საქმე №ა-187-შ-11-2022 15 ივლისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია, ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ბელარუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტროს შკლოვსკის რაიონის ინსპექცია
მოწინააღმდეგე მხარე – რ.ა.შ.ოღლი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის ბელინიჩსკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – სახელმწიფო ბაჟის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის ბელინიჩსკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით რ.ა.შ.ოღლს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 116 რუბლისა და 36 კაპიკის გადახდა.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2022 წლის 14 იანვრის №469 წერილით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის შესაბამისად, შემდგომი რეაგირებისათვის გადმოგზავნა ბელარუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტროს შკლოვსკის რაიონის ინსპექციის (შემდგომში - „შუამდგომლობის ავტორი“) შუამდგომლობა. შუამდგომლობის ავტორი ითხოვს ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის ბელინიჩსკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას რა.ა.შ.ოღლისათვის (შემდგომში - „მოწინააღმდეგე მხარე“) სახელმწიფო ბაჟის - 116 რუბლისა და 36 კაპიკის დაკისრების ნაწილში.
3. შუამდგომლობაზე თანდართული ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის ბელინიჩსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლის ვ.ა–ვას მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის ბელინიჩსკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება მოწინააღმდეგე მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის - 116 რუბლისა და 36 კაპიკის დაკისრების ნაწილში, კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 26 ივნისს და ექვემდებარება აღსრულებას. შუამდგომლობას თან ერთვის ასევე ამავე მოსამართლის მიერ გაცემული ცნობები, რომელთა თანახმად, ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის ბელინიჩსკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში, ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე სათანადოდ იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის ადგილისა და დროის შესახებ.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის განჩინებით ბელარუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტროს შკლოვსკის რაიონის ინსპექციის შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის ბელინიჩსკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე მიღებულ იქნა განსახილველად. დადგინდა შუამდგომლობისა და თანდართული მასალების რ.ა.შ. ოღლისათვის გაგზავნა, ამასთან, მოწინააღმდეგე მხარეს განემარტა, რომ უფლება აქვს მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში შუამდგომლობაზე გამოთქვას თავისი აზრი და მოითხოვოს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის განჩინების, ასევე, ზემოთ აღნიშნული შუამდგომლობისა და მასზე თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს - რ.ა.შ.ოღლს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალებში არსებულ მისამართზე – საქართველო, ქ. მარნეული, ...... მიუხედავად ამისა, ადრესატისათვის მათი ჩაბარება ვერ მოხერხდა. საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაბრუნებულ საფოსტო კონვერტზე გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზად, ორივე შემთხვევაში, მითითებულია, რომ მისამართისა და ადრესატის მოძიება ვერ მოხერხდა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში 1986 წლის 6 მარტს დაბადებულ რ.ა.შ. ოღლისათვის (მისამართი: საქართველო, ქ. მარნეული, ...... სახლი №31) ჩაებარებინა ბელარუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტროს შკლოვსკის რაიონის ინსპექციის შუამდგომლობა, მასზე თანდართული მასალები და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის შუამდგომლობის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინების ასლები. მასვე დაევალა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისათვის ეცნობებინა დასახელებული კორესპონდენციის ჩაბარების, ჩაბარების შეუძლებლობის მიზეზების ან ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ.
7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს 2022 წლის 14 მარტის წერილისა და 2022 წლის 13 მარტის ოქმით ირკვევა, რომ რ.ა. (პ/ნ ......) არ იმყოფება საქართველოში, რის გამოც გზავნილის ჩაბარება ადრესატისათვის ვერ მოხერხდა. ამავე ოქმის მიხედვით, მოპასუხე მხარის ამჟამინდელი მისამართია ...... შესახვევი, №2.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის განჩინებით დადგინდა, რომ რ.ა.შ. ოღლს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2022 წლის 31 მარტის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ეცნობებოდა საჯარო შეტყობინების გზით. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის განჩინება ჩაბარებულად ჩაითვლებოდა მისი საჯაროდ გავრცელებიდან მე-7 დღეს.
9. საქმის მასალებში მოთავსებული აქტიდან ირკვევა, რომ საჯარო შეტყობინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე განთავსდა 2022 წლის 7 აპრილს.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საჯარო შეტყობინების გავრცელებიდან მე-7 დღეს სასამართლოს განჩინება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება.
11. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოწინააღმდეგე მხარეს თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის განჩინებით დადგინდა, რომ ბელარუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტროს შკლოვსკის რაიონის ინსპექციის შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის ბელინიჩსკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე 2022 წლის 30 ივნისს.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში 1986 წლის 6 მარტს დაბადებულ რ.ა.შ. ოღლისათვის (მისამართი: საქართველო, ქ. მარნეული, ..... მე-3 შესახვევი, №2) ჩაებარებინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის განჩინების ასლი. მასვე დაევალა, ეცნობებინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისათვის დასახელებული კორესპონდენციის ჩაბარების, ჩაბარების შეუძლებლობის მიზეზების ან ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ.
14. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის - დ.კ–ის 2022 წლის 15 ივნისის წერილით ირკვევა, რომ გზავნილი ადრესატს ვერ ჩაბარდა, რამდენადაც იგი იმყოფება საზღვარგარეთ და საცხოვრებელი სახლი არის დაკეტილი, ხოლო მისამართზე არავინ იმყოფება.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის განჩინებით რ.ა.შ. ოღლს ამავე სასამართლოს 2022 წლის 30 მაისის განჩინების შესახებ ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების - საჯარო შეტყობინების მეშვეობით.
16. ზემოაღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე (www.ecd.court.ge) განთავსდა 2022 წლის 24 ივნისს.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივნისის განჩინებით ბელარუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტროს შკლოვსკის რაიონის ინსპექციის შუამდგომლობის განხილვა ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის ბელინიჩსკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ გადაიდო და დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე 2022 წლის 15 ივლისს.
18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივნისის განჩინებით დადგინდა, რომ რ.ა.შ. ოღლს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივნისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ეცნობებოდა საჯარო შეტყობინების გზით. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივნისის განჩინება ჩაბარებულად ჩაითვლებოდა მისი საჯაროდ გავრცელებიდან მე-7 დღეს.
19. ზემოაღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე (www.ecd.court.ge) განთავსდა 2022 წლის 29 ივნისს. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოწინააღმდეგე მხარეს თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
20. საქართველოს უზენაესი სასამართლო შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ბელარუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტროს შკლოვსკის რაიონის ინსპექციის შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის ბელინიჩსკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ იმ ნაწილში, რომლითაც რ.ა.შ. ოღლს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 116 რუბლისა და 36 კაპიკის გადახდა, უნდა დაკმაყოფილდეს.
21. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.
22. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.
23. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების თაობაზე.
24. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და, ამასთან, არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები არსებობს.
25. საქართველოს უზენაესი სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია მოსაზრება შუამდგომლობასთან დაკავშირებით.
26. საქართველოს უზენაესი სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს რა კონვენციით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში, მიიჩნევს, რომ დაცულია საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი წინაპირობები უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისა და იძულებითი აღსრულების შესახებ.
27. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის ბელინიჩსკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც რ. ა.შ. ოღლს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 116 რუბლისა და 36 კაპიკის გადახდა ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და დაექვემდებაროს აღსრულებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 21-ე, 53-ე-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 70-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბელარუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტროს შკლოვსკის რაიონის ინსპექციის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და დაექვემდებაროს აღსრულებას ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის ბელინიჩსკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც რ.ა.შ. ოღლს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 116 რუბლისა და 36 კაპიკის გადახდა;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ა. ძაბუნიძე
მოსამართლეები: რ. ნადარაია
ლ. ქოჩიაშვილი