3გ-ად-41-კ-02 20 დეკემბერი, 2002 წ., ქ. .თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის I-ლი მუხლისა და 26-ე მუხლის მესამე ნაწილის, ასევე სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად განიხილა განსჯადობის შესახებ დავა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოსა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას შორის.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 26 აგვისტოს რ. კ.-მ ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მიმართა და ჩხოროწყუს რაიონის საგადასახადო ინსპექციის უფროსის თანამდებობაზე აღდგენა მოითხოვა. მოსარჩელემ სასამართლო განცხადებაში მიუთითა, რომ 2001წ. 26 ივნისიდან საგადასახადო რეფორმების ჩატარების შემდეგ ჩხოროწყუს საგადასახადო ინსპექციის უფროსად დაინიშნა საქართევლოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. 2002წ. 29 ივლისიდან საგეგმო პარამეტრების შეუსრულებლობის გამო დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ საგადასახადო ბაზა ჩხოროწყუს რაიონში არ არსებობს, რის გამოც აღნიშნული დარღვევა მისი ბრალით არ მომხდარა. მოსარჩელის მითითებით, 2002წ. მარტში საგეგმო პარამეტრების შეუსრულებლობისათვის მის მიმართ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიება უკანონოდ გამოიყენეს, იგი საჯარო მოსამსახურეა და მის მიმართ განხორციელებულმა ქმედებებმა მისი უფლებები დაარღვიეს.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 29 აგვისტოს განჩინებით რ. კ.-ს სასარჩელო განცხადება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ ჩხოროწყუს რაიონის საგადასახადო ინსპექციის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ განსჯადობის მიხედვით თბილისის საოლქო სასამართლოს გადაეგზავნა. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად აღნიშნული დავა თბილისის საოლქო სასამართლოს განსჯადი იყო.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 25 სექტემბრის განჩინებით რ. კ.-ს სასარჩელო განცხადება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას გადმოეგზავნა.
საოლქო სასამართლომ მიიჩნია, რომ რ. კ.-ს ჩხოროწყუს რაიონის საგადასახადო ინსპექციის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა ადმინისტრაციულ გარიგებას წარმოადგენდა და იგი პირველი ინსტანციის წესით ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს განსჯადი იყო. სასამართლო კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “ზ” ქვეპუნქტით, ასევე ადმინსტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6, 26-ე მუხლებით და საქმე სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას გადაეგზავნა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ განიხილა სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა და თვლის, რომ მოცემული საქმე ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ რ. კ.-ს ჩხოროწყუს რაიონის საგადასახადო ინსპექციის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა ადმინისტრაციულ ორგანოსა და თვით რ. კ.-ს შორის გარიგების დადების შედეგად მოხდა. ეს ფაქტი კი წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ გარიგებას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ზ” პუნქტის მიხედვით ადმინისტრაციული გარიგება არის: “ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი გარიგება”. განსახილველ შემთხვევაში რ. კ.-ა საჯარო მოსამსახურეა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტრო – ადმინისტრაციული ორგანო. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დავის საგანია ადმინისტრაციული გარიგების – ვადიანი საჯარო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წესით განსჯად საქმეთა კატეგორიას მიეკუთვნება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის თანახმად საოლქო სასამართლოები პირველი ინსტანციის წესით ადმინისტრაციული გარიგების დადების ან შესრულებასთან დაკავშირებულ საქმეებს მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავენ, თუ სარჩელის ფასი 500000 ლარს აღემატება, კონკრეტულ შემთხვევაში კი საქმე სამუშაოზე აღდგენასთან გვაქვს, მოცემული საქმე რაიონული სასამართლოს განსჯადია, კერძოდ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს განსჯადი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინიტრაციულ საპროცესო კოდექსის I-ლი და მე-6 მუხლებით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. კ.-ს სასარჩელო განცხადება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ განსახილველად თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს დაექვემდებაროს.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.