Facebook Twitter

საქმე №ა-330-ბ-15-2022 11 ივლისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – შპს „ს–ოს“ ს.ს–ო

განმცხადებლის მოთხოვნა – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 მარტის №2/3317-14 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ფ.ს–ი ?“-ის (შემდგომში -„მოსარჩელე“) სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს „ს–ოს” (შემდგომში - „მოპასუხე“, „განმცხადებელი“) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 185 163, 83 ლარის გადახდა.

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 დეკემბრის განჩინება.

6. შპს „ს–ოს“ ს.ს–ომ, კომპანიის გენერალური დირექტორის - რ.ნ–იას სახელით, 2022 წლის 23 ივნისს (სასამართლოს კანცელარიაში რეგისტრაციის თარიღი) განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 მარტის №2/3317-14 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

7. განმცხადებლი მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მტკიცებულებების ხელოვნურად შექმნით, რომლის საფუძველზე მოსარჩელე ეტაპობრივად იტაცებს მოპასუხის საკუთრებას, რათა საბოლოოდ გაანადგუროს წამლების წარმოება. განმცხადებელი ასევე არ ეთანხმება საქალაქო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასებას. განმცხადებლის მითითებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად დაადგინა ის გარემოება, რომ შპს „ს–ომ“ მოსარჩელეს 2010 წლიდან 2013 წლის ჩათვლით სულ მიაწოდა 672 624 ლარის ღირებულების ფარმაცევტული პროდუქცია, რამდენადაც მოპასუხემ მიიღო 632 360 ლარი. შპს „ს–ოს“ გენერალური დირექტორის განმარტებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უნდა დაადგინოს, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ფინანსური ვალდებულება არ ჰქონია და გააუქმოს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 მარტის №2/3317-14 გადაწყვეტილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

8. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს.

9. სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

10. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი მოითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 მარტის №2/3317-14 გადაწყვეტილების გაუქმებას/ბათილად ცნობას.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის წარმოების განახლების ინსტიტუტი (სსსკ-ის LII თავი) არ წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრების კიდევ ერთ შესაძლებლობას, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას (იხ. სუსგ საქმე №ას-1455-2019, 15 ნოემბერი, 2019 წელი; სუსგ საქმე №ა-4160-ა-14-2021, 30 სექტემბერი, 2021 წელი).

12. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება უნდა განიმარტოს კონვენციის პრეამბულის კონტექსტით, რომლის თანახმადაც, კანონის უზენაესობა უნდა წარმოადგენდეს მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა საერთო მემკვიდრეობას. კანონის უზენაესობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი არის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რომლის თანახმად, სასამართლო თუ გადაწყვეტს საკითხს, მისი განჩინება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ (იხ. Brumărescu v. Romania [GC], no. 28342/95, § 61, ECHR 1999-VII). ეს პრინციპი ნიშნავს, რომ არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს შენიღბულ აპელაციად და საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ წარმოადგენს საქმის გადასინჯვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით (იხ. Ryabykh v. Russia, no. 52854/99, § 52, ECHR 2003-IX) (სუსგ № ას-342-2019, 25 აპრილი, 2019წ; №ა-3666-ბ-9-2021, 15 სექტემბერი, 2021წ).

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - „სსსკ“) 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მეორე წინადადების თანახმად კი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის საკასაციო წესით საქმის განხილვის შემდეგ, თუკი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) არ გაუქმებულა. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 9 ნოემბერს.

15. სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნას ცნობილი, თუ: ა) გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში; ბ) ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; გ) პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებული ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; დ) სასამართლო უწყება ამ კოდექსის 71-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ჩაბარებულად ჩაითვალა, თუმცა გამოუცხადებელი მოპასუხე სასამართლოს წინაშე აცხადებს, რომ მას ბრალის გარეშე არ ჰქონდა ინფორმაცია სასამართლო უწყების ან/და სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რის გამოც არ მიეცა შესაძლებლობა, წარედგინა შესაგებელი ან/და გაესაჩივრებინა სასამართლოს გადაწყვეტილება.

16. ზემოაღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნას გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.

17. სსსკ-ის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც LII თავშია დადგენილი.

18. სსსკ-ის 429-ე მუხლის თანახმად სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ, რამდენადაც განმცხადებელი ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 მარტის №2/3317-14 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლო მოკლებულია ამ საკითხზე მსჯელობის შესაძლებლობას.

20. ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ს–ოს“ სამეცნიერი საბჭოს განცხადება წარმოდგენილია არაგანსჯად სასამართლოში, რის გამოც იგი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე, 429-ე, 399-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ს–ოს“ ს.ს–ოს განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, დარჩეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე