საქმე №ას-949-2022 28 ივლისი, 2022 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ლ. კ-ბა, ნ. ჭ-ძე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ჩ-ბა (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, აპელანტი)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ძირითადი სარჩელი - საზიარო უფლების გაუქმება ქონების რეალიზაციის გზით; შეგებებული სარჩელი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით, ლ. კ-სა და ნ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ქ. ბათუმში, … … ქ. N..-ში (ს.კ. …) მდებარე უძრავ ქონებაზე საზიარო უფლება გაუქმდა საზიარო საგნის რეალიზაციის გზით. რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა საზიარო საგნის მონაწილეთა შორის გადანაწილდა მხარეებზე თითოეულზე (სულ სამი) 1/3 ნაწილით. ასევე, არ დაკმაყოფილდა ა. ჩ-ას შეგებებული სარჩელი.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ჩ-ამ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილებით ა. ჩ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება, ლ. კ-ას და ნ. ჭ-ის სარჩელი, ასევე ა. ჩ-ას შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქ. ბათუმში, .. .. ქ. N..-ში (ს.კ. … ) მდებარე უძრავ ქონებაზე საზიარო უფლება გაუქმდა საზიარო საგნის რეალიზაციის გზით; საზიარო წილი უძრავ ქონებაში განისაზღვრა 1/3 ით, ამასთან, ლ. კ-სა და ნ. ჭ-ის 1/3-1/3 წილი განისაზღვრა არაუმეტეს 80 000 აშშ დოლარით. საზიარო უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან ლ. კ-ას, ასევე ნ. ჭ-ეს თავიანთი 1/3-1/3 წილების 80 000 აშშ დოლარზე მეტი ოდენობით განსაზღვრის შემთხვევაში, ა. ჩ-ას სასარგებლოდ დაეკისრათ ნამეტი თანხის გადახდა არაუმეტეს 60 000 აშშ დოლარისა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილებაზე ლ. კ-ამ და ნ. ჭ-ემ წარადგინეს საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი.
სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, შესაბამისად, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
სსსკ-ის 259-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სსსკ-ის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანამად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სსსკ-ის მე-9 კარით განსაზღვრული საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს.
განსახილველ შემთხვევაში, 2022 წლის 01 ივნისის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმიდან (ტ. 2, ს.ფ. 198) დგინდება, რომ აღნიშნულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა კასატორთა წარმომადგენელი ჯ. ქ-ლი, რომელმაც 2022 წლის 07 ივნისს სასამართლოს მიმართა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარების მოთხოვნით, რაც, საქმის მასალების მიხედვით (ტ.2, ს.ფ. 232), ჩაიბარა 2022 წლის 07 ივნისს, შესაბამისად, სწორედ აღნიშნული დროიდან დაიწყო საკასაციო საჩივრის წარდენის 21 დღიანი ვადის დენა, რომელიც ამოიწურა 2022 წლის 28 ივნისს (სამშაბათი), თუმცა ამ დროის მანძილზე საკასაციო საჩივრის ავტორებს არ წარუდგენიათ საჩივარი და არც წარუდგენლობის დამაბრკოლებელი მიზეზი უცნობებიათ სასამართლოსთვის, შესაბამისად, საკასაციო საჩივრის ავტორებმა საკასაციო საჩივარი წარადგინეს გასაჩივრებისთვის განსაზღვრული 21 დღიანი ვადის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 396-ე, 397-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. კ-სა და ნ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე : მირანდა ერემაძე