თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოსარჩელეები, შეგებებული სარჩელის მიმართ მოპასუხეები) - პ. გ–ი, რ. გ–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი) - გ.ფ–ი
თავდაპირველი მოსარჩელე - ნ. გ–ი
დავის საგანი - საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 თებერვლის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი:პ. გ–მა, ნ. გ–მა და რ. გ–მა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - გ.ფ–ისა და ლ.ფ–ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით.
გ.ფ–მა და ლ.ფ–მა შეგებებული სარჩელი წარადგინეს, მოპასუხეების - პ. გ–ის, ნ. გ–ისა და რ. გ–ის მიმართ, იმავე უძრავი ნივთის გამოსყიდვის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით პ. გ–ის, ნ. გ–ისა და რ. გ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გ.ფ–ისა და ლ.ფ–ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა; პ. გ–ისთვის, რ. გ–ისა და ნ. გ–ისთვის 2565,75 ლარის გადახდის სანაცვლოდ, გ.ფ–ი და ლ.ფ–ი ცნობილ იქნენ თბილისში, ........ მდებარე, №......... საკადასტრო კოდის მქონე, პ. გ–ის, რ. გ–ის და ნ. გ–ის თანასაკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ნივთის ნაწილის (შპს „ა–ის“ მიერ 2018 წლის 17 სექტემბერს შესრულებულ აზომვით ნახაზზე გამოსახული 3 ფართის, რომელთა ჯამური ფართობი შეადგენს 68.42 მ2-ს) და ამ ფართის წილი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებად. აღნიშნული გადაწყვეტილება პ. გ–მა, ნ. გ–მა და რ. გ–მა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
სააპელაციო სასამართლოში დავის განხილვისას, 2020 წლის 4 აპრილს გარდაიცვალა ლ.ფ–ი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივლისის განჩინებით მის უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა გ.ფ–ი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 თებერვლის განჩინებით პ. გ–ის, ნ. გ–ისა და რ. გ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება რ. გ–მა და პ. გ–მა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
კასატორები აღნიშნავენ, რომ მოწინააღმდეგე მხარე არ აკმაყოფილებს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემის აუცილებელ წინაპირობებს, კერძოდ, მოპასუხეები ნივთს 30 წლის განმავლობაში უწყვეტად არ ფლობდნენ და არც ნივთის შესყიდვის შესახებ გარიგება დაუდიათ. აქედან გამომდინარე, კასატორთა მოსაზრებით, შეგებებული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან გ.ფ–ი ნივთს უკანონოდ ფლობს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ივნისის განჩინებებით საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ პ. გ–ისა და რ. გ–ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხებს წარმოადგენს საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვისა და სხვისი მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის წინაპირობების არსებობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს. ხსენებული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოსარგებლე, რომელიც არანაკლებ 30 წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობს საცხოვრებელ სადგომს და რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით, უფლებამოსილია მოითხოვოს საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 25 პროცენტის ოდენობის კომპენსაციის გადახდის პირობით (საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვის შესახებ სარჩელი). იმავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად კი, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა. ნიშანდობლივია, რომ „გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ თავისი შინაარსით არატიპურ სახელშეკრულებო ურთიერთობას წარმოადგენდა და იგი საბჭოთა სინამდვილეში ფაქტობრივი ქონებრივი ურთიერთობის სახით არსებობდა. ეს სახელშეკრულებო ურთიერთობა შეიცავდა სხვადასხვა გარიგების ნიშნებს (ქირავნობა, სესხი, გირავნობა), თუმცა ამავდროულად რადიკალურად განსხვავდებოდა მათგან თავისი შინაარსით და სპეციფიკური პირობებით, კერძოდ, მისი არსებობისას: მოსარგებლე მესაკუთრეს ერთჯერადად უხდიდა გარკვეული რაოდენობის თანხას ფართის სარგებლობაში მიღების სანაცვლოდ, ამასთან, მესაკუთრეს ყოველთვიურად უხდიდა ბინის ქირასაც; მოსარგებლე რეგისტრირდებოდა საცხოვრებელ ფართში და იხდიდა კომუნალურ გადასახადებს; მესაკუთრის მიერ თანხის დაბრუნების შემთხვევაში მოსარგებლე ვალდებული იყო, გამოეთავისუფლებინა დაკავებული ფართი, თუმცა ხშირ შემთხვევებში, მესაკუთრე თანხას ვერ აბრუნებდა, ურთიერთობა ხანგრძლივ ხასიათს იღებდა და უფლება მემკვიდრეებზე გადადიოდა; მესაკუთრის მიერ საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის უფლების გადაცემა მოსარგებლეზე ფაქტობრივად ხდებოდა „სამუდამოდ“, ანუ ეს ურთიერთობა არ ატარებდა დროებით (ხანმოკლე) ხასიათს; ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარგებლე იძენდა დათმობილი სარგებლობის უფლების გასხვისების შესაძლებლობასაც, რაც მოსარგებლეთა შეცვლას იწვევდა. ამ სპეციფიკური ნიშნებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების სუბიექტთა სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგება მსგავსი ხელშეკრულებების (ქირავნობა, სესხი, გირავნობა) ნორმებით შეუძლებელი იყო და კანონმდებელმაც სპეციალური კანონით მოწესრიგებას დაუქვემდებარა. ამასთან, ამ კანონით რეგულირდება მხოლოდ ის ურთიერთობები, რომლებიც ზემოთ დასახელებულ ნიშნებს უტყუარად შეიცავენ, შესაძლებელია, ეს ნიშნები არსებობდეს კუმულატიურადაც ან მხოლოდ ზოგიერთი მათგანის სახითაც“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 თებერვლის №ას-1115-1072-2016 განჩინება).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილება დამოკიდებულია საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების არსებობისა და ნივთის ფლობის დადასტურებაზე. ამასთან, გასათვალისწინებელია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის დათქმა, რომლის შესაბამისადაც, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). „დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ოქტომბრის №ას-735-2021 და 2018 წლის 28 დეკემბრის №ას-1687-2018 განჩინებები).
საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
- ლ.ფ–ი სადავო მისამართზე ჩაწერილი იყო 1976 წლიდან, ხოლო მისი შვილი - გ.ფ–ი - 1986 წლიდან;
- ისინი იხდიდნენ კომუნალურ გადასახდელებს;
- ლ.ფ–ი 1991-1995 წლებში იხდიდა ქონების დაზღვევის თანხას;
- ნივთს ფაქტობრივად მოპასუხეები ფლობდნენ, ვიდრე მოსარჩელეებმა საცხოვრებელი სადგომი არ ჩაკეტეს და მოპასუხეებს ნივთთან წვდომა არ შეუზღუდეს.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომელთა მიმართაც კასატორებს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობების არსებობის შესახებ, რადგან კანონით დადგენილი წესით დასტურდება როგორც გარიგების არსებობა, ასევე - ნივთის ფაქტობრივად ფლობის ფაქტიც. ამრიგად, საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვის შესახებ შეგებებული სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა.
რაც შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სასარჩელო მოთხოვნას, სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ამრიგად, ნივთის სხვისი მფლობელობიდან გამოთხოვის უფლება გააჩნია მესაკუთრეს და იმ შემთხვევაში, როდესაც ფლობა უკანონოა. ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, გ.ფ–ი ცნობილ იქნა სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრედ მოსარჩელეებისთვის თანხის გადახდის სანაცვლოდ, ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა არ არსებობს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.
რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის საკითხს, პ. გ–ი სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე; რ. გ–ს კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პ. გ–ისა და რ. გ–ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 თებერვლის განჩინება;
3. რ. გ–ს (პ/ნ .....) დაუბრუნდეს 2022 წლის 3 ივნისის №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 442,25 ლარის 70% - 309,57 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე