Facebook Twitter

განსჯადობა

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-39-გ-02 8 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: სარჩელის განსჯადობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 28 ივნისს კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამრათლოში სარჩელი აღძრა მამუკა მუხიგულაშვილმა მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2002წ. 8 აპრილის ¹200 ბრძანებით შინაგან საქმეთა ორგანოების დისციპლინური წესდების პირველი თავის მე-2 პუნქტის უხეში დარღვევისათვის, პოლიციის მუშაკისათვის შეუფერებელი და უღირსი საქციელის ჩადენისათვის და ოფიცრის წოდების დისკრედიტაციისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტი, პოლიციის ლეიტენანტი მამუკა მუხიგულაშვილი დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა ორგანოებიდან.

მოსარჩელემ სარჩელით ითხოვა შინაგან საქმეთა მინისტრის 2002წ. 8 აპრილის ¹200 ბრძანების გაუქმება და შინაგან საქმეთა ორგანოებში თანამდებობაზე აღდგენა.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 სექტემბრის განჩინებით, მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ აღნიშნული საქმე არ იყო მისი განსჯადი და 2002წ. 7 ოქტომბრის განჩინებით სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად საქმე გადაუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ ჩათვალა, რომ მ. მ-ი თანამდებობაზე დაინიშნა ადმინისტრაციულ ორგანოსა და მ. მ-ს შორის ადმინისტრაციული გარიგების დადების შედეგად. შინაგან საქმეთა მინისტრის სადავო ბრძანება წარმოადგენს ერთჯერად სამართლებრივ აქტს, რომელიც მიღებულია ადმინისტრაციულ გარიგებასთან დაკავშირებით და ადასტურებს ამ ადმინისტრაციული გარიგების ცალმხრივად მოშლას. ამრიგად, სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ აღნიშნული დავა, მართალია, უკავშირდება მინისტრის ბრძანებას, მაგრამ წარმოშობილია ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტიდან. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის «დ» პუნქტის თანახმად კი საოლქო სასამართლოები პირველი ინსტანციის წესით განიხილავენ ადმინისტრაციული გარიგების დადებასთან ან შესრულებასთან დაკავშირებულ სარჩელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სარჩელის ფასი აღემატება 500000 ლარს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ორივე ინსტანციის სასამართლოს განჩინებების საფუძვლიანობა განსჯადობის თაობაზე, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე რომ მ. მ-ის სარჩელი განსახილველად განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სადავო ბრძანება მ. მ-სა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის შრომით-სამართლებრივ ურთიერთობას ეხება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული გარიგების დადება- შეწყვეტის შესახებ ბრძანების კანონიერებაზე დავები კომპლექსურად, ერთიანობაში უნდა იქნეს განხილული, როგორც ადმინისტრაციული გარიგების დადება-შეწყვეტასთან დაკავშირებული დავა. ამიტომ, ამგვარი ბრძანების კანონიერების განხილვისას არ უნდა იქნეს გამოყენებული არც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 თავის «ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი” და არც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმები. სასამართლომ უნდა იმსჯელოს ბრძანების, არა როგორც ადმინისტრაციული აქტის კანონიერებაზე, არამედ ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტის კანონიერებაზე და მის შესაბამისობაზე «საჯარო სამსახურის შესახებ” კანონთან, «შრომის კანონთა კოდექსთან” და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 თავთან.

საკასაციო სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «ზ» პუნქტისა და მე-5 თავის თანახმად განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ გარიგებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, როგორც «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის, აგრეთვე, «შრომის კანონთა კოდექსის» საფუძველზე ფიზიკურ პირთან დადებული საჯარო შრომითი ხელშეკრულება (გარიგება) იმისდა მიუხედავად, ფიზიკური პირი წარმოადგენს თუ არა საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. 21 ივლისის ¹286 ბრძანებულებით დამტკიცებული «საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრით» გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო სამართლებრივი ურთიერთობაა ადმინისტრაციული გარიგება _ ადმინისტრაციულ ორგანოსა და ფიზიკურ პირს შორის საჯარო შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა. დავის საგანია არა ადმინისტრაციული აქტის _ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების კანონიერება, არამედ ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტა და დადება. რადგანაც მოსარჩელეა ფიზიკური პირი მ. მ-ი, ხოლო მოპასუხე _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამიტომ პროცესუალური სუბიექტების, სადავო სამართალურთიერთობის არსისა და დავის საგნის მიხედვით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» პუნქტისა და მე-6 მუხლის თანახმად, მამაუკა მუხიგულაშვილის სარჩელი კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული დავაა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. მ-ის სარჩელი განსახილველად განსჯადობით დაექვემდებაროს კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს.

2. მ. მ-ის სარჩელი საქმის მასალებთან ერთად გადაეცეს განსჯად სასამართლოს.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.