Facebook Twitter
საქმე №ას-653-2022 27 ივლისი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ლ.ნ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი.ტ–ძე

დავის საგანი - საზიარო უფლების გაუქმება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი:

ი.ტ–ძემ სარჩელით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ლ.ნ–ძის მიმართ, საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნით.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ი.ტ–ძისა და ლ.ნ–ძის საზიარო უფლება ქალაქ ხაშურში, ...... მდებარე უძრავ ნივთზე (ს/კ 69.....); საზიარო საგანი გაიყო ნატურით, საქმეზე წარდგენილი, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაზე თანდართული №3 ნახაზის მიხედვით: ლ.ნ–ძეს მიეკუთვნა ნახაზზე ლურჯი ფერით დაშტრიხული, საზიარო საგნის აღმოსავლეთ მხარეს მდებარე - 43.44 მ2 ფართი, ი.ტ–ძეს - ყვითელი ფერით დაშტრიხული, დასავლეთ მხარეს მდებარე 41.67 მ2 ფართი; დადგენილ იქნა, რომ მხარეთა იზოლირების მიზნით შენობაში მოეწყოს ტიხრები, კიბე და კარის ღიობი ნახაზზე აღნიშნულ ადგილზე; იზოლირებისათვის საჭირო სამუშაოები კი უნდა ჩაატარონ მხარეებმა - თითოეულმა მისთვის გამოყოფილ ფართში. აღნიშნული გადაწყვეტილება ლ.ნ–ძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 თებერვლის განჩინებით ლ.ნ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება.

კასატორი აღნიშნავს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან ნივთის გაყოფა მისი ფუნქციური დანიშნულების დაკარგვას და ღირებულების შემცირებას გამოიწვევს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ლ.ნ–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საზიარო საგნის ნატურით გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმების წინაპირობების არსებობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლიდან გამომდინარე, საზიარო უფლება წარმოიშობა, როდესაც უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის. ამასთან, ამავე კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილით განმტკიცებულია მოწილის მიერ საზიარო უფლების ნებისმიერ დროს გაუქმების მოთხოვნის უფლება. სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის შესაბამისად კი, საზიარო უფლება ნატურით გაყოფისას უქმდება, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე, თანაბარი წილების განაწილება მონაწილეთა შორის ხდება კენჭისყრით.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეები წარმოადგენენ ქალაქ ხაშურში, ...... მდებარე უძრავი ნივთის თანამესაკუთრეებს. ამასთან, თითოეული მათგანის სახელზე კონკრეტული ფართობის ქონებაა აღრიცხული, კერძოდ, ლ.ნ–ძეს საზიარო საგნიდან ეკუთვნის 44.1 მ2, ხოლო ი.ტ–ძეს - 42.3 მ2.

საქმეში წარმოდგენილი, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 5 თებერვლის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული ფართის გამიჯვნა, ტექნიკურად, სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით, თანამესაკუთრეთა საკუთრებაში არსებული ფართების პროპორციული წილების შესაბამისად, შესაძლებელია. მაშასადამე, წარმოდგენილი მტკიცებულებით დასტურდება უძრავი ნივთის ნატურით გამიჯვნის შესაძლებლობა.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. განსახილველ შემთხვევაში კი, კასატორი ნივთის ნატურით გაყოფას არ ეთანხმება ნივთის ფუნქციური დანიშნულების დაკარგვისა და ღირებულების შემცირებაზე მითითებით, თუმცა საზიარო საგნის ნატურით გამიჯვნის შედეგად მსგავსი საფრთხის წარმოშობა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნივთის ნატურით გამიჯვნის შესაძლებლობის დადასტურებისა და საკასაციო საჩივარში დაფიქსირებული პრეტენზიების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.

რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის საკითხს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ.ნ–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 თებერვლის განჩინება;

3. ლ.ნ–ძეს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს გ. ღ–ის (პ/ნ ......) მიერ 2022 წლის 21 ივნისის №28607575 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% - 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე