საქმე №ას-245-2019 5 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – სს „ა-დი“
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 დეკემბრისა და ამავე სასამართლოს 2019 წლის 4 თებერვლის განჩინებები
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილება
დავის საგანი – საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „ა-იმ“ (შემდგომში - „განმცხადებელი“, „საჩივრის ავტორი“, „კონტრაქტორი“, „პრინციპალი“ ან „საარბიტრაჟო მოსარჩელე“) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას მიმართა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის (შემდგომში - „მოწინააღმდეგე მხარე“, „დამკვეთი“, „ბენეფიციარი“, „საარბიტრაჟო მოპასუხე“ ან „დეპარტამენტი“) მიმართ და მოითხოვა:
1.1. საარბიტრაჟო მოპასუხეს აეკრძალოს სს „----“ (შემდგომში - „გარანტი“ ან „ბანკი“) მიერ 2017 წლის 29 აგვისტოს გაცემული №….-… და 2017 წლის 13 სექტემბერს გაცემული №….-… და №…-… საბანკო გარანტიების (შემდგომში - „საბანკო გარანტიები“) საფუძველზე ან/და მათგან გამომდინარე ნებისმიერი გადახდის მოთხოვნა;
1.2. აეკრძალოს ბანკს საბანკო გარანტიების საფუძველზე ან/და მათგან გამომდინარე ნებისმიერი გადახდა.
2. განმცხადებელმა მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
2.1. მხარეთა შორის 2017 წლის 6 სექტემბერს გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოების შესრულებას ზემო …-…. მონაკვეთზე (შემდგომში - „კონტრაქტი“);
2.2. კონტრაქტი შედგება ზოგადი და კერძო ნაწილისაგან: ზოგად ნაწილს წარმოადგენს ინჟინერ-მრჩეველთა საერთაშორისო ფედერაციის (ე.წ. ფიდიკი/FIDIC) მიერ შემუშავებული და მრავალმხრივი განვითარების ბანკის (MBD) მიერ ჰარმონიზებული, 2010 წლის ივნისის მდგომარეობით არსებული კონტრაქტის პირობები, ე.წ. ვარდისფერი წიგნი, ხოლო კონტრაქტის კერძო ნაწილში მოცემულია ის პირობები, რომლებიც სპეციალურად აღნიშნული პროექტის შესრულებისთვის განისაზღვრა მხარეების მიერ, მათ შორის, კონტრაქტის (მშენებლობის დაწყებისა და დასრულების) ვადა, ფასი, კომუნიკაციის ენა, ზედამხედველი ინჟინერი, შესრულების გარანტიები, პირგასამტეხლოები, კონტრაქტში ცვლილებების შეტანის წესი, დავების გადაწყვეტის წესი და ა.შ. (დანართი.. – „კონტრაქტის კერძო ნაწილი“);
2.3. მხარეთა შეთანხმებით, მათ შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავა, რომელიც დაკავშირებულია კონტრაქტთან, უნდა გადაწყდეს საერთაშორისო სავაჭრო პალატის არბიტრაჟის მიერ საფრანგეთში, ქ. პარიზში, ამ არბიტრაჟის წესების შესაბამისად. მატერიალურ კანონმდებლობად გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობა;
2.4. კონტრაქტის საერთო ღირებულება შეადგენდა 353 729 415,68 ლარს. კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოების დაწყების თარიღად განისაზღვრა 2017 წლის 1 ნოემბერი, ხოლო დასრულების ვადად - 2020 წლის 31 ოქტომბერი;
2.5. სამუშაოების დაწყებამდე კონტრაქტორმა დეპარტამენტს წარუდგინა ბანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტიები;
2.6. სამუშაოების დაწყების მომენტიდან წარმოიშვა გარკვეული პრობლემები, რაც დაკავშირებული იყო დამკვეთის მიერ შემუშავებული სამშენებლო პროექტის არსებით ხარვეზებთან, კერძოდ, გვირაბების მშენებლობის პროექტში არსებულ შეცდომებთან, რისი განხორციელებაც მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი იყო. აღნიშნულის თაობაზე არაერთხელ წერილობით ეცნობა დამკვეთს და დამკვეთის მიერ დანიშნულ ზედამხედველ ინჟინერს. დეპარტამენტთან და ინჟინერთან უშედეგო კომუნიკაციისა და სამუშაოების გაგრძელების შესახებ დეპარტამენტის დაჟინებული მოთხოვნის შედეგად, კონტრაქტორმა მიიღო გადაწყვეტილება ვადაზე ადრე შეეწყვიტა კონტრაქტი, რის შესახებაც აცნობა დეპარტამენტს 2018 წლის 22 ნოემბრის წერილით;
2.7. 2018 წლის 30 ნოემბერს კონტრაქტორმა სარჩელით მიმართა საერთაშორისო სავაჭრო პალატის არბიტრაჟს და მოითხოვა, რომ მართლზომიერად იქნეს მიჩნეული ამ უკანასკნელის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა, მოპასუხეს დაეკისროს 9 835 358 ლარის გადახდა და კონტრაქტის შესრულების უზრუნველსაყოფად გაცემული საბანკო გარანტიების დაბრუნება;
2.8. 2018 წლის 3 დეკემბრის წერილით დეპარტამენტი არ დაეთანხმა კონტრაქტორის მოთხოვნას, კონტრაქტის ცალმხრივად შეწყვეტის მართლზომიერებას და, თავის მხრივ, გარკვეული მოთხოვნები წარუდგინა მოსარჩელეს. მან მიუთითა, რომ მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას და დამკვეთის ინიციატივით კონტრაქტის შეწყვეტას, რაც პირდაპირ იწვევს საბანკო გარანტიებით გათვალისწინებული თანხების მოთხოვნას. შესაბამისად, არსებობს რეალური საფრთხე იმისა, რომ მოხდეს საბანკო გარანტიების გადახდა, რის შედეგადაც, არბიტრაჟში წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, არბიტრაჟის გადაწყვეტილების შესრულება გაძნელდება ან შეუძლებელი გახდება;
2.9. თუ მოხდება გარანტიების გადახდა, ეს ავტომატურად გამოიწვევს კონტრაქტორისთვის საკრედიტო ვალდებულების დაკისრებას, რომლის პირობები გაცილებით მძიმეა, ვიდრე საბანკო გარანტიებისა და დამატებით ზიანს წარმოშობს კომპანიისათვის. გარანტიებით უზრუნველყოფილია მნიშვნელოვანი თანხები და მათი დამკვეთისათვის გადახდა უმძიმეს პირობებში ჩააგდებს მოსარჩელეს და არბიტრაჟში დავის მის სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაშიც კი იგი ვერ აღიდგენს ფინანსურ მდგომარეობას;
2.10. საბანკო გარანტიების შინაარსიდან გამომდინარე, სავალდებულო არ არის ბენეფიციარის მხრიდან პრინციპალის რაიმე დარღვევაზე მითითება, რაც გარანტს ვალდებულს ხდის დაუყოვნებლივ და უპირობოდ შეასრულოს ბენეფიციარის მოთხოვნა. ცხადია, ამგვარი გარანტიის პირობებში, მოსარჩელის მხრიდან რაიმე სახის მოთხოვნა ბანკის მიერ ვერ იქნება გათვალისწინებული და შესაბამისი საფუძვლების არარსებობის პირობებშიც კი იგი ვალდებული იქნება გადაიხადოს გარანტიით გათვალისწინებული თანხები;
2.11. დავის საგანი პირდაპირ ეხება საბანკო გარანტიების დაბრუნებას, ხოლო მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიება, თავის მხრივ, ასევე პირდაპირ ეხება დავის საგანს და ემსახურება მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენას. შესაბამისად, გარანტიის გადახდის შემთხვევაში, არბიტრაჟში ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას ფაქტობრივი გარემოება ეცლება და გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი გახდება, ვინაიდან არ იარსებებს საბანკო გარანტიები მათი გადახდის გამო.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 დეკემბრის განჩინებით საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
4. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2018 წლის 30 ნოემბერს განმცხადებელმა სარჩელით მიმართა მხარეთა მიერ შეთანხმებულ დავის განმხილველ ორგანოს - საერთაშორისო სავაჭრო პალატის არბიტრაჟს. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს: კონტრაქტორის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერად მიჩნევა, მოპასუხისათვის 9 835 358 ლარის დაკისრება და კონტრაქტის შესრულების უზრუნველსაყოფად გაცემული საბანკო გარანტიების დაბრუნება.
5. სააპელაციო პალატის განჩინების თანახმად, ბენეფიციარის წინაშე გარანტის ვალდებულების ძირითადი ვალდებულებისაგან დამოუკიდებლობის პრინციპის [სსკ-ის 881-ე მუხლი: საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე] გამოხატულება ისაა, რომ ბენეფიციარისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად კანონმდებელი ორ ძირითად შემთხვევას განიხილავს. რაც შეეხება ძირითად ვალდებულებასთან დაკავშირებულ შემთხვევებს, როგორიცაა: საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულება, მისი სხვა საფუძვლებით შეწყვეტა ან ბათილად აღიარება, კანონი მათ გარანტის ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძვლად არ განიხილავს. საბანკო გარანტიის უსაფუძვლო გათხოვით გამოწვეული ზიანი შესაძლებელია გახდეს პრინციპალსა და ბენეფიციარს შორის დავის წარმოშობის საფუძველი, თუმცა ძირითადი ვალდებულების შეწყვეტის მართლზომიერების საკითხის განხილვისას იგი ვერ იქნება განხილული, როგორც უზრუნველყოფის საშუალება.
6. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არბიტრაჟში წარდგენილი მოთხოვნის (მართლზომიერად იქნეს მიჩნეული კონტრაქტორის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა) თაობაზე მიღებული სავარაუდო გადაწყვეტილება აღუსრულებელი ვერ გახდება, ვინაიდან საბანკო გარანტიის გაცემის საკითხი დავის განმხილველ ორგანოს ხელს ვერ შეუშლის მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერებაზე. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას საბანკო გარანტიების დაბრუნების თაობაზე, სასამართლოს მოსაზრებით, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით არ ირკვევა, ვის მიმართ არის წარდგენილი აღნიშნული მოთხოვნა; რას გულისხმობს მოსარჩელე საბანკო გარანტიების დაბრუნებაში იმ მოცემულობაში, როდესაც საბანკო გარანტიის საფუძველს წარმოადგენს დამოუკიდებელი ხელშეკრულება პრინციპალსა და გარანტს შორის, რომლის სადავოობა სახეზე არ არის. ამასთან, დავის მხარეებს არბიტრაჟში წარმოადგენენ განმცხადებელი და დეპარტამენტი. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საბანკო გარანტიის დაბრუნება ბუნდოვანი მოთხოვნა იყო და იგი დაზუსტებას საჭიროებდა. აღნიშნული კი სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა განეხილა წარმოდგენილი უზრუნველყოფის მოთხოვნა ამ საკითხზე მისაღები გადაწყვეტილების დაცვის კონტექსტში.
7. რაც შეეხება სსსკ-ის 191-ე მუხლით გათვალისწინებულ დათქმას იმ გამოუსწორებელ ზიანზე, რომელიც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობით დადგება და რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ არც აღნიშნული გარემოება იყო სახეზე. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თუკი მოპასუხე უსაფუძვლოდ გაითხოვს საბანკო გარანტიას, მას მოუწევს შესაბამისი პასუხისგება სამართლებრივი დაცვის ჭრილში, ხოლო მოპასუხის ორგანიზაციული ფორმიდან გამომდინარე, სახეზე არ არის მისი გადახდისუუნარობის საშიშროება, რაც ხელისშემშლელი აღმოჩნდებოდა პრინციპალისათვის დაეკმაყოფილებინა თავისი მოთხოვნა საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით გათვალისწინებული და გაცემული სრული ოდენობით.
8. სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 6 დეკემბრის განჩინებაზე საჩივარი წარადგინა განმცხადებელმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილება შემდეგ საფუძვლებზე დაყრდნობით:
8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე მიიღო განჩინება საბანკო გარანტიის შესაბამისად თანხის გადახდის აკრძალვაზე. საყურადღებოა, რომ მოწინააღმდეგე მხარე მითითებულ საქმეში იყო განმცხადებელი, ხოლო სასამართლოს შემადგენლობაც, პალატის თავმჯდომარის გარდა, ასევე იგივე იყო. მითითებულ განჩინებაში სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელეს შეიძლება ისეთი ზიანი მიადგეს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით, რადგან წარმოეშობა გარანტისათვის ამ თანხების ანაზღაურების ვალდებულება;
8.2. განსახილველ შემთხვევაშიც საბანკო გარანტიების გადახდით პრინციპალს წარმოეშობა ვალდებულებები ბანკის წინაშე. განცხადებაში მითითებული იყო, რომ თუ მოხდებოდა გარანტიების გადახდა, ეს ავტომატურად გამოიწვევდა განმცხადებლისათვის საკრედიტო ვალდებულების დაკისრებას, რომლის პირობები გაცილებით მძიმეა, ვიდრე საბანკო გარანტიებისა და დამატებით ზიანს წარმოშობს კომპანიისათვის. გარანტიებით უზრუნველყოფილია მნიშვნელოვანი თანხები და მათი დამკვეთისათვის გადახდა უმძიმეს პირობებში ჩააგდებდა მოსარჩელეს და არბიტრაჟში დავის მის სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაშიც კი, ვერ აღიდგენდა ფინანსურ მდგომარეობას. მიუხედავად აღნიშნული განმარტებისა, რაც სხვა შემთხვევაში საკმარისი აღმოჩნდა სასამართლოსათვის, განმცხადებლის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა;
8.3. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ თითქოს საარბიტრაჟო სარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნა ბუნდოვანია, ამ ნაწილშიც სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია. განცხადებაში ნათლად იყო მითითებული, რომ სამუშაოების დაწყებამდე პრინციპალმა დეპარტამენტს წარუდგინა გარანტის მიერ გაცემული საბანკო გარანტიები. შესაბამისად, მათი დაბრუნების მოთხოვნა, ბანკის მიერ შემდგომში გარანტიების გაუქმების მიზნით, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ბუნდოვან მოთხოვნად. გარანტიების დედნების წარდგენა დამკვეთისათვის და ვალდებულების შესრულების შემდგომ ამ გარანტიების დედნების დაბრუნება მათი წარმდგენისათვის ჩვეული პრაქტიკაა საქმიან ურთიერთობებში;
8.4. რაც შეეხება სასამართლოს არგუმენტს მოპასუხის ორგანიზაციულ ფორმასთან დაკავშირებით, სასამართლოს განჩინება ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია. გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლო ხაზს უსვამს მხოლოდ იმ გარემოებას, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი ვერ იქნება, ვინაიდან მოპასუხე სახელმწიფოა, რომელსაც შესაბამისი უწყება წარმოადგენს. მასში არაფერია ნათქვამი იმაზე, რამდენად გართულდება გადაწყვეტილების აღსრულება, მით უფრო, თუ საბანკო გარანტიების შესაბამისი გადახდები განხორციელდება. სახელმწიფოს მიმართ იძულებითი აღსრულების პროცესი შესაძლებელია წლების მანძილზე გაიწელოს, ვინაიდან აღსრულება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტით პირდაპირ გათვალისწინებულ თანხებზე შეიძლება განხორციელდეს. მიუხედავად მოპასუხის ორგანიზაციული ფორმისა, გადაწყვეტილების აღსრულება შესაძლებელია გართულდეს და სწორედ ამიტომ მოითხოვა განმცხადებელმა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, რასაც პირდაპირ ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 თებერვლის განჩინებით განმცხადებლის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 დეკემბრის განჩინებაზე დაუსაბუთებლობის გამო, საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.
10. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საჩივრის ავტორმა სასამართლოს ვერ მიუთითა დასაბუთებული არგუმენტები, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი გახდებოდა. საჩივარში განჩინების გაუქმების საფუძვლად მითითებული გარემოებები მოცემული იყო ასევე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაში.
11. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხზე მსჯელობისას სასამართლო არ ამოწმებს, რამდენად დასაბუთებულია სარჩელი ან შეესაბამება თუ არა მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მხოლოდ, იურიდიულად რამდენად მართებულად არის ჩამოყალიბებული სასარჩელო მოთხოვნა, რადგან მოთხოვნის იურიდიული მართებულობა არის სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელი წინაპირობა, რომელსაც მნიშვნელობა აქვს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მისაღებად. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაშიც სწორედ სასარჩელო მოთხოვნების სამართლებრივმა ბუნდოვანებამ გამოიწვია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმა.
12. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსი საბანკო გარანტიას განიხილავს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით - არააქცესორულობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ძირითადი ვალდებულება - ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც საბანკო გარანტია გაიცა, გავლენას ვერ ახდენს ამ უკანასკნელზე.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა რა საბანკო გარანტიის იურიდიული ბუნება, განმარტა, რომ განმცხადებელს განსაკუთრებით მყარი საფუძველი უნდა ჰქონოდა იმისათვის, რომ მოეთხოვა იმ სარჩელის უზრუნველყოფა, რომლითაც მოთხოვნილი იყო საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელების შეფერხება გარანტისა და ბენეფიციარისათვის. სასამართლოს მითითებით, ამგვარი საფუძველი არც სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ განცხადებასა და არც საჩივარში არ ყოფილა წარდგენილი.
14. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საჩივრის ავტორმა სასამართლოს ვერ მიუთითა დასაბუთებული არგუმენტები, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი გახდებოდა. ამასთან, სსსკ-ის 191-ე მუხლის ანალიზი ცხადყოფდა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობები კუმულატიურად უნდა არსებულიყო, ესენია: სარჩელის დაკმაყოფილების ვარაუდი და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელება ან შეუძლებლობა. აღნიშნული წინაპირობებიდან ერთ-ერთის არარსებობა გამორიცხავდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების როგორც აუცილებლობას, ასევე, სასამართლოს შესაძლებლობას გამოეყენებინა იგი. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
15. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
16. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით [სსსკ-ის 1971.4 მუხლი]. კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით [სსსკ-ის 420-ე მუხლი].
17. საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას [სსსკ-ის 410-ე მუხლი].
18. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის კანონიერება.
19. მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებში, მიუხედავად საარბიტრაჟო განხილვის ადგილისა, სასამართლოს აქვს იგივე უფლებამოსილებანი, რაც სამართალწარმოებაში სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით. სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით [„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლი].
20. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის (ასევე უზრუნველყოფაზე უარის) შესახებ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე წარდგენილი საჩივარი, სსსკ-ის 35613-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 ნაწილისა და 1971-ე მუხლის თანახმად, ექვემდებარება საკასაციო სასამართლოს მიერ განხილვას.
21. მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე [სსსკ-ის 191.1 მუხლი].
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა.
23. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იყოს უზრუნველყოფის ღონისძიების, როგორც საპროცესო სამართლებრივი ინსტიტუტის, მთავარი პრინციპი − აღსრულდეს სასამართლო გადაწყვეტილება, თუმცა, იმავდროულად, უზრუნველყოფის ღონისძიებით შეზღუდული უფლება უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის ადეკვატური. დაუშვებელია უზრუნველყოფის ღონისძიებით მოპასუხის უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა და, ამგვარად, მხარეთა არათანაბარ პირობებში ჩაყენება. ამასთან, უნდა არსებობდეს საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ღონისძიების გამოყენების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება ან მნიშვნელოვანწილად გაძნელდება მისი აღსრულება.
24. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება საჭიროებს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებით დასაბუთებას, რომელიც დაარწმუნებს სასამართლოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროებაში.
25. განსახილველ შემთხვევაში განმცხადებლის ახსნა-განმარტებით (იხ. წინამდებარე განჩინების 2.10. პუნქტი) და საქმეში წარდგენილი საბანკო გარანტიების ტექსტებით დადგენილია, რომ ბანკმა ამ გარანტიებით უპირობოდ აიღო ვალდებულება, ბენეფიციარს გადაუხადოს გარანტიებით განსაზღვრული თანხა მას შემდეგ, რაც ბენეფიციარისაგან მიიღებს შესაბამისობის მოთხოვნას. მოთხოვნა დასაბუთებული უნდა იყოს ბენეფიციარის განცხადებით, თვით მოთხოვნაში ან ცალკე ხელმოწერილ დოკუმენტში, რომელიც თან ერთვის ან წარმოადგენს მოთხოვნას და რომელშიც მითითებულია, რომ განმცხადებელი არღვევს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას (ვალდებულებებს) ან, საავანსო გარანტიების შემთხვევაში - გამოყენებული აქვს ავანსი სხვა მიზნით ან არ აქვს დაფარული ავანსი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ბენეფიციარს არ მოეთხოვება მისი მოთხოვნის ან მასში მითითებული თანხის საფუძვლების დამტკიცება ან დადასტურება. გარანტიები ექვემდებარება „მოთხოვნით გარანტიების ერთიანი წესების (URDG)“ 2010 წლის რედაქციის, საერთაშორისო სავაჭრო პალატის გამოცემა #758-ის (შემდგომში „URDG #758“) პირობებს. გამონაკლისს წარმოადგენს განცხადების დასაბუთებასთან დაკავშირებული მოთხოვნა, რომელიც URDG #758-ის მე-15 (ა) მუხლით არის გათვალისწინებული (იხ. ს.ფ. 30-40).
26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ URDG #758 არ შეიცავს პირდაპირ მითითებას ბენეფიციარის არამართლზომიერი მოთხოვნის რეგულირებასთან დაკავშირებით. წესების ამ რედაქციით, მის წინამორბედთან შედარებით, უფრო შემსუბუქდა მოთხოვნის წარდგენისას ბენეფიციარის მტკიცების ტვირთი, თუმცა წესები, არამართლზომიერი მოთხოვნის პრევენციის მიზნით, მოთხოვნის შესახებ ბანკის მხრიდან პრინციპალისათვის დროული შეტყობინებისა და მოთხოვნის გულისხმიერად შემოწმების ვალდებულებას ძალაში ტოვებს. ამავე წესების თანახმად, გარანტია და მისგან წარმოშობილი უფლება-მოვალეობები განიმარტება იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც მდებარეობს გარანტორი ბანკის ფილიალი ან ოფისი (იხ. ICC Uniform Rules for Demand Guarantees (URDG 758), http://www.cipcic-bragadin.com/wp-content/uploads/2015/09/ICC-URDG-758.pdf).მოცემულ შემთხვევაში, ეს არის საქართველოს კანონმდებლობა.
27. საქართველოში საბანკო გარანტიებთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებს სამოქალაქო კოდექსი, რომლის 879-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
28. ზემოაღნიშნული ნორმის მიხედვით, საბანკო გარანტია ფულადი ვალდებულებაა, რომელიც ბენეფიციარს შესაძლებლობას ანიჭებს, მოვალის (პრინციპალის) მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მიმართოს გარანტს წერილობით, მოითხოვოს გადახდა და მიიღოს მოთხოვნილი თანხა. მას ამისათვის არ სჭირდება წინასწარ მიმართვა რომელიმე იურისდიქციის ორგანოსთვის, თავისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად (იხ. სუსგ №ას-1038-999-2016, 2017 წლის 1 თებერვალი).
29. სამოქალაქო კოდექსი საბანკო გარანტიას განიხილავს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით - არააქცესორულობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ძირითადი ვალდებულება - ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც საბანკო გარანტია გაიცა, გავლენას ვერ ახდენს ამ უკანასკნელზე (იხ. სუსგ №ას-562-871-09, 2009 წლის 20 ოქტომბერი).
30. საბანკო გარანტიის ზემოაღნიშნული თავისებურება ასახულია სსკ-ის 881-ე მუხლში, რომლის თანახმად, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე.
31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საბანკო გარანტიის მოთხოვნით ბენეფიციარი, როგორც წესი, ორ მიზანს ისახავს: 1. მოიპოვოს უზრუნველყოფა მოვალის გადახდისუუნარობის შემთხვევაში და 2. სწრაფად მიიღოს ის თანხა, რომლის მოთხოვნის უფლებაც მას, თავისი აზრით, გააჩნია, მიუხედავად იმისა, რომ მეორე მხარე ამას სადავოდ ხდის; ამ შემთხვევაში საბანკო გარანტია მოქმედებს, როგორც სახელშეკრულებო რისკის განაწილების მექანიზმი (რომელიც უზრუნველყოფს, რომ დავის შემთხვევაში ბენეფიციარს არ მოუწიოს სასამართლო გადაწყვეტილების ლოდინი თანხის მიღებამდე), თუ თვით ძირითად ხელშეკრულებაში არ არსებობს ნათელი დათქმა მხარეთა შორის სახელშეკრულებო რისკების სხვაგვარად გადანაწილების შესახებ.
32. საბანკო გარანტიის დამოუკიდებლობის პრინციპის მიუხედავად, იშვიათ შემთხვევაში გარანტს უფლება აქვს უარი თქვას გადახდაზე, თუ ბენეფიციარის მოთხოვნა არამართლზომიერია. არამართლზომიერი მოთხოვნა საბანკო გარანტიისა და აკრედიტივის დამოუკიდებელი ბუნების საერთაშორისოდ აღიარებული გამონაკლისია.
33. არამართლზომიერი მოთხოვნის ყველაზე ფართოდ აღიარებული სახე ინგლისურენოვან ლიტერატურაში მოხსენიებულია, როგორც „Fraud“, რაც სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „თაღლითობა“, „მოტყუება“, „სიყალბე“, „სიცრუე“. აღნიშნული ტერმინი სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულად განიმარტება. საერთაშორისო პრაქტიკაში ბენეფიციარის მხრიდან ამგვარ მოთხოვნად მიიჩნევენ შემდეგ შემთხვევებს: ა) თუ ბენეფიციარმა იცის ან ადვილად შეუძლია გაარკვიოს, რომ ანაზღაურების მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები არ წარმოშობილა (მაგ., პრინციპალის ბრალით ძირითადი ვალდებულების დარღვევა, ზიანის დადგომა და ა.შ.); ბ) თუ ბენეფიციარმა იცის ან ადვილად შეუძლია გაარკვიოს, რომ ანაზღაურების მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები დადგა, მაგრამ ის არაარსებითია (მაგ., ვალდებულების დარღვევა არაარსებითია, ზიანის მოცულობა მცირეა და ა.შ.); გ) თუ ბენეფიციარმა იცის ან ადვილად შეუძლია გაარკვიოს, რომ ანაზღაურების მოთხოვნის ფაქრობრივი საფუძვლები დადგა, მაგრამ მასზე პრინციპალი პასუხს არ აგებს (მაგ., პრინციპალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა ბენეფიციარის ბრალით ან პრინციპალის ბრალის გარეშე); დ) თუ ბენეფიციარმა იცის ან ადვილად შეუძლია გაარკვიოს, რომ საგარანტიო მოთხოვნაში დასახელებული ფაქტი არანამდვილია ან თანდართული დოკუმენტაცია გაყალბებულია (იხ. ფოფხაძე გ., საბანკო გარანტიის სამართლებრივი ბუნება, 2016, გვ. 42).
34. „Fraud“ ერთადერთი გამონაკლისია, რომელმაც ფართო საერთაშორისო აღიარება დაიმსახურა. სხვა გამონაკლისები, როგორიცაა: ძირითადი ხელშეკრულების უკანონო ბუნება, ბენეფიციარის მიერ წარდგენილი დოკუმენტების ბათილობასთან ერთად; ბენეფიციარის გაუცნობიერებელი ქმედება გარანტიის გადახდის მოთხოვნისას, მაშინ როცა მას აღნიშნულის უფლება არ აქვს; ბენეფიციარის გაუფრთხილებლობა (დაუდევრობა); ძირითად ხელშეკრულებაში არსებული დათქმა, რომელიც გარკვეულ გარემოებებში ზღუდავს ბენეფიციარის უფლებას გარანტისაგან გადახდა მოითხოვოს - არის მეტ-ნაკლებად აღიარებული სხვადასხვა ქყვეყნების სასამართლოების მიერ და არ არსებობს ერთიანი პოზიცია მათთან დაკავშირებით (იხ. ALAVI Hamed, Illegality as an exception to principle of autonomy in Documentary Letters of Credit; A comparative approach, Korea University Law Review, 2016, vol. 20, pp. 3–23; JOHNS, R. J., & BLODGETT, M. S. . Fairness at the Expense of Commercial Certainty:The International Emergence of Unconscionability and Illegality as Exceptions to the Independence Principle of Letters of Credit and Bank Guarantees. Northern Illinois University Law Review, 2010, vol. 31, no. 2, p. 297; LIPTON, Jacqueline. D. Documentary Credit Law and Practice in the Global Information Age. Fordham International Law Journal, 1998, vol. 22, no. 5, p. 1972; ENONCHONG, Nelson. Effects of Illegality: A Comparative Study in French and. English Law. International & Comparative Law Quarterly, 1995 vol. 44, no. 1, p. 196, 198–199; REN, John . A nullity exception in letter of credit law? Journal of business law, 2015, no.1, pp. 1–19; ANTONIOU, Anna Mari. Nullities in Letters of Credit: Extending the Fraud Exception. Journal of International Banking Law and Regulation, 2014, vol. 29, no. 4, pp. 229–238; HOOLEY, Richard. Fraud and Letters of Credit: Is there a Nullity Exception? The Cambridge Law Journal, 2002, vol. 61, no. 2, pp. 239–294; ALAVI Hamed, Comparative study of Unconscionability exception to the principle of autonomy in law of Letter of Credits, Acta Universitatis Danubius. Juridica, 2016, vol. 12, no. 2, pp. 94–121; ALAVI Hamed, Contractual restrictions on right of beneficiary to draw on a letter of credit; possible exception to principle of autonomy, Faculty of Law, Autonomous University of Barcelona, Spain, ICLR, 2016, Vol.16, No.2, pp. 67-86).
35. ბენეფიციარის არამართლზომიერი მოთხოვნის შესაჩერებლად ან მისი თავიდან არიდების მიზნით პრინციპალი ხშირად მიმართავს სასამართლოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით.
36. დროებითი ღონისძიების სახით შეიძლება მოთხოვნილ იქნას: ბენეფიციარის მიერ მოთხოვნის განხორციელების აკრძალვა ან ბანკისთვის ბენეფიციარის მოთხოვნის შესაბამისად საგარანტიო თანხის გადახდის აკრძალვა. ორივე ღონისძიებას დროებითი ხასიათი აქვს და დავის დასრულებამდე საგარანტიო შემთხვევის რეგულირების შეჩერებას ახდენს. მათი მიზანი Status quo-ს შენარჩუნებაა, რომელიც ღონისძიების გამოუყენებლობის შემთხვევაში, ძირითადი დავის დასრულებამდე შეიძლება შეიცვალოს. ორივე ღონისძიების მოთხოვნისას საჭიროა დადასტურდეს მათი გამოყენების აუცილებლობა და ძირითად დავაზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან კავშირი (იხ., ნ. ლიპარტია, „საბანკო გარანტიიდან გამომდინარე ბენეფიციარის მოთხოვნის მართვა და მისი სამართლებრივი შედეგები“, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი ნაშრომი, თბილისი, 2018, გვ. 147, 203-204).
37. უზრუნველყოფის ღონისძიებაზე მსჯელობას სასამართლო ახდენს მხარეთა ინტერესების დაბალანსების მეთოდის გამოყენებით. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება იმ შემთხვევაში ხდება, თუ არსებობს მტკიცებულება, რომ მოთხოვნა არამართლზომიერია ან უფლების ბოროტად გამოყენების შედეგია. სასამართლოები მიიჩნევენ, რომ ასეთი შემთხვევების დროს საბანკო გარანტიების მიმართ გავრცელებული პრინციპი „ჯერ გადაიხადე, შემდეგ იდავე“ - არ მოქმედებს.
38. სხვადასხვა ქვეყნების სასამართლოებს აქვთ განსხვავებული მიდგომა უზრუნველყოფის იმ ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელიც ბენეფიციარს უკრძალავს საბანკო გარანტიის საფუძველზე გადახდის მოთხოვნის წარდგენას (იხ. ENONCHONG, Nelson. The Independence Principle of Letters of Credits and Demand Guarantees. Oxford: Oxford University Press, 2011, p.212; O’DONOVAN James and PHILLIPS, John. The Modern Contract of Guarantee. London: Sweet and Maxwell, 2013, para 13–27). კიდევ უფრო ფრთხილია სასამართლოთა დამოკიდებულება უზრუნველყოფის ისეთი ღონისძიების გამოყენების მიმართ, რომელიც ბანკს ბენეფიციარის მოთხოვნის შესრულებას უკრძალავს (იხ. Werner Blau, Joachim Jedzig, Bank Guarantees to Pay upon First Written Demand in German Courts, 23 Int'l L.725-730, 1989).
39. საქართველოს სამართლებრივ სისტემასთან გერმანული სამართლებრივი სისტემის სიახლოვიდან გამომდინარე, საინტერესოა გერმანული სასამართლოების დამოკიდებულება უზრუნველყოფის ზემოაღნიშნული ღონისძიებების გამოყენების მიმართ. გერმანული პრაქტიკის თანახმად, ასეთი ღონისძიების გამოყენება მისაღებია მხოლოდ მაშინ, თუ საკმაოდ ნათელია, რომ ბენეფიციარის მოთხოვნას გარანტის მიმართ საერთოდ არ გააჩნია საფუძველი. მაგალითად, გარანტისაგან გადახდის მოთხოვნის აკრძალვა მისაღები იქნება საქმეში, სადაც მტკიცებულებებიდან ცხადად ჩანს, რომ სამუშაო შესრულებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და ამის გამო ნათელია, რომ გარანტისაგან გადახდის მოთხოვნას ვადის გადაცილების საფუძვლით ბენეფიციარის მხრიდან ცალსახად უფლების ბოროტად გამოყენების ხასიათი აქვს. გერმანული სასამართლოები არ იყენებენ უზრუნველყოფის ღონისძიებას მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნა „გაუმართლებელია“. უფლების ბოროტად გამოყენება უნდა დასტურდებოდეს შეუდავებელი მტკიცებულებებით. გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის განხილვა მიმდინარეობს მეტად შემჭიდროვებულ ვადებში (რამდენიმე საათში ან დღეში) და მასში მეორე მხარე არ მონაწილეობს, მოსარჩელემ უნდა აჩვენოს ცალსახად, წერილობით მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომ უფლების ბოროტად გამოყენებას აქვს ადგილი. გერმანული სასამართლოები კიდევ უფრო თავშეკავებულნი არიან ბანკის მიმართ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაში (იხ. Werner Blau, Joachim Jedzig, Bank Guarantees to Pay upon First Written Demand in German Courts, 23 Int'l L.725-730, 1989).
40. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საბანკო გარანტიის მოთხოვნის აკრძალვის შესახებ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნისას განმცხადებელმა ცალსახად, შესაბამისი მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს მოთხოვნის არამართლზომიერება ან ბენეფიციარის მიერ მოთხოვნის უფლების ბოროტად გამოყენება.
41. შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ განმცხადებელს განსაკუთრებით მყარი საფუძველი უნდა ჰქონდეს უზრუნველყოფის ისეთი ღონისძიების გამოყენების მოთხოვნისთვის, რომლის მიზანიც არის გარანტისა და ბენეფიციარისათვის საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელების შეფერხება.
42. მოცემულ საქმეში საარბიტრაჟო მოსარჩელეს არ წარუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები იმის ცალსახად დასადასტურებლად, რომ ბენეფიციარის მიერ საბანკო გარანტიის გადახდის პოტენციური მოთხოვნა არამართლზომიერია ან იგი მოთხოვნის უფლების ბოროტად გამოყენება იქნება. მოსარჩელის მითითება იმაზე, რომ სამუშაოები ვერ შესრულდა დამკვეთის მიერ შემუშავებული სამშენებლო პროექტის არსებითი ხარვეზების გამო, რაც გახდა მისი მხრიდან კონტრაქტის ვადაზე ადრე შეწყვეტის მიზეზი, არ არის საკმარისი საბანკო გარანტიის გადახდის მოსალოდნელი მოთხოვნის არამართლზომიერების დასადასტურებლად, ვინაიდან ცალსახად არ ადასტურებს, რომ ბენეფიციარის პოტენციურ მოთხოვნას საერთოდ არ გააჩნია საფუძველი. როგორც დეპარტამენტი 2018 წლის 3 დეკემბრის წერილში აღნიშნავს, დამკვეთმა განიცადა არსებითი ზიანი კონტრაქტორის მიერ კონტრაქტის არაერთხელ დარღვევის გამო. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც საარბიტრაჟო სარჩელის ფარგლებში მხარეთა შორის სადავოა ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერება და საქმეში არ მოიპოვება ცალსახა მტკიცებულებები საბანკო გარანტიის გადახდის მოთხოვნის არამართლზომიერების ან მოთხოვნის უფლების ბოროტად გამოყენების თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების ფაქტობრივი საფუძველი.
43. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სასამართლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას იყენებს მაშინ, როდესაც დავის საგანს ესაჭიროება დაცვა. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხზე მსჯელობისას, უპირველესად, უნდა გაირკვეს განსახილველი დავის საგანი (სარჩელის მოთხოვნა), დარღვეული ან სადავო უფლება, მათი კავშირი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან და საკითხი იმის შესახებ, რამდენად უზრუნველყოფს ამ ღონისძიების გამოყენება მოსარჩელის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების დაცვას აღუსრულებლობის ან აღსრულების გაძნელების საფრთხისგან, ასევე, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას.
44. განსახილველ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებში წარდგენილი საარბიტრაჟო სარჩელიდან ირკვევა, მოსარჩელეს მოთხოვნილი აქვს მოპასუხისგან მხოლოდ ბანკის მიერ 2017 წლის 29 აგვისტოს გაცემული ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის დაბრუნება. შესაბამისად, ბანკის მიერ გაცემული დანარჩენი ორი საბანკო გარანტიის ნაწილში (საავანსო გარანტიები) მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება არ არის კავშირში დავის საგანთან და ამ ნაწილში არ იკვეთება დავის საგნის დაცვის საჭიროება.
45. გარდა ამისა, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ბანკისათვის გარანტიების შესაბამისად გადახდის აკრძალვის მოთხოვნასთან დაკავშირებით არსებობს უარის თქმის კიდევ ერთი საფუძველი, რადგან საქმის მასალებიდან ჩანს, რომ ბენეფიციარის მხრიდან ბანკისათვის გადახდის მოთხოვნის წარდგენა არ მომხდარა (აღნიშნულ ფაქტზე განმცხადებელი არ უთითებს). შესაბამისად, არ არსებობს ბანკისათვის გადახდის აკრძალვის საჭიროება (ამ თვალსაზრისით წინამდებარე საქმე განსხვავდება საჩივრის ავტორის მიერ წინამდებარე განჩინების 8.1. პუნქტში მითითებული საქმისგან, სადაც უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნისას ბენეფიციარს უკვე წარდგენილი ჰქონდა ბანკისათვის გადახდის მოთხოვნა) .
46. დასასრულს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელმა სასამართლო ვერ დაარწმუნა ვერც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობით მისთვის გამოუსწორებელი და პირდაპირი ზიანის ან ისეთი ზიანის მიყენების საშიშროების არსებობაში, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით, რადგან განცხადებასა და საჩივარში მხოლოდ ზოგადი მითითება მოსალოდნელი საკრედიტო ვალდებულების წარმოშობაზე არ არის საკმარისი ამ თვალსაზრისით. განმცხადებელი კონკრეტულად უნდა უთითებდეს და შესაბამისი მტკიცებულებებით ადასტურებდეს რაში გამოიხატება მოსალოდენლი ზიანი.
47. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის განჩინებები საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ უარის თქმის თაობაზე არსებითად სწორია. შესაბამისად, არ არსებობს მათი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „ა-ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 დეკემბრისა და ამავე სასამართლოს 2019 წლის 4 თებერვლის განჩინებები დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე