საქმე №ა-1927-შ-54-2022
15 ივლისი 2022 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი -ლ.ი–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ხ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე გერმანიის ქალაქ დორტმუნდის საქალაქო სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გერმანიის ქალაქ დორტმუნდის საქალაქ სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 17.08.2015 წლის გადაწყვეტილებით ლ.ი–სა და ნ.ხ–ს შორის შეწყდა ქორწინება. მათ საერთო შვილზე - გ.ხ–ზე, დაბადებული - 08.05.2004 წ. მზრუნველობის უფლება მიენიჭა დედას.
2022 წლის 20 აპრილს, ლ.ი–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის, ქალაქ დორტმუნდის საქალაქო სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 17.08.2015 წლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 17.08.2015 წელს. შუამდგომლობაზე დართული პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა, ასევე საქართველოს მოქალაქეა მოპასუხეც.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 მაისის განჩინებით ლ.ი–ის შუამდგომლობა გერმანიის ქალაქ დორტმუნდის საქალაქო სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 17.08.2015 წლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას თანდართული მასალებით და მიიჩნია, რომ ლ.ი–ის შუამდგომლობა დორტმუნდის საქალაქო სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ დორტმუნდის საქალაქო სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით, 2003 წლის 23 აგვისტოს, მმაჩის ბიუროში თბილისი/საქართველო მონაწილე მხარეებს შორის დარეგისტრირებული ქორწინება რეესტრის ნომრით 0019965 გაუქმდა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულია უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები. კერძოდ, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
პალატა აქვე განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების მიმართ მოქმედებს თეორია, რომელიც ქართულად შეგვიძლია „გათანაბრების თეორიად“ ვთარგმნოთ. ამის მიხედვით, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნას და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას. მაშასადამე, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი. იგი ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემების თანასწორუფლებიანობის პრინციპულ მოსაზრებას. უცხოური სასამართლო აქტის მოქმედების ტერიტორიის გაფართოება არ არის უსაზღვრო. მეორად ქვეყანაში მხოლოდ ის უცხოური საპროცესო შედეგები უნდა იქნას ცნობილი, რომლებსაც იცნობს ცნობის განმახორციელებელი სახელმწიფოს სამართალი (იხ. სუსგ: საქმე №ა-4110-შ-117-2021, 2021 წლის 05 ოქტომბერი, ასევე იხ: ლევან გოთუა, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია. თბილისი, 2010წ., გვ.14.).
ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, დორტმუნდის საქალაქო სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, რაც აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.ი–ის შუამდგომლობა დორტმუნდის საქალაქო სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე დორტმუნდის საქალაქო სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება ლ.ი–ს და ნ.ხ–ს შორის განქორწინების თაობაზე;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე