Facebook Twitter
საქმე №ას-305-2019 10 ივნისი, 2020 წელი
ქ. თბილისი


სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე


საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა-ს ქ-მ ს-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება



ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ა-ს ქ-მ ს-ის“ (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ გადაუხდელი საიჯარო ქირის - 2675,34 ლარის, ასევე, პირგასამტეხლოს - 8551,35 ლარისა და 2015 წლის 17 აპრილიდან დავალიანების დაფარვამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 13950 ლარის 0,1%-ის დაკისრების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, ელექტრონული აუქციონის წესით ქონების სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ მერიის 2011 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხეს იჯარით გადაეცა ქ.თბილისში, -. --- გამზირ №..-…-ის მიმდებარედ არსებული 6 კვ.მ მიწის ნაკვეთი. უძრავი ქონებით სარგებლობის ვადა განისაზღვრა 5 წლით, წლიური 13950 ლარის ოდენობით საიჯარო გადასახადის გადახდის პირობით, რაც მოპასუხეს უნდა გადაეხადა 6 თვეში ერთხელ.
3. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წერილებით მოპასუხეს, სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო, მიეცა დამატებითი ვადა საიჯარო ქირის დავალიანებისა და დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდისთვის, რაც მან არ შეასრულა. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2014 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით ელექტრონული აუქციონის შედეგები გაუქმდა.
4. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2013 წლის 4 ნოემბრიდან ხელშეკრულების შეწყვეტამდე - 2014 წლის 13 იანვრამდე გადასახდელმა საიჯარო ქირამ შეადგინა 2675,34 ლარი. მოპასუხეს დაეკისრა ასევე პირგასამტეხლოს გადახდაც, დაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა საიჯარო ქირის გადახდის დრო და ვადაგადაცილების პერიოდი. ხელშეკრულების შესაბამისად, თითოეული პერიოდისთვის პირგასამტეხლო დაანგარიშდა საიჯარო ქირის ოდენობიდან - 13950 ლარიდან.

მოპასუხის პოზიცია:

5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ იჯარის ხელშეკრულება მხარეებს შორის დაიდო 2011 წლის 24 და არა 4 ნოემბერს, როგორც ამას მოსარჩელე მიუთითებდა. შესაბამისად, საიჯარო ქირაც მოსარჩელემ არასწორად გამოთვალა. გარდა ამისა, იჯარის ობიექტს აღმოაჩნდა ნაკლი (ჯიხურის დასადგმელ ადგილზე იყო ჭა, ასევე, სს „თ-ი“ ითხოვდა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს თანხმობას ელექტროენერგიის შეყვანისთვის).
6. სსიპ ქონების მართვის სააგენტომ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ნაკლით, რის გამოც სამუშაოს დაწყება მოპასუხემ შეძლო მხოლოდ 2012 წლის მარტში. მართალია, მოპასუხემ იჯარის საფასური დაგვიანებით გადაიხადა, თუმცა მოსარჩელემ პირგასამტეხლოს ოდენობა არასწორად დაიანგარიშა, იგი უნდა გამოთვლილიყო არა წლიური საფასურიდან, არამედ ვალდებულების დარღვევის დროისთვის გადასახდელი თანხიდან. ვინაიდან სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიზეზით, ნივთის ნაკლის გამო, იჯარის ფართით სარგებლობა დაგვიანებით დაიწყო, აღნიშნულ პერიოდში გადახდილი საიჯარო თანხით - 4127,65 ლარით უნდა დაიფაროს სარჩელით მოთხოვნილი იჯარის თანხა - 2675,34 ლარი. გარდა ამისა, ხელშეკრულების მიხედვით, ბეს თანხა უნდა ჩაითვალოს ბოლო საიჯარო ქირაში. დავალიანების არარსებობაზე მიუთითებდა ასევე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2014 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილება, სადაც მოსარჩელემ განმარტა, რომ არანაირი ფინანსური ვალდებულება მოპასუხეს აღარ ეკისრებოდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
9. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის წესით სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა მოპასუხე, რომელსაც სასყიდლიანი სარგებლობის (იჯარის) უფლებით, 5 წლის ვადით გადაეცა ქ.თბილისში, ვაკე- საბურთალოს რაიონში, --- გამზირ №..-…-ის მიმდებარედ არსებული 6 კვ.მ უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი ---). სარგებლობის წლიურმა საფასურმა შეადგინა 13 950 ლარი. საიჯარო ქირის გადახდა უნდა განხორციელებულიყო 6 თვეში ერთხელ, საანგარიშო თვის 5 რიცხვამდე.
10. აუქციონში გამარჯვებულს გადახდილი „ბე“ ეთვლებოდა ბოლო წლის საიჯარო ქირის გადახდაში. უდავოდ დადგინდა, რომ ბეს თანხა შეადგენდა 500 ლარს.
11. სარგებლობის პირობების 10.1 მუხლის თანახმად, სარგებლობის საფასურის (ქირის) გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლო განისაზღვრებოდა ქირის 0,1%-ის, მაგრამ არანაკლებ 1 (ერთი) ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
12. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2014 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით საიჯარო ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე N---საკადასტრო კოდით შეწყდა ცალმხრივად. შეტანილი ბეს თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
13. მხარეთა შორის სადავო არ არის და საქმის მასალებითაც დასტურდება, რომ მოპასუხის მიერ საიჯარო თანხის გადახდა ყოველთვის ვადებში არ ხდებოდა, კერძოდ: 2012 წლის 4 ნოემბერს გადასახდელი 6975 ლარი მოპასუხემ გადაიხადა 2012 წლის 8 ნოემბერს. 2013 წლის 4 მაისს გადასახდელი 6975 ლარი გადაიხადა ეტაპობრივად: 2013 წლის 7 მაისს - 6275 ლარი, ხოლო 2013 წლის 24 ივლისს - 700 ლარი; 2013 წლის 4 ნოემბერს გადასახდელი 6975 ლარი დაიფარა, ასევე, ეტაპობრივად: 2013 წლის 5 ნოემბერს - 4360 ლარი, ხოლო 2014 წლის 16 აპრილს - 2615 ლარი.
14. სააპელაციო პალატის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და არც სააპელაციო საჩივრით გამხდარა სადავო, რომ ხელშეკრულების შეწყვეტამდე - 2014 წლის 13 იანვრამდე დარიცხული საიჯარო თანხის - 2675,34 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეს დაკისრებოდა საიჯარო ქირის სახით 2675,34 ლარი, ასევე, პირგასამტეხლო - 8551,35 ლარი და 2015 წლის 17 აპრილიდან დავალიანების დაფარვამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 13 950 ლარის 0,1%.
15. მოპასუხის შესაგებელი დაფუძნებულია იმაზე, რომ სარჩელით მოთხოვნილი საიჯარო ქირა - 2675,34 ლარი წარმოადგენს 2013 წლის 4 ნოემბრიდან ხელშეკრულების შეწყვეტამდე - 2014 წლის 13 იანვრამდე გადასახდელ თანხას. გადაცემული საიჯარო ფართი იყო ნაკლიანი (ჯიხურის დასადგმელ ადგილზე იყო დახურული ჭა, ასევე, სს „თ-ი“ ითხოვდა ქონების მართვის სააგენტოს თანხმობას ელექტროენერგიის შეყვანისათვის, რაც აუცილებელი იყო ობიექტის ექსპლუატაციისათვის), რის გამოც ფართით სარგებლობას მოპასუხე შეუდგა ოთხი თვის დაგვიანებით, თუმცა ამ პერიოდისთვის გათვალისწინებული საიჯარო ქირა მან სრულად გადაიხადა, რათა პირგასამტეხლო არ დარიცხვოდა. ამდენად, აღნიშნულ პერიოდში გადახდილი იჯარის თანხით უნდა დაფარულიყო სარჩელით მოთხოვნილი იჯარის საფასური - 2 675,34 ლარი. მოპასუხემ არაერთხელ მიმართა ხელშეკრულების მეორე მხარეს ზედმეტად გადახდილი ქირის თანხით სარჩელით მოთხოვნილი საიჯარო თანხის გაქვითვის თაობაზე. გარდა ამისა, გაქვითვა უნდა მომხდარიყო ბეს თანხითაც. მოპასუხემ მიიჩნია, რომ საბოლოოდ მოხდა მითითებული თანხის ჩათვლა ვალდებულების ანგარიშში, მოსარჩელემ წერილობით აღიარა მოპასუხის მხრიდან ფინანსური ვალდებულების შესრულების ფაქტი და მხარეთა შორის ურთიერთმოთხოვნების არარსებობა, რასაც მოწმობს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2014 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილება.
16. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ვალდებულების შეწყვეტის წესს და მოვალის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების კანონიერ გზად აწესებს რამდენიმე ალტერნატივას: ვალდებულების შეწყვეტა შესრულებით (სსკ-ის 427-ე მუხლი), ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით (სსკ-ის 442-ე მუხლი), ვალის პატიებით (სსკ-ის 448-ე მუხლი) და ა.შ.
17. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება შეწყვეტილია.
18. სასამართლოს მითითებით, შესაგებელს ერთვის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2014 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქ.თბილისის თვითმმართველ ერთეულსა და მოპასუხეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდა, მოიჯარემ ფინანსური ვალდებულება სრულად შეასრულა. მოპასუხეს ასევე ეცნობა, რომ ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის წინაშე მას არანაირი ფინანსური ვალდებულება არ ეკისრებოდა.
19. ზემოაღნიშნულ დოკუმენტზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის განხორციელდა ურთიერთმოთხოვნების გაქვითვა და მოპასუხეს საიჯარო ქირის თუ პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე არანაირი ფინანსური ვალდებულება აღარ ეკისრებოდა.
20. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2014 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილება შეეხება არა უძრავ ქონებას საკადასტრო კოდით N---, არამედ სხვა მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემის თაობაზე დადებულ ხელშეკრულებას იმ დასაბუთებით, რომ ზემოაღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ იყო.
21. მოპასუხის ელექტრონული განცხადების ასლი, რომელზე პასუხსაც წარმოადგენს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2014 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილება, მოწმობს ასევე იმ ფაქტს, რომ უშუალოდ წინამდებარე დავის მხარეებს შორის დავის საგანზე დავალიანების არსებობა-არარსებობას შეეხებოდა საკითხი.
22. სასამართლომ სააპელაციო საჩივარზე დართულ ახალ მტკიცებულებებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2018 წლის 6 ნოემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელმა უარი განაცხადა საქმეზე მათ დართვაზე და დოკუმენტები დაუბრუნდა უკან. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია ვალდებულება შეწყვეტილად და არ არსებობს მოპასუხისათვის საიჯარო ქირის, პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

23. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
24. კასატორის მითითებით, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე თანდართული, აუქციონის სარგებლობის პირობების 10.1 პუნქტში არსებული ჩანაწერი ცალსახად გულისხმობს, რომ პირგასამტეხლო განისაზღვრა წლიური და არა კონკრეტულ პერიოდზე გადასახდელი საიჯარო ქირის 0.1%-ით. რაც შეეხება ჩანაწერს - „არანაკლებ ერთი ლარისა“, აღნიშნული წარმოადგენს ხელშეკრულების სტანდარტულ პირობას, რომელიც ჩამოყალიბებულია მრავალჯერადი გამოყენებისთვის. ხელშეკრულების სტანდარტულ პირობას სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილიც სწორედ ამგვარად განმარტავს. საქმეში წარმოდგენილი ინვოისებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ პირგასამტეხლოს გადახდის ფაქტი, რადგან კომპანიას პირგასამტეხლო ეკისრებოდა წლიური საიჯარო ქირიდან, რომლის ოდენობაც ინვოისში ასახულ თანხაზე მეტია. შესაბამისად, გაურკვეველია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ ინვოისებით გადახდილი თანხა წარმოადგენდა სწორედ ხელშეკრულების დარღვევის გამო დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას. აღნიშნული არ დასტურდება არც დანიშნულების გრაფაში ასახული ინფორმაციით და არც თანხის ოდენობით. კასატორმა აღნიშნა, რომ მხარეებს შორის გაფორმებული იყო სხვა ხელშეკრულებაც.
25. კასატორი არ დაეთანხმა გასაჩივრებული განჩინების არგუმენტს, რომ ბეს სახით გადახდილი თანხა უნდა ჩაითვალოს საიჯარო ქირის ანგარიშში. 2011 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილების 8.5 პუნქტის შესაბამისად, ბეს სახით გადახდილი თანხა საიჯარო ქირის ანგარიშში ჩაითვლებოდა იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება ვადაზე ადრე არ შეწყდებოდა. სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, ვინაიდან მოპასუხემ ვალდებულება კეთილსინდისიერად არ შეასრულა, მას დაეკისრა დავალიანების გადახდა როგორც საიჯარო ქირის, ისე პირგასამტეხლოს ნაწილში. რაც შეეხება კომპანიის მიერ ბეს სახით გადახდილ თანხას, აღნიშნული მიმდინარე დავალიანებასთან კავშირში არ არის და უნდა ჩაითვალოს ზიანის ანაზღაურების ანგარიშში. ამავე კოდექსის 421-ე მუხლით გათვალისწინებული დანაწესის შესაბამისად, პირის ბრალეული ქმედებით სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობისას კრედიტორი ბეს სახით გადახდილ თანხას მიიღებს ზიანის ანაზღაურების ანგარიშში, რასაც საიჯარო ქირასა და პირგასამტეხლოსთან კავშირი არ აქვს.
26. კასატორმა დაუსაბუთებლად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იჯარის საგნის ნაკლთან დაკავშირებით. მისი მითითებით, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის, ამდენად, გაუგებარია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ მოპასუხე ქონებით 4 თვის მანძილზე ვერ სარგებლობდა, მაშინ როცა მხარემ აღნიშნული პერიოდის საიჯარო ქირა გადაიხადა.
27. კასატორის განმარტებით, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 25 აგვისტოს წერილში აღნიშნულია, რომ მოპასუხეს სრულად აქვს შესრულებული ფინანსური ვალდებულებები და არ გააჩნია დავალიანება, თუმცა მითითებულ დოკუმენტს წინამდებარე დავასთან კავშირი არ აქვს, რადგან წერილი შეეხება სხვა ხელშეკრულებას, არა N---საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებას, არამედ N---საკადასტრო კოდით აღრიცხული მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემის თაობაზე მოსარჩელესთან დადებულ ხელშეკრულებას.
28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.



ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:


29. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
31. მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მხარეთა შორის არსებობდა სამართლებრივი ურთიერთობა საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე. მოპასუხეს გადახდილი ბე - 500 ლარი ეთვლებოდა ბოლო წლის საიჯარო ქირის ანგარიშში.
32. სარგებლობის პირობების 10.1 მუხლის თანახმად, სარგებლობის საფასურის (ქირის) გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლო განისაზღვრებოდა ქირის 0,1%-ის, მაგრამ არანაკლებ 1 (ერთი) ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
33. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2014 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით საიჯარო ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე N--- საკადასტრო კოდით შეწყდა ცალმხრივად. შეტანილი ბეს თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარებოდა.
34. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე დავა წარმოიშვა მოპასუხის მიერ საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
35. მოსარჩელისათვის სასურველი შედეგის დადგომა, მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც კანონი უკავშირებს მოსარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. უნდა განსაზღვროს იმ ფაქტების წრე, რომლებსაც უკავშირდება მხარეთა მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი დასაბუთებულობა. მხარეთა მოვალეობაა, მიუთითონ ფაქტებზე, რომლებიც ასაბუთებენ მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს.
36. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვალდებულებითი სამართლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტიტუტს წარმოადგენს ვალდებულების შეწყვეტა. შეწყვეტის შემდეგ ვალდებულება აღარ არსებობს. მის მონაწილეებს ერთმანეთთან უფლებები და მოვალეობები აღარ აკავშირებთ. ვალდებულების შეწყვეტას იწვევს განსაზღვრული გარემოებები, რომლებსაც ვალდებულების შეწყვეტის საფუძვლებს უწოდებენ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულია ვალდებულების შეწყვეტის სხვადასხვა საფუძველი. ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მიზანი არის ვალდებულებით გათვალისწინებული შესრულების მიღება მხარეების მიერ, ე.ი შესრულებით მიიღწევა ის მიზანი, რასაც ვალდებულების მონაწილეები ისახავდნენ. ამის შემდეგ უკვე აღარ არსებობს ამ ურთიერთობის გაგრძელებისათვის სამართლებრივი საფუძველი. ვალდებულების შესრულება წარმოადგენს ვალდებულების შეწყვეტის ყველაზე გავრცელებულ საფუძველს. სსკ-ის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).
37. სსკ-ის 427-ე მუხლის მიზნებისათვის ვალდებულების შეწყვეტის ქვეშ იგულისხმება, რომ ვალდებულებითი ურთიერთობა ვიწრო ან/და ფართო გაგებით დასრულებულია, შეწყვეტილია და აღარ არსებობს (იხ. დამატებით: გიორგი სვანაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 427, ველი 5, 2019).
38. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ვალდებულების შესრულების თაობაზე დავის წარმოშობის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი მოვალეს აკისრია. მან უნდა დაამტკიცოს, რომ ვალდებულება შეასრულა და ამით ვალდებულება შეწყდა. მოვალეს ესაჭიროება სათანადო მტკიცებულება, რომ შეწყვეტის მიზნით ვალდებულების შესრულების ფაქტი დაამტკიცოს. კრედიტორი ასეთი დოკუმენტის გაცემით ადასტურებს, რომ მან შესრულება მიიღო, ვალდებულება შესრულდა და შეწყვეტილია. პრაქტიკაში ვალდებულების შესრულების ან/და მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის სხვადასხვა სახე არსებობს, როგორიცაა: ქვითარი, მიღება-ჩაბარების აქტი, სალარო გასავლის ორდერი, ხელწერილი, საბანკო გადარიცხვის ამონაწერი და სხვა (შდრ: სუსგ №ას-1288-2019, 4.03.2019წ., პ. 125.). ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი, როგორც საპროცესო, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, მოვალის ვალდებულებას წარმოადგენს (სსსკ-ის 102-ე მუხლი და სსკ-ის 429-ე მუხლი).
39. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი წერილობითი ფორმით უნდა იქნეს შედგენილი, რათა დავის შემთხვევაში, გამოყენებული იქნეს მოვალის მიერ, როგორც ვალდებულების შეწყვეტის დამადასტურებელი მტკიცებულება. ფორმა, ნების გამოვლენის განცხადების საშუალებაა. კრედიტორი და მოვალე შეიძლება შეთანხმდნენ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონულ ფორმაზეც (ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებაც). მოვალეს შეუძლია, მოითხოვოს არა მხოლოდ ვალდებულების მთლიანად შესრულების დამადასტურებელი, არამედ მისი ნაწილობრივ შესრულების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტიც. მართალია, ფულადი ვალდებულებების მარეგულირებელი ნორმები არ უთითებს გადახდის სავალდებულო ფორმაზე, თუმცა, იგი განმარტებულ უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლით მოცემულ კონტექსტში. დასახელებული მუხლი, რომელიც სისტემურად მოთავსებულია სსკ-ის მეექვსე კარში (ვალდებულების შეწყვეტა შესრულებით) არეგულირებს ფულადი ვალდებულების შესრულების წესს. შესაბამისად, მოვალემ უნდა წარადგინოს უნაღდო ან ნაღდი ანგარიშსწორების გზით თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (სამოქალაქო კოდექსის 429-ე, 386-ე მუხლები). სსკ-ის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება.
40. მოცემულ საქმეზე დადგენილა, ხოლო კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნას დაუპირისპირა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2014 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქ.თბილისის თვითმმართველ ერთეულსა და მოპასუხეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდა, მოიჯარემ ფინანსური ვალდებულება სრულად შეასრულა. ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის წინაშე აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით არანაირი ფინანსური ვალდებულება არ ეკისრება.
41. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, სსკ-ის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება). კანონის აღნიშნული დანაწესისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოვალემ მის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტი სათანადოდ დაადასტურა, რისი გაქარწყლებაც მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით კასატორს მართებულად ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე (იხ. სუსგ 16.09.2013წ. საქმე №ას-354-337-2013). შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობაზე მხარემ ვერ მიუთითა, ვინაიდან თავად მხარეთა შეთანხმება ადასტურებს მათი ურთიერთმოთხოვნების გაქვითვას.
42. წინამდებარე საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას ვერ გამოიწვევს კასატორის მითითება, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2014 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილებას სადავო ქონებასთან კავშირი არ გააჩნია და სხვა მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემის თაობაზე დადებულ ხელშეკრულებას შეეხება, რადგან დასახელებული გარემოება რაიმე სარწმუნო მტკიცებულებით მხარეს არ დაუდასტურებია.
43. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორის პრეტენზია ბეს სახით გადახდილ თანხასთან დაკავშირებით (იხ. წინამდებარე განჩინების პ. 25) არ შეესაბამება აღნიშნული სამართლებრივი ინსტიტუტის შინაარსს, კერძოდ, სსკ-ის 421-ე მუხლის მიხედვით, „ბე“ ესაა ფულადი თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე აძლევს მეორე მხარეს და ამით დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი. „ბე“ მიეკუთვნება ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებებს და წარმოადგენს ქონებრივი ხასიათის მქონე მოთხოვნის უზრუნველყოფის ვალდებულებით-სამართლებრივ საშუალებას. „ბეს“ სამართლებრივი მომავალი დამოკიდებულია ძირითადი, უზრუნველყოფილი ვალდებულების სამართლებრივ ბედზე და, შესაბამისად, არ არსებობს ბე ძირითადი სახელშეკრულებო ვალდებულების გარეშე. აღნიშნულ გარემოებას განაპირობებს ბეს აქცესორული ხასიათი, რომლითაც ბე უშუალო კავშირშია ძირითადი, უზრუნველყოფილი ხელშეკრულების არსებობასა და მის ნამდვილობასთან. რაც შეეხება ავანსის თანხას, ეს არის ფულადი თანხის გადახდა, რომლის მიზანია არსებული (დადებული) ხელშეკრულების შესრულება. „ბეს“ ფუნქცია კი, ხელშეკრულების დადების მნიშვნელობას არ სცდება (იხ. ლ. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, თბ., 2012, გვ. 252; სუსგ №ას-1166-2019, 6.04.2019წ).
44. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
45. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
46. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
47. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
48. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.



თავმჯდომარე ნ. ბაქაქური



მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი



ბ. ალავიძე