Facebook Twitter

საქმე №ას-648-2022 13 ივლისი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს ,,თ-ი ს-ი მ-ლ“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

მოწინააღმდეგე მხარე - ლ. ლ-ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად უარყოფა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება (სარჩელით), ზიანი ანაზღაურება (შეგებებული სარჩელით)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ლ. ლ-სა (შემდგომ - მოსარჩელე, დასაქმებული, შეგებებული სარჩელის მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) და შპს „თ-ი ს-ი მ-ს“ (შემდგომ - მოპასუხე, დამსაქმებელი, შეგებებული სარჩელის ავტორი, აპელანტი, კასატორი) შორის, 2020 წლის 1 აპრილს, გამოსაცდელი 6 თვის ვადით, 2020 წლის 1 ოქტომბრამდე გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე დასაქმებულს უნდა შეესრულებინა რადიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელის/დღის ექიმ-ექოსკოპისტის/მორიგე ექიმ-ექოსკოპისტის საქმიანობა.

2. შრომის ანაზღაურება განისაზღვრა შესრულებული სამუშაოს შესაბამისად, ნამუშევარი დღეების მიხედვით, თითოეულ მორიგეობაში 100 ლარის ოდენობით (ყოველთვიური სახელფასო ფონდი - 1000 ლარი). სამუშაო გრაფიკი იყო სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30-დან – 17:30-სთ-მდე, მორიგეობა 16/24- საათიანი გრაფიკის შესაბამისად.

3. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-13 პუნქტით განისაზღვრა, რომ დამსაქმებლისთვის, დასაქმებულის ქმედებითა და დაუდევრობით მიყენებული ზიანის გამო, დასაქმებულს დაეკისრება ნივთის ღირებულების გადახდა.

4. მხარეთა შორის, 2020 წლის 1 ივლისს გაფორმდა დამატებითი შეთანხმება, რომლითაც შეიცვალა ხელშეკრულების პირველი და მე-2 პუნქტები. ცვლილების თანახმად, დასაქმებულს უნდა ემუშავა დიაგნოსტიკური სამსახურის ხელმძღვანელის/დღის ექიმ-ექოსკოპისტად/მორიგე ექიმ-ექოსკოპისტად. დასაქმებულის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა შემდეგნაირად: სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე - 750 ლარით, დღის ექიმ-ექოსკოპისტის თანამდებობაზე - ნამუშევარი დღეების მიხედვით (ყოველთვიური სახელფასო ფონდი - 1000 ლარი), მორიგე ექიმ-ექოსკოპისტის თანამდებობაზე - თითოეული მორიგეობისთვის 100 ლარით.

5. დასაქმებულმა 2020 წლის 15 ოქტომბერს განცხადებით მიმართა დამსაქმებელს და აცნობა, რომ 2020 წლის 1 ოქტომბერს შრომით ხელშეკრულებას გაუვიდა ვადა, არ გაფორმებულა ახალი შრომითი ხელშეკრულება, შესაბამისად, დაკავებულ თანამდებობას ტოვებდა.

6. დამსაქმებელი კომპანიის დირექტორის 2020 წლის 22 ოქტომბრის №… ბრძანებით, დასაქმებული დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.

სარჩელის საფუძვლები:

.

7. დასაქმებულმა სარჩელი აღძრა დამსაქმებლის წინააღმდეგ და მოითხოვა სახელფასო დავალიანების - 4665 ლარისა (საიდანაც, ივნისის დავალიანება შეადგენს 549 ლარს, ივლისის - 1725 ლარს, სექტემბრის - 1725 ლარს, ხოლო ოქტომბრის - 666 ლარს) და პირგასამტეხლოს (დაყოვნების დროიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაყოვნებული თანხის 0.07%-ის ოდენობით, რაც სარჩელის აღძვრამდე შეადგენს ივნისის თვის დავალიანებისათვის - 56.66 ლარს, ივლისის - 151.20 ლარს, სექტემბრის - 78 ლარს, ოქტომბრის - 15.64 ლარს) ამ უკანასკნელისათვის დაკისრება.

მოპასუხის პოზიცია:

8. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ კომპანია თავს არ არიდებს ვალდებულების შესრულებას. მოსარჩელისათვის სახელფასო დავალიანების ჩარიცხვა განპირობებულია ობიექტური და კლინიკისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, კერძოდ, კლინიკის შემოსავლის უმთავრეს წყაროს წარმოადგენს სახელმწიფოსგან მიღებული დაფინანსება, ხოლო ეს დაფინანსება ირიცხება დაგვიანებით, შესაბამისად, გვიანდება კლინიკაში დასაქმებული პირებისათვის ხელფასის დარიცხვა. ამის შესახებ იცის კლინიკაში დასაქმებულა თითოეულმა თანამშრომელმა, მათ შორის - მოსარჩელემ.

9. მოპასუხის მითითებით, მოკლებულია შესაძლებლობას, გადაუხადოს მოსარჩელეს სახელფასო დავალიანება მანამ, სანამ არ დაზუსტება მოსარჩელის მოთხოვნის ოდენობა.

შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა:

10. შეგებებული სარჩელით დამსაქმებელმა მოითხოვა მიყენებული ზიანის - 4719.89 ლარის დასაქმებულისათვის დაკისრება.

11. შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, 2020 წლის ოქტომბერში დამსაქმებელ კომპანიაში გაიმართა მედიკამენტებისა და სამედიცინო ინვენტარის ფაქტობრივი ნაშთების ბუღალტრულ ნაშთებთან შესაბამისობის აუდიტი. დასკვნის შესაბამისად, გამოიკვეთა არაერთი შეუსაბამობა ბუღალტურ ნაშთებსა და ფაქტობრივ ნაშთებს შორის, როგორც მედიკამენტებზე, ასევე - სამედიცინო ინვენტარზე. დასკვნის თანახმად, დიაგნოსტიკური სამსახურის მიერ კლინიკისათვის მიყენებულმა ზიანმა კომპიუტერული ტომოგრაფიაზე - 7468.98 ლარი, ხოლო ულტრასონოგრაფიაზე - 238.50 ლარი შეადგინა.

12. კლინიკისათვის მიყენებული ფინანსური ზარალის გამო, კომპანიის დირექტორის 2020 წლის 28 ოქტომბრის ბრძანებით, კლინიკის თანამშრომლებს დაეკისრათ შესაბამისი ფინანსური სანქციები, მათ შორის, დასაქმებულს, როგორც შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ფინანსური სანქცია - 4719.89 ლარი.

შესაგებელი შეგებებულ სარჩელზე:

13. დასაქმებულმა მის წინააღმდეგ აღძრული შეგებებული სარჩელი დაუსაბუთებლობის მოტივით არ ცნო და მიუთითა, რომ აუდიტის დასკვნაში არ ჩანს, თუ როდის მიადგა კლინიკას ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

14. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს დაეკისრა - 4665 ლარის (ხელზე მისაღები) სახელფასო დავალიანების (ივნისი - 549 ლარი, ივლისი - 1725 ლარი, სექტემბრი - 1725 ლარი, ოქტომბერი - 666 ლარი) ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაყოვნებული თანხის 0.07%, რაც სარჩელის აღძვრამდე (04.12.2020წ.) ივნისის დავალიანებისთვის - 56.66 ლარი, ივლისის დავალიანებისთვის - 151.20 ლარი, სექტემბრის დავალიანებისთვის - 78 ლარი, ხოლო ოქტომბრის დავალიანებისთვის - 15.64 ლარია; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დაყოვნებული თანხის - 4665 ლარის 0.07%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2020 წლის 4 დეკემბრიდან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე; შეგებებული სარჩელი უარყოფილ იქნა.

15. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ (შეგებებული სარჩელის ავტორმა) სააპელაციო წესით გაასაჩივრა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ძირითადი სარჩელის უარყოფა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 აპრილის განჩინებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

17. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტს საქმეში არსებული მტკიცებულებების საპირწონედ არ წარუდგენია მტკიცებულება, რომლითაც დაადასტურებდა, რომ დავალიანება არ არსებობს ან არსებობს, მაგრამ არა იმ ოდენობით, რამდენსაც მოსარჩელე ითხოვს, რისი გათვალისწინებითაც, დამსაქმებლისათვის დაკისრებული სახელფასო დავალიანება კანონიერია. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომ - სშკ) 41.4 მუხლზე (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროისათვის 31.3 მუხლი) მითითებით, მართებულად მიიჩნია მოპასუხისათვის (დამსაქმებლისათვის) პირგასამტეხლოს დაკისრებაც.

18. დასაქმებულისათვის მიყენებული ზიანის დაკისრებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 408-ე და 992-ე მუხლებზე და საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად დაასკვნა, რომ დამსაქმებელმა ვერ დაადასტურა მოსარჩელის ქმედებით (მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული) დამსაქმებლისთვის 4719.89 ლარის ზიანის მიყენების ფაქტი, კერძოდ, ამ უკანასკნელმა ვერ შეძლო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 102-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების წარმოდგენით დაედასტურებინა დასაქმებულის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით აპელანტისათვის მიყენებული ზიანის ფაქტი.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ დამსაქმებლის სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

20. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, აპელანტმა (მოპასუხემ, შეგებებული სარჩელის ავტორმა) საკასაციო საჩივარი წარადგინა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

21. კასატორის განმარტებით, დასაქმებულის სამსახურებრივი მოვალეობის არაკეთილსინდისიერად შესრულებას აუდიტის კვლევის შედეგად დადგენილი არაერთი უზუსტობა ადასტურებს. მის ვალდებულებას წარმოადგენდა კლინიკაში დაქვემდებარებაში არსებული აპარატურის გამართულობის უზრუნველყოფა, ხოლო, თუ რომელიმე აპარატი გაფუჭდებოდა, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობებინა ხელმძღვანელი პირებისათვის და გამოეწერა იგი, რათა ზიანი არ მისდგომოდა კლინიკას, დასაქმებული კი აღნიშნულ მოვალეობას არ ასრულებდა. დასაქმებულს კლინიკაში მოსვლისას ყველა ინვენტარი ჩაჰბარდა ტექნიკურად გამართული, რაც შეეხება მის შემდგომ დაზიანებას, მას დამსაქმებლისათვის არ უცნობებია.

22. კასატორის განმარტებით, სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 992-ე მუხლზე, დელიქტური ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნორმაზე, თუმცა არ იმსჯელა, თუ რატომ არაა დასაქმებულის ქმედებაში სახელშეკრულებო ზიანის დამდგენი ნორმის საჭიროება. საქმის გარემოებებიდან იკვეთება, რომ მხარეებს სახელშეკრულებო ურთიერთობა ჰქონდათ, სასამართლომ კი დაუსაბუთებლად გამოიყენა სსკ-ის 992-ე მუხლი.

23. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გადაანაწილა მტკიცების ტვირთი. მართალია, მოცემული დავა შრომითია, თუმცა მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური შემთხვევა უკავშირდება მხოლოდ დისკრიმინაციისა და გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის დავებს.

24. კასატორს განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს დაკისრებისას არ გაითვალისწინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მეტყველებდა დამსაქმებლის არაბრალეულობაზე, კერძოდ, მოპასუხე კომპანია წარმოადგენს კლინიკას, რომლის მიერ გაღებული ხარჯსა და შრომის ანაზღაურებას სახელმწიფო რიცხავს 3-4 თვის დაგვიანებით, რისი გათვალისწინებითაც, ვადის გადაცილებაში დამსაქმებლის ბრალეულობა არ იკვეთება.

25. კასატორი სადავოდ ხდის დაკისრებული სახელფასო დავალიანების ოდენობასაც.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

26. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

27. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

28. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

29. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

30. სახელფასო დავალიანებისა და მისი გადახდის დაყოვნებისთვის პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნა სშკ-ის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-2 მუხლის პირველი ნაწილის (შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ), 31-ე (შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. დამსაქმებელი ვალდებულია, ნებისმიერი ანაზღაურებისა თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი) და 34-ე (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული) მუხლებიდან გამომდინარეობს.

31. დასაქმებულის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში კასატორის (დამსაქმებლის) ძირითადი საკასაციო პრეტენზია უკავშირდება მტკიცების ტვირთის არასწორად განაწილებასა და იმ გარემოებას, რომ სახელფასო ანგარიშსწორების დაყოვნებაში დამსაქმებლის ბრალეულობა არ იკვეთება, რაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ დამსაქმებლისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებისას არ გაითვალისწინა.

32. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში, კერძოდ, რაკი მოსარჩელეთა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი მოპასუხესთან არსებული შრომითი ურთიერთობაა, ამ მიმართებით მნიშვნელოვანია შრომითსამართლებრივ დავებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომელიც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი დავის განხილვისას მტკიცების ტვირთის განაწილებას შეეხება და განპირობებულია მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობების არსებობით (საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შრომით დავასთან დაკავშირებულ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ამ სახის დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს იმ ძირითადი პრინციპიდან, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით აქვს მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (შდრ სუსგ. №ას-922-884-2014, 16 აპრილი, 2015 წელი; №ას-483-457-2015, 7 ოქტომბერი, 2015 წელი; №ას-182-171-2017, 27 დეკემბერი, 2019 წელი), შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს, მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, საქმის გადასაწყვეტად დადგენილ სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტებსა და მათ სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაშიც დამსაქმებლის მხარეს იყო მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოსათვის წარედგინა მტკიცებულებები, რომელიც სახელფასო დავალიანების არარსებობას დაადასტურებდა.

33. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დამსაქმებლის საკასაციო პრეტენზიები, საკასაციო საჩივრის დასაბუთების არც სამართლებრივ და არც ფაქტობრივ საფუძველს არ წარმოადგენს, კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე ადასტურებს მოსარჩელის წინაშე არსებული სახელფასო დავალიანების არსებობის ფაქტს, სწორედ ეს უკანასკნელი იყო ვალდებული, სახელფასო დავალიანების ოდენობის სადავოობის შემთხვევაში, სათანადო და უტყუარი მტკიცებულებებით დაედასტურებინა სარჩელით მოთხოვნილი დავალიანებისაგან განსხვავებული (შემცირებული) ოდენობის არსებობა. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სათანადო და დამაჯერებელ მტკიცებულებებზე მითითებით, ვერ უზრუნველყო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, სახელდობრ კი, მან ვერ შეძლო სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად დასახელებული გარემოებების - სახელფასო დავალიანების ოდენობის უტყუარობის გაქარწყლება.

34. საკასაციო პალატის მითითებით, სშკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. აღნიშნული ნორმა ადგენს შრომითი ხელშეკრულების მხარეთა ფუნდამენტურ ვალდებულებებს – დასაქმებულისთვის სამუშაოს შესრულების ვალდებულებასა და დამსაქმებლისათვის ანაზღაურების გადახდის ვალდებულებას. ეს არის შრომითი ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი ძირითადი ელემენტები, რომელთა გარეშეც შრომითი ხელშეკრულების არსებობა გამორიცხულია. შრომითი ურთიერთობის არსებობის ინდიკატორი სწორედ სამუშაოს შემსრულებლისათვის ანაზღაურების გადახდაა, დასაქმებულისათვის ანაზღაურების ვალდებულება კი, დამსაქმებელს ეკისრება.

35. საკასაციო პალატა ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით უარყოფს დამსაქმებლის პოზიციას და განმარტავს, რომ, როდესაც საქმის მასალებით დადგენილია მხარეთა შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობის, ისევე, როგორც ხელფასის ოდენობის თაობაზე ფაქტობრივი გარემოება და აშკარაა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა იმ შემთხვევაში გამოირიცხებოდა, თუ დამსაქმებელი დასაქმებულისათვის შრომის ანაზღაურების ფაქტს დაამტკიცებდა. მოცემულ შემთხვევაში კი, შრომის აუნაზღაურებლობა სადავო არ არის, რისი გათვალისწინებითაც, სააპელაციო სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურებისა და მისი დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია, შესაბამისად, განჩინება გამოიტანა მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში და შრომითსამართლებრივ დავებზე უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად (შდრ. სუსგ №ას-1132-2019, 30 სექტემბერი, 2019 წელი; №ას-1274-2018, 25 დეკემბერი, 2018 წელი; №ას-370-370-2018, 2 აგვისტო, 2018 წელი; №ას-45-45-2018, 18 მაისი, 2018 წელი; №ას-138-138-2018, 17 აპრილი, 2018 წელი), რაც გასაჩივრებული განჩინების კანონიერებაზე მიუთითებს.

36. რაც შეეხება დამსაქმებლის შეგებებული სარჩელს, პალატა განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების თაობაზე შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნის საფუძვლიანობა სშკ-ის 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), სსკ-ის 394.1-ე (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება), 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლების დანაწესიდან გამომდინარეობს.

37. საკასაციო პალატა ზემოხსენებული ნორმების მოხმობით განმარტავს, რომ მოვალეს ეკისრება პასუხისმგებლობა, თუ დადგინდა, რომ მისი ქმედება ბრალეული/მართლსაწინააღმდეგო იყო და მოჰყვა ზიანი, ასევე, არსებობს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

38. საკასაციო პალატა, მოცემულ შემთხვევაში, იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს და განმარტავს, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ დასაქმებულმა ხელშეკრულება დაარღვია, შეგებებული სარჩელის ავტორს (დამსაქმებელს) ეკისრება (სსსკ-ის 4.1 და 102.1 მუხლები), რომელმაც სათანადო მტკიცებულებებით მისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება ვერ შეძლო, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი 2020 წლის 22 ოქტომბრის დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა, ვერ გახდებოდა დასაქმებულის პასუხისმგებლობის საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი დასკვნით (რომლის თანახმად, აუდიტისას გამოიკვეთა არაერთი შეუსაბამობა ბუღალტრულ ნაშთსა და ფაქტობრივ ნაშთებს შორის, როგორც მედიკამენტებზე, ასევე - სამედიცინო ინვენტარზე, რის გამოც დიაგნოსტიკური სამსახურის მიერ კლინიკისათვის მიყენებული ფინანსური ზიანის ოდენობა კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე შეადგენს 7468.98 ლარს, ხოლო ულტრასონოგრაფიაზე - 238.50 ლარს) სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების წინაპირობების (მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება, ზიანი და მიზეზორივი კავშირი ზიანსა და ქმედებას შორის) არსებობა არ დასტურდება. ამასთან, არ დგინდება, ფინანსური ზიანის წარმოშობის პერიოდიც, კერძოდ, ზიანი დასაქმებულის თანამდებობაზე დანიშვნამდე წარმოიშვა თუ მას შემდეგ. ნიშანდობლივია, რომ დასკვნაში კონკრეტულად არ არის მითითებული სამედიცინო ინვენტარზე გამოვლენილი შეუსაბამობების შესახებ, ამასთან, არც შეუსაბამობების გამომწვევი მიზეზია დასახელებული, ისევე, როგორც გარემოება, რომ აღნიშნული სწორედ დასაქმებულის ქმედების შედეგია. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენების თანახმად, რენტდგენის ფირი, რომელზეც დამსაქმებელი დავობს, დაზიანებულია სწორედ დასაქმებულის თანამდებობაზე დანიშვნამდე.

39. საკასაციო პალატის განმარტებით, დამსაქმებელს ზემოაღნიშნული გარემოებების წინააღმდეგ დასაბუთებული შედავება არ წარუდგენია და მისი საკასაციო პრეტენზია იმ გარემოებას ეფუძნება, რომ მოწინააღმდეგე მხარის ვალდებულებას დაქვემდებარებაში არსებული აპარატურის გამართულობის უზრუნველყოფა წარმოადგენდა, ხოლო, თუ რომელიმე აპარატი გაფუჭდებოდა, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობებინა ხელმძღვანელი პირებისათვის და გამოეწერა, რათა ზიანი არ მისდგომოდა კლინიკას, დასაქმებული კი ამ მოვალეობას არ ასრულებდა. პალატა მიუთითებს, რომ თავად კასატორის მიერ ზიანის ანაზღაურების საფუძვლები კონკრეტულად და გამართულად არ არის ჩამოყალიბებული, კერძოდ, თუ იგი ზემოაღნიშნული საფუძვლით ითხოვს დასაქმებულისათვის ზიანის დაკისრებას, გაურკვეველია, რას ეფუძნება მოთხოვნა, ვინაიდან, ამ შემთხვევაშიც, არ დასტურდება, რომ დასაქმებულმა კლინიკას გაუმართავი აპარატურის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა და დამსაქმებელმა კომპანიამ რაიმე ზიანის განიცადა (მაგ. ვერ უზრუნველყო ამ საფუძვლით პაციენტების მიღება, მომსახურების გაწევა და ა.შ).

40. საკასაციო პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, მტკიცებულებების არარსებობის პირობებში სასამართლომ ვერ დაადგინა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებები ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რის გამოც კასატორის პრეტენზია დაუსაბუთებელია.

41. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს კასატორის პრეტენზიაზე მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებთან მიმართებითაც და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სამართლებრივ საფუძვლად მითითებული სსკ-ის 992-ე მუხლი, დავაზე სამართლებრივ შედეგს ვერ შეცვლის, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ სწორად მიღებული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით.

42. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, ამიტომ გასაჩივრებული განჩინება ფაქტობრივსამართლებრივად დაუსაბუთებელია.

43. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

44. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

45. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

46. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-1429-2020, 2022 წლის 18 მარტის განჩინება; №ას-1068-2021, 2022 წლის 18 მარტის განჩინება; №ას-1798-2019, 2022 წლის 23 თებერვლის განჩინება; №ას-359-2021, 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინება).

47. სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

48. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,თ-სი ს-ი მ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. შპს ,,თ-ი ს-ი მ-ს“ (ს/ნ …) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი …, მიმღების ანგარიშის №…, სახაზინო კოდი …) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 567.40 ლარის (საგადასახადო დავალება … / გადახდის თარიღი 13.06.2022), 70% - 397.18 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე