საქმე №ას-57-57-2018 02 აგვისტო, 2022 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ლევან მიქაბერიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – ე. ბ-ის უფლებამონაცვლე გ. კ-ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ … საჯარო სკოლა (მოპასუხე)
მესამე პირი (დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე) - ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი
განმცხადებლის მოთხოვნა _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება
დავის საგანი – დანიშნული სარჩოს აუღებელი სხვაობის ანაზღაურება და სარჩოს გადაანგარიშება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ე. ბ-ემ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ … საჯარო სკოლის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „სკოლა“) მიმართ დანიშნული სარჩოს აუღებელი სხვაობის ანაზღაურებისა და სარჩოს გადაანგარიშების მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის განჩინებით საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაება ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ივლისის განჩინებით მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა გ. კ-ია (შემდგომში - „მოსარჩელის უფლებამონაცვლე“ ან „განმცხადებელი“).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილება და სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელის უფლებამონაცვლემ შეიტანა საკასაციო საჩივარი. მან მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2. ქვეპუნქტი – მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2016 წლის 1 აპრილიდან სარჩოს სახით ყოველთვიურად 654,42 ლარის დაკისრების შესახებ, საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა, ასევე, მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილების ნაწილში და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
2022 წლის 4 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა მოსარჩელის უფლებამონაცვლემ და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის საფუძველზე, მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება. კერძოდ, განმცხადებელმა მოითხოვა ზემოაღნიშნული განჩინების სამოტივაციო ნაწილის 35-ე, 36-ე, 38-ე, 42-ე და 43-ე პუნქტებში დაშვებული უსწორობის გასწორება და აღნიშნა, რომ არასწორად მიიჩნევდა საქმეზე უახლესი პრაქტიკის გამოყენებას და 2016 წლის სარჩოს გადაანგარიშება მოითხოვა ახალ პრაქტიკამდე მიღებული გადაწყვეტილებების (რომლებიც უფრო ახლოსა არის სადავო პერიოდთან (2016 წელი)) საფუძველზე. განმცხადებელი, ასევე, უზუსტობად მიიჩნევდა იმ ფაქტს, რომ არ არის გამოკვლეული, რა ოდენობის სარჩო აქვს გადახდილი სკოლას მოსარჩელისათვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა.
2022 წლის 2 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა მოსარჩელის უფლებამონაცვლემ და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის საფუძველზე, მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება. მან აღნიშნა, რომ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში მითითებულია საქმის „იმავე“ სასამართლოში დაბრუნება, თუმცა არ არის მითითებული რომელ სასამართლოში. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის კონტექსტიდან გამომდინარე, სიტყვაში „იმავე“ შესაძლებელია ზესტაფონის რაიონული სასამართლოც იგულისხმებოდეს. აქედან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა სიტყვის - „იმავე“ შეცვლა სიტყვით - „რაიონული“ ან „ზესტაფონის რაიონული“, ხოლო თუ საქმე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა სააპელაციო სასამართლოში, სიტყვის - „იმავე“ შეცვლა სიტყვით - „სააპელაციო“ ან „ქუთაისის სააპელაციო“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა.
2022 წლის 1 ივლისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას კვლავ მომართა მოსარჩელის უფლებამონაცვლემ და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის საფუძველზე, მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება, კერძოდ, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში, რომლითაც კასატორის შუამდგომლობა მტკიცებულების (ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან) საქმისათვის დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორს დაუბრუნდა საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება, ცვლილების შეტანა და ზემოაღნიშნული მტკიცებულების საქმეზე დართვის თაობაზე კასატორის შუამდგომლობის დაკმაყოფილება ან აღნიშნული პუნქტის ამოღება, იმ საფუძვლით, რომ ობიექტურად გადაანგარიშდეს მისაღები სარჩოს სხვაობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი განცხადება და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის უფლებამონაცვლის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში იმავე სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებაზე სამომავლოდ შემოტანილი ყველა განცხადება უსწორობის გასწორების თაობაზე ან მსგავსი შინაარსით, უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. მითითებული ნორმის საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით გაასწოროს შეცდომა ან უზუსტობა იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ სასამართლო აქტში დაშვებული იქნა უსწორობა.
განსახილველ შემთხვევაში განმცხადებლის მოთხოვნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ მოკლებულია დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს, გამომდინარე იქიდან, რომ დასახელებულ განჩინებაში რაიმე შეცდომას ან უზუსტობას ადგილი არ აქვს. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი უსწორობის გასწორებას კი არ ითხოვს, არამედ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლას, რაც დაუშვებელია. კერძოდ, დაუშვებელია გადაწყვეტილებაში ისეთი შესწორების შეტანა, რომელიც არსებითად ცვლის გადაწყვეტილებას, მის აზრსა და შინაარსს. დასაშვებია მხოლოდ ისეთი შესწორებებისა და დაზუსტებების შეტანა, როგორიც არის, მაგალითად, მხარეთა გვარი, სახელი, თუ მხარე იურიდიული პირია - მისი სახელწოდების აღნიშვნა, ასევე, არითმეტიკული შეცდომები, რომლებმაც გამოიწვია გადასახდევინებელი თანხის ოდენობის აშკარად შემცირება ან გადიდება, მაგალითად ციფრის დაკლება, რაც ისე ცვლის თანხის ოდენობას, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, აშკარად არ შეესაბამება მოთხოვნის ოდენობას და სხვა (იხ. სუსგ საქმე №ას-636-597-2011, 24 ივნისი, 2011 წელი; №ას-1489-2018, 31 იანვარი, 2019 წელი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის უფლებამონაცვლის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი ადგენს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს - პირის უფლებას სასამართლო წესით დაცვაზე. აღნიშნული ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება და იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას ან/და იგივე მიზნით წარადგინოს განცხადებები და შუამდგომლობები.
მხარის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მხარის კანონიერ ინტერესებს. ერთი მხარის მიერ უფლების გადამეტება (ბოროტად გამოყენება) პირდაპირ ხელყოფს მეორე მხარის უფლებებს, თუნდაც დავის გაჭიანურების თვალსაზრისით. სასამართლო ვალდებულია გონივრულ ვადაში გადაწყვიტოს დაწყებული დავა და დაასრულოს მისი განხილვა (იხ. სუსგ საქმე №ა-746-ა-4-2011, 25 მაისი, 2011 წელი; №ა-2696-ბ-15-2014, 22 სექტემბერი, 2014 წელი).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს გარკვეულ შემთხვევაში პირის სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას.
ერთ-ერთ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ დასაშვებია გამონაკლისი „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების დასაცავად მომჩივანი მხარის სასამართლოს ხელმისაწვდომობის ეფექტური უფლების გამოყენებისას. სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვა შეესაბამება კონვენციის მე-6 მუხლის პირველ ნაწილს, თუ ის ისახავს კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული თანაფარდობა ამ საშუალებების გამოყენებასა და კანონიერ მიზანს შორის (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე – „იედემსკი და იედემსკა პოლონეთის წინააღმდეგ“).
მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელმა სრულად ისარგებლა სასამართლოსათვის მიმართვის უფლებით. კერძოდ, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის უფლებამონაცვლემ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა საკასაციო წესით; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაუქმდა და გაუქმებულ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა; ამჟამად საქმეს იხილავს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო და, იმ შემთხვევაში, თუ მიღებულ იქნება მოსარჩელე მხარის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, მას უფლება აქვს კვლავ მიმართოს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
გარდა ამისა, მოსარჩელის უფლებამონაცვლემ ზედიზედ სამჯერ მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა იმავე სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის და იმავე წლის 21 ივნისის განჩინებებით განცხადებები არ დაკმაყოფილდა. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნულ განჩინებაში რაიმე შეცდომას ან/და უზუსტობას ადგილი არ ჰქონია. 2022 წლის 01 ივლისს მოსარჩელის უფლებამონაცვლემ კვლავ მომართა საკასაციო სასამართლოს იმავე განჩინებაში უსწორობის გასწორების მოთხოვნით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, სამივე შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვდა სხვადასხვა სახის უსწორობის გასწორებას, თუმცა განცხადებების შინაარსიდან გამომდინარე, აღნიშნული წარმოადგენს არა დაშვებული უსწორობის გასწორების, არამედ საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების (განჩინების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილების) შეცვლის მოთხოვნას, რაც დაუშვებელია, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 08 თებერვლის განჩინების შესაბამისად, ამჟამად საქმეს განიხილავს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო, მოსარჩელის უფლებამონაცვლის განცხადებების განხილვა კი, დავას აჭიანურებს, ვინაიდან საკასაციო სასამართლოს მიერ ხდება საქმის გამოთხოვა და ამით საქმის განხილვის დაყოვნება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის ასეთი სახის მოქმედებები ემსახურება არა მართლმსაჯულების განხორციელების ამოცანას და მისი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას, არამედ წარმოადგენს მხოლოდ დავის გაჭიანურების მცდელობას. აღნიშნული კი, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, სცილდება მართლმსაჯულების და, მით უფრო, სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებელი ბოროტად იყენებს სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას, შესაბამისად, მიზანშეწონილი და მართებულია მისთვის განსახილველ საქმეზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით მინიჭებული უფლების შეზღუდვა. აღნიშნული კი იმაში გამოიხატება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში იმავე სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებაზე მოსარჩელის უფლებამონაცვლის მიერ სამომავლოდ შემოტანილი ყველა სახის კორესპოდენცია (განცხადება, საჩივარი) უსწორობის გასწორების თაობაზე ან მსგავსი შინაარსის, დარჩება რეაგირების გარეშე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, 260-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ბ-ის უფლებამონაცვლე გ. კ-ას განცხადება არ დაკმაყოფილდეს;
2. მოცემულ საქმეზე (კასატორი - ე. ბ-ის უფლებამონაცვლე გ. კ-ია, მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ … საჯარო სკოლა, მესამე პირი - დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, დავის საგანი - დანიშნული სარჩოს აუღებელი სხვაობის ანაზღაურება და სარჩოს გადაანგარიშება) ე. ბ-ის უფლებამონაცვლე გ. კ-ას მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში იმავე სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებაზე სამომავლოდ შემოტანილი ყველა სახის კორესპოდენცია (განცხადება, საჩივარი) უსწორობის გასწორების თაობაზე ან მსგავსი შინაარსის, დარჩეს რეაგირების გარეშე;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
ე. გასიტაშვილი