საქმე №ა-1621-გან-2-22
20 ივლისი 2022 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი - ი.კ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - ა.ტ–ი
გასაჩივრებული განჩინება - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილსა და მის საფუძველზე გამოცემულ სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - გადაწყვეტილების განმარტება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილებით, ა.ტ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი.კ–ძის სარჩელი ა.ტ–ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ა.ტ–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ. თბილისი, სოფ. ........ პირველი შესახვევი N2-ში მდებარე უძრავი ქონება, გარდა გარდაბნის რაიონის სახალხო სამმართველოს 31/07/1989 წლის გადაწყვეტილებით ა.ტ–ისათვის სარგებლობაში გადაცემული შემდეგი ფართისა: მე-2 სართულზე მდებარე N5 საცხოვრებელი ოთახი 25 კვ.მ., N6 საცხოვრებელი ოთახი 25 კვ.მ., N4 შემინული აივანი 27,5 კვ.მ., პირველ სართულზე N2 საცხოვრებელი ოთახი 25 კვ.მ., პირველ სართულზე გამოყოფილი ოთახის პირდაპირ მდებარე შემინულ აივანში მოწყობილი დამხმარე ფართი (5,0*2,50).
2. 2022 წლის 05 აპრილს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ი.კ–ძემ, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილებასა და მის საფუძველზე 2020 წლის 28 დეკემბერს გამოცემულ სააღსრულებო ფურცელში დაშვებულია შეცდომა. კერძოდ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილსა და სააღსრულებო ფურცელში მითითებული არ არის უკანონო მფლობელობიდან გამოსათხოვი უძრავი ქონების, მდებარე თბილისში, სოფელ ....., ..... ქუჩა, პირველი შესახვევი N2, საკადასტრო კოდი, რის გამოც შეუძლებელია მისი აღსრულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი მოითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილებასა და მის საფუძველზე 2020 წლის 28 დეკემბერს, გამოწერილ სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობა გასწორდეს და სარეზოლუციო ნაწილში მიეთითოს უკანონო მფლობელობიდან გამოსათხოვი უძრავი ქონების შემდეგი საკადასტრო კოდი: ........
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, წარმოდგენილი განცხადება, ხარვეზის შევსების შედეგად წარმოდგენილი დოკუმენტი და მიიჩნევს, რომ ი.კ–ძის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
3. საკასაციო სასამართლო უპირველესად ყურადღებას მიაპყრობს განსახილველი განცხადების შინაარს და განმარტავს, რომ ი.კ–ძის განცხადება თავისი შინაარსით წარმოადგენს არა დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ განცხადებას, არამედ განცხადებას გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის ნება, აღასრულოს მის სასარგებლოდ მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, მისი კონსტიტუციური უფლების რეალიზაციაა. სასამართლოსადმი მიმართვის უფლება შედეგზე ორიენტირებული უფლებაა და თუნდაც სასურველი გადაწყვეტილების მიღება, არასაკმარისია აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გადაწყვეტილების დროული და სრულყოფილი აღსრულების გარეშე. ამიტომ, წარმოდგენილი განცხადების განხილვის მიზნით, საკასაციო პალატა იხელმძღვანელებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად.
4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას (იხ. სუსგ. საქმე № ა-1983-2022, 2 მაისი, 2022 წელი, ასევე იხ. სუსგ. საქმე №ა-1870-გან-5-2022, 26 აპრილი, 2022 წელი).
5. იქიდან გამომდინარე, რომ ი.კ–ძის მიერ წარმოდგენილ განცხადებაში და მასზე დართულ დოკუმენტაციაში არ იკვეთებოდა აღსრულების ხელშეწყობის საჭიროება ან/და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება, ამიტომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 17 ივნისის განჩინებით, განცხადების ავტორს ხარვეზი დაუდგინდა და ი.კ–ძეს დაევალა, დამატებით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროდან აღსრულების მიმდინარეობის შესახებ ცნობის წარმოდგენა.
6. 2022 წლის 14 ივლისს, განმცხადებელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში დამატებით წარმოადგინა ცნობა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააგენტოდან, რომელშიც აღნიშნულია, რომ "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის, ამავე კანონის 21-ე და 84-ე მუხლების თანახმად, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი არ წარმოადგენს სააღსრულებო ფურცლის სავალდებულო რეკვიზიტს, ასევე, სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის კატეგორიის საქმეზე აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში კრედიტორისთვის გადაცემას, რაც სხვა სააღსრულებო მოქმედებებთან ერთად, გულისხმობს გამოსათავისუფლებელი ქონების ინდენტიფიკაციასა და მასზე კრედიტორის საკუთრების უფლების დადგენას. აღნიშნული ღონისძიებები ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოდან შესაბამისი ინფორმაციისა ან/და დოკუმენტაციის გამოთხოვნისა და უშუალოდ უძრავი ქონების მისამართზე, აღმასრულებლის ვიზიტის გზით. ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დღეის მდგომარეობით, ი.კ–ძეს სადავო გადაწყვეტილება აღსასრულებლად წარდგენილი არ აქვს, შესაბამისად, ამ ეტაპზე, სააღსრულებო ბიუროსთვის უცნობია შესაძლებელია, თუ არა, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული გამოსათავისუფლებელი ქონების იდენტიფიცირება. აღნიშნულის გამო, აღსრულების ეროვნული ბიურო მოკლებულია შესაძლებლობას, სააღსრულებო წარმოების დაწყებისა და შესაბამისი სააღსრულებო მოქმედებების განხორციელების გარეშე, წინმსწრებად იმსჯელოს აღსასრულებელ გადაწყვეტილებაში გამოსათავისუფლებელი უძრავი ქონების საკადასტრო კოდის მიუთითებლობის პირობებში, გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის თაბაზე.
7. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სააპელაციო პალატა მხარეს განუმარტავს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებაზე უფლებამოსილი ორგანო, აცხადებს, რომ საკადასტრო კოდი არ წარმოადგენს სააღსრულებო ფურცლის სავალდებულო რეკვიზიტს. ასევე უფლებამოსილმა ორგანომ განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც მხარეს აღსასრულებლად წარდგენილი არ აქვს სააღსრულებო ფურცელი, მისი აღსრულების გაძნელების/შეუძლებლობის შესახებ, ბიურო წინასწარ ვერ იმსჯელებს. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის მასალებიდან არ იკვეთება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის დისპოზიციით განმტკიცებული სავალდებულო წინაპირობა - გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის აუცილებლობა.
8. საკასაციო პალატა ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ განმცხადებელს უარი უნდა ეთქვას უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილების, სარეზოლუციო ნაწილისა და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის განმარტებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი.კ–ძის განცხადება გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე