საქმე №ას-664-2022 27 ივლისი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მირანდა ერემაძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები - ე. შ-ძე, ზ. გ-ლი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ა. ზ-ვა, ე. ი-ლი, კ. შ-ლი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ე. შ-ემ (შემდგომ - გამსესხებელი, მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) და ზ. გ-მა (შემდგომ - ცესიონერი, ასევე ერთობლივად მოხსენიებული როგორც მოსარჩელეები, აპელანტები, კასატორები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ა. ზ-ას (შემდგომ - პირველი მოპასუხე), ე. ი-სა (შემდგომ - მეორე მოპასუხე) და კ. შ-ის (შემდგომ - მესამე მოპსუხე) მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები
2. 2013 წლის 17 მაისს გამსესხებელსა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. იპოთეკით დაიტვირთა პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული გარდაბანში, … (ს/კ …) მდებარე უძრავი ქონება. სინამდვილეში, ზეპირი სესხის ხელშეკრულება დაიდო არა პირველ მოპასუხესთან, არამედ მეორე და მესამე მოპასუხესთან, კერძოდ, 7000 აშშ დოლარი გადაეცა მეორე მოპასუხეს, ხოლო 3000 აშშ დოლარი გადაეცა მესამე მოპასუხეს. წინასწარი მოლაპარაკების თანახმად, იპოთეკით უნდა დატვირთულიყო სოფელ … მდებარე უძრავი ქონება, რომლის ნაცვლადაც მოპასუხეებმა მოსარჩელეს შესთავაზეს სოფელ … არსებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა. მოპასუხეებმა მოსარჩელეს წარუდგინეს უძრავი ქონების ფოტოსურათები და დაარწმუნეს, რომ ეს მიწის ნაკვეთი ბევრად მეტი ღირდა ვიდრე სოფელ … არსებულ მიწის ნაკვეთი.
3. 2015 წლის 30 დეკემბერს მოსარჩელემ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნის უფლება 6000 აშშ დოლარის ნაწილში დაუთმო ცესიონერს.
4. 2016 წლის 8 იანვარს მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი. 2016 წლის იანვარში მოსარჩელემ მიმართა ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვა იპოთეკის საგნის აუქციონის წესით რეალიზაცია. აღსასრულებელი მოთხოვნის ოდენობა 15069.88 აშშ დოლარი იყო, ხოლო აღსრულების მიზნით გაწეული ხარჯი - 803.36 ლარი. 2016 წლის 13 მაისს ცესიონერმაც მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, ეს მოთხოვნაც დაკმაყოფილდა. თუმცა აღმოჩნდა რომ უძრავი ქონება მდებარეობდა არა სოფელ …, არამედ სოფლის გარეთ არსებულ ზონაში, მთაში, სადაც არ არის დასახლება, მისასვლელი გზა და კომუნიკაცია. 600 კვ.მ მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 700 აშშ დოლარით, ხოლო მთლიანობაში უძრავი ქონების მაქსიმალური საბაზრო ღირებულება - 13000 ლარით. 2016 წლის 17 მაისს მოსარჩელეებმა მიმართეს სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვეს აღსრულების შეჩერება.
5. ამასთან, 2016 წლის 25 მაისს მესამე მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, თვითონ აენაზღაურებინა 15000 აშშ დოლარი. ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილის თანახმად, 15000 აშშ დოლარი მოპასუხეს უნდა გაესტუმრებინა ეტაპობრივად, ქვიშა-ხრეშით, თუმცა მან არც ეს ვალდებულება შეასრულა.
მოპასუხის შესაგებელი
6. მოპასუხეებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარადგინეს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
8. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
10. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი ფორმალურად გამართული არ იყო. დადგენილი იყო, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება არ დასრულდა, მათივე მოთხოვნის საფუძველზე შეწყდა. ხელშეკრულების დადების დროს არ არსებობდა მოსარჩელეების მხრიდან მიწის ნაკვეთის დათვალიერებისა და ადგილზე მონახულების რაიმე ხელშემშლელი ფაქტორი. აღნიშნული შესაძლოა, დროულად დახმარებოდა მოსარჩელეებს ხელშეკრულების დადებასა თუ დადებაზე უარის თქმაში. ამ გარემოებათა გამორიცხვის შემდგომ, მოსარჩელის მითითება, რომ მისთვის მიყენებული ზიანი გამოიხატება იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების ღირებულების სიმცირით სესხის ხელშეკრულებასთან მიმართებით, გასაზიარებელი არ არის. აღნიშნული წარმოადგენდა მხარის მიერ წინასწარ გასათვლელ რისკს, რომელსაც ხელშეკრულების დადების საწყის ეტაპზე სჭირდება შეფასება, ხილვა, ჩამოყალიბება, სწორედ რომ მოცემულ შემთხვევაში დამდგარი გარემოების თავიდან აცილების მიზნით. მოსარჩელემ კი, თავისი ნება-სურვილით, ამ საფეხურის გავლის გარეშე განაცხადა თანხმობა ხელშეკრულებაზე.
11. პალატამ ყურადღება გაამახვილა 2013 წლის 17 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზეც და განმარტა, რომ ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული სესხი უზრუნველყოფილია მხოლოდ ამავე ხელშეკრულების მე-12 მუხლში მითითებული იპოთეკის საგნით და ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს იპოთეკის საგნის აუქციონზე რეალიზაცია წარმოადგენს (მუხ. 17). შესაბამისად, ამ შემთხვევაში, იპოთეკის საგანი საკმარისიც რომ არ ყოფილიყო სასესხო ვალდებულების დასაფარავად, აღსრულება სხვა საგანზე ვეღარ გავრცელდებოდა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
12. ზემოაღნიშნული განჩინება მოსარჩელეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
13. კასატორთა მტკიცებით, არასწორია სასამართლოს მსჯელობა, რომ იპოთეკარის რისკი იყო იპოთეკის საგნის შეფასება და განსაზღვრა უზრუნველყოფდა თუ არა სესხს სრულად. მოპასუხეთა მხრიდან მოსარჩელისათვის ზინის მიყენება სწორედ იმით გამოიხატა, რომ მათ ხელი შეუშალეს მოსარჩელეს თავიდანვე შეემოწმებინა იპოთეკის საგანი და მიწოდებული ინფორმაციის სანდოობა. მოპასუხეები მიზანმიმართულად და კოორდინირებულად მოქმედებდნენ, რათა ბოროტად ესარგებლათ მოსარჩელის ნდობით და შეცდომაში შეეყვანათ იგი. ნდობა განაპირობა იმ ფაქტმაც, რომ მესამე მოპასუხე სასულიერო პირი - მამაოა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საქმეში არსებული უამრავი მტკიცებულების, მათ შორის, მოპასუხეთა განმარტების მიუხედავად, არასწორად დადგინა ფაქტობრივი გარემოებები, რაც არასწორი სამართლებრივი შეფასების საფუძველი გახდა.
14. მოპასუხეთა ბრალი აშკარაა, რადგან მათ თავიდანვე იცოდნენ, რომ ასეთი ქმედებით - მოსარჩელის ნდობით სარგებლობითა და მოტყუებით მას ზიანი მიადგებოდა. ამ ფაქტის დამადასტურებელი გარემოებაა ისიც, რომ თავიდანვე - პირველივე თვიდან მოყოლოებული ვალდებულება არ შეუსრულებიათ და არ გადაუხდიათ არცერთი თვის პროცენტი. ამით ნათლად დგინდება, რომ მოპასუხეებს იპოთეკით დატვირთული საგნის მიმართ, მცირე ღირებულების გამო, არ გააჩნდათ ინტერესი. ისინი მოსარჩელის მოთხოვნას შეესრულებინათ ვალდებულება, არაერთი დაპირებით პასუხობდნენ, მათ შორისაა, მესამე მოპასუხის მიერ დადებული ნოტარიალურად დამოწმებული ხელწერილი. ხელწერილის თანახმად, ამ უკანასკნელს ვალი ქვიშა-ხრეშით უნდა გაესტუმრებინა, მაშინ როდესაც, როგორც მოგვიანებით აღმოჩდა, ხელწერილის გაფორმებისას უკვე დაჯარიმებული იყო ადმინისტრაციული წესით, მისი უკანონოდ მოპოვების გამო. ეს ფაქტიც მოწმობს მოპასუხის არაკეთილსინდისიერებას.
15. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, იპოთეკის საგნის რეალური ღირებულება არ შეესაბამება სასესხო ვალდებულებას. იპოთეკის საგანი შეფასებულია 13 000 ლარად, რაც დღეს 4362 აშშ დოლარია. აღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი ამცირებს სასარჩელო მოთხოვნას 15 000 აშშ დოლარიდან 10 აშშ დოლარამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
16. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
19. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
20. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
21. მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე მისი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 81.1 (თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა), 83.1 (მესამე პირის მხრიდან მოტყუებისას შეიძლება გარიგების ბათილობის მოთხოვნა, თუ მოტყუების შესახებ იცოდა ან უნდა სცოდნოდა იმ პირს, რომელიც სარგებელს იღებს ამ გარიგებიდან), 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 998.1 (თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები) 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლები (შდრ. „მოტყუებისას, როგორც წესი, ამავდროულად სახეზეა დელიქტური წესით ზიანის ანაზღაურების წინაპირობები“ ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 380.).
22. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეებმა შესაგებელი არ წარადგინეს. შესაბამისად, სარჩელში მითითებული ფაქტები დამტკიცებულად მიიჩნევა. თუ სარჩელში მითითებული ფაქტები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სსსკ-ის 2321-ე მუხლის შესაბამისად ინიშნება სხდომა. პირველი ინსტანციის სასამართლომ მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სხდომა დანიშნა და სარჩელი არ დააკმაყოფილა რადგან მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები მოსარჩელის მოთხოვნას იურიდიულად არ ამართლებდა. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების დასკვნას, სარჩელის დაუსაბუთებლობის თაობაზე.
23. მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხეებმა გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, რაც გამოიხატა იმით, რომ სესხის უზრუნველსაყოფად გამოყენებული უძრავი ნივთი აღმოჩნდა ბევრად ნაკლები ღირებულების, ვიდრე მოპასუხეები იპოთეკის ხელშეკრულების დადების დროს მიუთითებდნენ, უძრავი ქონება აღმოჩნდა არა სოფელ …, არამედ სოფლის გარეთ არსებულ ზონაში, მთაში, სადაც არ არის დასახლება, მისასვლელი გზა და კომუნიკაცია. მოსარჩელემ არ გადაამოწმა უძრავი ქონება, რადგან მოპასუხეები ერთმანეთთან შეთანხმებით განზრახ ისე მოქმედებდნენ, რომ მოსარჩელის ნდობა დაემსახურებინათ და მას ქონება თავად არ ენახა. ამასთან, მართალია, ხელშეკრულება დადებულია პირველ მოპასუხესთან, თუმცა მომტყუებელია როგორც კონტრაჰენტი, ისე მესამე პირები - მეორე და მესამე მოპასუხე, რომლებმაც სარგებელი მიიღეს გარიგებიდან.
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოტყუება გარიგებაში ხელყოფს ერთი მხარის ნდობას მეორე მხარის კეთილსინდისიერ ქცევასთან მიმართებით. მოტყუებისას ნების ნაკლი განპირობებულია გარიგების მეორე მხარის განზრახი სამართლებრივად გასაკიცხი მოქმედებით, რომლის მიზანიც ნების გამომვლენისათვის არასწორი წარმოდგენის შექმნაა. განსხვავებით თვალთმაქცური გარიგებისაგან, რომელიც დადებულია ისე, რომ მხარეებს ამ გარიგებიდან გამომდინარე შედეგი არ სურთ, მოტყუებით დადებული გარიგების შემთხვევაში, ორივე მხარეს სურს ხელშეკრულებით დასახული მიზნის მიღწევა, თუმცა, მოტყუებულის თავისუფალი გადაწყვეტილებით არ არის განპირობებული და მოტყუების შედეგია. მოტყუებასა და გარიგების დადებას შორის მიზეზობრივი კავშირის, განზრახვის, ისევე, როგორც მართლწინააღმდეგობის ცალკეული წინაპირობების მტკიცების ტვირთი მოტყუებულს, ამ შემთხვევაში, მოსარჩელეს აწევს (შდრ. სუსგ: №ას-1382-2018, 25.01.2019წ.). მომტყუებელს აწევს მითითების ანუ დასაბუთების ტვირთიც, კერძოდ, მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულმა გარემოებებმა გარიგების მოტყუებით დადების ფაქტი უნდა დაადასტურონ.
25. მოტყუების საფუძვლით გარიგების ბათილობის მოთხოვნის შემთხვევაში, მხარემ უნდა ამტკიცოს არასწორი ცნობების მიწოდების ფაქტი. ამასთან, სსკ-ის 81-ე მუხლი მოტყუების გამო გარიგების ბათილობას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, როდესაც არანამდვილი ნების ფორმირება მოტყუების საფუძველზე განხორციელდა და არა ნდობით გამოწვეული უხეში გაუფრთხილებლობის გამო. ასეთ შემთხვევაში მოტყუებულის ნდობა დაცვას არ იმსახურებს.
26. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების დადებისას მოსარჩელეს ჰქონდა შეუზღუდავი შესაძლებლობა ენახა და შეეფასებინა მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად შეთავაზებული უძრავი ქონება, მოსარჩელე მოტყუების საფუძვლით გარიგებას ვერ შეეცილება.
27. კასატორი საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ მოპასუხეთა მხრიდან მოსარჩელისათვის ზინის მიყენება სწორედ იმით გამოიხატა, რომ მათ ხელი შეუშალეს მოსარჩელეს თავიდანვე შეემოწმებინა იპოთეკის საგანი და მიწოდებული ინფორმაციის სანდოობა, თუმცა არ უთითებს რით გამოიხატა ხელშეშლა, როგორ შეუშალეს ხელი ენახა იპოთეკის საგანი და ისე დასთანხმებოდა ხელშეკრულების დადებას. ამასთან, კასატორის პოზიცია არათანმიმდევრულიცაა, რამდენადაც ის სარჩელში თავადვე მიუთითებს, რომ მოპასუხეებს სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ენდო. ამგვარ უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეულ ნდობას კი, როგორც აღინიშნა, სსკ-ის 81-ე მუხლი არ იცავს. ამდენად, პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, არ დასტურდება სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების მიზნით, მოპასუხეთა მხრიდან მოსარჩელის მოტყუების ფაქტი, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლოა.
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად ძირითადად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.
29. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
30. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
31. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: № ას-1570-1473-2012, 1 მარტი, 2013 წელი; №ას-251-2019, 5 ივნისი, 2019 წელი; №ას-922-2018, 22 თებერვალი, 2019 წელი; №ას-1532-1452-2017, 19 სექტემბერი, 2018 წელი).
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე
33. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორებს დაუბრუნდებათ 1 470 ლარის ლარის 70% – 1 029 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. შ-სა და ზ. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. ე. შ-სა (პ/ნ ...) და ზ. გ-ლს (პ/ნ ...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი ..., მიმღების ანგარიშის №..., სახაზინო კოდი ...) დაუბრუნდეთ ე. შ-ის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1 470 ლარის (საგადასახადო დავალება №..., გადახდის თარიღი 20.05.2022), 70% - 1 029 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
გიორგი მიქაუტაძე