომელთაც გააჩნია 2 დამოუკიდებელი სველი წერტილი (აბაზანა-ტუალეტი), აღნიშნულ ფართებში მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, წარმოდგენილი ნახაზებისა და ადგილზე ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშედარებით დადგინდა, რომ ვინაიდან ბინა N..-ის გამიჯვნის შემდეგ, აბაზანა და ტუალეტი მოექცა გამიჯნული ფართის ერთ ნაწილში, გამიჯნული ფართის მეორე ნაწილში განთავსებულია დამოუკიდებელი აბაზანა-ტუალეტი თანმხლები წყალ-კანალიზაციის საკომუნიკაციო სისტემებით, რომელიც განთავსებულია მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ბინაში სამზარეულოს თავზე, რაც დაუშვებელია და ეწინააღმდეგება „სამშენებლო ნორმები და წესები 2.08.01-89“-ს პუნქტი 2.6-ის მოთხოვნებს - „უშუალოდ საცხოვრებელი ოთახის ან სამზარეულოს ზევით დაუშვებელია განთავსება საპირფარეშოსი ან სააბაზანოსი ან/და საშხაპოსი“.

8. სარჩელის მოთხოვნა

8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით, მოსარჩელემ, მეორე მოპასუხისთვის, ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული, მოსარჩელის ფართის თავზე განთავსებული აბაზანა-ტუალეტის მოშლა მოითხოვა (იხ. დაზუსტებული მოთხოვნა, 29.05.2019, სხდომის ოქმი 15:29:30).

9. მოპასუხის შესაგებელი

9.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

10.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

11. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა

11.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად ქვემდგომ ინსტანციაში დაბრუნების მოთხოვნით.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოთხოვნა და დასკვნები

12.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

12.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი) და მიუთითა მათზე.

12.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, გასაჩივრებული საოქმო განჩინების მოტივაციაში მითითებული იყო, რომ მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას ადვოკატის გამოუცხადებლობა, როდესაც სახეზე იყო თავად სრულწლოვანი და ქმედუნარიანი მხარე, არ შეიძლება გამხდარიყო სხდომის გადადების უპირობო საფუძველი.

12.4. დადგენილი იყო, რომ 2019 წლის 21 მაისის მოსამზადებელ სხდომამდე ორი მოსამზადებელი სხდომა ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც თავდაპირველი მოსარჩელისა და აპელანტის წარმომადგენელმა მოპასუხეთა წრის დაზუსტების თაობაზე იშუამდგომლა და მისი აპელირება, რომ ხსენებული საპროცესო მოქმედების განხორციელების უფლება მოესპო სასამართლოს მიერ სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობისა და მთავარი სხდომის გადანიშვნაზე უარის თქმის შედეგად, საფუძველს მოკლებული. პირები, რომლებიც სავარაუდოდ პასუხისმგებლები არიან სარჩელზე, მონაწილეობენ საქმის განხილვაში და დამატებით სხვა პირების ჩართვა არც სამართლებრივი და არც პროცესუალური თვალსაზრისით გამართლებულად არ შეიძლება. იმის გათვალისწინებით, რომ მხარე, რომლის მიერ შესაგებლის წარუდგენლობაც შესაძლოა განხილულიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად, შეცვლილია და უფლებამონაცვლედ ე. ჯ-ია (შემდეგში: მეორე მოპასუხის უფლებამონაცვლე) საქმეში ჩაბმული, აპელანტის ამ პოზიციას სრულიად აბსურდულ მოთხოვნად აქცევს.

12.5. განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ მხარეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთები განთავსებულია ერთმანეთის მეზობლად, კერძოდ კი, აპელანტის საკუთრებაში არსებული ფართის ზევით განთავსებულია მოწინააღმდეგე მხარეთა ბინები. ამასთანავე, უდავოა ფაქტი, რომ უფლებამონაცვლის საკუთრებაში არსებულ ქონებაში განთავსებული სველი წერტილი მოქცეულია მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ბინის სამზარეულოს თავზე, თუმცა, საქმეზე დადგენილი გარემოებების ერთობლივი შეფასებით და მხარეთა დაპირისპირებული ინტერესების არსებობის პირობებში, პალატის შეფასებით, არ შეიძლება იქნეს განხილული დასაშვები თმენის სტანდარტის დარღვევად.

13. საკასაციო საჩივრის მოთხოვნა

13.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვის მიზნით დაბრუნება.

13.2. კასატორმა დამატებით, პირველი ინსტანციის 2019 წლის 21 მაისის სხდომის ოქმის შესახებ წარმოადგინა პრეტენზიები, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელის შუამდგომლობა პროცესის სხვა დროისთვის გადადებაზე არ დაკმაყოფილდა.

13.3. კასატორის განმარტებით, შუამდგომლობაზე იმ მოტივით ეთქვა უარი, რომ თავად გამოცხადებული იყო სხდომაზე, ხოლო, მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობა არ აბრკოლებდა საქმის განხილვას. აღნიშნული გარემოებით კი სასამართლომ, უთანასწორო მდგომარეობაში ჩააყენა მოწინააღმდეგე მხარესთან.

14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

14.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მხოლოდ მოთხოვნა შეიცავს მითითებას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შესახებ, ხოლო, საჩივრის პრეტენზიები და საფუძვლები მხოლოდ საქალაქო სასამართლოს საოქმო განჩინებას ეხება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა სხდომის გადადების შესახებ.

19. აღნიშნულის თაობაზე საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მსჯელობაზე მიაქცევს ყურადღებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმე არ წარმოადგენს სამართლებრივად რთულ კატეგორიას, რის გამოც შუამდგომლობა საქმის გადადების თაობაზე, იმ მოტივით, რომ წარმომადგენელი არ ესწრებოდა სხდომას დაუსაბუთებელი იყო და მხოლოდ პროცესის გაჭიანურების მცელობად შეიძლება აღქმულიყო.

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2019 წლის 21 მაისის, სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის ოქმის მიხედვით ირკვევა, რომ მხარეს მოსამზადებელი სხდომის გადადების თაობაზე შუამდგომლობა რაიმე სახის მტკიცებულებით არ იყო დასაბუთებული, ამდენად, მხოლოდ შუამდგომლობა, უპირობოდ საქმის განხილვის გადადების საფუძველი ვერ გახდებოდა.

21. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფი სახელმწიფოებს უტოვებს თავისუფალ არჩევანს, რათა თავად გადაწყვიტონ თუ რა საშუალებები გამოიყენონ, მოსარჩელეთათვის დაცვის უფლებების უზრუნველსაყოფად. ამრიგად, სასამართლო პროცესზე პირის გამოცხადების საკითხი, სამართალწარმოების ფორმა - ზეპირი თუ ზეპირი მოსმენის გარეშე - და იურიდიული წარმომადგენლობა ურთიერთდაკავშირებულია და უნდა გაანალიზდეს კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული „სამართლიანი სასამართლოს“ უფლების ფართო კონტექსტში. სასამართლომ უნდა დაადგინოს მომჩივანს - სამოქალაქო სამართალწარმოების მხარეს, მიეცა თუ არა გონივრული შესაძლებლობა გაცნობოდა და კომენტარები გაეკეთებინა მეორე მხარის მიერ წარმოდგენილ დასკვნებსა და მტკიცებულებებზე; აგრეთვე წარმოედგინა თავისი საქმე იმ პირობებში, რომელიც მას მოწინააღმდეგე მხარესთან შედარებით არსებითად არახელსაყრელ მდგომარეობაში არ ჩააყენებდა (Ternovskis v. Latvia №33637/02, § 65, 29 აპრილი 2014, და Larin v. Russia № 15034/02, §§ 35-36, 20 მაისი 2010). სამართლიანი სასამართლოს უფლება, სხვებს შორის, შედგება მხარეთა უფლებისგან, წარადგინონ დასკვნები, რომლებსაც ისინი საქმესთან მიმართებით სათანადოდ მიიჩნევენ. ვინაიდან კონვენცია მიზნად ისახავს უზრუნველყოს არა თეორიული და ილუზორული, არამედ პრაქტიკული და ეფექტიანი უფლებები, აღნიშნული უფლება ეფექტიანად მიიჩნევა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მომჩივანს ფაქტობრივად „მოუსმენენ“, რაც გულისხმობს იმას, რომ სასამართლოები მის მიერ წარმოდგენილ დასკვნებს სათანადოდ განიხილავენ. კონვენციის მე-6 მუხლი სახელმწიფოებს ავალდებულებს, სამართლებრივი სისტემები იმგვარად მოაწყონ, რომ ხელი შეეწყოს სწრაფ და ეფექტურ მართლმსაჯულებას (იხ.,Aždajić v. Slovenia №71872/12, §49, 8 ოქტომბერი 2015, და Gankin and Others v. Russia 2430/06, 1454/08, 11670/10 და 12938/12, §26, 31 მაისი 2016). ეროვნული ხელისუფლების ვალდებულებას წარმოადგენს უზრუნველყოს კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფით მოცემული სტანდარტების, კერძოდ, მხარეთა თანასწორობის პრინციპის, დაცვა. სამოქალაქო უფლებათა და ვალდებულებათა განსაზღვრისას „სამართლიანი განხილვის“ კონცეფციით დადგენილი მოთხოვნები არ არის აუცილებლად სისხლისსამართლებრივი ბრალდების დადგენისას არსებული მოთხოვნების მსგავსი. აღნიშნული გამომდინარეობს იქედან, რომ არ არსებობს დეტალური დებულებები, როგორიცაა კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პარაგრაფები, რომლებიც გამოიყენება ამ უკანასკნელი კატეგორიის საქმეებთან მიმართებით. ამრიგად, ხელშემკვრელ სახელმწიფოებს სამოქალაქო საქმეების განხილვის დროს მიხედულების უფრო ფართო ფარგლები აქვთ, ვიდრე სისხლის სამართლის საქმეთა განხილვის დროს. (იხ.,Dombo Beheer B.V. v. the Netherlands, 27 ოქტომბერი 1993, §§ 3233, სერია ა №274; Jokela v. Finland, №28856/95, §68, ECHR 2002IV; და მილოვანოვა უკრაინის წინააღმდეგ, №16411/03, 2 ოქტომბერი 2007). მიუხედავად ამისა, სამოქალაქო უფლებებსა და ვალდებულებებთან დაკავშირებულ საქმეებში „სამართლიანი განხილვის“ ცნების შესახებ გარკვეული პრინციპები წარმოიშვა სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. ცალსახაა, რომ „მხარეთა თანასწორობის“ მოთხოვნა, მხარეთა შორის „სამართლიანი ბალანსის“ დაცვის მნიშვნელობით, ვრცელდება როგორც ასეთ შემთხვევებზე, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმეებზეც. გარდა ამისა, როდესაც სასამართლო იხილავს კონვენციის მე-6 მუხლის სამოქალაქო ასპექტთან დაკავშირებულ საქმეს, ის საჭიროდ მიიჩნევს მხედველობაში მიიღოს სისხლისსამართლებრივ საკითხებთან მიმართებით დამკვიდრებული მიდგომა (იხ.,Dilipak and Karakaya v. Turkey, nos. 7942/05 da 24838/05, § 80, Carmel Saliba v. Malta, №24221/13, §§67, 70 და 73, 29 ნოემბერი 2016). ევროსასამართლოს განმარტებით, კონვენცია არ ითვალისწინებს სამოქალაქო სამართალწარმოებაში იურიდიული წარმომადგენლობის ავტომატურ უფლებას.

22. საკასაციო სასამართლო, უშუალოდ დავის საგანთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ბინის თავზე არსებული უძრავი ფართი ორ ნაწილად გაიყო, რის გამოც ერთ-ერთი მათგანი დამატებით სველი წერტილების მოწყობას საჭიროებდა, რამაც განაპირობა, მოსარჩელის სახლში არსებული სამზარეულოს თავზე მეორე მოპასუხის და ამჟამად უკვე მეორე მოპასუხის უფლებამონაცვლის სახლში სველი წერტილების მოწყობა. ამდენად, მიუხედავად მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნისა, რომელიც თავის მხრივ სასამართლოს დამატებით შეფასებას საჭიროებს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან ერთობლიობაში, ვერ დგინდება რა აუცილებელი გარემოებებითაა გამოწვეული მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხის მიერ სველი წერტილების მოშლა.

23. სსკ-ის 170-ე მუხლის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები ანდა თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. აღნიშნული ნორმით რეგლამენტირებულია საკუთრების უფლების უმნიშვნელოვანესი ელემენტები: ფლობა, სარგებლობა და განკარგვა, თუმცა, მსგავსად სხვა სამოქალაქო უფლებებისა, იგი არ არის აბსოლუტური და შესაძლოა დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს. თავის მხრივ, უდავოა, რომ უფლების შეზღუდვის პროპორციულობა მოწმდება შეპირისპირებულ სიკეთეთა სამართლიანი ბალანსის დადგენის გზით, როდესაც თანაბარი უფლების მქონე სუბიექტებს შორის უნდა მოხდეს ამ სიკეთით (უფლებით) სარგებლობის მართლზომიერად განსაზღვრა. სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით.

24. სსკ-ის 174-ე მუხლის დანაწესით, მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან, პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება. აღნიშნული ნორმა სამეზობლო სამართლის შემადგენელ დებულებას წარმოადგენს, რომელიც არეგულირებს მეზობლებს შორის ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესების ოპტიმალურ დაკმაყოფილებას და მისი მიზანია, უზრუნველყოს მეზობლების მშვიდობიანი თანაცხოვრება. მართალია, საკუთრება აბსოლუტური უფლებაა, მაგრამ, ამავე დროს, საკუთრება საზოგადოებრივ ცხოვრებაში არის სოციალური მოვლენა, მას საზოგადოებრივი ინტერესებისათვის ანგარიშის გაწევა უხდება და მეზობელთა შორის ურთიერთობისას მოფრთხილება სჭირდება. ურთიერთპატივისცემა, უწინარესად, თითოეული მესაკუთრის მიერ ქონებით სარგებლობისას ეხება საკუთარ ვალდებულებას, პატივი სცეს მეზობლის უფლებას, რაც შესაძლოა, საკუთარი ქონებით სარგებლობის გარკვეული შეზღუდვითაც გამოიხატოს. ხსენებული მუხლი არ არის დეკლარაციული ხასიათის და გულისხმობს მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა ვალდებულებას, პატივი სცენ სხვისი საკუთრებისა თუ სხვა სამოქალაქო უფლებას და თავიანთი უფლებები გამოიყენონ ისე, რომ ამით ზიანი არ მიაყენონ სხვის უფლებას.

25. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა უპირატესი და ობიექტური ინსტერესი მის ვალდებულებას შორის ითმინოს მეზობელი უძრავი ქონებიდან გარკვეული ტიპის ზემოქმედებასა და მის უფლებას შორის აღკვეთოს ასეთი ზემოქმედება მისი როგორც კონკრეტული უძრავი ქონების მესაკუთრის უფლებების შესაბამისად, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების არ დასაბუთება.

26. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. მ. მ-ეს (…) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი …, მიმღების ანგარიშის №…, სახაზინო კოდი …) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №…, გადახდის თარიღი 2021 წლის 6 სექტემბერი), 150 ლარის 70% - 105 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე