საქმე №ას-116-2021 28 მარტი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - თ. ლ-ლი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,……. ბანკი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 11 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - თანხის დაკისრება, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „…… ბანკსა“ (შემდგომ - მოსარჩელე, ბანკი, მოწინააღმდეგე მხარე) და გ. გ-ლს (შემდგომ - პირველი მოპასუხე, მსესხებელი, გამყიდველი) შორის არსებობდა სესხის ხელშეკრულებები, საიდანაც ზოგიერთი სასესხო ვალდებულების შესრულება მსესხებელმა 2019 წლის 15 თებერვლიდან შეწყვიტა.
2. 2019 წლის 25 თებერვალს, პირველ მოპასუხესა და თ. ლ-ლს (შემდგომ - მეორე მოპასუხე, მყიდველი, აპელანტი, კასატორი) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულებები უძრავ ქონებაზე, მდებარე: …, სოფელი … (ს/კ ….) და …, … (ს/კ …). ნასყიდობის ხელშეკრულება პირველი მოპასუხის მინდობილმა პირმა მისმა მეუღლემ - თ. ლ-მა (შემდგომ - პირველი მოპასუხის მეუღლე, მეორე მოპასუხის და) გააფორმა, რომელიც მეორე მოპასუხის (მყიდველის) დაა.
3. ზემოაღნიშნული უძრავი ნივთები მსესხებლის საკუთრებაში 2017 წლიდან ირიცხებოდა.
სარჩელის საფუძვლები:
.
4. ბანკმა სარჩელი აღძრა მსესხებლის (პირველი მოპასუხის) წინააღმდეგ და მოითხოვა ამ უკანასკნელს ბანკის სასარგებლოდ დაეკისროს 2009 წლის 17 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 2537.59 ლარის გადახდა (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1725 ლარი, სარგებელი - 213.63 ლარი და ჯარიმა - 598.96 ლარი); 2019 წლის 12 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 1725 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 24% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 34.5 ლარს; 2019 წლის 12 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 1725 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემცირებული პირგასამტეხლოს, 0.27%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 4.65 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა; 2015 წლის 9 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, 976.56 ლარის გადახდა (საიდანაც ძირითადი თანხაა - 705.04 ლარი, სარგებელი - 52.70 ლარი, ჯარიმა - 217.66 ლარი და დაზღვევა - 1.16 ლარი); 2019 წლის 12 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 705.04 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 17.95% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 10.54 ლარს; 2019 წლის 12 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 705.04 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 17.95% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 10.54 ლარს; 2019 წლის 12 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითან თანხაზე - 705.04 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემცირებული პირგასამტეხლოს 0.27%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 1.90 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა; 2015 წლის 13 მაისის …… Card-ის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების - 1076.44 ლარის გადახდა (საიდანაც ძირითადი თანხაა - 747.91 ლარი, სარგებელი - 110.14 ლარი და ჯარიმა - 218.39 ლარი); 2019 წლის 12 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 747.91 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36%-ის სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 22.43 ლარს. 2019 წლის 12 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 747.91 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემცირებული პირგასამტეხლოს 0.27%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 2.01 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა; მოსარჩელემ მოითხოვა 2019 წლის 25 თებერვალს მოპასუხეებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობაც და გასხვისებულ უძრავ ქონებაზე პირველი მოპასუხის საკუთრების უფლების აღდგენა.
მოპასუხის პოზიცია:
5. პირველ მოპასუხეს სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენია. მეორე მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; პირველ მოპასუხეს 2009 წლის 17 ოქტომბრის საბანკო კრედიტის №… ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2283.63 ლარი (საიდანაც 1725 ლარი ძირითადი თანხაა, პროცენტი - 213.63 ლარი, პირგასამტეხლო - 172.50 ლარი, მიუღებელი შემოსავალი - 172.50 ლარი) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, ხოლო 2015 წლის 9 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 954.22 ლარი (705.04 ლარი ძირითადი თანხა, პროცენტი - 52.70 ლარი, პირგასამტეხლო - 97.66 ლარი, დაზღვევა 1.16 ლარი, მიუღებელი შემოსავალი - 97.66 ლარი). 2015 წლის 13 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კი - 1007.63 ლარი (საიდანაც 747.91 ლარი ძირითადი თანხა, პროცენტი - 110.14 ლარი, პირგასამტეხლო - 74.79 პირგასამტეხლო, ხოლო 74.79 ლარი მიუღებელი შემოსავალია).
7. ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხეთა შორის, 2019 წლის 25 თებერვალს, უძრავ ნივთებზე (ს/კ … და ს/კ …) გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები და პირველი მოპასუხის სახელზე აღირიცხა.
8. დანარჩენ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა.
9. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მეორე მოპასუხემ ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 11 ნოემბრის განჩინებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
11. სააპელაციო სასამართლომ მტკიცების ტვირთზე გაამახვილა ყურადღება (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები) და განმარტა, რომ ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე, უნდა დაამტკიცოს მან, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მისი უფლება შეილახა.
12. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სადავო გარიგებების მოჩვენებითობის დასადასტურებლად მოსარჩელემ, დაზუსტებული სარჩელის ფარგლებში მიუთითა შემდეგ ფაქტებზე: 1) მსესხებელმა ბანკთან სასესხო ურთიერთობების შესრულება 2019 წლის 15 თებერვლის შემდეგ შეწყვიტა, ხოლო სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებები 2019 წლის 25 თებერვალს გაფორმდა; 2) მსესხებელს სხვა უძრავი ქონება საკუთრებაში არ გააჩნია; 3) მხარეები ახლო ნათესავები არიან, კერძოდ, მყიდველი გამყიდველის მეუღლის დაა; 4) სადავო გარიგებები მსესხებლის მინდობილმა პირმა, მისმა მეუღლემ გააფორმა; 5) გარიგების ფასი არარეალურია და გადახდილი არ ყოფილა; 6) მყიდველი ქონებას არ დაუფლებია.
13. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მსესხებელს სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენია, ხოლო მეორე მოპასუხეს დამაჯერებლად არ აუხსნია, თუ რა მიზეზმა განაპირობა ის ფაქტი, რომ მისი დის მეუღლემ - მსესხებელმა მთელი მისი უძრავი ქონება მიჰყიდა, ასევე არ დაუსაბუთებია, რომ ნასყიდობის ფასი რეალურია, გადახდილი აქვს და ამ ქონებას ფაქტობრივად დაუფლებულია.
14. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან მყიდველი გამყიდველის მეუღლის დაა და, ამასთან, სწორედ თავისი დის-თ. ლ-ის მონაწილეობით გააფორმა სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებები, არსებობს იმის პრეზუმფცია, რომ მან იცოდა გამსხვისებლის მიზნების თაობაზე და მასთან შეთანხმებით, ფიქციური გარიგება გააფორმა. აღნიშნული პრეზუმფცია, აპელანტს სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებებით ვერ გააქარწყლა და მათი გაქარწყლებისათვის, მხოლოდ ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა.
15. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით შეძლო მტკიცების ტვირთის დაძლევა, კერძოდ, რომ გარიგების მხარეები, სწორედ იმ განზრახვით მოქმედებდნენ, რომ ბანკის წინაშე ვალდებულების შესრულებისაგან მსესხებელს თავი აერიდებინა, აღნიშნული კი, მოპასუხეთა მხრიდან სამოქალაქო ბრუნვის არაკეთილსინდისიერად (სსკ-ის მე-8.3 მუხლი: სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი) წარმართვად და უფლების ბოროტად გამოყენებად (სსკ-ის 115-ე მუხლი: სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას) უნდა შეფასდეს, რაც სადავო გარიგებების ბათილად ცნობის საფუძველია.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა (მეორე მოპასუხემ) საკასაციო საჩივარი წარადგინა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
17. კასატორის განმარტებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლო განჩინებაში უთითებს ახალ ფაქტებსა და გარემოებებზე, ისე რომ მოწინააღმდეგე მხარეს აღნიშნულის შესახებ არ მიუთითებია, კერძოდ, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელი წარადგინა, თუმცა აღნიშნული დაზუსტებული სარჩელი საქმეში არ არსებობს. დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითებაც, თითქოს კასატორი ქონებას არ დაუფლებია, ვინაიდან ამ ფაქტზე მოწინააღმდეგე მხარეს არ გაუმახვილებია ყურადღება. ფაქტები, რომელსაც სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო, არ არის ასახული არც სარჩელში და არც მოწინააღმდეგე მხარის სააპელაციო შესაგებელში.
18. კასატორის განმარტებით, მეუღლის და, კანონის თანახმად, არ არის ახლო ნათესავი.
19. კასატორი შუამდგომლობს, საქმეს მტკიცებულების სახით დაერთოს ქონების დეკლარაცია და ქონების გადასახადის დამადასტურებელი ქვითარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
20. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
21. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
23. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
24. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს მოპასუხეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და პირველი მოპასუხის სადავო უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ აღიარება (რაც შეეხება პირველი მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დავალიანების დაკისრების მართლზომიერებას, მასზე საკასაციო სასამართლო არ იმსჯელებს, რადგან აღნიშნულ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება პირველ მოპასუხეს სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია და გადაწყვეტილების ეს ნაწილი კანონიერ ძალაშია შესული (სსსკ-ის 264.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი), შესაბამისად, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, მესამე პირზე (მეორე მოპასუხეზე) გასხვისებული უძრავი ქონების თავდაპირველი მესაკუთრისათვის დაბრუნების მოთხოვნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 998-ე (თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. ზიანისათვის პასუხს აგებს არა მარტო ის, ვინც იგი უშუალოდ მიაყენა, არამედ ისიც, ვინც ის დაიყოლია ან მისი ხელშემწყობი იყო, ასევე ისიც, ვინც შეგნებულად ისარგებლა სხვისთვის მიყენებული ზიანით) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლების დანაწესიდან გამომდინარეობს.
25. როგორც უკვე აღინიშნა, განსახილველი დავის ფარგლებში შეფასების საგანს განკარგვითი ხელშეკრულების ნამდვილობა წარმოადგენს, კერძოდ, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მოპასუხეებს შორის გარიგება დაიდო არა საკუთრების უფლების გადაცემის/მოპოვების მიზნით, არამედ ხელშეკრულების ორივე მხარე მოქმედებდა იმ განზრახვით, რომ ქონება გამყიდველის (მსესხებლის) ვალდებულების შესრულების საგანი არ ყოფილიყო. ამ მხრივ, მოსარჩელე მიუთითებს წინამდებარე განჩინების მე-12 პუნქტში მითითებულ გარემოებებზე, მათ შორის, ისეთ ფაქტებზე, როგორიცაა - პირველი მოპასუხის მიმართ ვალდებულების არსებობა, ვალდებულების შესრულების შეწყვეტიდან მალევე სადავო გარიგების გაფორმება, ნასყიდობის ხელშეკრულების მონაწილეთა ნათესაური კავშირი. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სწორედ ზემოაღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე დაუშვა პრეზუმფცია, რომ მეორე მოპასუხემ (კასატორმა) გამსხვისებლის მიზნების თაობაზე იცოდა და მასთან შეთანხმებით, ფიქციური გარიგება გააფორმა, რაც სასამართლოს შეფასებით, მოპასუხე მხარემ დამაჯერებლად ვერ გააქარწყლა.
26. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობასთან მიმართებით და კასატორის ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის, 56.1 მუხლის შინაარსზე (ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს), რომლის მიხედვითაც მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქციურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. სსკ-ის 56-ე მუხლის პირველ ნაწილში ის შემთხვევა იგულისხმება, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე, მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში, ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას იურიდიული შედეგი არ მოჰყვება. მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მოჩვენებითი გარიგების დადება უკავშირდება მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობას (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება, წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ). გარიგების მოჩვენებითობის შემოწმების თვალსაზრისით საინტერესოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, კერძოდ, ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა შემდეგი: „ამ მხრივ მეტად დიდი მნიშვნელობა გააჩნია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან, თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლება, ევალება მოსარჩელეს. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება დაახლოვებულ პირებს - ნათესავებს ან სხვა ოჯახის წევრებს შორის იდება, უნდა ვივარაუდოთ, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებებისა და, ასევე, მათი ოჯახის წევრის მიერ ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების თაობაზე (შდრ. სუსგ. №ას-1029-2019, 2019 წლის 30 ოქტომბრის განჩინება, №ას-3-2020, 2020 წლის 16 ივნისის განჩინება; №ას-1348-2019, 2020 წლის 22 იანვრის განჩინება).
27. საკასაციო პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის არსებობდა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. პირველმა მოპასუხემ, რომელმაც 2019 წლის წლის 15 თებერვლიდან მოსარჩელესთან ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება შეწყვიტა, ცხადია, იცოდა, თუ რა შედეგი მოჰყვებოდა მის მიერ ამ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას. სწორედ აქედან გამომდინარეობდა, მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობიდან მალევე - 2019 წლის 25 თებერვალს მეუღლის მეშვეობით ამ უკანასკნელის დასთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება.
28. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 56-ე მუხლის საფუძველზე გარიგების მოჩვენებითად მიჩნევისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმგვარ ფაქტებს, რომელთა ერთობლივი ანალიზი ეჭვქვეშ აყენებს გარიგების ნამდვილობას. აღნიშნული განპირობებულია, ჯერ ერთი, იმით, რომ გარიგების მოჩვენებითობისას კონტრაჰენტთა გარეგნულად გამოვლენილი ნება ყოველთვის არსებობს (თუმცა ის კანონის მოთხოვნებს მხოლოდ ფორმალურად შეესაბამება, ნების ნამდვილობა კი, ვლინდება არა მხოლოდ მისი გარეგანი, არამედ შინაგანი გამოხატვისასაც), მეორეც, იმით, რომ მსგავს შინაგან პროცესებთან (განზრახვასთან, მოტივთან) დაკავშირებით ვერ იქნება წარმოდგენილი პირდაპირი მტკიცებულებები მესამე პირის (კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის) მხრიდან. სასამართლოს შეუძლია, გარეგანი პირობებისა და განსაზღვრული ქცევების საფუძველზე დაასკვნას, განზრახვისა თუ გარკვეული ქმედების მოტივის შესახებ, შესაბამისად, შინაგან ფაქტორებთან დაკავშირებით, საკმარისია ის არაპირდაპირი ფაქტები, საიდანაც უნდა გამომდინარეობდეს სხვა პირის შინაგანი სურვილი ან ნების ფორმირება.
29. საკასაციო პალატის განმარტებით, რამდენადაც მოჩვენებითი გარიგების მიზანი, როგორც წესი, მესამე პირის, ძირითადად, კრედიტორის მოტყუებაა პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით, მოცემულ შემთხვევაში კი, უდავოა, რომ გამყიდველი მოსარჩელის მოვალეა, რომელიც თავს არიდებს ვალდებულების შესრულებას, მოტივი იმთავითვე ივარაუდება. აღნიშნული მიზანი და მითითებული უდავო ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთკავშირი, მათ შორის, ის გარემოება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება პირველი მოპასუხის მინდობილმა პირმა მისმა მეუღლემ გააფორმა, რომელიც მეორე მოპასუხის (მყიდველის) დაა, მაღალი ალბათობით, უთითებს მხარეთა მიერ მოჩვენებითი ნების გამოვლენაზე და ქმნის სასამართლოს დასაბუთებულ ვარაუდს ფიქტიური გარიგების თაობაზე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კი, უკვე მოპასუხეთა ვალდებულება იყო, წარმოედგინათ მოვლენათა ამგვარი განვითარების ლოგიკური დასაბუთება შესაბამისი მტკიცებულებებით. სწორედ მათ უნდა ემტკიცებინათ ის, თუ რამ განაპირობა მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების შეწყვეტიდან მალევე (10 დღეში) საკუთრებაში არსებული ყველა უძრავი ნივთის მეუღლის დაზე გასხვისება. რაიმე დასაბუთებული არგუმენტი, რომელიც ნასყიდობის ნამდვილი ნების და მისი არა ფორმალურ-სამართლებრივი, არამედ - ფაქტობრივ შედეგს დაადასტურებდა, კასატორს არ მიუთითებია. ასევე არ დაუდასტურებია, რომ ნასყიდობის ფასი რეალურია, გადახდილი აქვს და ამ ქონებას ფაქტობრივად დაუფლებულია. ნიშანდობლივია, რომ პირველ მოპასუხეს - უძრავი ქონების გამყიდველს სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენია და არ შესდავებია მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ მისი მიერ გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება მოჩვენებითია. კასატორმა კი, სარჩელით სადავოდ გამხდარი გარემოებების თაობაზე ვერ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა ნასყიდობის გარიგების ნამდვილობა. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება საპელაციო სასამართლოს შეფასებას, მასზედ, რომ მყიდველის კეთილსინდისიერების პრეზუმფცია გაქარწყლებულია, მან იცოდა ან, მაღალი ალბათობით, უნდა სცოდნოდა, რომ აღნიშნული ქონების გასხვისება რეალურად მოჩვენებით მიზანს, მესამე პირის მიმართ არსებული ფულადი ვალდებულების თავიდან აცილებას ემსახურებოდა. ამ პირობებში კი, გამართლებულია კრედიტორის იურიდიული ინტერესი ქონების მოვალის საკუთრებაში დაბრუნების თაობაზე, რათა მას შეექმნას ვალდებულების აღსრულების მატერიალური საფუძველი.
30. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად ვერ გამოდგება კასატორის წინამდებარე განჩინების მე-17 პუნქტში მითითებული არგუმენტები, კერძოდ, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტები - პირველ მოპასუხესთან ვალდებულების არსებობა, ვალდებულების შეწყვეტიდან მალევე სადავო გარიგების გაფორმება და მხარეებს შორის არსებული ნათესაური კავშირი მართებულად დაედო საფუძვლად წინამდებარე განჩინების 14-ე პუნქტში მითითებულ პრეზუმფციას, რომ ამ ხელშეკრულების მიზანი იყო, არა იმ სამართლებრივი შედეგის მიღწევა, რასაც გარიგება ითვალისწინებდა, არამედ პირველი მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ქონებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდება.
31. კასატორის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 407.1 მუხლით რეგლამენტირებული დანაწესის ფარგლებში საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, იმსჯელოს და შეაფასოს მხოლოდ ის მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც წარდგენილია და დადგენილია სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე საპროცესო კანონმდებლობა არ უშვებს ახალი მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფარგლებში მოკლებულია შესაძლებლობას, დაუშვას საქმეზე ახალი მტკიცებულებები და დავის იურიდიული შედეგის განსაზღვრისას მას სამართლებრივი მნიშვნელობა მიანიჭოს, რისი გათვალისწინებითაც, კასატორის მიერ საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტები საქმეს ვერ დაერთვება და უნდა დაუბრუნდეს ამ უკანასკნელს.
32. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ საქმეზე სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და, შესაბამისად, სამართლებრივად სწორად შეაფასა და არ არსებობს საკასაციო საჩივრის ფარგლებში წარდგენილი საკასაციო პრეტენზიის გაზიარების წინაპირობები, რის გამოც დაუსაბუთებელ შედავებად უნდა იქნეს მიჩნეული.
33. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.
34. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
35. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
36. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
37. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-1192-2020, 2021 წლის 22 მარტის განჩინება; №ას-453-2020, 2021 წლის 17 მარტის განჩინება; №ას-3-2020, 2020 წლის 16 ივნისის განჩინება; №ას-1348-2019, 2020 წლის 22 იანვრის განჩინება).
38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
39. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. თ. ლ-ლს (პ/ნ …) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი …, მიმღების ანგარიშის №…, სახაზინო კოდი …) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თ. ლ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადასახადო დავალება. / გადახდის თარიღი 27.02.2021), 70% - 210 ლარი.
3. თ. ლ-ლს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული დოკუმენტები 5 ფურცლად;
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე