Facebook Twitter

საქმე №ა-3307-შ-97-2022 4 ივლისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ა.გ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის ბელორეჩენსკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – პირთა ნათესაური კავშირის დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის ბელორეჩენსკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, დადგინდა იურიდიული ფაქტი, რომ ქ. ერევანში, 1972 წლის 17 იანვარს დაბადებული გ.ა.გ. ძე არის 1933 წლის 18 დეკემბერს დაბადებული და 2002 წლის 23 მაისს გარდაცვლილი გ. ა.ს. ასულის ღვიძლი ძმისშვილი.

2. 2022 წლის 23 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ა.გ–ის წარმომადგენელმა და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის ბელორეჩენსკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობაში მითითებული ინფორმაციით, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს მამკვიდრებლის სამკვიდროს მიღება. შუამდგომლობის ავტორს 2018 წლის 30 ოქტომბრის სანოტარო აქტით უარი ეთქვა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, რამდენადაც აუცილებელი იყო ნათესაური კავშირის დადგენა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

4. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ აღნიშნული შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს და, შესაბამისად, არ არსებობს მისი განსახილველად მიღების წინაპირობები.

5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.

6. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 55-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, 52-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარის თქმა იმ შემთხვევაში, თუ ამ კონვენციის დებულებათა თანახმად, ხოლო კონვენციით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, საქმე განეკუთვნება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას.

7. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანაზე უფლებამოსილ ორგანოს, კერძოდ, კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოთა უფლებამოსილებებია სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა. ამავე კანონის 76-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის საფუძველია უფლებამოსილი პირის განცხადება და ამ კანონის 78-ე–მე-80 მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების არსებობა.

8. ამდენად, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ მინსკის კონვენციისა და „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებათა ანალიზიდან გამომდინარეობს, რომ საქართველოში რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მხოლოდ საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს, ხოლო კოდექსის 372-ე მუხლი ადგენს, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია, იხელმძღვანელოს ქვემდგომ ინსტანციებში დადგენილი საქმის განხილვის მარეგულირებელი ყველა იმ ნორმით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელ წესებს.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს, თუ სარჩელი არ ექვემდებარება სასამართლო უწყებას. ამავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლე გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას. განჩინებაში უნდა მიეთითოს აგრეთვე, თუ როგორ უნდა იქნეს აცილებული საქმის აღძვრის დამაბრკოლებელი გარემოებანი. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები.

12. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ა.გ–ის მოთხოვნა ექვემდებარება არა სასამართლოს, არამედ - სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ განხილვას, რის გამოც არ არსებობს მისი წარმოებაში მიღების წინაპირობები (იხ. სუსგ №ა-4513-შ-141-2019, 2019 წლის 15 ოქტომბერი; ა-5294-შ-158-2019, 2019 წლის 29 ნოემბერი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 55-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 396-ე, 372-ე, 284-ე, 187-ე, 186-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.გ–ს უარი ეთქვას რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის ბელორეჩენსკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე;

2. შუამდგომლობის ავტორს დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები;

3. განემარტოს ა.გ–ს, რომ სააქტო ჩანაწერებში ცვლილების შეტანის მოთხოვნით მას შეუძლია მიმართოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ამირან ძაბუნიძე