საქმე №ას-1210-2021 30 ივნისი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გიორგი მიქაუტაძე, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ზ. ჩა-ლი (მოპასუხე; მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მოპასუხის მხარეს)
მოწინააღმდეგე მხარე - ქ. ა-ვა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - მესაკუთრედ ცნობა, უძრავი ქონების ყადაღისგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ქ. ა-ამ (შემდგომ – მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,ი-ის“ (შემდგომ - პირველი მოპასუხე, კომპანია), ზ. ჩ-ის (შემდგომ - მეორე მოპასუხე, აპელანტი, კასატორი), მ. ჯ-ის (შემდგომ - მესამე მოპასუხე), ლ. ჟ-ის (შემდგომ - მეოთხე მოპასუხე), ლ. ვ-სა (შემდგომ - მეხუთე მოპასუხე) და ი. კ-ას (შემდეგ - მეექვსე მოპასუხე) მიმართ (მესაკუთრედ ცნობის ნაწილში სარჩელი აღძრულია მხოლოდ პირველი მოპასუხის მიმართ, ხოლო მეორე მოპასუხე ამ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში წარმოადგენს მესამე პირს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მოპასუხის მხარეს) და მოითხოვა, ცნობილ იქნეს უძრავი ქონების, ქ. თბილისში, … ქუჩა №..-ში, მე-. სართულზე მდებარე 81.91 კვ.მ №.. ბინის (ს/კ …) მესაკუთრედ და ზემოაღნიშნული უძრავი ქონება გათავისუფლდეს №…, №…, №…, № A…, № A… სააღსრულებო საქმეების ფარგლებში დადებული ყადაღისგან.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მან 2014 წლის 18 სექტემბერს ნ. ლ-გან შეიძინა წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული უძრავ ქონებაზე მომავალი საკუთრების უფლება. ამ უკანასკნელს კი მომავალი საკუთრების უფლება 2013 წლის 18 თებერვალს მართლზომიერად აქვს შეძენილი მოპასუხე კომპანიისგან. მიუხედავად იმისა, რომ ნ. ლ-ემ და მოსარჩელემ კომპანიის მიმართ თანხის გადახდის ვალდებულება შეასრულეს, უძრავ ქონებაზე ისევ კომპანიის საკუთრების უფლებაა რეგისტრირებული.
3. მოსარჩელის მითითებით, 2018 წლის ნოემბრის დასაწყისში შეიტყო, რომ მისი უძრავი ქონება დაყადაღებული იყო არაერთი კრედიტორის მიერ მოპასუხე კომპანიის ვალდებულების გამო, რითაც ირღვევა მისი, როგორც კანონიერი მესაკუთრის უფლებები.
მოპასუხეთა პოზიცია:
4. მოპასუხე კომპანიამ და მესამე-მეხუთე მოპასუხეებმა მათ წინააღმდეგ აღძრული სარჩელი ცნეს.
5. მეორე მოპასუხემ სარჩელზე წარდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მოპასუხე კომპანიას მის სასარგებლოდ დაკისრებული აქვს თანხის გადახდა. ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება გამოიწვევს კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობის შემცირებას და მოთხოვნის აღსრულების საშუალების გარეშე დატოვებს კრედიტორებს.
6. მეექვსე მოპასუხეს მის წინააღმდეგ აღძრულ სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელე ცნობილ იქნა სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრედ და უძრავი ქონება გათავისუფლდა №... №..., №..., № ... და № A... სააღსრულებო წარმოების ფარგლებში დადებული ყადაღისგან.
8. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მეორე მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომლის თანახმად, საქმის მასალებით მოსარჩელის მიერ სადავო ნივთზე უფლების მოპოვების ფაქტი არ დგინდება და აღნიშნა, რომ საქმეში წარდგენილი 2013 წლის 12 თებერვლის №.. კრების ოქმით ირკვევა სადავო ქონების გამყიდველის - მოპასუხე კომპანიის მიერ მოსარჩელის უფლებრივი წინამორბედის (ნ. ლ-ის) მიმართ, მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემის ნების გამოხატვა, უფლების შემძენმა კი უძრავ ქონებაზე გარიგების საფუძველზე მოპოვებული უფლება 2014 წლის 18 სექტემბრის ხელშეკრულებით მოსარჩელის სასარგებლოდ გაასხვისა, შესაბამისად, მოსარჩელემ უფლებრივი წინამორბედისგან სადავო ქონებაზე მომავალი საკუთრების უფლება მოიპოვა და მომავალი საკუთრების უფლების შეძენასთან ერთად მესაკუთრის ყველა უფლება მიიღო, რისი გათვალისწინებითაც, მოსარჩელესთან მიმართებით ვლინდება საკუთრების უფლების შეძენის ნამდვილობის ვალდებულებითსამართლებრივი საფუძველი.
11. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან 2013 წლის 18 თებერვლის ოქმით ირკვევა, რომ მოპასუხე კომპანიამ მოსარჩელის უფლებრივ წინამორბედთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ამ უკანასკნელის სასარგებლოდ სადავო ნივთზე მომავალი საკუთრების უფლების გადაცემის ნება გამოავლინა, რაც უფლების მიმღებმა 2014 წლის 18 სექტემბერს გაფორმებული გარიგებით მოსარჩელის სასარგებლოდ განკარგა და ამ გარიგების საფუძველზე საჯარო რეესტრში სადავო ნივთზე მოსარჩელის სამომავლო საკუთრება დარეგისტრირდა, ამის საპირისპიროდ კი, საქმის მასალებით, სადავო ქონებაზე აპელანტის სასარგებლოდ აღმასრულებლის ყადაღა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 12 დეკემბერს გაცემული №... სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო საქმის საფუძველზე დარეგისტრირდა, ადასტურებს ფაქტს მასზე, რომ სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობა წინ უსწრებდა იმ აღსასრულებელი მოთხოვნის უფლების წარმოშობას, რომლის უზრუნველსაყოფადაც სადავო ნივთზე სააღსრულებო ბიუროს ყადაღა დარეგისტრირდა, რაც გამორიცხავს ნივთის თავდაპირველი მესაკუთრის ვალდებულების უზრუნველსაყოფად ნასყიდობის საგნის დაყადაღების საფუძვლიანობას.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
13. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი ის მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, თუ რა ვალდებულებები აიღო მოპასუხე კომპანიამ ნ. ლ-ის მიმართ და, შესაბამისად, არ დგინდება, რა ვალდებულებები შეიძინა მოსარჩელემ ნ. ლ-გან. მოსარჩელემ სასამართლოში წარმოადგინა მხოლოდ მოპასუხე კომპანიის 2013 წლის 18 თებევრლის №.. კრების ოქმი, რომელიც არის ცალმხირვი გარიგება და, სადაც მითითებულია მხოლოდ ის გარემოება, რომ ნ. ლ-ძე დარეგისტრირდა უძრავი ქონების მომავალ მესაკუთრედ. მხარეთა შორის არ არსებობდა ორმხრივი გარიგება, სადაც მითითებული იქნებოდა ხელშეკრულების არსებითი პირობები.
14. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის ინტერესი, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მოპასუხე კომპანიას მის სასარგებლოდ დაეკისრა თანხის გადახდა და კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ერთადერთი წყაროა, საიდანაც შესაძლებელია, დაკმაყოფილდეს კასატორის მოთხოვნა.
15. კასატორი იმ გარემოებაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ მოსარჩელემ საკუთრების შესახებ პრეტენზია წარადგინა მას შემდგომ, რაც მოპასუხე კომპანიის მიმართ უკვე დაწყებული იყო სააღსრულებლო წარმოება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
16. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
19. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
20. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
21. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარებისა და აღნიშნული ქონების ყადაღისგან გათავისუფლების მოთხოვნის კანონიერება.
22. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს შესაგებლით სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ სადავო უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის ნაწილში არ წარმოადგენდა მოპასუხეს (იხ. სარჩელი, შესაგებელი).
23. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას და განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). სასამართლო მტკიცებით პროცესში, საპროცესო უფლების ჯეროვნად რეალიზების მიზნით, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებენ სასარჩელო მოთხოვნას (სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები, 219-ე მუხლის პირველი ნაწილი). ხოლო, მოსარჩელის მიერ ამ საპროცესო ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, მოპასუხეზეა დამოკიდებული მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების არსებობის უარყოფა (სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილი). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიც არის შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება, მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში. მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი, ასევე, დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპის ერთგვარი გამოხატულებაა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე არის დამოკიდებული, რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან (იხ. სუსგ საქმე №ას-108-2021, 22 აპრილი, 2021 წელი; №ას-467-2020, 25 ივნისი, 2021 წელი).
24. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმე №ას-664-635-2016, 02 მარტი, 2017 წელი).
25. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია სადავო უძრავ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების არსებობის ფაქტი, რასაც სავსებით იზიარებს საკასაციო პალატა და მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მოპასუხე კომპანიის 2013 წლის 18 თებერვლის №.. კრების ოქმის თანახმად, ამ უკანასკნელმა სადავო უძრავი ქონების მომავალი მესაკუთრის - ნ. ლ-ის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, საქმეში არსებული მომავალი საკუთრების უფლების ნასყიდობის შესახებ 2014 წლის 18 სექტემბრის ხელშეკრულების თანახმად, ნ. ლ-ემ 72 000 აშშ დოლარად მოსარჩელეს მიჰყიდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მომავალი საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე. ამ უკანასკნელი ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ სადავო უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში უფლება წინასწარ დაირეგისტრირა და ნივთის მომავალ მესაკუთრედ გაფორმდა, რისი გათვალისწინებითაც, კასატორის საკასაციო პრეტენზიები, რომელიც სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებას ეხება, დაუსაბუთებელია და რაიმე არსებით შედავებას არ ეფუძნება, მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კასატორს მოწინააღმდეგე მხარის მიერ საკუთრების უფლების მოპოვების კანონიერება შესაგებლით სადავოდ არ გაუხდია.
26. საკასაციო პალატის განმარტებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე აქვს უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია, აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით. სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.
27. საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას მიაპყრობს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩელებზე უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკისკენ, კერძოდ, ამ კატეგორიის დავებზე სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება, დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას. ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება (იხ. საქმე №73-2019, 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინება).
28. საკასაციო პალატის განმარტებით, უდავოა, რომ მოპასუხე კომპანიამ 2013 წლის 18 თებერვლის ოქმით, მოსარჩელის უფლებრივ წინამორბედთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ სადავო ნივთზე მომავალი საკუთრების უფლების გადაცემის ნება გამოავლინა (მოსარჩელის უფლებრივი წინამორბედის მიერ უძრავი ქონების სანაცვლოდ თანხა მოპასუხე კომპანიისთვის გადახდილია), მოსარჩელემ კი უფლებრივი წინამორბედისგან სადავო ქონებაზე მომავალი საკუთრების უფლება 2014 წლის 18 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით მოიპოვა და ამ გარიგების საფუძველზე საჯარო რეესტრში სადავო ნივთზე მისი სამომავლო უფლება დარეგისტრირდა. ამასთან, საქმის მასალების თანახმად, სადავო ქონებაზე კასატორის სასარგებლოდ აღმასრულებლის ყადაღა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 12 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო საქმის საფუძველზე დარეგისტირდა, რითაც უდავოდ დგინდება, რომ აღმასრულებლის მიერ სადაო უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების დროისათვის მოსარჩელის ზემოაღნიშნული უფლება უკვე რეგისტრირებული იყო და მას უძრავი ქონების საკუთრებაში მიღების უფლება წარმოშობილი ჰქონდა, შესაბამისად, ყადაღა, რომელიც სადავო უძრავ ნივთზე დადებულია აღმასრულებლის მიერ და მასზე აღიარებულია მოსაღჩელის საკუთრების უფლება, არ ემსახურება მოპასუხის ვალდებულების აღსრულებას და უნდა გაუქმდეს.
29. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
30. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
31. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია, შესაბამისად, ამ საქმეზე არ არის სავარაუდო საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაშისაქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
32. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-73-2019, 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინება; № ას-1963-2018, 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინება; №ას-861-804.2017, 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება განჩინება).
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
34. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. ზ. ჩ-ლს (პ/ნ ...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი ..., მიმღების ანგარიშის №..., სახაზინო კოდი ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ. პ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება №... / გადახდის თარიღი 30.11.2021), 70% - 210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
გიორგი მიქაუტაძე
მირანდა ერემაძე