საქმე №ას-587-2022 30 ივნისი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - თ. ა-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - კ.გ-ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თ. ა-ემ (შემდგომ - დედა, მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში კ. გ-ის (შემდგომ - მამა, მოპასუხე, აპელანტი) მიმართ და მოითხოვა არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის - ყოველთვიურად 1500 ლარის გადახდა 2019 წლის სექტემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
სარჩელის საფუძვლები
2. მოსარჩელე და მოპასუხე 1998 წლის 31 ოქტომბერში დაქორწინდნენ და შეეძინათ ორი შვილი, რომელთაგან ერთი სტუდენტი, ხოლო მეორე 20.. წლის 21 ნოემბერს დაბადებული თ. გ-ძე (შემდგომ - შვილი, არასრულწლოვანი) სკოლის მოსწავლე, არასრულწლოვანია. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მხარეთა შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის შეწყვეტილია ცოლ-ქმრული ურთიერთობა. მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხე დასაქმებულია, ეწევა კერძო ბიზნესსაქმიანობასაც. მიუხედავად სოლიდური შემოსავალისა, მამა შვილებზე არ ზრუნავს.
მოპასუხის შესაგებელი
3. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ, კერძოდ, არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ 250 ლარის დაკისრების ნაწილში ცნო და განმარტა, რომ არ გაურბის თავის ვალდებულებებს, მაგრამ მას არ აქვს სტაბილური შემოსავალი. მოპასუხის მტკიცებით, ორივე მშობელს თანაბარი ვალდებულებები აქვს. ამასთან, მშობელმა შვილიც უნდა არჩინოს და თავიც არ უნდა ჩაიგდოს მძიმე მდგომარეობაში. მოპასუხის ხელფასი ხმარდება საკრედიტო და კომუნალურ გადასახადებს, ეხმარება შვილებს, იხდის სწავლის გადასახადს. შესაბამისად, მას არ აქვს საშუალება ალიმენტის სახით 250 ლარზე მეტი გადაიხადოს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს თავისი არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი ყოველთვიურად 700 ლარი, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 20 ნოემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე, ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე; მოსარჩელეს უარი ეთქვა გასული პერიოდის ალიმენტის დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება - 400 ლარი; სასამართლო გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის - 500 ლარის გადახდა, ნაცვლად 700 ლარისა. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
7. პალატის მითითებით, ბანკიდ ანგარიშის ამონაწერის თანახმად, 2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის აგვისტოს ჩათვლით, მოპასუხეს ხელფასის სახით საშუალოდ ერიცხებოდა თვეში 1500 ლარიდან 3000 ლარამდე. საქმეში წარმოდგენილი სსიპ შემოსავლების სამსახურის ცნობებით, დგინდება, რომ მოპასუხის მიერ 01.01.2019 წლიდან 31.12.2019 წლის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 39 755.92 ლარი იყო, საიდანაც დაკავებული გადასახადი 7 935.31 ლარია. ამდენად, გამოდის, რომ ამ პერიოდში ხელფასის სახით აპელანტი თვეში საშუალოდ 3 312 ლარს იღებდა.
8. შპს ,,ი-ს“ მთავარი ბუღალტრის ცნობით დადგენილია, რომ 2019 წლის სექტემბრიდან 2020 წლის თებერვლის ჩათვლით მოპასუხის დარიცხული ხელფასი 21 862. 41 ლარი იყო, საიდანაც საშემოსავლო გადასახადი 4 372.48 ლარია, კომპანიისაგან შესყიდული საწვავის ღირებულება 1 091 ლარი, ხელფასიდან დაკავებული სხვა პირადი ვალდებულება 415 ლარი. შედეგად, ამ პერიოდში ხელზე მიღებული თანხა 15 983.93 ლარი იყო. ამდენად, გამოდის, რომ მოპასუხემ ამ პერიოდში ხელფასი თვეში საშუალოდ 2663 ლარი მიიღო. ამდენად, მართალია, აპელანტს არა აქვს ყოველთვიური ფიქსირებული ხელფასი და ის ყოველთვიურად გამოიმუშავებს სხვადასხვა ოდენობის თანხას, თუმცა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად, პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხის ყოველთვიური შემოსავალი, დაახლოებით, 2500 ლარი იყო.
9. მიუხედავად აღნიშნულისა, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ალიმენტის სახით მოპასუხისათვის თვეში 700 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე და გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ აპელანტს სოლიდური საკრედიტო ვალდებულება ჰქონდა ბანკის წინაშე, რის გამოც მისთვის ალიმენტის სახით 700 ლარის გადახდის დაკისრება არაგონივრული და არათანაზომიერი იყო.
10. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არასრულწლოვნის ასაკის გათვალისწინებით, მისი არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხისათვის მისი ფინანსური მდგომარეობის (შემოსავლებისა და ვალდებულებების) გათვალისწინებით, ყოველთვიურად 500 ლარის დაკისრება გონივრული იყო და არ არსებობდა უფრო ნაკლები ოდენობით ალიმენტის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
11. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და მოპასუხისათვის ალიმენტად 700 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
12. კასატორის მტკიცებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობაში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კი, არ არის დასაბუთებული ბავშვის უპირატესი ინტერესის არსებობა. სასამართლომ არ გაითვალისწინა არც ბავშვის ასაკი და არც მისი საჭიროებები. ბავშვის დაკავებულია სხვადასხვა აქტივობით, ემზადება რეპეტიტორებთან და სხვა.
13. სასამართლოს მითითება, რომ აპელანტს იპოთეკური სესხი აქვს და ალიმენტი 200 ლარით უნდა შემცირდეს ხაზს უსვამს მამის ინტერესს და არა - არასრულწლოვნისას. მოსარჩელე იძულებული გახდა დაბრუნებულიყო საზღვარგარეთიდან, საიდანაც შვილს ფინანსურად უკეთ ინახავდა. მოპასუხემ კი, შეგებებული სარჩელი წარადგინა და მოითხოვა არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, მიზეზად კი, დედის საზღვარგარეთ ყოფნა მიუთითა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
14. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
17. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორებმა ვერ მიუთითეს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
18. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
19. მოცემულ შემთხვევაში, ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ-ის) 1212-ე (შობლები მოვალენი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე, შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ), 1234.1 (იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია, სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან), 1198.2 (მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება) და 1202-ე (მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ) მუხლები.
20. კასატორი სადავოდ ხდის არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის ოდენობას და ითხოვს მის გაზრდას 500 ლარიდან 700 ლარამდე. მისი მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ ალიმენტის ოდენობის შემცირებისას არ გაითვალისწინა ბავშვის საუკეთესო ინტერესი.
21. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27.2. მუხლი განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
22. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას და თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას (სუსგ №ას-829-2019, 11.07.2019წ.; №ას-332-2019, 02.08.2019წ.; №ას-1875-2018, 29.03.2019წ.). ამასთან, სსკ-ის 1214-ე მუხლის ფარგლებში სასამართლომ, ერთი მხრივ, უნდა დაადგინოს ბავშვების ის მატერიალური აუცილებლობანი, რომლებიც მათი რჩენა-აღზრდის საკითხს მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფენ, ხოლო, მეორე მხრივ, გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი, კერძოდ, ალიმენტვალდებულმა პირმა რეალურად უნდა შეძლოს დაკისრებული თანხის გადახდა (სუსგ №ას-619-619-2018, 12.09.2018წ.; №ას-876-2019, 26.07.2019წ.).
23. განსახილველ შემთხვევაში, დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო მოსარჩელისა და მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა და არ გაითვალისწინა ბაშვის ინტერესები. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სასამართლომ შეისწავლა ფაქტობრივი გარემოებები მოსარჩელის შრომის ანაზღაურების არარსებობისა და მოპასუხის დასაქმების შესახებ. ასევე, ამ უკანასკნელის შემოსავლები, მის ანგარიშებზე ბრუნვა, ისევე, როგორც მოპასუხის ფინანსური ვალდებულებები. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის არსებული მოთხოვნილებების, ასევე მშობლების და შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობისა და სსკ-ის 1197-ე და 1212-ე მუხლებით განსაზღვრული მშობელთა თანაბრობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლომ გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე ალიმენტის თანხად მართებულად განსაზღვრა ყოველთვიურად 500 ლარი და ამ ეტაპზე, არსებული ფაქტობრივი წინაპირობების გათვალისწინებით, არ არსებობს ალიმენტის ოდენობის გაზრდის საფუძველი. ამასთან, მოპასუხის მატერიალური შემოსავლის გაზრდის შემთხვევაში მოსარჩელეს უნარჩუნდება სსკ-ის 1221-ე მუხლის მე-2 ნაწილით (იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა) დადგენილი წესით ახალი სარჩელით სასამართლოსათვის მიმართვის უფლება.
24. ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას დაკისრებული ალიმენტის არაგონივრულობასთან დაკავშირებით, ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას და მიუთითებს, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, შვილის რჩენა-აღზრდისა და ცხოვრებისათვის ნორმალური პირობების უზრუნველსაყოფად, ალიმენტის სახით 500 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება ადეკვატური და სამართლიანია.
25. პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.
26. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
27. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
28. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
29. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ №ას-806-2021, 22 თებერვალი, 2022 წელი; №ას-319-319-2018, 15 მაისი, 2018 წელი).
30. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
32. სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასაკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ა-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე