Facebook Twitter

საქმე №ა-3015-შ-86-2022 21 ივლისი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - მ.ზ–ე

მოწინააღმდეგე მხარე - ფ.შ-ზ–ე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს - თურქეთის რესპუბლიკის ანკარის მე-8 საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება

დავის საგანი - განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ.ზ–ემ 2022 წლის 13 ივნისს შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის ანკარის მე-8 საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 20 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა განქორწინების ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ივნისის განჩინებით მ.ზ–ეს შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ მ.ზ–ეს შუამდგომლობა განქორწინების ნაწილში თურქეთის რესპუბლიკის ანკარის მე-8 საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 20 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. იმავე ნორმის მე-5 პუნქტის მიხედვით კი, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

განსახილველ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, შესაბამისი წესით დამოწმებული, თურქეთის რესპუბლიკის ანკარის მე-8 საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით მ.ზ–ე და ფ.შ-ზ–ე განქორწინდნენ. აღსანიშნავია, რომ მხარეები ინფორმირებულნი იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე. ასევე, დასტურდება, რომ გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში 2015 წლის 19 ოქტომბრიდან. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეორე პუნქტში მითითებული, გადაწყვეტილების ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები.

შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკის ანკარის მე-8 საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ზ–ეს შუამდგომლობა განქორწინების ნაწილში თურქეთის რესპუბლიკის ანკარის მე-8 საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 20 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს თურქეთის რესპუბლიკის ანკარის მე-8 საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შეწყდა მ.ზ–ესა და ფ.შ-ზ–ეს შორის ქორწინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე