საქმე №ას-429-2020 20 ივლისი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ს-ა ქ-ენ“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა (შემდგომ - მოსარჩელე) და შპს „ს-ა კ-ნს“ (შემდგომ - მოპასუხე, მენარდე, კომპანია, მოწინააღმდეგე მხარე) შორის, 20.. წლის 9 მარტს, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №… ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ აიღო ვალდებულება ქუთაისში, … ქ. №..-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ …), დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისთვის საცხოვრებელი კომპლექსის, მე-. და მე-. კორპუსების, ორი თექვსმეტსართულიანი კორპუსის (თითოეულის საერთო საცხოვრებელი ფართი 3962,4 კვ.მ. თითოეულ კორპუსში ბინათა რაოდენობა - 80) მშენებლობისა და გარე (ეზო) კეთილმოწყობის სამუშაოების შესრულებაზე, რომლის ღირებულება 6918981.42 ლარს შეადგენდა.
2. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 4.2 პუნქტის შესაბამისად, სამუშაოების დასრულების ვადა 2016 წლის 30 აგვისტო იყო, რომელიც განსაკუთრებულ შემთხვევებში, მხარეთა წერილობითი შეთანხმებით, შეიძლებოდა, გაგრძელებულიყო სამუშაოს შესრულებისათვის აუცილებელი გონივრული ვადით, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი (მენარდე) შესაბამისი წერილობითი მოთხოვნით მიმართავდა შემსყიდველს (შემკვეთს), სამუშაოს დასრულების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
3. ხელშეკრულების შესრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მენარდეს ეკისრებოდა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.05% (ხელშეკრულების 12.2 პუნქტი), ხოლო, ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.4. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების მონაკვეთების/ეტაპების ვადის დარღვევის შემთხვევაში - ხელშეკრულების პირობების შესაბამისად (ხელშეკრულების 12.3 პუნქტი), პირგასამტეხლო, თითოეული მონაკვეთის/ეტაპის ვადის დარღვევისათვის ხელშეკრულების ღირებულების 0.01% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე,
4. ხელშეკრულების 12.4 პუნქტით განისაზღვრა, რომ 12.3 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო მიმწოდებელს დაეკისრებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის დაარღვევდა ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.2 პუნქტით განსაზღვრული სამუშაოს დასრულების ვადას. ასეთ შემთხვევაში, მენარდეს დაეკისრებოდა ამ მუხლის 12.2 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოც.
5. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №… ხელშეკრულებაში 2015 წლის 26 ივნისს ცვლილება შევიდა და ხელშეკრულების 4.2. პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოს დასრულების ვადა 2016 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით განისაზღვრა. ამის შესაბამისად, გეგმა-გრაფიკის ვადებიც შეიცვალა, ხოლო სხვა ვალდებულებები დარჩა უცვლელად. 2016 წლის 12 იანვრის ცვლილებით, სამუშაოს დასრულების ვადა 2016 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით განისაზღვრა, ხოლო 2016 წლის 29 სექტემბრის შეთანხმებით №… – 2016 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით.
6. მენარდემ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №… ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა დაარღვია 74 დღით, კერძოდ, ნაცვლად 2016 წლის 28 დეკემბრისა, სამუშაოები დაასრულა 2017 წლის 13 მარტს, გეგმა-გრაფიკით ჩამორჩენილ სამუშაოთა ჩამონათვალმა კი შეადგინა 557 დღე. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი შედგა 2017 წლის 10 მაისს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 3 მაისის დასკვნის წარდგენის შემდგომ.
7. სს „… ბანკის“ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში საბანკო გარანტიის სახით, პრინციპალის - მოპასუხის მიმართ არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე 174194.43 ლარი გადაირიცხა.
8. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 აპრილის განჩინებით, მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 8 ნოემბრის განჩინებით - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტო. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 2 ივლისის განჩინებით კი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო (შემდგომ - მოსარჩელის უფლებამონაცვლე, სამინისტრო, შემკვეთი, კასატორი).
სარჩელის საფუძვლები:
9. მოსარჩელემ (შემკვეთმა) სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის (მენარდის)
10. მიმართ, პირგასამტეხლოს - 467196.13 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
მოპასუხის პოზიცია:
11. მოპასუხემ წარდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
12. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს პირგასამტეხლოს - 339 194.87 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა.
13. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივლისის განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
15. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ შეამცირა მხოლოდ ყოველდღიური პირგასამტეხლოს ოდენობა 0.05%-დან 0.02%-მდე, რისი გათვალისწინებითაც, შესაბამისი გაანგარიშების შედეგად სასამართლოს მიერ დაკისრებულმა პირგასამტეხლომ შეადგინა - 339 194.87 ლარი.
16. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, პირგასამტეხლო, როგორც პრევენციული, ისე სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, ვრცელდება სახელშეკრულებო ურთიერთობის იმ ნაწილზე, რა ნაწილშიც დაირღვა ვალდებულება. მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა დაანგარიშდა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან და არა იმ კონკრეტული სამუშაოს ღირებულების გათვალისწინებით, რომლის მიწოდების ვადის დარღვევის შედეგადაც ამოქმედდა აღნიშნული სანქცია. სასამართლოს მითითებით, პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ ზრდის მის მოცულობას, მეორე მხრივ, მოვალეს აკისრებს პასუხისმგებლობას, უკვე შესრულებული ან მომავალში შესასრულებელი ვალდებულების ნაწილშიც.
17. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მართალია, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, თუმცა, ისეთ ვითარებაში, როდესაც პირგასამტეხლოს ოდენობა დაანგარიშდა ხელშეკრულების საერთო/ჯამური ღირებულებიდან, ამასთან, არ დგინდება ვალდებულების დაგვიანებით შესრულების გამო ზიანის წარმოშობის ფაქტი, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა (339 194.87 ლარი) სრულად უზრუნველყოფს მოსარჩელის ძირითადი ინტერესის დაკმაყოფილებას, რომ შემსრულებელს დაეკისროს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ერთგვარი სანქცია.
18. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები არ იკვეთება.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
19. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შემკვეთმა საკასაციო საჩივარი წარადგინა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
20. კასატორის მითითებით, სასამართლოს მიერ არ არის დასაბუთებული საქმის რა ფაქტობრივი და სამართლებივი გარემოებების გათვალისწინებით გამოიტანა დასკვნა, რომ უნდა შეემცირებინა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 12.2 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა.
21. კასატორის მითითებით, ხელშეკრულების გაფორმებისას სახელმწიფოს მიზანი იყო, ხელშეკრულებაში წინასწარ გათვალისწინებული სანქცია-საურავების დათქმით, შეექმნა დამატებით მოტივაცია კონტრაქტორი კომპანიისთვის, რომ ამ უკანასკნელს, დათქმულ ვადაში და დათქმული ხარისხით ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ნებაყოფლობით ნავალდებულები სამუშაოები შეესრულებინა. სახელმწიფოს ამგვარი ინტერესი, კანონით გათვალისწინებული ვალდებულების გარდა, განპირობებულია იმ გარემოებითაც, რომ საკითხი ეხებოდა ერთ-ერთი ყველაზე უფრო შეჭირვებული ჯგუფისათვის - იძულებით გადაადგილებული პირებისთვის - დევნილებისათვის ჯეროვანი საყოფაცხოვრებო პირობების შექმნას და რამდენადაც ამგვარი ხასიათის ხელშეკრულებები სახელმწიფოს პრიორიტეტია, მან კანონით გათვალისწინებული მექანიზმების გამოყენებით უნდა შეძლოს ამგვარი ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევების წინასწარი პრევენცია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
22. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
23. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
25. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
26. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
27. პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობა სსკ-ის 477.1 (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი) და 417-418-ე (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებიდან გამომდინარეობს.
27. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს შემცირებასთან მიმართებით და განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (შდრ. სუსგ №ას-1079-2019, 30 სექტემბერი, 2019).
28. მოსარჩელე ითხოვდა პირგასამტეხლოს დაკისრებას, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილების გამო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების (691 898.42 ლარი) 0.05%-ს, ასევე - გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების მონაკვეთების/ეტაპების ვადების დარღვევის გამო, ყოველდღიურად ხელშეკრულების ღირებულების (691 898.42 ლარი) 0.01%-ს, რაც ვადაგადაცილებული დღეებისა (74 დღე და 557 დღე) და საბანკო გარანტიის სახით მიღებული თანხის გამოკლების გათვალისწინებით - ჯამურად 467 196.13 ლარია.
29. იმ გარემოებაზე მითითებით, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა დაანგარიშებულ იქნა ხელშეკრულების საერთო/ჯამური ღირებულებიდან, ამასთან, არ დგინდებოდა ვალდებულების დაგვიანებით შესრულების გამო ზიანის წარმოშობის ფაქტიც, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 12.2 პუნქტით განსაზღვრული პირგასამტეხლო 0.05%-დან 0.02%-მდე კანონიერად შემცირდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მენარდისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო (339 194.87 ლარი) სრულად უზრუნველყოფს მოსარჩელის ძირითადი ინტერესის დაკმაყოფილებას.
30. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრასთან მიმართებით და ყურადღებას მიაქცევს პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობაზე, რაც ვალდებულების შეუსრულებლობით ან ვალდებულების დარღვევით გამოიხატება.
31. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შდრ. სუსგები№ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი; №ას-815-2019, 3 თებერვალი, 2021 წელი).
32. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას (სსკ-ის 417-ე მუხლი), რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას.
33. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი განსაზღვრისათვის ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებითი ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები: ბ) დარღვევის სიმძიმესა და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, რომელიც მოიცავს ზიანის ანაზღაურებას (იხ. სუსგ საქმე №ას-816-767-2015, 2015 წლის 19 ნოემბერის განჩინება). პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
34. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პალატის მითითებით, ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქიკურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს, ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქიკური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმით ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
35. საკასაციო სასამართლომ არაერთ სამოქალაქო დავაზე განმარტა, რომ „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც მთავარია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ.“ (იხ. სუსგ-ები: №ას-708-678-2016, 2017 წლის 27 იანვრის განჩინება; №ას-1199-1127-2015, 2016 წლის 13 აპრილის განჩინება; №ას-222-209-2015, 2015 წელი 6 მაისის განჩინება).
36. საკასაციო პალატა არ იზიარებს მენარდისათვის პირგასამტეხლოს ზემოაღნიშნული თანხის დაკისრების თაობაზე კასატორის პრეტენზიას და მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს განსაზღვრისას მართებულად მიიღო მხედველობაში ის გარემოება, რომ მოპასუხეს პირგასამტეხლო დაერიცხა არა შეუსრულებელი (დაგვიანებული) ვალდებულების მოცულობის, არამედ ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან, რომელიც სახელშეკრულებო ვალდებულების კომპენსირებისათვის ადეკვატურ და გონივრულ ოდენობას არ წარმოადგენს, მით უფრო, ვალდებულების დარღვევის ხასიათის, დროში განგრძობადობისა და დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით.
37. პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს, როგორც მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში (სსკ-ის 319-ე მუხლი) დათქმული პირობის მიუხედავად, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, ვინაიდან სამუშაოთა ნაწილის ვადის დარღვევით შეუსრულებლობა ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებებისა და ვალდებულების შესულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. იგი, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ ზრდის მის მოცულობას და, მეორე მხრივ, მოვალეს უკვე შესრულებული ვალდებულების ნაწილში აკისრებს პასუხისმგებლობას. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, პირგასამტეხლო დაანგარიშებულ უნდა იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების დარღვევიდან (იხ. საქმე №ას-164-160-2016, 2016 წლის 28 ივლისის განჩინება, №ას-581-2019, 2019 წლის 31 ივლისის განჩინება; №ას-249-2021, 2020 წლის 25 დეკემბრის განჩინება).
38. სასამართლოს შეფასებით, მიუხედავად შესასრულებელი სამუშაოს მნიშვნელობისა, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა პირგასამტეხლოს შემცირებისას მართებულად გაითვალისწინეს ფაქტები, რომ მოპასუხეს პირგასამტეხლო დაერიცხა არა შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობის, არამედ ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან და, მიუხედავად ვალდებულების დარღვევისა, დარღვევის შედეგების გათვალისწინებით, პირგასამტეხლო გონივრულ და სამართლიან ოდენობად სწორად განსაზღვრეს, რისი გათვალისწინებითაც, კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეუწონლობის ნაწილში არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი.
39. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
40. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
41. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
42. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-581-2019, 2019 წლის 31 ივლისის განჩინება; №ას-1926-2018, 2019 წლის 24 მაისის განჩინება; №ას-1930-2018, 2019 წლის 17 მაისის განჩინება; №ას-252-2019, 2019 წლის 8 მაისის განჩინება; №ას-123-2019, 2019 წლის 10 ივნისის განჩინება).
43. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
44. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე