საქმე №ას-707-2022 30 ივნისი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ნ. ა-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ. ძ-ლი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - სააღსრულებო ფურცლის გაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით, მ. ძ-ის (შემდგომ - მოსარჩელე, აპელანტი, განმცხადებელი) სააპელაციო საჩივარი დაზუსტებული მოთხოვნით დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელე აღიარებულ იქნა ქ.ბათუმში, … გამზირი №…-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან (ს/კ …) 73.1 კვ.მ ფართის მქონე ოთახების, მათ შორის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე 27.8 კვ.მ ფართის, 12.4 კვ.მ ფართის ანტრესოლის, პირველ სართულზე განთავსებულ 13.7 კვ.მ ფართისა და 19.2 კვ.მ სარდაფის მესაკუთრედ, ნ. ა-ის (შემდგომ - მოპასუხე, კერძო საჩივრის ავტორი) 17 196 ლარისა და 77 თეთრის გადახდის სანაცვლოდ.
2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 11 ივლისის განჩინებით, დარჩა განუხილველად და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
3. 2022 წლის 7 აპრილს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელემ და კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებაზე საღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებაზე (საქმე №…-…), რომლითაც მოსარჩელე აღიარებულ იქნა ქ.ბათუმში, … გამზირი №…-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან (ს/კ …) 73.1 კვ.მ ფართის მქონე ოთახების, მათ შორის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე 27.8 კვ.მ ფართის, 12.4 კვ.მ ფართის ანტრესოლის, პირველ სართულზე განთავსებულ 13.7 კვ.მ ფართისა და 19.2 კვ.მ სარდაფის მესაკუთრედ მოპასუხისათვის 17 196 ლარისა და 77 თეთრის გადახდის სანაცვლოდ, გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
5. მითითებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე უარის თქმის მოთხოვნით.
6. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, განმცხადებელმა სააღსრულებო ფურცლის აღება გადაწყვიტა სწორედ მაშინ, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ვადა გადის. მთელი ამ ხნის განმავლობაში იგი მოპასუხეს არ შეხმიანებია. ამასთან, გადაწყვეტილბა ვერ აღსრულდება, რადგან ის ალოგიკიურია და არ გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მიხედვით, 15 კვ.მ კორიდორი მოსარჩელის საკუთრება უნდა გახდეს, რის შემდეგაც მოპასუხეს თავის ოთახებში შესვლის საშუალება აღარ ექნება. ამასთან, ამ კორიდორით სარგებლობს სახლის მეორე მესაკუთრეც და ამავე კორიდროით არის შესაძლებელი ეზოში გამავალი კიბით ჩასვლა. 12.4 კვ.მ ე.წ. ანტრესოლი მოსარჩელის მიერ ეზოში ჩასასვლელ კიბეზე გაკეთებული მიშენებაა, რომელიც საჯარო რეესტრის ნახაზში არ ფიგურირებს. ასევე, სასამართლოს მიერ მოსარჩელისათვის მიკუთვნებული ფართი 13.7 კვ.მ, რომელიც თითქოს პირველ სართულზე მდებარეობს, არის ეზოში გამავალი კიბის ქვემოთ ოდითგანვე არსებული სამრეცხაო, რომელიც სახლის თავდაპირველმა მეპატრონემ გააკეთა. ის მოსარჩელემ შემდგომ ფიცრებით გადააკეთა. სამრეცხაო მდებარეობს მოპასუხის მიწის ნაკვეთზე. სარდაფის ერთი მხარე არის 20.06 კვ.მ, ხოლო მეორე ნაწილი 19.87 კვ.მ. ეს უკანასკნელი, რომელიც სასამართლომ მოსარჩელეს მიაკუთვნა, ძირითად ნახაზზე დატანილი არ არის. ამასთან, მოსარჩელის წინაპრებისთვის სარდაფი სარგებლობით არავის მიუცია.
7. 2012 წლიდან დაქვეითდა ლარის მსყიდველობითი უნარი და თუ იმ პერიოდისათვის იყო თითქმის 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი, დღეს არის 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტი. ამდენად, სასამართლომ უარი უნდა უთხრას განმცხადებელს სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
9. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია სააპელაციო სასამართლოს მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ განჩინების კანონიერება. გასაჩივრებული განჩინებით სააღსრულებო ფურცელი გაიცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებაზე, რომელიც კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 11 ივლისის.
10. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობდა. სააღსრულებო ფურცელი ეძლევა კრედიტორს და გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში (სსსკ-ის 264-ე მუხლი) და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის“ თანახმად ექვემდებარება აღსრულებას (იხ. მითითებული კანონის 20.2 მუხლი). ამ შემთხვევაში კრედიტორის მოთხოვნა მიმართული უნდა იყოს სუბიექტური (სამოქალაქო) უფლების იძულებით განხორციელებისაკენ, ანუ იმ მოთხოვნების დადგენისაკენ, რომლებიც დაავალდებულებენ მოპასუხეს შესრულებას ან შესრულებისაგან თავის შეკავებას. გადაწყვეტილება, რომელზედაც სასამართლო გასცემს სააღსრულებო ფურცელს მიკუთვნებითი ხასიათის უნდა იყოს.
11. განსახილველ შემთხვევაში არსებობს კანონიერ ძალაში შესული ისეთი გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილია განმცხადებლის უფლება და მისი რეალიზაციის ვადა სსკ-ის 142.1 მუხლის შესაბამისად, არ არის ამოწურული. სსკ-ის 142.1 მუხლით (სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება.) გათვალისწინებული ათწლიანი ვადა უკვე აღიარებული, მინიჭებული უფლების რეალიზაციის ვადაა. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, პირს, ვის სასარგებლოდაც მიღებულია გადაწყვეტილება, შეუძლია, მოითხოვოს მისი აღსრულება კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 10 წლის განმავლობაში, რაც შეიძლება გამოიხატოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის, იძულებით აღსრულების მოთხოვნით და ა.შ. (შდრ. სუსგ №431-409-2012, 14.05.2012წ.; ას-559-534-2016, 14.07.2017წ. ). ამდენად, „სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობაში“ იგულისხმება არა სარჩელის წარდგენის გზით უფლების რეალიზაცია, არამედ - გადაწყვეტილებით უკვე მინიჭებული მოთხოვნის უფლების განხორციელება. ამ ვადის გასვლის გამო, გადაწყვეტილებას იურიდიული ძალა ეკარგება (სუსგ №ას-205-198-2012, 06.04.2012წ.). შესაბამისად, რაკი კრედიტორმა 10-წლიან ვადაში მიმართა სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით და ვინაიდან მდგომარეობა არ შეცვლილა, მოსარჩელეს აღნიშნული უფლება არ დაუკარგავს, რის გამოც განცხადება მართებულად დაკმაყოფილდა.
12. დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ გადაწყვეტილება ვერ აღსრულდება, რადგან რეალური ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტებისაგან. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 266-ე მუხლი (გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ, ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი) განამტკიცებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუქცევადობის პრინციპებს, რაც იმას გულისხმობს, რომ სასამართლოს მიერ უკვე განხილულ და გადაწყვეტილ დავაზე სამართალწარმოება აღარ გაიმართება, რადგან სასამართლომ ამ საკითხზე უკვე მიიღო საბოლოო და შესასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილება. საბოლოობის პრინციპი კი, გადაწყვეტილების გასაჩივრებისა თუ გადასინჯვის, შესაბამისად, შეცვლის შესაძლებლობას (კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისის გარდა) არ იძლევა (შდრ. პაატა ქათამაძე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რჩეული მუხლების კომენტარი, მუხლი 266, თბილისი, GIZ, 2020). ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიები, რომელიც ფაქტობრივად იმას უკავშირდება, რომ სასამართლოს დავა სხვაგვარად უნდა გადაეწყვიტა, დაუსაბუთებელია. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებსა და სამართლებრივ ურთიერთობას სასამრთლო ხელახლა ვერ გადასინჯავს.
13. დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია ლარის მსყიდველობითიუნარიანობის შემცირების საფუძვლით სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე უართან დაკავშირებით. პალატა მიუთითებს სსკ-ის 389-ე მუხლით (თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი), ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს) განმტკიცებულ ნომინალიზმის პრინციპზე, რომლის თანახმადაც, ვალდებულება უნდა შესრულდეს არა გადასახდელი ფულის მსყიდველობაუნარიანობის, არამედ ფულადი ნიშნების რაოდენობის მიხედვით. იგივე პრინციპი მოქმედებს გადაწყვეტილებით დადგენილი ფულადი ვალდებულების შესრულების მიმართაც. კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილია მყარი თანხა, რომლის გადახდის სანაცვლოდაც მოსარჩელე გადაწყვეტილებითვე დადგენილი უძრავი ქონების მესაკუთრედ უნდა აღირიცხოს. შესაბამისად, ამ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი კრედიტორია, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე მოვალე, რომელიც ვალდებულია გადაწყვეტილებით დადგენილი ფულადი ვალდებულება შეასრულოს ფულადი ნიშნების იმავე რაოდენობით, რაც ვალდებულების წარმოშობის დროს შეესაბამება. ვალდებულების წარმოშობის დრო კი, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღია. ამდენად, ვალდებულება გადაწყვეტილებით ეროვნულ ვალუტაში დადგინდა, ვალდებულება მოვალემ იმავე ნომინალით ეროვნულ ვალუტაში უნდა შეასრულოს. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ფულის მსყიდველობაუნარიანობის შეცვლა მხედველობაში არ მიიღება (შდრ. ქეთევან მესხიშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 389-ე, თბილისი, 2019 წელი. ასევე, სუსგ №ას-762-730-2016, 16.01.2017წ; №ას-347-323-2010, 19.07.2010წ.; №ას-130-122-2017, 24.03.17 წ.;).
14. ამასთან, მართალია, ფულის კურსის ცვლილება კრედიტორზე უარყოფითად აისახა, თუმცა მას შესაძლებლობა ჰქონდა ფულის კურსის მისთვის უარყოფითი შედეგისაგან თავი აერიდებინა და გადაწყვეტილების აღსრულება მისი კანონიერ ძალაში შესვლისთანავე თავად მოეთხოვა. რაკი ასე არ მოიქცა, ლარის მსყიდველობითი უნარის შემცირების უარყოფითი შედეგის რისკი მასზე გადავიდა. პალატა განმარტავს, რომ 10 წლის განმავლობაში ფულის ერთეულის (კურსის) ამგვარი ცვლილება (იხ. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია პ.7) გონივრულ მოლოდინს მიღმა არ არის და არაგანჭვრეტად რისკს არ წარმოადგენდა. ამდენად, იმიტომ რომ ლარის კურსმა დაიწია დოლართან მიმართებით ფულის კურსის გადაანგარიშება ვალდებულების შესრულების დროს არსებული კურსით ვერ მოხდება.
15. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე