საქმე №ა-3226-შ-82-2017 7 ოქტომბერი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორები – კ. გ-სი, ტ. პ-სი, ი. პ-ვი, ს. ი-კა
მოწინააღმდეგე მხარე – ა. გ-სი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორები მოითხოვენ – ლიეტუვის (ლიტვის) რესპუბლიკის ვილნიუსის საოლქო სასამართლოს 2016 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება, ვილნიუსის საოლქო სასამართლოს 2016 წლის 9 მაისის დამატებითი გადაწყვეტილება, ლიეტუვის (ლიტვის) სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 8 სექტემბრის დადგენილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ლიეტუვის (ლიტვის) რესპუბლიკის ვილნიუსის საოლქო სასამართლოს 2016 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით მოპასუხე ა. გ-სს (შემდგომში - „მოწინააღმდეგე მხარე“ ან „მოპასუხე“) დაეკისრა მოსარჩელე ტ. პ-ის სასარგებლოდ, დაუბრუნებელი ფულადი სახსრების სახით, 16381,27 ევროს, 2930,40 ევროს პროცენტისა და 5 პროცენტის ოდენობის წლიური საპროცესო პროცენტის ანაზღაურება სასამართლო დავის დაწყების დღიდან, ე.ი. 2011 წლის 1 აგვისტოდან სასამართლო გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე; მოსარჩელე ი. პ-ის სასარგებლოდ, დაუბრუნებელი ფულადი სახსრების სახით, 16381,27 ევროს, 2930,40 ევროს პროცენტისა და 5 პროცენტის ოდენობის წლიური საპროცესო პროცენტის ანაზღაურება სასამართლო დავის დაწყების დღიდან, ე.ი. 2011 წლის 1 აგვისტოდან სასამართლო გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე; მოსარჩელე ს. ი-ას სასარგებლოდ, დაუბრუნებელი ფულადი სახსრების სახით, 16104,58 ევროს, 2881,17 ევროს პროცენტისა და 5 პროცენტის ოდენობის წლიური საპროცესო პროცენტის ანაზღაურება სასამართლო დავის დაწყების დღიდან, ე.ი. 2011 წლის 1 აგვისტოდან სასამართლო გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე; ხოლო მოსარჩელე კ. გ-ის სასარგებლოდ, დაუბრუნებელი ფულადი სახსრების სახით, 12923,40 ევროს, 2312,05 ევროს პროცენტისა და 5 პროცენტის ოდენობის წლიური საპროცესო პროცენტის ანაზღაურება სასამართლო დავის დაწყების დღიდან, ე.ი. 2011 წლის 1 აგვისტოდან სასამართლო გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე.
2. ვილნიუსის საოლქო სასამართლოს 2016 წლის 9 მაისის დამატებითი გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელეების ტ. პ-ის, ი. პ-ის, ს. ი-სა და კ. გ-ის (შემდგომში - „შუამდგომლობის ავტორები“ ან „მოსარჩელეები“) სასარგებლოდ ადვოკატის დახმარების ხარჯების გადახდა, რომელიც შეადგენს 1558 ევროს, ასევე საგერბო მოსაკრებლის გადახდა, რომელიც შეადგენს 1746,40 ევროს და თარგმნის ხარჯების ასანაზღაურებლად 453 ევროს გადახდა.
3. ლიეტუვის (ლიტვის) სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 8 სექტემბრის დადგენილებით ვილნიუსის საოლქო სასამართლოს 2016 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი, ამასთან, მოსარჩელეების სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა 320 ევროს ოდენობის, ე.ი. თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 80-80 ევროს ოდენობის სააპელაციო სასამართლოს საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება.
4. მოსარჩელეების წარმომადგენელმა ლ. მ-ემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა ლიეტუვის (ლიტვის) რესპუბლიკის ვილნიუსის საოლქო სასამართლოს 2016 წლის 6 მაისის გადაწყვეტილების, ვილნიუსის საოლქო სასამართლოს 2016 წლის 9 მაისის დამატებითი გადაწყვეტილებისა და ლიეტუვის (ლიტვის) სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 8 სექტემბრის დადგენილების (შემდგომში - „საცნობი გადაწყვეტილებები“) ცნობა და აღსრულება.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებებიდან ირკვევა, რომ ვილნიუსის საოლქო სასამართლოს 2016 წლის 6 მაისისა და 2016 წლის 9 მაისის სხდომები გაიმართა ზეპირი მოსმენით, მხარეები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებულნი საქმის განხილვის თაობაზე და მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში. რაც შეეხება ლიეტუვის (ლიტვის) სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 8 სექტემბრის დადგენილებას, იგი გამოტანილია ზეპირი მოსმენის გარეშე, თუმცა დადგენილების შინაარსიდან ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ სასამართლო განხილვის თაობაზე, კერძოდ, მოპასუხის სააპელაციო საჩივარზე მოსარჩელეებს წარდგენილი ჰქონდათ სააპელაციო შესაგებელი.
6. შუამდგომლობის ავტორების მიერ წარმოდგენილი, ვილნიუსის საოლქო სასამართლოს მიერ 2016 წლის 20 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლებით დგინდება, რომ ვილნიუსის საოლქო სასამართლოს 2016 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება და ლიეტუვის (ლიტვის) სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 8 სექტემბრის დადგენილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 8 სექტემბერს, ხოლო ვილნიუსის საოლქო სასამართლოს 2016 წლის 9 მაისის დამატებითი გადაწყვეტილება - 2016 წლის 31 მაისს.
7. შუამდგომლობის ავტორების განცხადებით, ლიეტუვის (ლიტვის) რესპუბლიკაში სააღსრულებო ფურცლებზე არ მიმდინარეობს წარმოება, ვინაიდან მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარეობს საქართველოში. ამასთან, აღსრულებადი საქმეების შესახებ ლიეტუვის (ლიტვის) რესპუბლიკის აღსრულების ბიუროს აპოსტილით დამოწმებული ცნობიდან ირკვევა, რომ ვილნიუსის საოლქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე, კრედიტორებისათვის დაუბრუნებელი (ამოუღებელი) ვალი (ვალი და პროცენტი) შეადგენს 92983,31 ევროს, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საცნობი გადაწყვეტილებების აღსრულება არ მომხდარა ამ გადაწყვეტილებების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელეების შუამდგომლობა საცნობი გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად, ხოლო ამავე სასამართლოს 2017 წლის 14 ნოემბრის განჩინებით შუამდგომლობის ავტორების წარმომადგენლის ლ. მ-ის განცხადება საცნობი გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა; ყადაღა დაედო მოწინააღმდეგე მხარის საკუთრებაში არსებულ მშენებარე ფართს, მდებარე ქალაქ ბათუმში, … … ქუჩა №..-ში, მშენებარე სასტუმრო კომპლექსში (ფართი: 39,25 კვ.მ. სართული .., ბინა №…, ბლოკი „.”, ნიშნული 33.2, საკადასტრო კოდი: №---).
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ნოემბრის განჩინება და შუამდგომლობა თანდართულ მასალებთან ერთად მოწინააღმდეგე მხარეს ჩაბარდა 2017 წლის 11 დეკემბერს.
10. ზემოაღნიშნული განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში ჰქონდა აღნიშნულ შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მას შეეძლო მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე. თუმცა, მას განჩინებით განსაზღვრულ ვადაში აღნიშნულ შუამდგომლობაზე აზრი არ გამოუთქვამს, ასევე, არ მოუთხოვია საქმის ზეპირი განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
11. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა საცნობი გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
12. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო [„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5 მუხლი]. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება [კანონის 70.3 მუხლი].
13. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებიდან გამომდინარე, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით [გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს].
14. დავის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განხილვის საგანია მოცემულ საქმეზე საქართველოს განსაკუთრებული კომპეტენციის გავრცელების საკითხი (კანონის 68.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი), ხოლო, რაც შეეხება ზემოხსენებულ ნორმებში მითითებულ სხვა დამაბრკოლებელ გარემოებებს, სასამართლო მიიჩნევს, რომ მათი არარსებობა ცალსახაა.
15. ლიეტუვის (ლიტვის) რესპუბლიკის ვილნიუსის საოლქო სასამართლოს 2016 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ სასამართლომ განიხილა სამოქალაქო საქმე მოსარჩელეების სარჩელის საფუძველზე მოპასუხის მიერ დაუბრუნებელი ფულადი სახსრების დაკისრებასთან დაკავშირებით და მოპასუხის შემხვედრი სარჩელი მოსარჩელეების წინააღმდეგ ხელშეკრულების პირობებში ცვლილებების შეტანის შესახებ.
16. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე ტ. პ-სსა და მოპასუხეს შორის 2007 წლის 5 ივლისს ხელმოწერილი იყო ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქალაქ ბათუმში,--- ქუჩაზე (--- ქუჩის გაგრძელება, ცენტრალური ბულვარი), სასტუმროებისა და საცხოვრებელი სახლების კომპლექსში „… ….“ შემსყიდველის სახელით შპს „…”-ს ბათუმის ფილიალისგან „…”-სგან ბინის შესყიდვა. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის მიხედვით, შემსრულებელი (მოპასუხე) ვალდებული იყო შემსყიდველისთვის (მოსარჩელისთვის) შეესყიდა ბინა საქართველოში, გამყიდველი ორგანიზაციის მიერ დადგენილი პირობების გათვალისწინებით და გადაეცა იგი შემსყიდველის საკუთრებაში მას შემდეგ, რაც ბინა, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ექსპლუატაციაში იქნებოდა მიღებული. 2007 წლის 5 ივლისს ანალოგიური ხელშეკრულებები დაიდო მოსარჩელეებთან კ. გ-სსა და ი. პ-ან. მოსარჩელე ს. ი-ან წერილობითი ხელშეკრულება არ გაფორმებულა, მოპასუხისათვის განხორციელებული გადარიცხვების საფუძველი გამყიდველთან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი იყო, რომელიც მოპასუხემ მოსარჩელეებს გადასცა.
17. გადაწყვეტილების თანახმად, მოსარჩელეებსა და მოპასუხეს შორის შედგენილი ხელშეკრულებებისა და ურთიერგაგების მემორანდუმის გათვალისწინებით, მოსარჩელეებმა ბინების დაჯავშნისათვის მოპასუხის საბანკო ანგარიშზე რამდენჯერმე შეიტანეს ფულადი თანხები. 2007 წლის 26 დეკემბერს გამყიდველ კომპანიასა და მოსარჩელეებს შორის გაფორმდა უძრავი ქონების (შენობის) ნაწილის ნასყიდობის ხელშეკრულება განვადებით. მოსარჩელეების მტკიცებით, მოპასუხემ მოსარჩელეების მიერ გადარიცხული თანხებით ბინების დაჯავშნისათვის გადარიცხა გადახდილი თანხების მხოლოდ ნაწილი, ხოლო თანხის დიდი ნაწილი მოსარჩელეების გაუფრთხილებლად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე თავის საკუთრებაში დაიტოვა, რითიც უსაფუძვლოდ გამდიდრდა.
18. ვილნიუსის საოლქო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2007 წლის 5 ივლისის ხელშეკრულებებისა და ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე მხარეებს შორის წარმოიშვა წარმომადგენლობითი ურთიერთობები (ლიეტუვის სკ 6.756 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმომადგენლობითი ხელშეკრულებით ერთი მხარე (რწმუნებული) ვალდებულია მეორე მხარის (მარწმუნებლის) სახელით და სახსრებით განახორციელოს გარკვეული სამართლებრივი ქმედებები მესამე პირებთან). გადაწყვეტილების თანახმად, წარმომადგენლობითი ხელშეკრულება მოპასუხესა და მოსარჩელეებს შორის დასრულდა 2007 წლის 26 დეკემბერს, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დღეს. სასამართლომ იხელმძღვანელა ლიეტუვის სკ-ის 6.764 მუხლის მეოთხე ნაწილითა და 6.760 მუხლის მერვე ნაწილით (რომელთა თანახმად, წარმომადგენლობითი ხელშეკრულების დასრულების შემდეგ, რწმუნებულმა მარწმუნებელს უნდა დაუბრუნოს ყველაფერი, რაც მას მიღებული აქვს ხელშეკრულებით და წარადგინოს ანგარიშფაქტურა) და აღნიშნა, რომ მოპასუხემ არ წარადგინა ანგარიშფაქტურები და არ დააბრუნა მის განკარგულებაში დარჩენილი თანხების ნაწილი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მოსარჩელეების სარჩელი დააკმაყოფილა და მოპასუხეს მის განკარგულებაში არსებული დარჩენილი თანხების (რომელიც მოპასუხემ არ გამოიყენა მოსარჩელეების სასარგებლოდ) დაბრუნება დააკისრა.
19. ლიეტუვის (ლიტვის) სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 8 სექტემბრის დადგენილებით ვილნიუსის საოლქო სასამართლოს 2016 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეები შეთანხმდნენ უსასყიდლო წარმომადგენლობითი სამართლებრივი ურთიერთობების თაობაზე და მოპასუხე ვალდებული იყო მოსარჩელეებისთვის დაებრუნებინა მის განკარგულებაში არსებული დარჩენილი თანხები.
20. ამდენად, საცნობი გადაწყვეტილებების თანახმად, მოპასუხეს დაეკისრა უძრავი ქონების შესყიდვის დავალების ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული თანხების დაბრუნების ვალდებულება (მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით დაკვალიფიცირდება დავალების ხელშეკრულებად: გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე [მუხლი 103.1]; დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე [მუხლი 709]; რწმუნებული მოვალეა დაუბრუნოს მარწმუნებელს ყველაფერი, რაც მან მიიღო მინდობილი მოქმედების შესასრულებლად და არ გამოიყენა ამისათვის, აგრეთვე ისიც, რაც მან შეიძინა მინდობილი მოქმედების შესრულებასთან დაკავშირებით [მუხლი 715.1]). ამასთან, რაც მოცემული შუამდგომლობის განხილვის მიზნებისთვის მნიშვნელოვანია, მხარეთა შორის წარმოშობილი დავალების ხელშეკრულება ეხება საქართველოში არსებული უძრავი ქონების (ბინის) შესყიდვას.
21. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სასამართლოებს განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ მხოლოდ იმ სარჩელებზე, რომლებიც ეხება უძრავ ქონებას, თუ ეს ქონება საქართველოშია. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მსჯელობის საგანია, წარმოადგენს თუ არა საქართველოში მდებარე უძრავი ქონების შესყიდვის დავალების ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული თანხების დაბრუნების შესახებ აღძრული დავა საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას.
22. ზემოაღნიშნული საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია შეფასდეს - მოსარჩელეთა მოთხოვნა წარმოადგენს თუ არა უძრავ ნივთებთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო მოთხოვნას.
23. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ განხილულ ერთ-ერთ საქმეზე, რომელშიც მოსარჩელე ითხოვდა დავალების ხელშეკრულებით მიღებული თანხის მოპასუხე მხარისათვის დაკისრებას. აღნიშნულ საქმეზე სასამართლომ განმარტა, რომ, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარეობდა და იგი არ იყო მიმართული ამ ხელშეკრულების ფარგლებში დადებული გარიგების ბათილად ცნობისაკენ, რომლითაც განიკარგა უძრავი ნივთი, სახელშეკრულებო მოთხოვნებისათვის დადგენილი ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა უნდა ყოფილიყო გამოყენებული. შესაბამისად, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა 6 წლით, რადგანაც, სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს (იხ. სუსგ საქმე №ას-1264-1204-2014, 2 ოქტომბერი, 2015 წელი).
24. სხვა საქმეში საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა კასატორის ის პრეტენზია, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის 6-წლიანი ვადა უნდა გავრცელებულიყო და განმარტა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულების შესრულებაზე - კერძოდ, კი მყიდველის მიერ ნასყიდობის საგნის საფასურის გადახდაზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორად იხელმძღვანელეს სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სახელშეკრულებო მოთხოვნის 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადით (იხ. სუსგ საქმე №ას-462-2019, 31 ივლისი, 2019 წელი).
25. იურიდიულ დოქტრინაში განვითარებული შეხედულების თანახმად, უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ექვსწლიანი ვადა, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების ობიექტი უძრავი ნივთია, არ გამოიყენება სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილი იმ მოთხოვნების მიმართ, რომელთა საფუძველს, ამა თუ იმ კერძოსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობა წარმოადგენს. მაგალითად, უძრავი ნივთის იჯარის ან ქირავნობიდან გამომდინარე ქირის, იჯარის ან სხვა სახელშეკრულებო პირობების შესრულების მოთხოვნებზე ზოგადი ან ამ ურთიერთობისთვის გათვალისწინებული სპეციალური ხანდაზმულობის ვადები გამოიყენება (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 1-146, თბილისი 2017, გვ. 729-730).
26. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი დავალების ხელშეკრულების საგანი იყო საქართველოში მდებარე უძრავი ნივთის შესყიდვა, ზემოთ მოხმობილი სასამართლო პრაქტიკიდან და იურიდიული დოქტრინიდან გამომდინარე, უძრავ ნივთთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო მოთხოვნად ვერ ჩაითვლება განსახილველ საქმეში მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნა, რადგან იგი ეხება არა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემას ან გაუქმებას და სხვ., არამედ - დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაუბრუნებელი ფულადი სახსრების მოპასუხისთვის დაკისრებას.
27. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავის ფარგლებში აღძრული სარჩელი არ ეხება უძრავ ქონებას და, შესაბამისად, სახეზე არ არის „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოება, საქმე არ განეკუთვნება საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას.
28. შესაბამისად, ლიეტუვის (ლიტვის) რესპუბლიკის ვილნიუსის საოლქო სასამართლოს 2016 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება, ვილნიუსის საოლქო სასამართლოს 2016 წლის 9 მაისის დამატებითი გადაწყვეტილება და ლიეტუვის (ლიტვის) სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 8 სექტემბრის დადგენილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე და 71-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ. გ-ის, ტ. პ-ის, ი. პ-სა და ს. ი-ას შუამდგომლობა ლიეტუვის (ლიტვის) რესპუბლიკის ვილნიუსის საოლქო სასამართლოს 2016 წლის 6 მაისის გადაწყვეტილების, ვილნიუსის საოლქო სასამართლოს 2016 წლის 9 მაისის დამატებითი გადაწყვეტილებისა და ლიეტუვის (ლიტვის) სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 8 სექტემბრის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად:
2.1. ლიეტუვის (ლიტვის) რესპუბლიკის ვილნიუსის საოლქო სასამართლოს 2016 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხე ა. გ-სს (პ/ნ ---) დაეკისრა მოსარჩელე ტ. პ-ის (პ/ნ ---) სასარგებლოდ, დაუბრუნებელი ფულადი სახსრების სახით, 16381,27 ევროს (თექვსმეტი ათას სამას ოთხმოცდაერთი ევრო და ოცდაშვიდი ცენტი), 2930,40 ევროს (ორი ათას ცხრაას ოცდაათი ევრო და ორმოცი ცენტი) პროცენტისა და 5 პროცენტის ოდენობის წლიური საპროცესო პროცენტის ანაზღაურება სასამართლო დავის დაწყების დღიდან, ე.ი. 2011 წლის 1 აგვისტოდან სასამართლო გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე; მოსარჩელე ი. პ-ის (პ/ნ ---) სასარგებლოდ, დაუბრუნებელი ფულადი სახსრების სახით, 16381,27 ევროს (თექვსმეტი ათას სამას ოთხმოცდაერთი ევრო და ოცდაშვიდი ცენტი), 2930,40 ევროს (ორი ათას ცხრაას ოცდაათი ევრო და ორმოცი ცენტი) პროცენტისა და 5 პროცენტის ოდენობის წლიური საპროცესო პროცენტის ანაზღაურება სასამართლო დავის დაწყების დღიდან, ე.ი. 2011 წლის 1 აგვისტოდან სასამართლო გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე; მოსარჩელე ს. ი-ას (პ/ნ ---) სასარგებლოდ, დაუბრუნებელი ფულადი სახსრების სახით, 16104,58 ევროს (თექვსმეტი ათას ას ოთხი ევრო და ორმოცდათვრამეტი ცენტი), 2881,17 ევროს (ორი ათას რვაას ოთხმოცდაერთი ევრო და ჩვიდმეტი ცენტი) პროცენტისა და 5 პროცენტის ოდენობის წლიური საპროცესო პროცენტის ანაზღაურება სასამართლო დავის დაწყების დღიდან, ე.ი. 2011 წლის 1 აგვისტოდან სასამართლო გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე; ხოლო მოსარჩელე კ. გ-ის (პ/ნ ---) სასარგებლოდ, დაუბრუნებელი ფულადი სახსრების სახით, 12923,40 ევროს (თორმეტი ათას ცხრაას ოცდასამი ევრო და ორმოცი ცენტი), 2312,05 ევროს (ორი ათას სამას თორმეტი ევრო და ხუთი ცენტი) პროცენტისა და 5 პროცენტის ოდენობის წლიური საპროცესო პროცენტის ანაზღაურება სასამართლო დავის დაწყების დღიდან, ე.ი. 2011 წლის 1 აგვისტოდან სასამართლო გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე;
2.2. ვილნიუსის საოლქო სასამართლოს 2016 წლის 9 მაისის დამატებითი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხე ა. გ-სს (პ/ნ ---) დაეკისრა მოსარჩელეების ტ. პ-ის (პ/ნ ---), ი. პ-ის (პ/ნ ---), ს. ი-სა (პ/ნ ---) და კ.გ-ის (პ/ნ---) სასარგებლოდ ადვოკატის დახმარების ხარჯების გადახდა, რომელიც შეადგენს 1558 ევროს, ასევე საგერბო მოსაკრებლის გადახდა, რომელიც შეადგენს 1746,40 ევროს და თარგმნის ხარჯების ასანაზღაურებლად 453 ევროს გადახდა;
2.3. ლიეტუვის (ლიტვის) სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 8 სექტემბრის დადგენილება, რომლითაც ტ. პ-ის (პ/ნ ---), ი. პ-ის (პ/ნ ---), ს. ი-სა (პ/ნ ---) და კ. გ-ის (პ/ნ ---) სასარგებლოდ მოპასუხე ა. გ-სს (პ/ნ ---) დაეკისრა 320 (სამას ოცი) ევროს ოდენობის, ე.ი. თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 80-80 (ოთხმოცი) ევროს ოდენობის სააპელაციო სასამართლოს საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე