საქმე №ა-4690-შ-143-2021 9 აგვისტო, 2022 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ლ. შ-ვა ს. კიზი
მოწინააღმდეგე მხარე – რ. ნ-ვი ბ. ოღლი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ --- … რაიონული სასამართლოს 2016 წლის 16 მაისის №--- გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ … --- რაიონული სასამართლოს 2016 წლის 16 მაისის №--- გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, რ. ნ-ოვ ბ. ოღლის (შემდგომში - „მოწინააღმდეგე მხარე“) ლ. შ-ვა ს. კიზის (შემდგომში - „შუამდგომლობის ავტორი“) სასარგებლოდ დაეკისრა 20 000 აზერბაიჯანული მანეთი.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2021 წლის 25 სექტემბრის №… წერილით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციისა და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 70-ე მუხლების შესაბამისად, შემდგომი რეაგირებისათვის გადმოგზავნა ლ. შ-ვა ს. კიზის შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ … --- რაიონული სასამართლოს 2016 წლის 16 მაისის №--- გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე.
3. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ … --- რაიონული სასამართლოს 2016 წლის 16 მაისის №--- გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ რ. ნ-ვი ბ. ოღლი იყო მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) და მას ჰყავდა წარმომადგენელი, რომელსაც სასამართლოს უწყებით ეცნობა 2016 წლის 16 მაისის სხდომის თაობაზე.
4. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ … --- რაიონული სასამართლოს 2016 წლის 16 მაისის №--- გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2017 წლის 30 ივნისს.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართოლში წარმოედგინა: ა) შუამდგომლობისა და მასზე თანდართული დოკუმენტების ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი, რომელიც ძირითად დოკუმენტებთან ერთად აკინძული (შეკერილი) იქნებოდა სათანადო წესით; ბ) ინფორმაცია მოწინააღმდეგე მხარის ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის) თაობაზე; გ) აზერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს ქალაქ ბაქოს --- რაიონის სააღსრულებო წარმოების დეპარტამენტის მიერ სათანადო წესით (ბეჭდით) დამოწმებული ცნობა, იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ … --- რაიონული სასამართლოს 2016 წლის 16 მაისის №--- გადაწყვეტილება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველი.
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტა საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.
8. ამავე კანონის 63-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისათვის ცალკეულ საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
9. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
11. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის (მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობის) სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.
12. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლში წარმოედგინა: ა) შუამდგომლობისა და მასზე თანდართული დოკუმენტების ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი, რომელიც ძირითად დოკუმენტებთან ერთად აკინძული (შეკერილი) იქნებოდა სათანადო წესით; ბ) ინფორმაცია მოწინააღმდეგე მხარის ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის) თაობაზე; გ) აზერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს ქალაქ … --- რაიონის სააღსრულებო წარმოების დეპარტამენტის მიერ სათანადო წესით (ბეჭდით) დამოწმებული ცნობა, იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ … --- რაიონული სასამართლოს 2016 წლის 16 მაისის №---გადაწყვეტილება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
14. მოცემულ შემთხვევაში, ხარვეზის შესახებ განჩინება შუამდგომლობის ავტორს ზედიზედ ორჯერ გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით შუამდგომლობაში და თანდართულ მასალებში არსებულ მისამართებზე. პირველად გზავნილი გაიგზავნა მისამართზე - აზერბაიჯანი, ქ. --, სოფ. ---, --- ქ. სახლი -, ბ. -. მეორედ გზავნილი გაიგზავნა მისამართზე - აზერბაიჯანი, ქ. ---, --- რაიონი, -. --- დასახ. ---- ქ. -, -. ---. მიუხედავად ამისა, ადრესატისთვის გზავნილის ჩაბარება მაინც ვერ მოხერხდა. კორესპოდენციის ჩაუბარებლობის მიზეზად შეტყობინების ბარათებში ორივე შემთხვევაში მითითებულია, რომ მიმღები ვერ მოიძებნა.
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. ამავე კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება.
16. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან შუამდგომლობის ავტორს 2021 წლის 21 ოქტომბრის განჩინება გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, ხოლო გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა, საკასაციო სასამართლო შუამდგომლობის ავტორისათვის ხარვეზის განჩინებას ჩაბარებულად მიიჩნევს განმეორებით გაგზავნილი უწყების ჩაუბარებლობის დამადასტურებელ შეტყობინებაში მითითებულ დროს - 2022 წლის 30 ივნისს.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2022 წლის 1 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 30 ივლისს. ვინაიდან 30 ივლისი იყო არასამუშაო დღე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა მომდევნო სამუშაო დღეს, 2022 წლის 1 აგვისტოს.
18. ამ დროის განმავლობაში შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, შესაბამისად, არსებობს შუამდგომლობის განუხილველად დატოვების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე და 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი და 63-ე, 374-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. შ-ვა ს. კიზის შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ .. --- რაიონული სასამართლოს 2016 წლის 16 მაისის №--- გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველი;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნინო ბაქაქური