Facebook Twitter

საქმე №ას-619-2022 28 ივლისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – ლ.ბ–ვა, ა.ქ–ვი, ა.ქ–ვი (შ.ქ–ი), ლ.ქ–ვა (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ა–ვა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა, საკუთრების უფლების ჩანაწერის ნაწილობრივ ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ლ.ბ–ვამ, ა.ქ–ვმა, ა.ქ–ვმა (შ.ქ–ი) (იხ. სახელის ცვლილების მოწმობა, ტ.1, ს.ფ. 380-388) და ლ.ქ–ვამ (შემდგომში - „მოსარჩელეები“, „კასატორები“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორები“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ნ.ა–ვას (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ, მოითხოვეს სადავო უძრავი ქონების თანამესაკუთრეებად თანაბარწილად აღრიცხვა და მოპასუხის საკუთრების უფლების გაუქმება.

მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო უძრავი ქონების (ს/კ .......), რომლის შემადგენლობაშია მ.ქ–ის კომლის ¼ წილი და ვ.ქ–ის კომლის ¾ წილი და რომელიც აღრიცხულია ერთ მთლიან ქონებად ნ.ა–ვას საკუთრებად, ბათილად იქნა ცნობილი ნ.ა–ვას სახელზე აღრიცხული ¾ წილიდან მხოლოდ ¼ წილის ნაწილში, როგორც ვ.ქ–ის სამკვიდრო ქონება, რომელზეც თანაბარი წილის მესაკუთრებაად ცნობილნი იქნენ ა.ა–ვა, შ.ქ–ი და ლ.ქ–ვა. ლ.ბ–ვას უარი ეთქვა სადავო უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობასთან დაკავშირებით.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელეებმა წარადგინეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ივნისის განჩინებით ლ.ბ–ვას დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 308,06 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი; ა.ქ–ვს, ა.ქ–ვსა (შ.ქ–ი) და ლ.ქ–ვას დაევალათ მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ სახელმწიფო ბაჟის 300-300 ლარის, ჯამში 900 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

2022 წლის 20 ივნისს (ფოსტაში ჩაბარების თარიღი) კასატორების წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და აღნიშნა, რომ სასამართლოს სახელმწიფო ბაჟი არ უნდა დაეთვალა 24 645 ლარიდან. ამასთან, კასატორთა წარმომადგენელის მითითებით, სადავო უფლება საერთო უფლებას და არა თითოეული კასატორის ინდივიდუალურ უფლებას წარმოადგენს, რის გამოც სახელმწიფო ბაჟი მათ ერთობლივად და არა ცალ-ცალკე უნდა დაეკისროთ. ამავე განჩინებაში კასატორის წარმომადგენელმა მიუთითა სსსკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებზე და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის შემცირება ან გადავადება, რამდენადაც მოკლებულია კასატორებთან კომუნიკაციის შესაძლებლობას.

2022 წლის 23 ივნისს კასატორების წარმომადგენელმა კვლავ მომართა განცხადებით საქართველოს უზენაეს სასამართლოს წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის განჩინებით ლ.ბ–ვას, ა.ქ–ვის, ა.ქ–ვისა (შ.ქ–ი) და ლ.ქ–ვის წარმომადგენლის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის შემცირების/ გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა; კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა და დაევალათ მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ ან მათი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ან სახელმწიფო ბაჟის, კერძოდ, ლ.ბ–ვას - 308,06 ლარის, ხოლო ა.ქ–ვს, ა.ქ–ვსა (შ.ქ–ი) და ლ.ქ–ვას 300-300 ლარის, ჯამში 900 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, უკვე გადახდილი 150 ლარის გათვალისწინებით.

ზემოაღნიშნული განჩინება კასატორების წარმომადგენელს თ.მ–ს (იხ. მინდობილობა, ტ.2, ს.ფ. 40-45) გაეგზავნა საქმის მასალებში მითითებულ მისამართზე და 2022 წლის 8 ივლისს ჩაბარდა პირადად (იხ. ტ.2 , ს.ფ. 273).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ამავე სასამართლოს 2022 წლის 30 ივნისის განჩინება ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო საჩივრის ავტორების წარმომადგენელს გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (იხ. ტ.2, ს.ფ. 272).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. ამავე კოდექსის 73 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინებით დგინდება, რომ კასატორის წარმომადგენლის თ.მ–ის სახელზე გაგზავნილი გზავნილი 2022 წლის 8 ივლისს პირადად ჩაბარდა ადრესატს (ტომი 2, ს.ფ. 273), რაც მიიჩნევა უფლებამოსილი პირისთვის და შესაბამისად მხარისათვის ჩაბარებად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის ავტორისათვის ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული 10-დღიანი ვადის დენა, მოცემულ შემთხვევაში, 2022 წლის 9 ივლისს დაიწყო და ამავე წლის 18 ივლისს ამოიწურა.

ამ დროის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორების წარმომადგენელმა თ.მ–მა 2022 წლის 19 ივლისს [საფოსტო ბილზე აღნიშნული გამოგზავნის თარიღი, იხ. ტ. 2, ს.ფ. 276 (ბილის ასლი); ს.ფ 286 (ბილის დედანი)] განცხადებებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ვერ უზრუნველყო კასატორებთან კონტაქტი და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება ან განჩინების უშუალოდ მხარეთათვის გასაგებ/რუსულ ენაზე თარგმნა და მისი გაგზავნა კასატორთა საცხოვრებელ მისამართზე. საკასაციო პალატა კვლავ მიუთითებს სსსკ-ის 63-ე მუხლზე და განმარტავს, რომ ვინაიდან აღნიშნული განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის განჩინებით განსაზღვრული საპროცესო ვადის დარღვევითაა წარმოდგენილი, საქართველოს უზენაესი სასამართლო მოკლებულია მათზე მსჯელობის შესაძლებლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 73-ე, 396-ე, 399-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ლ.ბ–ვას, ა.ქ–ვის, ა.ქ–ვისა (შ.ქ–ი) და ლ.ქ–ვის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. ლ.ბ–ვას, ა.ქ–ვს, ა.ქ–ვსა (შ.ქ–ი) და ლ.ქ–ვას სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ თ.მ–ის (პ/ნ .....) მიერ 2022 წლის 22 ივნისის №13653380780 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე