Facebook Twitter

საქმე №ას-740-2022 22 ივლისი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ა. გ-ვი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „…… ბანკი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. სს „…. ბანკმა“ (შემდგომ – მოსარჩელე, ბანკი, მესაკუთრე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. გ-ის (შემდგომ – მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, გამოთავისუფლება და მესაკუთრისათვის გადაცემა.

სარჩელის საფუძვლები:

2. ბანკის განმარტებით, სადავო უძრავი ქონება მის საკუთრებას წარმოადგენს, თუმცა მოპასუხე ქონებას უკანონოდ ფლობს და მოსარჩელე ვერ ახერხებს საკუთარი ქონების განკარგვას, რის გამოც იძულებულია, დარღვეული უფლების აღსადგენად მიმართოს სასამართლოს.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო ქონება ეკუთვნოდა და ეკუთვნის მას. მხარეებს შორის არსებული სასესხო დავალიანებები დაფარული აქვს. ბანკის მიმართ ვალდებულება არ გააჩნია, თუმცა, მიუხედავად ამისა, ქონება მაინც გაიყიდა იძულებით აუქციონზე, რის შესახებაც სარჩელის აღძვის შემდგომ გახდა ცნობილი, ოჯახს კი სხვა თავშესაფარი არ გააჩნია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით მესაკუთრის სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო უძრავი ქონება ბანკის საკუთრებაა, რომელსაც მოპასუხე მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს.

8. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 170-ე და 172.1 მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ აპელანტი ვალდებულია, მესაკუთრეს კუთვნილი ქონება დაუბრუნოს.

9. პალატის მითითებით, მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოებისას არ წარუდგენია სასამართლოსთვის მტკიცებულება დავალიანების დაფარვის შესახებ, არამედ აღნიშნული მტკიცებულება დაურთო სააპელაციო საჩივარს, რომლის თანახმად, 2021 წლის 6 სექტემბრის მდგომარეობით მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ არ გააჩნია საკრედიტო დავალიანება. ამასთან, აპელანტი ვერ უთითებს სსსკ-ის 215.3 მუხლით გათვალისწინებულ რაიმე საპატიო მიზეზზე. ხსენებულის გამო კი, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეს შეეძლო პირველი ინსტანციის სასამართლოში წარედგინა მითითებული მტკიცებულება, შესაბამისად, დაკარგა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მისი წარდგენის შესაძლებლოობა.

10. გარდა ზემოხსენებულისა, პალატამ მიუთითა, რომ აპელანტის შედავება ბანკის მხრიდან ქონების უკანონოდ დასაკუთრების შესახებ არ არის გამყარებული რაიმე მტკიცებულებით, მისი მხრიდან ქონების ბანკის საკუთრებაში აღრიცხვის სამართლებრივი საფუძველი შედავებული არ არის. მხოლოდ აპელირება მასზედ, რომ მოსარჩელეს დავალიანება დაფარული აქვს, უძრავი ქონების მართლზომიერად ფლობის დამადასტურებელ გარემოებად ვერ გამოდგება, რადგანაც საჯარო რეესტრში რეგისტრირებული პირის მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციას აქარწყლებს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. შესაბამისად, პალატამ დადგენილად მიიჩნია აპელანტის მიერ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უკანონოდ ფლობის ფაქტი.

11. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივსამართლებრივი წინაპირობები არ არსებობს.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

13. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ დატოვა ძალაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. სასამართლოებმა არასწორად დაადგნეს, რომ ქონება მოპასუხის უკანონო მფლობელობაშია. სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე კანონიერად იყო მოპასუხე. მან ბანკის წინაშე ყველა სასესხო ვალდებულება შეასრულა, რის თაობაზეც ბანკისგანაც აიღო ცნობა. თუმცა მიუხედავად ამისა, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა იძულებით აუქციონი. მოპასუხეს იმედი ჰქონდა რომ აღდგებოდა სამართლიანობა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ განიხილა მისი პოზიცია და გადაწყვეტილებით მოპასუხისაგან გამოთხოვილ იქნა მისი ერთადერთი სახლი, რაც უკანონოა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

14. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებია შემდეგ გარემოებათა გამო:

15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

17. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

18. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

19. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:

20. მოსარჩელე მესაკუთრეა იმ უძრავი ნივთის, რომელსაც ფლობს მოპასუხე, თუმცა მფლობელობის კანონიერი საფუძველი არ გააჩნია.

21. სარჩელზე დავის საგანი უკავშირდება საკუთრების უფლების დაცვას და მესაკუთრის მიერ უფლების დამრღვევი პირის მიმართ აღძრულია იმგვარი მოთხოვნა, რომელიც საკუთრების უფლების ობიექტის დაბრუნებას გულისხმობს, ანუ მესაკუთრე სასამართლოს მეშვეობით ითხოვს სხვისი უკანონო მფლობელობიდან საკუთარი ნივთის გამოთხოვას.

22. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება განმარტებულია ვრცლად და იგი მოიცავს არაერთ ქონებრივ/ფულად უფლებას, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – ,,მარქსი ბელგიის წინაღმდეგ" განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება’’ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება - ,,მარქსი ბელგიის წინააღმდეგ", განაცხ. 6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

23. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

24. უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილია.

25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია:

26. სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

27. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს.

28. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე, რომელიც ითხოვს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას, წარმოადგენს სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეს, რაც დადასტურებულია ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხე არის სადავო უძრავი ქონების მფლობელი, რომელმაც, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო საკუთარი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.

29. საკასაციო პალატის აზრით, ქონების კანონიერი მესაკუთრის საკუთრების უფლების ბოჭვის საფუძველს სხვა პირის მიერ სადავო ქონების მართლზომიერი ფლობის ფაქტის დადასტურება წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოპასუხის იურიდიულ ინტერესში შემავალი სამართლებრივი შედეგი (სადავო ნივთის ფლობის უფლების შენარჩუნება) მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწეოდა, თუ იგი დაამტკიცებდა ქონების მართლზომიერად ფლობას.

30. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმეში არ არის წარდგენილი შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობის შემაფერხებელ გარემოებად მიიჩნეოდა. შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებული საკასაციო პრეტენზიები, ვერ მიიჩნევა იმგვარ საკასაციო შედავებად, რაც სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას - მოსარჩელის მიერ სადავო უძრავი ქონების საკუთრების უფლების ფაქტს გააქარწყლებდა.

31. როგორც ზემოთ აღინიშნა, კასატორმა ვერ მიუთითა ვინდიკაცური სარჩელის დაკმაყოფილების საწინააღმდეგო გარემოებასა ან მტკიცებულებაზე, ამასთან, მითითება, რომ მას ბანკის ვალი დაფარული აქვს, მესაკუთრის მხრიდან მისი კუთვნილი უძრავი ნივთის არამართლზომიერი მფლობელისაგან გამოთხოვის დამაბრკოლებელ წინაპირობას არ წარმოადგენს. აღნიშნული ვერ მიიჩნევა იმგვარ საკასაციო შედავებად, რაც მესაკუთრის მოთხოვნის გათვალისწინებით, საქმის მასალებზე დაყრდნობით - სადავო ქონებაზე კასატორის მართლზომიერ მფლობელობას გაამართლებდა და გამორიცხავდა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ქონების ბანკის საკუთრებაში აღრიცხვის სამართლებრივი საფუძველი განსახილველი საქმის დავის საგანი არ არის და მოპასუხეს მასზე ცალკე შეუძლია იდავოს.

32. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ დაამტკიცა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ყველა წინაპირობის არსებობა, რაც კასატორს სათანადო წესით არ უარყვია.

33. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

34. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

35. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

36. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-246-246-2018, 2018 წლის 20 მარტის განჩინება; № ას-1032-952-2017, 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება).

37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

38. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. ა. გ-ვს (პ/ნ …) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი …, მიმღების ანგარიშის №…, სახაზინო კოდი …) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადასახადო დავალება №…, გადახდის თარიღი 04.07.2022), 70% - 105 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე