საქმე № ას-805-2021 16 მარტი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – მ. ბ-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ფ-რი ბ-რო“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მ. ბ-ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის განჩინება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2020 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, რომლითაც, შპს „ფ-რი ბ-ოს“ (შემდეგში: მოსარჩელე ან კომპანია) სარჩელი მოპასუხის წინააღმდეგ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს დაეკისრა შპს „ტ-ან“ გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარეს 2 142.42 ლარის გადახდა.
2. კასატორის განმარტებით სადავო ხელშეკრულებებზე მისი ხელმოწერები არ არის, ამასთან, 2018 წლის 1 იანვრამდე აღებული ფინანსური ვალდებულებები, თუ არ აღემატებოდა 2 000 ლარს განულდებოდა და აღნიშნულ ვალს გადაიხდიდა ქ-უ ფ-ი, რისთვისაც კომპანიას უნდა მიემართა, რაც არ გაუკეთებია, შესაბამისად არ არის უფლებამოსილი მოთხოვოს აღნიშნული თანხა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
6. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
7.1. მოპასუხესა და შპს „ტ-ოს“ შორის, 2016 წლის 27 ოქტომბერს, ელექტრონულად გაფორმდა N--- სესხის ხელშეკრულება (ე.წ. ონლაინ სესხი), რომლის თანახმადაც გაიცა სარგებლიანი (პროცენტიანი) სესხი 1 250 ლარი, 11 თვის ვადით. მოპასუხეს სესხის ძირი თანხა და სარგებელი - 927 ლარი, ჯამში 2177 ლარი, უნდა გადაეხადა ყოველთვიურად, სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, გათვალიწინებული იყო პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1%. მსესხებელს სესხის თანხა ჩაერიცხა მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშის ნომერზე (იხ. ტ.1, ს.ფ. 22-36). მსესხებელმა დაარღვია აღნიშნული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულება, რის გამოც მას გამსესხებლის მიმართ ერიცხება დავალიანება 3 633,71 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1 250 ლარი, სარგებელი (პროცენტი) 767.42 ლარი და პირგასამტეხლო - 1 616.29 ლარი (ტ.1, ს.ფ. 37).
7.2. მოპასუხესა და შპს მ-სო ო-ია „-ფ-ის“ შორის, 2016 წლის 17 დეკემბერს, ელექტრონულად გაფორმდა N--- სესხის ხელშეკრულება (ე.წ. ონლაინ სესხი), რომლის თანახმადაც მოპასუხე მხარეზე გაიცა სარგებლიანი (პროცენტიანი) სესხი 450 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით. მოპასუხეს სესხის ძირი თანხა და სარგებელი - 68 ლარი, ჯამში 518 ლარი, უნდა გადაეხადა 18.12.2016წ.-მდე. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, გათვალიწინებული იყო პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1%-ის ოდენობით. მსესხებელს სესხის თანხა ჩაერიცხა მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშის ნომერზე (იხ. ტ.1, ს.ფ. 38-49). მოპასუხემ დაარღვია აღნიშნული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულება, რის გამოც გამსესხებლის მიმართ ერიცხება დავალიანება 1 367,44 ლარი.
7.3. მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ შეთანხმებების საფუძველზე, ზემოაღნიშნულ ორივე სესხზე მოთხოვნის უფლება მიიღო შპს „ფ-რი ბ-ომ “ (იხ. ტ.1, ს.ფ. 18-20).
8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, მოთხოვნის უფლების დათმობის საფუძველზე, სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების - ძირი თანხის, პროცენტისა და პირგამატეხლოს დაკისრების მოთხოვნა სსკ-ის 198.1 „მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ“, 623-ე „სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი“, 625.1 „მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი“, 403.1 „მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია“, 417-418-ე „პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას“ მუხლებიდან გამომდინარეობს.
9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე, ელექტრონული ფორმით აიღო სესხი, რომლისთვისაც შესაბამისი წესით შეავსო პერსონალური მონაცემები, ხოლო, შედეგად ჩაერიცხა სესხი, ამდენად, სესხის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შესახებ პრეტენზიები დაუსაბუთებელია, უდავოა, რომ მხარეთა შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, ხოლო, მსესხებელს ვალდებულება არ შეუსრულებია.
10. საკასაციო სასამართლო მტკიცების ტვირთზე მიუთითებს და განმარტავს, რომ მოსარჩელემ დაამტკიცა მის მიერ მითითებული გარემოებები, ხოლო, საპირისპიროდ მოპასუხემ ვერ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი მტკიცებულებები თუ შესაგებელი. საკასაციო სასამართლო ვალდებულების შეწყვეტის საფუძვლებზე მიუთითებს და განმარტავს, რომ ვალდებულების შესრულებით ვალდებულების შეწყვეტისას სსკ-ის 429.1-ე მუხლის მიხედვით „კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი“, განსახილველ შემთხვევაში კასატორმა ვერც მსგავსი დოკუმენტი წარმოადგინა, ვერც ასეთი დოკუმენტის გაცემის მოთხოვნაზე, ან ასეთი მოთხოვნის მიუხედავად კრედიტორის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემაზე უარის შესახებ მიუთითა, რაც გამორიცხავს მოვალის გათავისუფლებას პასუხისმგებლობის დაკისრებისგან.
11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების დარღვევის პირობებში, მხარეთა მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობებიც სახეზეა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, პირგასამტეხლოს ოდენობა თითქმის ათჯერ შემცირდა, რაც გონივრულად და სამართლიანადაა მიჩნეული, ხოლო საპირისპირო მოთხოვნის არარსებობის პირობებში სასამართლო ვერ იმსჯელებს პირგასამტეხლოს ოდენობაზე.
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
13. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. მ. ბ-ეს (….) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი …, მიმღების ანგარიშის №…, სახაზინო კოდი …) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ. ს-ის (…) მიერ გადახდილი (საგადახდო დავალება №…, გადახდის თარიღი 2021 წლის 13 სექტემბერი), 300 ლარის 70% - 210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე