3გ-ად-40-გ-02 29 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა: ბ. მ.-ი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
მ. ვაჩაძე
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა მ. რ.-ის სასარჩელო განცხადების განსჯადობის საკითხი.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს გენერალური პროკურორის 05.06.02წ. ¹252-პ ბრძანებით, ,,პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის I პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის IV პუნქტის ,,ვ" ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად სამსახურეობრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულების, სამსახურეობრივი დისციპლინის სისიტემატურად დარღვევის, ზემდგომი პროკურორის კანონიერი მითითებების და მოთხოვნების შესრულებაზე უარის თქმის გამო დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების პროკურორი მ. რ.-ი.
მ. რ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ზემოაღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობა, დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი გაცდენილი დროის ხელფასის სრული ანაზღაურება. ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 26.09.02წ. განჩინებით მ. რ.-ის სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახდო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 07.10.02წ. განჩინებით მ. რ.-ის სასარჩელო განცხადება მოპასუხე _ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ, საქმის მასალებთან ერთად, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად, გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას. სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა, რომ მ. რ.-ის თანამდებობაზე დანიშვნა მოხდა ადმინისტრაციულ ორგანოსა და თვით მოსარჩელეს შორის გარიგების დადების შედეგად, ანუ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული გარიგების შედეგად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, განსჯადობის თაობაზე რაიონულ და საოლქო სასამართლოთა განჩინებების განჩინების შედეგედ მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული დავა განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ შემთხვევაში ფიზიკურ პირს _ მ. რ.-სა და ადმინისტრაციულ ორგანოს _ საქართველოს გენერალურ პროკურატურას შორის, 05.06.02წ.¹252-პ ბრძანებით შეწყდა საჯარო სამართლებრივი შრომითი ურთიერთობა. ამდენად, დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული გარიგების _ საჯარო-შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული წესით განსჯად საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება. საქართველოს გენერალური პროკურორის 05.06.02წ. ¹252-პ ბრძანება ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით შეიცავს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, სახელდობრ, ბრძანება ადმინისტრაციული ორგანოს _ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ მიღებულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, არის ინდივიდუალურ სამართლებრივ ხასიათის და კონკრეტულად მოსარჩელესა და ადმინისტრაციულ ორგანოს _ პროკურატურას შორის ადმინისტრაციული გარიგების _ საჯარო სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტას ეხება. ამასთანავე, ბრძანების სამართლებრივ შედეგს და მიზანს წარმოადგენს საჯარო-შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს ბრძანება მუშაკის სამუშაოზე მიღების ან გათავისუფლების შესახებ, თავისი არსით, არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს. შესაბამისად, სასამართლომ უნდა იქონიოს მსჯელობა ბრძანების, როგორც ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტის კანონიერებაზე, მისი ,,პროკურატურის შესახებ", «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონებთან, «შრომის კანონთა კოდექსთან» და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-V თავთან შესაბამისობაზე. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 6.1 მუხლის «დ" ქვეპუნქტის თანახმად საოლქო სასამართლოები პირველი ინსტანციიის წესით განიხილავენ ადმინისტრაციული გარიგების დადების ან შესრულებასთან დაკავშირებულ სარჩელებს იმ შემთხვევაში თუ სარჩელის ფასი 500000 ლარს აღემატება. «პროკურატურის შესახებ" ორგანული კანონის 7.8 და 37-ე მუხლების მიხედვით პროკურატურის მუშაკს უფლება აქვს უფლებების თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით. ამდენად, პროცესუალური სუბიექტების, სადავო სამართალურთიერთობის არსისა და დავის საგნის მიხედვით, მოცემული სარჩელი არის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული, თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული დავა და ამავე კოდექსის 26-ე მუხლის შესაბამისად, განსახილველად უნდა გადაეცეს განსჯად სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2, 26-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. რ.-ის სასარჩელო განცხადება განსახილველად განსჯადობით დაექვემდებაროს ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს;
2. მ. რ.-ის სასარჩელო განცხადება საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეცეს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.