Facebook Twitter

საქმე №ას-416-2021 20 ივლისი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - სს ,,თ-ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - გ. ო-ძე (მოპასუხის უფლებამონაცვლე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. სს ,,თ-მა“ (შემდგომ - მოსარჩელე, კომპანია, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში პ. ო-ის (შემდგომ - მოპასუხე) წინააღმდეგ და მოითხოვა ამ უკანასკნელისათვის 1304.59 ლარის დაკისრება.

სარჩელის საფუძვლები:

.

2. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხემ ხელი მოაწერა რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებას, რომლითაც ვალდებულება იკისრა გადაეხადა №… სააბონენტო ნომერზე დაგროვილი მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანება.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მას სხვისი ვალის გადახდაზე პასუხისმგებლობა არ აუღია. ნაცნობს მიჰყვა მოპასუხე კომპანიაში არსებული ვალის საკითხის გასარკვევად და ხელმოწერით დაადასტურა, რომ აბონენტი იკისრებდა ვალდებულებას გადანაწილებული ვალი დაეფარა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის განჩინებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 29 ივლისის განჩინებით, მოპასუხის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა გ. ო-ძე (შემდგომ - მოპასუხის უფლებამონაცვლე, მოწინააღმდეგე მხარე).

5. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 341-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ დადებული რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ვალის აღიარების ხელშეკრულებად, ვინაიდან, ხელშეკრულება გაფორმებულია არა თავად მოვალის, არამედ მესამე პირის მიერ, რომელსაც არანაირი სამართლებრივი კავშირი მ. ხ-ის (აბონენტის) დავალიანებასთან არ ჰქონია. ამასთან, წარმოდგენილი ხელშეკრულების მიხედვით არ მომხდარა ახალი დამოუკიდებელი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, არამედ, მოხდა არსებული ურთიერთობიდან გამომდინარე დავალიანების გადანაწილება, რაც სსკ-ის 341-ე მუხლის გაგებით ვალის არსებობის აღიარებად ვერ შეფასდება. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ 2013 წლის 16 იანვრის ხელშეკრულების ვალის აღიარებად კვალიფიკაცია არ გამომდინარეობს სსკ-ის 341-ე მუხლის დანაწესიდან და არ იძლევა აღნიშნული მუხლის შემადგენლობას.

6. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 203-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ არც აღნიშნული სამართლებრივი დანაწესის შემადგენლობის არსებობა დგინდება წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.

7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იმისთვის, რომ მესამე პირმა იკისროს ვალდებულება, იგი უნდა არსებობდეს კრედიტორსა და თავდაპირველ მოვალეს შორის. ამ შემთხვევაში საქმეში, წარმოდგენილი არ არის რაიმე დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა მ. ხ-ის მიერ დავალიანების აღიარებას, შესაბამისად იმ მოცემულობაში, როდესაც თავად თავდაპირველი მოვალის მიერ არ მომხდარა ვალის აღიარება, მისი გადაკისრება მესამე პირზე ვერ განხორციელდებოდა.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ უსაფუძვლოა აპელანტის მოთხოვნა მოპასუხის უფლებამონაცვლის მიმართ, დავალიანების გადახდის თაობაზე.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

10. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოპასუხეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით არ უკისრია აბონენტის სააბონენტო ბარათზე არსებული დავალიანების გადახდის ვალდებულება, რამდენადაც საქმეში არსებული 2013 წლის 16 იანვრის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ მოპასუხემ განცხადებით მიმართა მოსარჩელეს და მის მიერ მოხმარებული აბონენტის ბარათზე არსებული დავალიანების გადანაწილება ითხოვა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ბრუნვის ისტორიით დასტურდება, რომ მოპასუხე 2015 წლის აპრილამდე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ასრულებდა.

11. კასატორის მითითებით, 2013 წლის 16 იანვრის ხელშეკრულება თავისი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენს ვალის აღიარებას, რომლითაც მოპასუხემ ვალდებულება იკისრა, მოსარჩელისათვის გადაეხადა მიწოდებული ელექტროენერგიის საფასური. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მოპასუხის მიერ გამოვლენილი ნება არ არის ნამდვილი, შესაბამისად, ამ გარიგებიდან წარმოშობილი ვალდებულება უნდა შესრულდეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

12. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

15. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

16. კასატორის ძირითადი საკასაციო პრეტენზიის თანახმად, 2013 წლის 16 იანვარს გაფორმებული დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულება შეესაბამება სსკ-ის 341-ე მუხლის მოთხოვნებს, მოპასუხემ სადავო ხელშეკრულებაზე ხელმოწერით კომპანიის წინაშე ფულადი ვალდებულების არსებობა აღიარა, რაც მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების სახელშეკრულებო საფუძველია.

17. საკასაციო პალატა კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას არ იზიარებს და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხედველობაშია მისაღები სსკ-ის 341-ე მუხლის ნორმატიულ შინაარსის განმარტების საკითხზე დადგენილი სტაბილური სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, ,,ვალის აღიარება საკმაოდ რთული და კომპლექსური ინსტიტუტია. იგი მხარეთა ნების თავისუფალ გამოვლენას მოიაზრებს, რაც მიზნად ისახავს გარკვეულ სამართლებრივ შედეგს. სამართლებრივად რელევანტური ნება შესაძლოა, მიმართული იყოს როგორც არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დადასტურებისკენ (ვალის დეკლარაციული აღიარება), ისე ახალი ურთიერთობის წარმოშობისკენ (ვალის კონსტიტუციური აღიარება). აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, გაიმიჯნოს, ვალის აღიარების რომელ სახესთან გვაქვს საქმე, რამეთუ თითოეულ მათგანს თავისი მნიშვნელობა და განსხვავებული სამართლებრივი შედეგები აქვს. სსკ-ის 341-ე მუხლი განამტკიცებს ე.წ. კონსტიტუტიურ (აბსტრაქტულ) ვალის აღიარებას, სადაც მხარეთა ნება მიმართულია ახალი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისკენ. ამ ხელშეკრულებით მოვალე აღიარებს გარკვეული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას, თუმცა ამ ურთიერთობისგან დამოუკიდებლად კისრულობს კრედიტორის წინაშე გარკვეული შესრულების განხორციელებას, ანუ დგინდება ახალი, დამოუკიდებელი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა, წარმოიშობა ახალი მოთხოვნა, რომელიც არ არის დამოკიდებული ძველი სამართლებრივი ურთიერთობის ნამდვილობაზე. ახალი ხელშეკრულება დამოუკიდებელია მისი სამართლებრივი საფუძვლისგან და მისი მიზანი არ არის ე.წ. ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნა. ახალი ხელშეკრულების ძალით ვალდებულება შესრულებას მაშინაც ექვემდებარება, როცა ძველი ურთიერთობის არსებობა სადავო არის მხარეთათვის (სსკ-ის 341-ე მუხლის კომენტარი, ეკატერინე ბაღიშვილი, გვ. 174, http://lawlibrary.info/ge/books/giz2019-ge-civil_code_comm_III_book.pdf). რაც შეეხება დეკლარაციულ (კაუზალურ) ვალის აღიარებას, იგი მხოლოდ ადასტურებს უკვე არსებულ ვალს, ანუ მიმართულია ძველი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის დადასტურებისკენ და არა ახალი ურთიერთობის დადგენისკენ. ამის საჭიროებას, ჩვეულებრივ, განაპირობებს მხარეთა შორის არსებული უთანხმოება ან გაურკვევლობა ვალდებულების არსებობის თაობაზე... დეკლარაციული აღიარების სამართლებრივი ძალა დამოკიდებულია შეთანხმების შინაარსზე და საჭიროებისამებრ დგინდება განმარტების მეშვეობით“ (იხ. საქმე №ას-226-213-2015, 18 მაისი, 2015წ.; №ას-392-371-2013, 8 ნოემბერი, 2013 წელი; საქმე №ას- 1582-2018, 2022 წლის 9 თებერვლის განჩინება).

18. საკასაციო პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, ვალის რესტრუქტურიზაციის შეთანხმება ემსახურება აბონენტისათვის ხანგრძლივ პერიოდში დაგროვებული დავალიანების განაწილვადებას, რაც, ცხადია, არ მოიცავს სსკ-ის 341-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას. დავალიანების აღიარება და პასუხისმგებლობის აღება მოქნილი გადახდის მექანიზმით მის ანაზღაურებაზე არსობრივად კაუზალურ ვალის აღიარებას ემსგავსება, თუმცა განსახილველ შემთხვევას ვერც ვალის აღიარების ამ შემთხვევად მივიჩნევთ. ვალის აღიარება კაუზალური იქნება ეს თუ აბსტრაქტული, უფლებამოსილი პირის მიერ უნდა განხორციელდეს, სადავო შემთხვევაში კი, ვალის რესტრუქტურიზაცია განხორციელდა არა დავალიანების ადრესატის/უშუალო მოვალის, არამედ, მესამე პირის მიმართვის საფუძველზე (რომელსაც არანაირი სამართლებრივი კავშირი აბონენტის ნომერთან/აბონენტის კუთვნილ საცხოვრებელ სახლთან არ გააჩნია), რისი გათვალისწინებითაც სხვისი ვალის აღიარება, ვალის აღიარების არც კაუზალურ და, მითუმეტეს, არც სსკ-ის 341-ე მუხლში იმპლემენტირებულ ვალის აბსტრაქტულ აღიარებად არ განიხილება (შდრ. საქმე №ას-1582-2018, 2022 წლის 9 თებერვლის განჩინება).

19. საკასაციო პალატის შეფასებით, ვალის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება, სსკ-ის 341-ე მუხლის კონტექსტში არაუფლებამოსილი პირის მიერ არის ხელმოწერილი და, ამავდროულად, არ აკმაყოფილებს მითითებული ნორმის გამოყენების კანონისმიერ წინაპირობებსაც, რის გამოც ამ მტკიცებულებას საკასაციო პალატა მოპასუხის მიმართ მითითებული საფუძვლით მოთხოვნის იძულებით განხორციელების წინაპირობად არ განიხილავს. ამასთან, შეთანხმება არ ქმნის არც ვალის გადაკისრების შემადგენლობას (სსკ-ის 203.1 მუხლის თანახმად, მოთხოვნის მფლობელთან დადებული ხელშეკრულებით ვალი შეიძლება თავის თავზე აიღოს მესამე პირმაც (ვალის გადაკისრება). ასეთ შემთხვევაში მესამე პირი დაიკავებს თავდაპირველი მოვალის ადგიკლს), ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, ვალის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით დავალიანების მქონე მოვალე (აბონენტად რეგისტრირებული პირი) ახალი მოვალით არ ჩანაცვლებულა, პირიქით დავალიანება გაუნაწილვადდა რეგისტრირებულ აბონენტს და მოპასუხეც ხელშეკრულებაში მოხსენიებულია მოვალის (რეგისტრირებული აბონენტის) წარმომადგენლად, რისი გათვალისწინებითაც, ვალის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების არსებული ფორმულირება ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს ვალის გადაკისრების სამართლებრივი რეჟიმის ამ ურთიერთობაზე გავრცელებას, მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ დავალიანების გადანაწილება კვლავ მ. ხ-ის სახელზე რიცხულ სააბონენტო ბარათზე გაგრძელდა და მისი გადატანა მოპასუხის სახელზე არ მომხდარა.

20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.

21. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

22. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

23. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

24. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: საქმე №ას-226-213-2015, 18 მაისი, 2015წ.; №ას-392-371-2013, 8 ნოემბერი, 2013 წელი; საქმე №ას- 1582-2018, 2022 წლის 9 თებერვლის განჩინება).

25. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

27. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს ,,თ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. სს ,,თ-ს“ (ს/ნ ...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი ..., მიმღების ანგარიშის №..., სახაზინო კოდი ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება ... / გადახდის თარიღი 16.04.2021), 70% - 105 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე