საქმე №ას-112-105-2015 28 აპრილი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – ი. ნ-ძე, მ, გ. და ა. ე-ბი
მოწინააღმდეგე მხარე – მ. მ-ძე, ჟ. ჩ-ია, მ. მ-ლი
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ. მ-მა, ჟ. ჩ-ამ და მ. მ-ემ (შემდგომ - მოსარჩელეები, მოწინაღმდეგე მხარეები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ი. ნ-ის (შემდგომ - პირველი მოპასუხე, პირველი აპელანტი, პირველი კასატორი), მ, გ. და ა. ე-ის (შემდგომ - მოპასუხეები, აპელანტები, კასატორები) მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.
2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩვარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს. კასატორებმა სასამართლოს წინაშე საქმის წარმოების შეჩერების თაობაზეც იშუამდგომლეს.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 14 მაისის განჩინებით, კასატორთა შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა და წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, უძრავი ქონების მოსარჩელის სახელზე აღრიცხვისა და მხარეთა შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადგენის თაობაზე პირველი მოპასუხის მიერ ამ საქმის მოსარჩელეთა მიმართ აღძრულ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შეჩერდა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის განჩინებით, საქმის წარმოება განახლდა. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო უძრავი ქონება, დღეის მონაცემებით, ს. ჭ-ის საკუთრებაში ირიცხება (უძრავ ქონებაზე ამ უკანასკნელმა საკუთრების უფლება შეიძინა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე) საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 24 მარტის განჩინებით, უფლებამონაცვლეობა დადგინდა და მოსარჩელეთა უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ეს უკანასკნელი.
8. ს. ჭ-მა, 2022 წლის 18 აპრილს, განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მიუთითა, რომ დავა ეხება 2015 წლის პერიოდს, მან კი უძრავი ქონება 2021 წელს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ე. ბ-ან შეიძინა.
9. განმცხადებლის განმარტებით, უძრავი ქონება, მოპასუხეებმა მის შეძენამდე დაცალეს და დღეის მონაცემებით, სადავო ქონებაში ოჯახით ცხოვრობს, შესაბამისად, არ აქვს საქმეში მონაწილეობის ინტერესი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე წარმოება უნდა შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. იმავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
12. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აღიარებს რა დისპოზიციურობის პრინციპს, მე-3 მუხლით დადგენილია, რომ მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
13. 2022 წლის 18 აპრილს მოწინააღმდეგე მხარემ - ს. ჭ-მა განცხადების მომართა სასამართლოს და განაცხადა სარჩელზე უარი.
13. პალატის განმარტებით, სარჩელზე უარის თქმა - ესაა მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტი საპროცესო სამართლებრივი შედეგით (თ. ლილუაშვილი, გ. ლილუაშვილი, ვ. ხრუსტალი, ზ. ძლიერიშვილი. სამოქალაქო საპროცესო სამართალი, I ნაწილი, თბილისი, 2014, გვ. 85). ამასთან, სსსკ-ის მე-3 მუხლში მითითებული თითოეული საპროცესო მოქმედების განხორციელება მხარეს შეუძლია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე (იხ.: სუსგ №ას-694-648-2017, 12 ივნისი, 2017 წელი; №ას-1047-2019, 20 დეკემბერი, 2019 წელი).
14. საკასაციო პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ნივთის გამოთხოვა და მესაკუთრისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა. ამასთან, სადავო არ არის, რომ ყოფილ მესაკუთრეებსა და კასატორებს შორის მიმდინარეობდა მეორე სამოქალაქო დავა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის (შედავებულია 2013 წლის 22 ივლისის გამოსყიდვის უფლებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება), უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობისა და მხარეთა შორის სესხისა და იპოთეკის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის აღიარების მოთხოვნით. საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით, პირველი მოპასუხის სარჩელი დაკმაყოფილდა (ასევე განიხილებოდა ამ უკანასკნელის მეუღლის ბ. ე-ას სარჩელი, რომელიც ასევე დაკმაყოფილდა); ბათილად იქნა ცნობილი ამ საქმის თავდაპირველ მოსარჩელეებსა და პირველ მოპასუხეს შორის, 2013 წლის 22 ივლისს დადებული გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება (ქ. თბილისში, … ქუჩის ბოლოს მდებარე (ს/კ …) რეგისტრირებული უძრავი ქონების შესახებ) და სადავო უძრავი ქონება პირველი მოპასუხის საკუთრებაში აღირიცხა. აღდგა საჯარო რეესტრის ჩანაწერი უძრავ ქონებაზე პირველ მოპასუხესა და ჟ. ჩ-ას, ასევე გ. ბ-ეს და ნ. ბ-ას შორის 2013 წლის 18 მარტს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შესახებ. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა.
15. აღსანიშნავია, რომ მხარეებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოსთვის არ მიუმართავთ და იმ გარემოეებების შესახებ არ უცნობებიათ, რის გამოს მოცემულ საქმეზე საქმისწარმოება შეჩერდა. ამის პარალელურად კი, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბათილად იქნა ცნობილი ნასყიდობის ხელშეკრულება და აღდგა საჯარო რეესტრის ჩანაწერი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შესახებ, სასამართლოს გადაწყვეტილებებით დაკმაყოფილდა კრედიტორების (ნ. ბ-ვა, გ. ბ-ძე და ჟ. ჩ-ია) მოთხოვნა და სადავო უძრავი ქონება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვის მიზნით იძულებით სარეალიზაციოდ მიექცა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განკარგულების საფუძველზე, უძრავი ქონების მესაკუთრე ე. ბ-ძე გახდა (უფლების რეგისტრაციის თარიღი - 15.10.2020წ.), ხოლო შემდგომ, გადახდის განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონების მესაკუთრედ ს. ჭ-ლი აღირიცხა (უფლების რეგისტრაციის თარიღი - 21.01.2021წ.), რომელიც განსახილველ საქმეში მოსარჩელის უფლებამონაცვლედ იქნა ცნობილი.
16. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ზემოაღნიშნულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და მიუთითებს, რომ მოსარჩელის დისპოზიციური ნების შესაბამისად ჩამოყალიბებულ შუამდგომლობის საფუძველზე სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად (სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე) უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, ამასთან, ზემოაღნიშნულ პუნქტში მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, კერძოდ, მოპასუხეთა მიერ აღძრული სხვა დავის ფაქტობრივი საფუძვლიდან გამომდინარე, დღეის მონაცემებით, აღარ არსებობს ის ინტერესი, რაც კასატორებს დავის მიმართ გააჩნდათ და ამჟამად არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, კასატორთა მიერ უძრავი ნივთის მართლზომიერი ფლობის საფუძვლად მითითებული წინაპირობებიც სარჩელის შეწყვეტის დამაბრკოლებელ გარემოებას არ წარმოადგენს.
17. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს დავის მიმართ ინტერესი არ გააჩნია და უარს აცხადებს სასარჩელო მოთხოვნაზე, რაც საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია.
18. სსსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისთვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
19. საკასაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით. ვინაიდან საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვამდე მოწინააღმდეგე მხარემ - მოსარჩელემ სარჩელზე თქვა უარი (სუსგ №ას-20-17-2015, 18 მარტი, 2015 წელი), კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს. ჭ-ის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. შეწყდეს საქმის წარმოება ს. ჭ-ის სარჩელზე ი. ნ-ის, მ, გ და ა. ე-ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე;
3. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
4. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია;
5. ი. ნ-ეს (პ/ნ …), მ. ე-ას (პ/ნ ….), გ. ე-ას (პ/ნ …) და ა. ე-ას (პ/ნ …) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი …, მიმღების ანგარიშის №…, სახაზინო კოდი …) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე მ. ე-ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 200 ლარი (საგადასახადო დავალება №. / გადახდის თარიღი 16.02.2015) და ბ. უ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით (საგადახდო დავალება №. / გადახდის თარიღი 24.02.2015);
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე