Facebook Twitter

საქმე № ას-846-2022 28 ივლისი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე;

საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს ,,თ-ის ჯ-ი“ (მოპასუხე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,მ-ეს“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 04 მაისის განჩინება

საკასაციო საჩივრების ავტორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ნასყიდობის საფასურისა და პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, შპს ,,მ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს ,,თ-ის ჯ-ს“ შპს ,,მ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ნასყიდობის საფასურის - 210,984 ლარისა და 2020 წლის 12 მარტამდე პერიოდზე - 3.376 ლარის, ხოლო 2020 წლის 13 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებმდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 105.49 ლარის გადახდა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,თ-ის ჯ-მა“, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 04 მაისის განჩინებით, შპს ,,თ-ის ჯ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს ,,თ-ის ჯ-მა“ შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 04 მაისის განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 08 ივლისის განჩინებით, კასატორს დაევალა ხარვეზის შევსება, კერძოდ, დაზუსტებული საკასაციო საჩივრის კასაციის საფუძვლების მითითებითა და 8 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დედანი ქვითრის წარმოდგენა. ხარვეზის შესავსებად კასატორს განესაზღვრა შვიდი დღე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი.

სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, შესაბამისად, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სსსკ-ის მე-9 კარით განსაზღვრული საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 08 ივლისის განჩინება კასატორს ფოსტის საშუალებით გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე (თბილისი, ……, N..) და ჩაბარდა 2022 წლის 11 ივლისს, შესაბამისად, საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის ვადის დენა განისაზღვრა 2022 წლის 12 ივლისიდან 2022 წლის 18 ივლისის ჩათვლით.

2022 წლის 15 ივლისს საკასაციო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა იშუამდგომლა საპროცესო ვადის სსსკ-ის 397-ე მუხლის შესაბამისად გაზრდის თაობაზე, რაც გულისხმობს საკასაციო საჩივრის წარდგენის 21 დღიანი ვადის მიხედვით განსაზღვრულ თარიღამდე ხარვეზის აღმოფხვრის შესაძლებლობას. აღნიშნული განცხადების მიხედვით, რადგან თბილისის სააპელაციო სასამართლომ ვერ უზრუნველყო მოტივირებული განჩინების დროული მომზადება, კასატორების მიერ ვადის დაცვის მიზნით წარმოდგენილი იქნა ფორმალური კასაცია, შესაბამისად, განმცხადებლის მითითებით, დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა შესაძლებელი იქნებოდა სააპელაციო სასამართლოს მოტივირებული განჩინების ჩაბარების შემთხვევაში, რის გამოც, შუამდგომლობის ავტორის მოსაზრებით, დაზუსტებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენის ბოლო დღედ უნდა იყოს განსაზღვრული 2022 წლის 25 ივლისი.

2022 წლის 25 ივლისს, კასატორის წარმომადგენელმა დაზუსტებული საკასაციო საჩივრით მომართა სასამართლოს, ასევე 2022 წლის 27 ივლისს, დამატებით წარმოადგინა დაზუსტებულ საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით 8 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დედანი ქვითარი.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით (ტ. 5; ს.ფ. 113) დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 04 მაისის განჩინება კასატორს ჩაბარდა 2022 წლის 01 ივლისს და არა 2022 წლის 04 ივლისს, როგორც თავად უთითებს 2022 წლის 15 ივლისს წარმოდგენილ განცხადებაში, რაც შეეხება კასატორის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას, (ტ.5; ს.ფ. 137) ვერ იქნება სასამართლოს მიერ გაზიარებული, რადგან მოცემული ფაქტი თავად საქმეში მანამდე არსებული საფოსტო გზავნილის მიღების შესახებ დასტურით უტყუარად დადგინდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 04 მაისის განჩინების კასაციის მაქსიმალური ვადა ჯამურად იქნა განსაზღვრული (30+21) 51 დღით, რომლის საფუძველზეც, საკასაციო საჩივრის წარმოდგენის ბოლო თარიღად განისაზღვრა 24 ივნისი, რა დროსაც ვადის დაცვით იქნა წარმოდგენილი ფორმალური კასაცია, ამავდროულად, საქმეში არსებული აქტის მიხედვით (ტ.5, ს.ფ. 110) დგინდება, რომ მოტივირებული განჩინება მომზადდა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, ამიტომ, მოტივირებული განჩინება მხარეს გაეგზავნა და ჩაბარდა 2022 წლის 01 ივლისს, შესაბამისად, კასაციის 21 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 02 ივლისიდან და ამოიწურა 2022 წლის 22 ივლისს, აქედან გამომდინარე, 2022 წლის 15 ივლისის შუამდგომლობით მითითებული თარიღი - 2022 წლის 25 ივლისი, როგორც კასაციის წარდგენის ბოლო დღე, ვერ მიიჩნევა მართებულად, რადგან დასაბუთებული საკასაციო საჩივრის ჩაბარება მოხდა არა 2022 წლის 04 ივლისს, არამედ 2022 წლის 01 ივლისს, როგორც უკვე აღინიშნა, საკასაციო საჩივრის წარდგენის ბოლო დღე განისაზღვრა 2022 წლის 22 ივლისის თარიღით, შესაბამისად, რადგან დაზუსტებული საკასაციო საჩივარი წარმოდგენილია არა 2022 წლის 22 ივლისს, არამედ 2022 წლის 25 ივლისს, დამატებით კი დედანი ბაჟის ქვითარი 2022 წლის 27 ივლისს, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასულია ხარვეზის აღმოფხვრისა თუ კასაციის წარდგენის კანონით დადგენილი ვადები, რაც გამორიცხავს საკასაციო საჩივრის ხარვეზზე განსაზღვრული ვადის დარღვევით დაზუსტებული საჩივრის წარმოდგენის შემთხვევაში მისი წარმოებაში მიღების შესაძლებლობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,თ-ის ჯგუფის“ საკასაციო საჩივარი, დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო უნდა დარჩეს განუხილველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

განსახილველ შემთხვევაში, რადგან კასატორმა გადაიხადა სახელმწიფო ბაჟის სახით 8 000 ლარი, რის საფუძველზეც წარმოდგენილი იქნა გადახდის ქვითარი, მაგრამ მის მიერ ხარვეზის შევსება დაგვიანებით მოხდა, რის გამოც, აღნიშნული საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი ბაჟი სრულად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,თ-ის ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;

3. კასატორ შპს ,,თ-ის ჯ-ს" (ს.კ. ….) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2022 წლის 25 ივლისს გადახდილი 8000 ლარი (საგადასახადო დავალება N…).

მოსამართლე : მირანდა ერემაძე