Facebook Twitter

საქმე №ას-1093-2020 13 ივლისი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

ლევან მიქაბერიძე (მომხსენებელი), მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს ,,ბ-სი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ც-ლი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება, უკანონოდ დაქვითული თანხის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ლ. ც-მა (შემდგომ – მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,ბ-ის“ (შემდგომ – მოპასუხე, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის, იძულებითი განაცდურისა და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების, უკანონოდ დაქვითული თანხის ანაზღაურების მოთხოვნით.

2. მოპასუხემ მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის 2017 წლის 3 თებერვლის ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; მოპასუხეს დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2017 წლის 3 თებერვლიდან იმავე წლის 5 აპრილამდე დროის მონაკვეთში ყოველთვიური ხელფასის 250 ლარის (ხელზე მისაღები) გათვალისწინებით მოსარჩელის სასარგებლოდ; მოპასუხეს დაეკისრა ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება 919.14 ლარი მოსარჩელის სასარგებლოდ; მოპასუხეს დაეკისრა საბონუსე თანხიდან დაქვითული თანხის 386.27 ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ; მოსარჩელის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენისა და აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა. მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ სარჩელის სრულად უარყოფა მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 29 ივლისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.

6. პალატამ მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება 1805.81 ლარი იყო, რაც არ აღემატებოდა სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილ ოდენობას. შესაბამისად, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობა.

7. მითითებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის მოთხოვნით.

8. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივრის საგანი არ არის მხოლოდ ქონებრივი დავა. ის დავობს არა მხოლოდ დაკისრებული თანხის ნაწილზე, არამედ 3.02.2017 წლის ბრძანების ბათილად ცნობაზე, რადგან მიიჩნევს, რომ ბრძანება არის კანონიერი. შრომითი დავა არაქონებრივი კატეგორიაა, შესაბამისად, მხოლოდ 1805.41 ლარზე აპელირება არასწორია. კერძო საჩივრის ავტორისათვის დავა მცირე მნიშვნელობის არ არის, რადგან კომპანია პირველად დადგა შრომითი დავის წინაშე. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ შეელახა საქმიანი რეპუტაცია, რადგან კომპანიის კორპორატიული ეთიკა და პოლიტიკა ორიენტირებულია დასაქმებულზე. შესაბამისად, აღნიშნული განჩინებით ილახება კომპანიის უფლებები და ინტერესები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

9. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება არ აღემატება კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას.

11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ წინაპირობად ქონებრივ-სამართლებრივ დავებში, სხვა წინაპირობებთა ერთად, მიიჩნევს სააპელაციო საჩივრის ღირებულების ოდენობის შესაბამისობას კანონით გათვალისწინებულ ოდენობასთან (სსსკ-ის 365-ე მუხლი).

12. სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

13. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიკურობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება, შესაბამისად, ნორმით დადგენილი შეზღუდვა იმპერატიულია და კრძალავს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას, თუ მისი ღირებულება 2000 ლარს არ აღემატება.

14. განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის 2017 წლის 3 თებერვლის ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; მოპასუხეს დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2017 წლის 3 თებერვლიდან იმავე წლის 5 აპრილამდე დროის მონაკვეთში ყოველთვიური ხელფასის 250 ლარის (ხელზე მისაღები) გათვალისწინებით მოსარჩელის სასარგებლოდ; მოპასუხეს დაეკისრა ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება 919.14 ლარი მოსარჩელის სასარგებლოდ; მოპასუხეს დაეკისრა საბონუსე თანხიდან დაქვითული თანხის 386.27 ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ; მოსარჩელის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენისა და აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა. მოპასუხემ სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილება ნაწილობრივ, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, გაასაჩივრა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად უარყოფა მოითხოვა.

15. კერძო საჩივრის ავტორი არ დავობს, რომ დავის საგნის ქონებრივი ნაწილის ღირებულება, 1805.41 ლარია, თუმცა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსსკ-ის 365-ე მუხლი და შრომითსამართლებრივი დავა მიიჩნია ქონებრივ დავად.

16. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის აღნიშნულ მოსაზრებას და განმარტავს, რომ, მართალია, მოცემული დავა შრომითსამართლებრივია, მაგრამ ამავდროულად იგი ქონებრივი ხასიათის დავაა, ვინაიდან ქონებრივ-სამართლებრივი დავების დროს, მიუხედავად იმისა, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა უდევს მას საფუძვლად, საპროცესო მოთხოვნა მიმართულია ფულად თანხაზე (შდრ. სუსგ. №1155-1032-2010, 6 იანვარი, 2011 წელი; №ას-1384-1306-2012, 26 ნოემბერი, 2012 წელი). განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნა მიმართულია ფულად თანხაზე და, მიუხედავად იმისა, რომ ამ მოთხოვნას საფუძვლად შრომითსამართლებრივი ურთიერთობა უდევს, იგი ქონებრივ-სამართლებრივია. სამართლებრივ სურათს ვერ ცვლის ფაქტი, რომ მოსარჩელემ სადავო ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა. თუკი აღძრული იქნებოდა აღიარებითი სარჩელი და მოსარჩელე მოითხოვდა მხოლოდ სადავო ბრძანების ბათილად ცნობას და პირველი ინსტანციის სასამართლო ასეთ სარჩელს სსსკ-ის 180-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის იურიდიული ინტერესის შემოწმების შედეგად, დასაშვებად მიიჩნევდა, ბუნებრივია, მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა ექნებოდა. თუმცა განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი არ ყოფილა აღიარებითი, აღძრული იყო მიკუთვნებითი სარჩელი. აქედან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მხოლოდ ბრძანების ბათილად ცნობის მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი არ შეუმოწმებია. მხოლოდ ბრძანების კანონიერებაზე დავის მიმართ კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული ინტერესი დაუსაბუთებელია. საქმიანი რეპუტაციის შელახვა მოცემული დავის საგანი არ არის და, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას სასამართლო ამ ჭრილში ვერ შეაფასებს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსსკ-ის 365-ე მუხლი და სწორად განსაზღვრა სააპელაციო საჩივრის ღირებულება (შდრ. სუსგ. №ას-533-499-2017, 23 ივნისი, 2017 წელი; №ას-1073-2021, 11 იანვარი, 2022 წელი).

17. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ განიხილება, რადგანაც საკანონმდებლო საფუძველი აქვს და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის - 2.2. მუხლი).

18. პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა. სუსგ №ას-230-218-2017, 28.04.2017წ; №ას-1305-2019, 21.11.2019წ; №1572-2019, 30.03.2020წ.).

19. სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილი სააპელაციო საჩივრის ფასი მხარისათვის მინიჭებული გასაჩივრების უფლების ერთ-ერთ კანონიერი წინაპირობაა, რომელიც სამართალწარმოების დროულ და ეფექტურ ორგანიზებასა და განხორციელებას ემსახურება, რაც არ შეიძლება ისეთ დანაწესად შეფასდეს, რომელიც არასამართლიანად ართმევს მომჩივანს სასამართლოსადმი წვდომის უფლებას (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, $33, 2000, ECHR. სუსგ №ას-692-646-2017, 14.07.2017წ.; №ას- 533-533-2018, 22.06.2018წ).

20. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივლისის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,ბ-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. შპს ,,ბ-ს“ (ს/კ …) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი …, მიმღების ანგარიშის №…, სახაზინო კოდი ..) დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე მ. გ-ის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (საგადასახადო დავალება - / გადახდის თარიღი 14.08.2020) 300 ლარიდან - 250 ლარი.

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

გიორგი მიქაუტაძე