Facebook Twitter
საქმე №ას-605-2022 21 ივლისი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - მ.ფ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ.თ–ი

თავდაპირველი მოპასუხეები - თ.ლ–ძე, თ.მ–ი

დავის საგანი - დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი:

მ.თ–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - მ.ფ–ძის, თ.ლ–ძისა და თ.მ–ის მიმართ, დანაშაულით მიყენებული ზიანის - 8000 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით მ.თ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მ.ფ–ძეს, თ.ლ–ძესა და თ.მ–ს მ.თ–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ზიანის - 8000 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება მ.ფ–ძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინებით მ.ფ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.ფ–ძემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ არ არსებობს მისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობები და იგი საქმეში სათანადო მოპასუხეს არ წარმოადგენს, რადგან მოსარჩელეს სესხის ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა შპს „ს.კ.ს–თან“ და ამავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებელია სწორედ კომპანია. გარდა ამისა, კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა არა დელიქტის მომწესრიგებელი ნორმები, არამედ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 და მე-9 მუხლები, რომლებიც მ.ფ–ძეზე ვერ გავრცელდებოდა, რადგან ის არ წარმოადგენდა კომპანიის პარტნიორს ან დირექტორს. ამასთან, კასატორმა საქმის მხარეთა დასწრებით განხილვის თაობაზეც იშუამდგომლა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ მ.ფ–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების წინაპირობების არსებობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავი ითვალისწინებს დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის გამარტივებული წესით განხილვის შესაძლებლობას. სარჩელის მსგავსი წესით განხილვისას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917 მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. ამასთანავე, იმავე კოდექსის 30920 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამრიგად, დასახელებული მუხლით, „დანაშაულის მიყენების ფაქტი პრეიუდიციის რანგშია აყვანილი, ანუ მიჩნეულია ფაქტად, რომელიც მტკიცებას არ საჭიროებს“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის №ას-1426-2018 გადაწყვეტილება). სწორედ ამიტომ, დელიქტით მიყენებული ზიანის საერთო სასარჩელო წესით განხილვისგან განსხვავებით, „გამარტივებული წესით საქმის განხილვის დროს სახეზეა კანონიერ ძალაში არსებული განაჩენი, რომლითაც უტყუარად დასტურდება ზიანის ფაქტი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, შესაბამისად, სასამართლო აღარ იკვლევს აღნიშნულ საკითხებს და დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე დადასტურებულად მიიჩნევს მათ. სასამართლო კვლევისა და შეფასების საგანია მხოლოდ ზიანის ოდენობა იმ შემთხვევაში, როდესაც განაჩენით/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტით იგი არ არის დადგენილი“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 აპრილის №ას-1322-2018 განჩინება).

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოპასუხეებისგან ზიანის ანაზღაურებას სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის საფუძველზე ითხოვს, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დასტურდება, რომ თ.ლ–ძემ ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, როცა ნივთი იმყოფებოდა მის მართლზომიერ გამგებლობაში; მ.ფ–ძემ - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის წაქეზება, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში; თ.მ–მა - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში დახმარება, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში.

საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას გაამახვილებს განაჩენში მითითებულ, მოპასუხეთა მიერ ჩადენილი დანაშაულის შემდეგ ფაქტობრივ შემადგენლობაზე: თ.მ–მა ერთპიროვნულად დააფუძნა შპს „ს.კ.ს–ო“, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა მოსახლეობისაგან გარკვეული საპროცენტო სარგებლით (20%-დან 35%-მდე) თანხების მიღება და მათი ინვესტირება. კომპანიის დირექტორის პოზიციას იკავებდა თ.ლ–ძე, თუმცა საზოგადოების საქმიანობას ფაქტობრივად სრულად წარმართავდა თ.მ–ის მეუღლე - მ.ფ–ძე. 2013-2016 წლებში კომპანიამ მოქალაქეებისაგან ჯამურად სესხად აიღო 34 359 020 ლარი, 70 194 445 აშშ დოლარი და 4 603 089 ევრო. მიღებული თანხები თ.ლ–ძემ, მ.ფ–ძის წაქეზებითა და თ.მ–ის დახმარებით, ყოველგვარი უზრუნველყოფისა და ეკონომიკური გათვლების გარეშე, სესხის სახით გასცა როგორც თავად მ.ფ–ძის სახელზე, ისე ამავე პირის საკუთრებაში არსებულ, არამომგებიან საწარმოებზე. მიღებული თანხების არამიზნობრივი ხარჯვიდან გამომდინარე კი, კომპანიამ ვეღარ უზრუნველყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების შესრულება და 2343 მოქალაქეს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი. დასახელებულ სისხლის სამართლის საქმეზე მ.თ–ი ცნობილია დაზარალებულად.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მითითებას სესხის ხელშეკრულების მხარეებსა და „მეწარმეთა შესახებ“ კანონზე, რადგან სასამართლო განიხილავს დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხს, ხოლო საქმეში წარმოდგენილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადასტურებულია მოპასუხეთა მიერ დანაშაულის ჩადენა, რამაც მოსარჩელეს ქონებრივი ზიანი მიაყენა. შესაბამისად, სახეზეა ზიანის ანაზღაურების ყველა სავალდებულო წინაპირობა.

რაც შეეხება ზიანის ოდენობას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ.თ–მა შპს „ს.კ.ს–“, სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, გადასცა 8000 ლარი. დასახელებული თანხის დაბრუნების დამადასტურებელი მტკიცებულებები მოპასუხეებს სასამართლოში არ წარმოუდგენიათ. ამრიგად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად დააკისრეს მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ 8000 ლარის გადახდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის მხარეთა დასწრებით განხილვის თაობაზე კასატორის შუამდგომლობასთან დაკავშირებით კი, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, ამ კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა, რომელიც უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვიტოს. ამასთან, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაშიც კი, იმავე კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლო მსჯელობს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის მიზანშეწონილობაზე. განსახილველ შემთხვევაში, „საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ივნისის განჩინებით უკვე დადგინდა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ზეპირი მოსმენის გარეშე შემოწმება, რის თაობაზეც ეცნობათ მხარეებს; საჩივრის დაუშვებლად ცნობის პირობებში კი, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ფ–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. მ.ფ–ძის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინება;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე