საქმე № ას-294-2021 16 ივნისი, 2022 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე - მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – მ. ლ-ძე, თ. კ-ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,……… ბანკი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით, სს ,,…. ბანკის“ სარჩელი მოპასუხეების: მ. ლ-ისა და თ. კ-ის მიმართ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობის გამო თანხის დაკისრების მოთხოვნით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეებს: მ. ლ-ძეს და თ. კ-ეს მოსარჩელე სს ,,…. ბანკის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ საბანკო კრედიტის №… ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 14900.74 ლარის, პირგასამტეხლოს 1000 ლარისა და დაზღვევის 169.23 ლარის გადახდა; მოპასუხე მ. ლ-ეს მოსარჩელე სს ,,… ბანკის’’ სასარგებლოდ დაეკისრა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ №…-… ხელშეკრულებიდან გამომდინარე 7779.53 ლარის და პირგასამტეხლოს 500 ლარის გადახდა; მოპასუხეებს მ. ლ-ეს და თ. კ-ეს მოსარჩელე სს ,,… ბანკის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 482.07 ლარის ანაზღაურება,
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ: მოსარჩელე - სს ,,… ბანკმა“ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 მარტის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. მოპასუხეებმა: მ. ლ-ემ და თ. კ-ემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 მარტის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით, მ. ლ-სა და თ. კ-ის სააპელაციო საჩივარი ამავე სასამართლოს 2020 წლის 19 აგვისტოს განჩინებით დადგენილი სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით, სს „… ბანკი“-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება საპროცენტო სარგებლისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სს „… ბანკი“-ს სასარჩელო მოთხოვნა საპროცენტო სარგებლისა და ვალდებულების სრულად შესრულებამდე მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მ. ლ-ეს და თ. კ-ეს, სს ,,… ბანკის’’ სასარგებლოდ დამატებით, სოლიდარულად დაეკისრათ №… საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპროცენტო სარგებლის - 4467,37 ლარის გადახდა; მ. ლ-ეს და თ. კ-ეს, სს ,,… ბანკის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ, №…-… საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ზიანის, კერძოდ, 2016 წლის ოქტომბრიდან, აღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების სრულად შესრულებამდე მიუღებელი შემოსავლის სახით, დავალიანების ძირ თანხაზე-14900,74 ლარზე წლიური 19% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 235,92 ლარს; №… საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე თავდების-თ. კ-ის ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა 50000 ლარით; მ. ლ-ეს, სს ,,… ბანკის’’ სასარგებლოდ დაეკისრა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ №… ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპროცენტო სარგებლის- 2424,41 ლარის გადახდა; მ. ლ-ეს, სს ,,… ბანკის’’ სასარგებლოდ დაეკისრა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ №… ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ზიანის კერძოდ, 2016 წლის 11 ოქტომბრიდან, აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების სრულად შესრულებამდე მიუღებელი შემოსავლის სახით, დავალიანების ძირ თანხაზე-7779.53 ლარის წლიური 20 % სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 129,65 ლარს; სხვა ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად;
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა - მ. ლ-ემ და თ. კ-ემ, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
2022 წლის 10 ივნისს, საკასაციო საჩივრის ავტორებმა მ. ლ-ემ და თ. კ-ემ წარმოადგინეს განცხადება, რომლითაც საკასაციო საჩივარზე თქვეს უარი, ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე მოითხოვეს ბაჟის სრულად დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა განცხადება და მიიჩნევს, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, ანალოგიური უფლებით აღჭურავს მხარეს ამავე კოდექსის 83-ე მუხლი. სსსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, (სსსკ-ის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას) სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორები უფლებამოსილნი არიან მომართონ საკასაციო სასამართლოს საკასაციო საჩივარზე უარის თქმისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობით. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების - ლ-სა და თ. კ-ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად და საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს წარმოება, იმგვარად, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში იქნას დატოვებული.
ამასთან, კასატორებს უნდა განემარტოთ, რომ სსსკ-ის 378-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების საკასაციო საჩივრით კვლავ გასაჩივრება იქნება დაუშვებელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვამდე საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, კასატორს სრულად უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1002.7 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე (2), 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ლ-სა და თ. კ-ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმისა და საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს საქმისწარმოება მ. ლ-სა და თ. კ-ის საკასაციო საჩივარზე სს ,,… ბანკის“ მიმართ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებაზე.
3. ძალაში დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება.
4. მ. ლ-სა და თ. კ-ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის დაბრუნების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
5. მ. ლ-ეს და თ. კ-ეს დაუბრუნდეთ 2021 წლის 21 ივნისს საგადასახადო დავალება N.-ით მათი წარმომადგენლის, დ. ხ-ის (პ/ნ ….) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1002.7 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან („სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი …, მიმღების ანგარიშის №…., სახაზინო კოდი ….).
6. განემარტოთ მხარეებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების საკასაციო საჩივრით კვლავ გასაჩივრება დაუშვებელია.
7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე მირანდა ერემაძე