საქმე №ას-767-2022 22 ივლისი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ბ. ხ-ვი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები - ნ. ა-ვი, ტ. ა-ვი (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ნ. ა-მა (შემდგომ – პირველი მოსარჩელე, პირველი მოწინააღმდეგე მხარე) და ტ. ა-მა (შემდგომ – მეორე მოსარჩელე, მეორე მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,….-…-ის“ (შემდგომ - ამხანაგობა, პირველი მოპასუხე), ბ. ხ-ისა (შემდგომ - მეორე მოპასუხე, კერძო საჩივრეის ავტორი) და ნ. ხ-ის (შემდგომ - მესამე მოპასუხე) მიმართ, ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობის, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და სარდაფის მესაკუთრედ აღიარების შესახებ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მეორე და მესამე მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 15 ნოემბრის განჩინებით, მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 5 აპრილის განჩინებით კი, მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩა დაუშვებლობის გამო.
3. მეორე მოპასუხემ, 2021 წლის 16 ნოემბერს, განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 10 დეკემბრის განჩინებით, განმცხადებელს უარი ეთქვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე, იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 15 ნოემბრის განჩინება ვერ იქნება ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახილების ობიექტი, ვინაიდან ამ განჩინებით საქმე არსებითად არ გადაწყვეტილა (უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება ).
5. მეორე მოპასუხემ, 2022 წლის 21 იანვარს, კვლავ მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, 2021 წლის 16 ნოემბერს წარდგენილი განცხადების იდენტური შინაარსის განცხადებით და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 31 იანვრის განჩინებით მეორე მოპასუხის მიერ 2022 წლის 21 იანვრის წარდგენილ განცხადებაზე შეწყდა საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მეორე მოპასუხეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 დეკემბრის განჩინებით, უარი ეთქვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე (განჩინება შესულია კანონიერ ძალაში). უდავოა, რომ ამ უკანასკნელმა 2022 წლის 21 იანვარს კვლავ იდენტური შინაარსის განცხადებით მიმართა სასამართლოს იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, რაც სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 272-ე მუხლის “ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია.
8. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება მეორე მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა და ამ განჩინების გაუქმება მოითხოვა.
9. კერძო საჩივრის ავტორი საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობები ვლინდება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
10. საკასაციო პალატა კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
11. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის შეფასების საგანია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, რაც უკავშირდება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ 2022 წლის 21 იანვარს წარდგენილ განცხადებაზე საქმის წარმოების შეწყვეტას.
12. საკასაციო პალატა, პირველ რიგში აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც LII თავშია დადგენილი.
13. იმავე კოდექსის 424-ე მუხლით განსაზღვრულია განცხადების განსჯადობის ზოგადი წესი, რომლის მიხედვით, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება. თუ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ეხება ერთსა და იმავე საქმეზე რამდენიმე სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილებას (განჩინებას), მაშინ იგი შეტანილ უნდა იქნეს მათ შორის ყველაზე ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში. შესაბამისად, ასეთ დროს განცხადება შეიტანება სასამართლო გადაწყვეტილების და არა განჩინების მიმღებ სასამართლო ინსტანციაში, ვინაიდან საქმის არსებითად გადაწყვეტისას და მხარის სასარჩელო განცხადების მიმართ სამართლებრივი შედეგის დადგენისას სასამართლოს დასკვნები ჩამოყალიბდება სწორედ გადაწყვეტილების სახით (სუსგ-ები: №ას-907-847-2017, 9 თებერვალი, 2018 წელი; №ას-428-411-2016, 15 მაისი, 2017 წელი). ამდენად, ზემდგომი სასამართლო განცხადების განხილვაზე უფლებამოსილია, მხოლოდ მაშინ, როდესაც მან თავისივე გადაწყვეტილებით (განჩინებით) შეცვალა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (განჩინება) და სწორედ ზემდგომი სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. შესაბამისად, ისეთ გარემოებასთან მიმართებით, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს კონკრეტულ დავაზე არსებითად მიღებულ გადაწყვეტილებას, განცხადება შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომლის მიერაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით საქმე არსებითად გადაწყდა და არა ზემდგომ სასამართლოში, რომელმაც ეს გადაწყვეტილება (ან განჩინება მისი ძალაში დატოვების თაობაზე) უცვლელად დატოვა (სუსგ-ები: №ას-550-21, 1 თებერვალი, 2022 წელი; №ა-3666-ბ-9-2021, 15 სექტემბერი, 2021 წელი; №ა-3604-ა-8-21, 6 აგვისტო, 2021 წელი).
14. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 აპრილის განჩინების საფუძველზე შევიდა კანონიერ ძალაში, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლომ, რის გამოც, კერძო საჩივრის ავტორს განცხადებით თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის უნდა მიემართა, რამდენადაც სწორედ მისი გადაწყვეტილება წარმოადგენს დავაზე სასარჩელო მოთხოვნის მიმართ სამართლებრივი შედეგის დამდგენ არსებით გადაწყვეტილებას (მოცემულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა (სუსგ-ები: №ას-681-681-2018, 30 ივლისი, 2018 წელი; №ას-1324-1262-2014, 6 თებერვალი, 2015 წელი).
15. სსსკ-ის 429-ე მუხლის მიხედვით, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს. რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით. ამდენად, განცხადების დასაშვებობის შემოწმების მიზნით სასამართლომ უნდა გაარკვიოს ყველა ის წინაპირობა (მათ შორის, შეტანილია თუ არა განცხადება განსჯადობის წესების დაცვით), რომლებიც დასაშვებობას განსაზღვრავენ.
16. საკასაციო პალატა ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, 2021 წლის 10 დეკემბრის განჩინებით, განცხადების ფორმალურ-პროცესუალური საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად კანონიერად მიიჩნია, რომ იგი განსჯადობის წესების დარღვევით იყო წარდგენილი.
17. უდავოა, რომ განმცხადებელმა, სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 10 დეკემბრის განჩინებაში განმარტებული მითითების მიუხედავად (განმცხადებელს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიემართა თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის), 2022 წლის 21 იანვარს, კვლავ იდენტური შინაარსის განცხადებით სააპელაციო სასამართლოს მიმართა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
18. საკასაციო პალატის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლომ 2022 წლის 21 იანვარს წარმოდგენილ განცხადებაში მითითებულ საკითხთან დაკავშირებით ერთხელ უკვე 2021 წლის 10 დეკემბრის განჩინებაში იმსჯელა, ამასთან, შესაბამისი მითითება გააკეთა განსჯად სასამართლოსთან დაკავშირებით, ხელმორედ იმავე შინაარსის განცხადების სააპელაციო სასამართლოს მიერ განხილვის წინაპირობა არ არსებობდა, რაზეც მართებულად მიუთითა სასამართლომ.
19. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის არსებითად სწორია, ხოლო კერძო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ. ხ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე